Facebook Twitter

ბს-276-420-კ-03 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სატენდერო კომისიის 2001წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება, ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 19 ივლისს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ გამოცხადდა ღია ტენდერი სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების შესყიდვის მიზნით. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ბანკების მიერ წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემდეგი საკვალიფიკაციო მონაცემი: ცნობა ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ; ცნობა, რომ მათ მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება, რეორგანიზაცია, ან ლიკვიდაცია; ცნობა იმის თაობაზე, რომ ტენდერში მონაწილეობის მსურველი იურიდიული პირის ხელმძღვანელები ბოლო ხუთიწ. განმავლობაში არ იყვნენ მსჯავრდებულები ან შესყიდვის დაწყების მომენტისათვის მათ მიმართ არ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის; ეროვნული ბანკის დასკვნა საკასო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების გაცემის შესაძლებლობის შესახებ; ინფორმაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არსებობის გამო; ეროვნული ბანკის დასკვნა მომსახურე ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და ნაღდი ფულით მომსახურების შესაძლებლობის შესახებ.

2001წ. 9 აგვისტოს, ტენდერში მონაწილეობის მიზნით, სატენდერო კომისიას სათანადო დოკუმენტაცია წარუდგინეს სს “ს-მა”, სს “ი-მა” და სს “ა-მა”. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ “ს-ის” მიერ წარდგენილი მასალები არ შეესაბამება გამოცხადებული ტენდერის საკვალიფიკაციო მონაცემების მოთხოვნებს, რომ არ იყო წარდგენილი ეროვნული ბანკის სათანადო დასკვნა საკასაო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების გაცემის ინფრასტრუქტურის არსებობის შესახებ, ასევე ეროვნული ბანკის დასკვნა მომსახურე ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და ნაღდი ფულით მომსახურების შესაძლებლობის შესახებ, რის გამოც სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სატენდერო კომისიამ 2001წ. 13 აგვისტოს ¹2 ოქმით პრეტენდენტებად დაამტკიცა სს “ი-ი” და სს “ა-ი”, ხოლო სს “ს-ს” უარი ეთქვა პრეტენდენტად დამტკიცებაზე.

სს “ს-მა” მიიჩნია, რომ დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესი, რადგან უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ტენდერში მონაწილეობის მიღებაზე და 2001წ. 15 აგვისტოს სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სატენდერო კომისიის 2001წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსკ-ს 53-ე მუხლის შესაბამისად, მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების _ 20000 ლარის _ ანაზღაურების დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვა სატენდერო კომისიისათვის პრეტენდენტთა განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, პრეტენდენტთა წინადადებების განხილვის, ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა. მოსარჩელის განმარტებით, მან სატენდერო კომისიას წარუდგინა ეროვნული ბანკის 2000წ. 11 ოქტომბრის 1069/14 წერილი, რომელიც შეესაბამება ,,კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობა-რეგულირების მეთოდური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ” ეროვნული ბანკის 1998წ. 28 დეკემბრის ბრძანების მოთხოვნებს და წარმოადგენს ეროვნული ბანკის დასკვნის შემცველი აქტის კანონით განსაზღვრულ ფორმას. მოსარჩელის მითითებით, სატენდეტო კომისიის მიერ დაირღვა “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რადგან თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნებოდა წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია, სატენდერო კომისიას დისკვალიფიკაციის ნაცვლად, პრეტენდენტისათვის უნდა მიემართა სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით.

