Facebook Twitter

ბს-280-423-კ-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საცხოვრებელი ფართის გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორები, ე. ც-ე (მოსარჩელე) და ი. ც-ე (მოპასუხე), 1979 წლიდან იყვნენ მეუღლეები და ერთად ცხოვრების პერიოდში, 1991წ. 13 აგვისტოსა და 1994წ. 13 ოქტომბერს, შეიძინეს ბათუმში, ...... მდებარე ბინები ¹2 და ¹3, რის შედეგად ბათუმის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში ...... მდებარე სახლთმფლობელობა, 51,54 კვ.მ ფართობის 3 საცხოვრებელი ოთახი, ირიცხებოდა ი. ც-ის სახელზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. ს-ას სარჩელი და მოპასუხე შპს “ჩ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23677 აშშ დოლარის გადახდა, რაც უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 10 თებერვლის განჩინებით. საქმის მასალების მიხედვით, შპს ,,ჩ-ს”, რომელიც ლომბარდს წარმოადგენდა, დირექტორი იყო ი. ც-ე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე 2000წ. 13 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სააღსრულებო ბიურომ აღსრულება მიაქცია ..... ¹3-ში მდებარე ი. ც-ის ბინაზე.

2000წ. თებერვალში ც-ეები განქორწინდნენ და 2000წ. 18 თებერვალს ე. ც-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განქორწინების შედეგად ქონების, ერთად შეძენილი საცხოვრებელი სახლის, გაყოფის შესახებ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ორ შვილთან ერთად, საკუთრების უფლებით გამოეყო ბათუმში, ...... მდებარე სამოთახიანი ბინიდან ორი ოთახი, ხოლო ერთი ოთახი დარჩა მოპასუხე ი. ც-ის საკუთრებაში.

ს. ს-ას განცხადების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 17 მარტის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება, მაგრამ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის განჩინებით ე. ც-ის განახლებული სარჩელი ბინის გაყოფის თაობაზე, დარჩა განუხილველი.

ბათუმში, ...... მდებარე ც-ეების სამოთახიანი ბინა მოჰყვა ათვისებაში და ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 3 ივნისის ¹117 დადგენილებით ე. ც-ის ოჯახს ბინის სანაცვლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ...... ქ. ¹2-ში მდებარე ოროთახიანი ბინა ¹3, ხოლო ... ქ. ¹113/115-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა გაიცა ი. ც-ის სახელზე. ქ. ბათუმის მერიის 2002წ. 19 ნოემბრის ¹135 დადგენილებით ცვლილება შევიდა მერიის ¹117 დადგენილებაში და ...... ქ. ¹2-ში მდებარე ოროთახიანი ბინა ¹3 ნაცვლად ე. ც-ისა, საკუთრების უფლებით გადაეცა ი. ც-ეს. 2000წ. 13 მარტის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე 2002წ. 22 ნოემბერს ყადაღა დაედო ი. ც-ის საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ ბინას.

