ბს-301-442-კ-03 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საცხოვრებელ ფართზე რეგისტრაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 29 იანვარს თ., ი., ა. და თა. ქ-ებმა სარჩელი აღძრეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ა. ვ-ის, ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს განყოფილების საპასპორტო სარეგისტრაციო განყოფილების მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვეს ა. ვ-ის სახელზე რიცხული, თბილისში, ..... მდებარე ¹82 ბინაში რეგისტრაციაში გატარება:
მოსარჩელეების: ი., თ. და ა. ქ-ების მშობლები, მოსარჩელე თა. ქ-ი და მოპასუხე ა. ვ-ი, 1973 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, ..... ქ. ¹19-ში. თ. ქ-ი და ა. ვ-ი 1985 წელს განქორწინდნენ, თუმცა კვლავ განაგრძობდნენ ერთ ბინაში ცხოვრებას. 1985წ. დეკემბერში ა. ვ-ს, როგორც მუშა-მოსამსახურეთა მებაღეობა-მებოსტნეობის წევრს, გამოეყო გარდაბნის რაიონის სოფ. .........-ში მდებარე 600 კვ.მ ბაღის ნაკვეთი, სადაც მოპასუხემ ააშენა საცხოვრებელი სახლი. თ. ქ-ისა და ა. ვ-ის კუთვნილი ბინა, მდებარე ...... ¹19-ში, დაექვემდებარა რეკონსტრუქცია-აღებას, მის ნაცვლად მრავალსართულიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საცხოვრებელი სახლის მობინადრეები უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ ახლად აშენებულ სახლში საცხოვრებელი ფართით, მაგრამ საცხოვრებელი სახლის მშენებლობამდე, ბინის დაქირავების შესაძლებლობის უქონლობის გამო, თ. ქ-მა ბინა გადაუცვალა ...... 101-ე ბინაში მცხოვრებ მ. წ-ს და 1991წ. 6 მარტს აღნიშნულ ბინაზე ორდერი გაიცა თა., ა., ი. და ა. ქ-ების სახელზე. ა. ვ-მა კი ბინის მიღების საგარანტიო უფლება დაუთმო ვარკეთილის ზემო პლატოს მე-3 კორპუსის ¹82 ბინაში მცხოვრებ გ. მ-ს და აღნიშნულ ბინაზე ა. ვ-ის სახელზე 1991წ. 26 დეკემბერს გაიცა ორდერი. მოსარჩელეები ამ ბინაში ცხოვრობდნენ 10 წლის მანძილზე, თუმცა იქ არ იყვნენ ჩაწერილი, თ. ქ-ის სახელზე რიცხულ ბინაში კი ცხოვრობდა ა. ქ-ი.
მოსარჩელეების განმარტებით, ა. ვ-ის კუთვნილ ბინაში მათი შესახლება მოხდა მამის თანხმობით. ისინი წლების მანძილზე იხდიდნენ ყოველგვარ კომუნალურ გადასახადს, ა. ვ-ი კი ფაქტობრივად ცხოვრობდა .......-ში, სადაც გამოყოფილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი და ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ბინაში მათი ჩაწერა უნდა განხორციელებულიყო, რაზედაც თანახმა იყო ა. ვ-იც, თუმცა რეგისტრაცია დღემდე არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელეებმა მოითხოვეს ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მე-8 განყოფილების საპასპორტო სარეგისტრაციო განყოფილების დავალდებულება, რათა თ., თა., ი. და ა. ქ-ები ა. ვ-ის სახელზე რიცხულ ბინაში რეგისტრაციაში გაეტარებინათ და მოსარჩელეები ეცნოთ ბინაზე სარგებლობის უფლების მქონე პირებად. სარჩელი არ ცნო ა. ვ-მა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები 6-8 წლის. განმავლობაში მართლაც ჩაუწერავად ცხოვრობდნენ მის კუთვნილ ბინაში, არ იხდიდნენ არავითარ გადასახადს, არ უვლიდნენ სახლს და მამას, რის გამოც იგი წინააღმდეგია სადავო ბინაზე უფლებამოსილ პირებად მოსარჩელეების ცნობისა.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით თ., ი., ა. და თა. ქ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თ. ქ-ს ნება დაერთო ა. ქ-ის საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციაში გატარებაზე, ხოლო ი., ა. და თა. ქ-ებს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ვ-მა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და თ. ქ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 18 ივლისის საოქმო დადგენილებით ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპასპორტო სარეგისტრაციო განყოფილება, ნაცვლად მესამე პირისა, საქმეში ჩაერთო მოპასუხედ. ამავე სასამართლოს 2001წ. 18 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმე დაექვემდებარა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება და თ. ქ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე ¹82 ბინა ა. ვ-ის სახელზეა რეგისტრირებული. ბინის კომუნალური გადასახადები გადაუხდელია 7 წლის მანძილზე. აღნიშნულ ბინაში არ იმყოფებიან მოსარჩელეები და ეს უკანასკნელნი ცხოვრობენ თბილისში, ... მდებარე თა. ქ-ის კუთვნილ ¹101 ბინაში.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით და იმის გათვალისწინებით, რომ ა. ვ-ი არ არის თანახმა თავის კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე რეგისტრაციაში გაატაროს თ. ქ-ი, პალატამ უარი უთხრა თ. ქ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებით ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. კასატორის განმარტებით, მან სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებაში ვერ მიიღო მონაწილეობა ძმის, ა. ქ-ის, ავადმყოფობის გამო. კასატორის მითითებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ თ., თა., ი. და ა. ქ-ები არ ცხოვრობენ ა. ვ-ის კუთვნილ ბინაში, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ 2003წ. 22 ივნისს გარდაცვლილი ა. ქ-ის დაკრძალვა სწორედ მამის კუთვნილი ბინიდან მოხდა.
2004წ. 15 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვაზე დედასთან, თა. ქ-თან, ერთად გამოცხადდა კასატორი თ. ქ-ი, რომელმაც საკასაციო პალატის წინაშე უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა კასატორ თ. ქ-ის შუამდგომლობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და შესაბამისად, საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი თ. ქ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მოპასუხე ა. ვ-ის სახელზე რიცხულ ბინაში რეგისტრაციაზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეები სარგებლობენ სსკ-ს მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს დისპოციურობა ნაწილობრივ შეზღუდულია და საქმეზე მორიგება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილე ფიზიკური პირების დისპოზიციურობა კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით შეუზღუდავია და სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ფიზიკურ პირებს შეუზღუდავად შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე და შესაბამისად, აპელანტს შეუძლია უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე. დისპოზიციურობის პრინციპი ასევე ვრცელდება კასატორი ფიზიკური პირის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმაზეც. ამიტომ თ. ქ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სსკ-ს მე-7 მუხლისა და 272-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3, სსკ-ს მე-3, მე-7 მუხლების, 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება თ. ქ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.