სს “ს-ის” სარჩელი არ ცნო მოპასუხემ, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, რადგან მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო არა ეროვნული ბანკის დასკვნა, არამედ შემოწმების შედეგების შესახებ 2000წ. ეროვნული ბანკის წერილი “ს-ისადმი”, რომელიც ვერ იქნება გაიგივებული ეროვნული ბანკის დასკვნასთან. ასევე სათანადო დოკუმენტად არ იქნა მიჩნეული “ს-ის” ფილიალთა ქსელის პასპორტები, რადგან ისინი დამტკიცებული იყო 1999 წელს და ვერ ასახავდნენ ამჟამინდელ მდგომარეობას.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯების _ 3000 ლარის _ ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-მა” და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს “ი-ი”, ხოლო 2002წ. 10 ივნისის განჩინებით _ სს “ა-ი”, რომელიც 2003წ. 12 ივნისის განჩინებით შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით _ სს “ს-ით”.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა “ს-ის” მოსაზრება სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მისი უფლებების დარღვევის შესახებ და მიიჩნია, რომ “ს-მა” არ შეასრულა სატენდერო კომისიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მოსარჩელემ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლისა და “სახელმწიფო შესყიდვების განხორცილების წესის შესახებ” დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, ვერ გაიარა საკვალიფიკაციო შეფასების პროცედურა, რადგან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: არ იქნა წარდგენილი ეროვნული ბანკის დასკვნა საკასო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების გაცემის შესაძლებლობის შესახებ, რაც დასტურდება ეროვნული ბანკის 2000წ. 15 დეკემბრის ¹56 დადგენილებითა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2001წ. 31 აგვისტოს ¹450/09 წერილით.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა “ს-ის” მოსაზრება, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სოცუზრუნველყოფის ფონდს მისი დისკვალიფიკაცია უნდა მოეხდინა იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნები აღმოჩნდებოდა ყალბი ან ვერ დააკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რადგან პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა არ არის იმპერატიული, იგი აღმჭურველი ნორმაა, რის გამოც სოცუზრუნველყოფის ფონდი უფლებამოსილი იყო და არა ვალდებული, საკვალიფიკაციო მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოეხდინა ტენდერში მონაწილე პირთა დისკვალიფიკაცია. “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების მე-9 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, პრეტენდენტებად არ დაიშვებიან ის ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არაზუსტი, ან არასრული აღმოჩნდება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის გამოსწორების მიზნით, სოცუზრუნველყოფის ფონდს “ს-ისათვის” უნდა მიეცა ვადა დოკუმენტაციის დაზუსტებისა და შევსებისათვის, რადგან სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარდგენის საბოლოო ვადად დადგენილი იყო 2001წ. 9 აგვისტო, ხოლო საკვალიფიკაციო შერჩევისათვის _ 2001წ. 10 აგვისტოდან 13 აგვისტოს ჩათვლით, რითაც გამორიცხული იყო საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაზუსტებისა და შევსების მიზნით, მოსარჩელისათვის რაიმე დამატებითი ვადის დანიშვნა, რადგან “ს-მა” საკვალიფიკაციო მონაცემები წარადგინა დადგენილი ვადის უკანასკნელ დღეს _ 9 აგვისტოს.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა “ს-ის” მითითებას, რომ სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის პასუხი პრეტენდენტად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, მასში გასაჩივრების ვადისა და შესაბამისი ორგანოს მიუთითებლობის გამო, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-მა” და შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც “ს-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სატენდერო კომისიის 2001წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და “ს-ის” სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯების _ 20000 ლარის _ გადახდა:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლისა და “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების მე-11 მუხლს და დაეყრდნო ეროვნული ბანკის 2000წ. 15 დეკემბრის ¹56 დადგენილებას, რომლითაც “ს-ს” წინადადება მიეცა ექვსი თვის ვადაში დაემყარებინა სათანადო წესრიგი ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოების სფეროში. აღნიშნული დადგენილება გამოცემული იყო სატენდერო კომისიებისათვის დოკუმენტების წარდენამდე 8 თვით ადრე და მისი მითითებით, ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია, რაც დასტურდება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ბანკის ფილიალებისა და კვანძგარეთა სალაროების საკასო კვანძთა პასპორტების ასლებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 2001წ. 19 ივლისს მოპასუხემ, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, გამოაცხადა ღია ტენდერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების შესყიდვების მიზნით. განცხადების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს სხვა სახის საკვალიფიკაციო მონაცემებთან ერთად უნდა წარედგინათ ეროვნული ბანკის დასკვნა საკასო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების გაცემის შესაძლებლობის შესახებ; ინფორმაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის (ფილიალების ქსელის) არსებობის შესახებ; ეროვნული ბანკის დასკვნა მომსახურე ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და ნაღდი ფულით მომსახურების შესაძლებლობის შესახებ. საკვალიფიკაციო მონაცემები ტენდერში მონაწილეობის მსურველებს უნდა წარედგინათ 2001წ. 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით.