2002წ. 3 დეკემბერს კასატორმა ე. ც-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ბათუმის სააღსრულებო ბიუროს, ქ. ბათუმის მერიის, ს. ს-ასა და ი. ც-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლისა და ბათუმის მერიის დადგენილების გაუქმების, ასევე ყადაღისაგან ბინის გათავისუფლების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელემ 2000წ. 13 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება მოითხოვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,ჩ-ს” დაეკისრა მოსარჩელის მიმართ 23677 აშშ დოლარის გადახდა. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით კი 23677 აშშ დოლარის ს. ს-ას სასარგებლოდ გადახდა დაკისრებული აქვს არა შპს ,,ჩ-ს”, არამედ შპს-ს დირექტორს ი. ც-ეს, რაც ეწინააღმდეგება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნას, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და ასევე ,,მეწარმეთა შესახებ” კანონს, რადგან ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება თვით საზოგადოებას, როგორც იურიდიულ პირს. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელებული ყადაღის მოხსნა მის კუთვნილ ბინაზე და ბათუმის მერიის 2002წ. 19 ნოემბრის ¹135 დადგენილების გაუქმება, რომლითაც ....... ქ. ¹2-ში მდებარე ბინა ¹3 აღირიცხა ი. ც-ის სახელზე. 2002წ. 23 დეკემბერს ე. ც-ემ კვლავ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ყოფილი მეუღლის, ი. ც-ის, სახელზე აღრიცხული ორი ბინიდან მოითხოვა ...... ქ. ¹2-ში მდებარე ოროთახიანი ¹3 ბინის მის სახელზე აღრიცხვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით ე. ც-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე არასათანადო მოსარჩელეობის გამო; ასევე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა ბათუმის მერიის 2002წ. 19 ნოემბრის ¹135 დადგენილების გაუქმებაზე; ბინის გაყოფის ნაწილში დაკმაყოფილდა სარჩელი და ბათუმში, ...... ქ. ¹2-ში მდებარე ოროთახიანი ბინა ¹3 საკუთრების უფლებით აღირიცხა ე. ც-ის სახელზე. აღნიშნულ ბინაზე მოიხსნა ყადაღა, რაც ნაწილობრივ გასაჩივრდა ს. ს-ასა და ი. ც-ის მიერ, კერძოდ, ს. ს-ამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ე. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა ი. ც-ის წარმომადგენელმაც, სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ასევე ე. ც-ემ მერიის დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, მაგრამ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 14 მაისის განჩინებით ე. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად იქნა დატოვებული.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ც-ის სარჩელი და მას ი. ც-ის საკუთრებაში არსებული ბინებიდან, მდებარე ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹2-სა და ...... ქ. ¹113/115-ში, გამოეყო იდეალური წილი, ორივე ბინის საერთო ფართის ნახევარი; ე. ც-ეს უარი ეთქვა 2000წ. 13 მარტის სააღსრულებო ფურცლისა და ქ. ბათუმის მერიის 2002წ. ¹135 დადგენილების გაუქმებაზე; ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მის სახელზე რიცხული ბინის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ...... ქ. ¹2-ში მდებარე ი. ც-ის სახელზე რიცხულ ოროთახიან ბინა ¹3-ს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

1. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ც-ეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ...... ქ. ¹3-ში მდებარე სამოთახიანი ბინა, რომლის ათვისების ხარჯზეც ი. ც-ეს გამოეყო ..... და ..... ქუჩებზე მდებარე ბინები. ვინაიდან აღნიშნული ბინები მიღებულია თანაცხოვრების პერიოდში ერთად შეძენილი ბინის სანაცვლოდ, ის გარემოება, რომ სადავო ბინების მიღების დროისათვის, ც-ეები უკვე განქორწინებულები იყვნენ, სასამართლოს აზრით, ვერ გახდება ე. ც-ისათვის ბინიდან წილის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ სკ-ს 1158-ე მუხლის საფუძველზე, სადავო ბინები ცნო ც-ეების, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებად, ჩათვალა, რომ იგი ყოფილ მეუღლეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბარწილად და ე. ც-ეს ი. ც-ის სახელზე რიცხულ სადავო ბინებიდან გამოეყო იდეალური წილი _ საერთო ფართის ნახევარი;

2. ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი 2000წ. 13 მარტის სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ი. ც-ეს ან მის წარმომადგენელს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, არც რაიმე მოთხოვნა დაუყენებია და, შესაბამისად, არც სასამართლოს უმსჯელია აღნიშნულ საკითხებზე. ამიტომ სააპელაციო ინსტანციაში ამ საკითხების დაყენება სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ც-ეს ს. ს-ას სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 23677 აშშ დოლარი, რის გამოც მის ქონებაზე დადებულია ყადაღა, რაც სხვა საქმესთან არის დაკავშირებული და აღნიშნული საკითხი ი. ც-ეს შეუძლია სასამართლოში დააყენოს დამოუკიდებელი სარჩელით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. ს-ას, ი. ც-ისა და ე. ც-ის მიერ. სახელდობრ:

ს. ს-ა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ იგი გამოტანილია სსკ-ს 377-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან მათ მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იქნა გასაჩივრებული ქონების გაყოფის და ...... ქ. ¹2-ში მდებარე ¹3 ბინის საკუთრების უფლებით ე. ც-ისათვის გადაცემის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული და სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა სკ-ს 1158-ე მუხლი. სადავო ბინებზე ი. ც-ემ საკუთრების უფლება შეიძინა 2002წ. ნოემბრიდან, როცა განქორწინებული იყო ე. ც-ესთან, ამიტომ სადავო ბინები არ წარმოადგენდნენ მეუღლეთა თანასაკუთრებას და მათგან იდეალური წილის გამოყოფა ე. ც-ისათვის, როგორც ყოფილი მეუღლისათვის, უკანონოა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ც-ის წარმომადგენლის _ დ. კ-ის მიერ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება:

კასატორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ი. ც-ის სარჩელის განხილვას იგი არ დასწრებია, ვინაიდან სასამართლოს მიერ არ ყოფილა მოწვეული მხარედ, სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოში მათ ვერ დააყენეს თავიანთი მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების, ასევე ქონებიდან ყადაღის მოხსნის შესახებ, არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილება იყო მათთვის ცნობილი და რადგან საქალაქო სასამართლოში მათ არ მიეცათ თავიანთი ინტერესის დაცვის შესაძლებლობა, მოთხოვნები დააყენეს სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა მათი სააპელაციო საჩივარი, რაც უკანონოა, უნდა გაუქმდეს და მიეცეს საკუთარი ინტერესის სასამართლოში დაცვის საშუალება. კასატორი სადავოდ ხდის, აგრეთვე, საქმის განსჯადობას და ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ე. ც-ის სააპელაციო საჩივარი ქ. ბათუმის მერიის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, მიაჩნია, რომ დავა სამართლებრივად აღარ წარმოადგენს ადმინისტრაციულ საქმეს და იგი განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ე. ც-ემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. ამასთან უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 14 მაისის განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მას საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და მისთვის ცნობილი არ იყო, რითაც უხეშად დაირღვია მისი, როგორც აპელანტის, საპროცესო უფლება.

კასატორი _ ი. ც-ის წარმომადგენელი და მოწინააღმდეგე მხარე ქ. ბათუმის მერია საკასაციო საჩივრის განხილვას არ დასწრებიან, რადგან წერილობითი თანხმობა განაცხადეს მათი დასწრების გარეშე საკასაციო საჩივრის განხილვაზე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კასატორთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ას, ი. და ე. ც-ეების საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ე. ც-ის საკასაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით ე. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა დაუშვებლობის მოტივით, რადგან იგი შეტანილი იყო სსკ-ს 369-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების აპელანტ ე. ც-ისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული განჩინების გასაჩივრების წესი, კერძოდ, ორგანო, სადაც შეიძლებოდა მისი გასაჩივრება, განჩინებაში საერთოდ არ არის განმარტებული. ამიტომ სსკ-ს 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს 2003წ. 14 მაისის განჩინებაზე, როგორც გადაწყვეტილების წინმსწრებ განჩინებაზე, მსჯელობას და თვლის, რომ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გადაცილების მოტივით ე. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არაკანონიერია და ეწინააღმდეგება სსკ-ს 379-ე მუხლს, ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა კანონმდებლობით დადგენილი არ არის და მისი წარდგენა დასაშვებია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში. ამიტომ, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს კვლავ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და სხვა სააპელაციო საჩივრებთან ერთად განიხილოს ე. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ბათუმის მერიის 2002წ. 19 ნოემბრის ¹135 დადგენილების ბათილად ცნობისა და 2000წ. 13 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ. ამასთან, თუ სააპელაციო პალატა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის გაუქმების ნაწილში ე. ც-ეს მიიჩნევს არასათანადო მოსარჩელედ, როგორც ეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, თანახმად სსკ-ს 84-ე მუხლისა. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ბათუმის მერიის დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე, რადგან შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხებზე არ უმსჯელია და არსებითად მხოლოდ განქორწინებულ მეუღლეთა, ე. და ი. ც-ეებს, შორის ქონების (ბინების) გაყოფა განიხილა, საკასაციო პალატა ამ ეტაპზე პროცესუალურად არაუფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხებზე;

2. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ასევე კასატორ ი. ც-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც თავისი მოთხოვნები დაუყენებია, უსაფუძვლოა. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ი. ც-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში მართლაც არ მიუღია მონაწილეობა, რადგან სასამართლოში არ ყოფილა მოწვეული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და, ბუნებრივია, ვერც თავის მოთხოვნებს დააყენებდა. 2002წ. სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნა წარმოადგენს დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც კასატორს შეუძლია სააპელაციო სასამართლოში დააყენოს თუ სააპელაციო პალატა იმსჯელებს ე. ც-ის, როგორც არასათანადო მოსარჩელის, სათანადო მოსარჩელით შეცვლის საკითხზე ან წინააღმდეგ შემთხვევაში, კასატორს ასევე შეუძლია სასამართლოში აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი;

3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს ს. ს-ას საკასაციო საჩივარს, მაგრამ ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს განქორწინებული მეუღლეების ბინების გაყოფასა და ი. ც-ის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე და თვლის, რომ აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატამ არსებითად ხელახლა უნდა განიხილოს ზემოაღნიშნული მითითებების გათვალისწინებით.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ს-ას, ე. და ი. ც-ეების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.