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, კასატორმა მონაცემების მიღების ბოლო დღეს, 2001წ. 9 აგვისტოს, სატენდერო კომისიაში წარადგინა ეროვნული ბანკის 2000წ. 11 ოქტომბრის დასკვნა 2000წ. 1 აგვისტოს მდგომარეობით ჩAMEL-ის სისტემის მიხედვით ,,ს-ის” შემოწმების შესახებ და საკასო კვანძის (კვანძგარეთა სალაროს) შესახებ პასპორტები, გაცემული ეროვნული ბანკის მიერ 1999-2001 წლებში. სააპელაციო პალატამ ასევე გამოარკვია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს 2000წ. 15 დეკემბრის ¹56 დადგენილებით ,,ს-ის” კვანძგარეთა სალაროებსა და ფილიალების სალაროს მეურნეობაში შექმნილი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და ბანკის ხელმძღვანელობას დაევალა 6 თვის ვადაში სიტუაციის გამოსწორება და ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოების სფეროში წესრიგის დამყარება. სააპელაციო სასამართლომ ეროვნული ბანკის 2001წ. 31 აგვისტოს ¹450/09 წერილის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების გამცემი მომსახურე ბანკების გამოსავლენი სახელმწიფო შესყიდვების ტენდერთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი დასკვნები გაიცა სს ,,ი-სა” და ,,ა-ზე”, ხოლო სს ,,ს-ზე” ამ დანიშნულებით დასკვნა არ გაცემულა. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სატენდერო კომისიის 2001წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცედურაში მონაწილე ბანკების მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების განხილვის შედეგად, ტენდერში პრეტენდენტებად დამტკიცდა სს ,,ი-ი” და სს ,,ა-ი”, ხოლო სს ,,ს-ი” პრეტენდენტად არ იქნა ცნობილი, რადგან სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ “ს-მა” არ წარადგინა ეროვნული ბანკის დასკვნა საკასო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსია – დახმარებების გაცემის შესაძლებლობის შესახებ.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უსაფუძვლობის მოტივით სს ,,ს-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე და სატენდერო კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ, რადგან ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი ან პრეტენდენტი პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს ამ პირის დისკვალიფიკაცია შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე. 2001წ. აგვისტოში გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სს “ს-მა” წარადგინა 2000წ. 11 ოქტომბრის, ანუ 10 თვის წინანდელი ეროვნული ბანკის დასკვნა ბანკის ფინანსური და საკასო მეურნეობის მდგომარეობის შესახებ. ტენდერთან დაკავშირებით, ტენდერის ჩატარების პერიოდისათვის ,,ს-ის” ფინანსური და საკასო მეურნეობის მდგომარეობის ამსახველი, პენსია-დახმარების გაცემის შესაძლებლობის შესახებ დასკვნა კასატორს სატენდერო კომისიისათვის არ წარუდგენია. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი სს ,,ს-ის” მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემი არ შეესაბამება და ვერ აკმაყოფილებს სატენდერო განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს, რის გამოც სატენდერო კომისია ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი იყო, მოეხდინა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი სს “ს-ის” დისკვალიფიკაცია და კომისიის მიერ კასატორის უფლებების უკანონო ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.

კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აღნიშნული ნორმით დადგენილია, თუ საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ დოკუმენტაცია არაზუსტი ან არასრულია, ან მასში ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, შემსყიდველი ორგანიზაცია მის წარმდგენ პირს აძლევს დაშვებული შეცდომის, ან უზუსტობის გამოსწორების, ან დოკუმენტაციის საჭირო ინფორმაციით შევსების საშუალებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “ს-მა” საკვალიფიკაციო მონაცემი წარადგინა 2001წ. 9 აგვისტოს, ანუ სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემის წარდგენისათვის დადგენილი ვადის უკანასკნელ დღეს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა სატენდერო კომისიის მიერ, საკვალიფიკაციო მონაცემთა დაზუსტება-შევსების მიზნით, კასატორისათვის რაიმე ვადის დანიშვნას.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით საჭირო ინფორმაციის შევსებისა და წარდგენილ საკვალიფიკაციო მონაცემებში დაშვებული შეცდომის ან უზუსტობის გამოსწორების საშუალება უნდა მიეცეს შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ, ან პრეტენდენტ პირს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა – სს ,,ს-მა” საკასო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსია-დახმარებების გაცემის შესაძლებლობის შესახებ ეროვნული ბანკის დასკვნა კი არ წარადგინა, არამედ ჩAMEL-ის სისტემის მიხედვით ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების შესახებ დასკვნა, რომელიც ბანკის ზოგად ფინანსურ მდგომარეობას ასახავს ტენდერამდე 1 წლით ადრე პერიოდისათვის, 2000წ. 1 აგვისტოსათვის, რომლითაც ბანკის კაპიტალი, აქტივები, მოგება შეფასებულია ნაკლებად ადეკვატურად, ბანკის საფინანსო მდგომარეობის განმსაზღვრელი ცალკეული კომპონენტების შეფასების, საბანკო საქმიანობის წესებისა და ეკონომიკური ნორმატივის დარღვევის გათვალისწინებით, ბანკის მენეჯმენტიც ნაკლებად ადეკვატურად შეფასდა. ვინაიდან სატენდერო კომისიაში კასატორის მიერ წარდგენილი დასკვნა არ შეიცავს მონაცემს საკასო ოპერაციების, სალაროს მეურნეობის მდგომარეობისა და მისი საშუალებით სახელმწიფო პენსია-დახმარებების გაცემის შესაძლებლობის შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ წარუდგენია სატენდერო კომისიის მიერ გამოცხადებული აუცილებელი საკვალიფიკაციო მონაცემი, ამიტომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევას სატენდერო კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რადგან აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემის უზუსტობისა და შეცდომის გამოსწორებას და წარუდგენელ საკვალიფიკაციო მონაცემში უზუსტობის გამოსწორება, ბუნებრივია, კანონმდებლობით დადგენილი არ არის, რის გამოც საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენა-შეფასებითა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მე-4, მე-6 პუნქტების სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება სს ,,ს-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან სს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კასატორს ასევე უარი უნდა ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯების, 20000 ლარის, მოპასუხე _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის დაკისრებაზეც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 42-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება;

3. სს ,,ს-ს” საკასაციო საჩივარზე დაეკისროს 770 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.