Facebook Twitter

ბს-304-445-კ-03 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: გაწეული სამუშაოების ღირებულების სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ქ. ახალციხის სპეცსამშენებლო-სამონტაჟო ფირმას შორის 15.04.96წ. დაიდო ხელშეკრულება სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რემონტის თაბაზე. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება სავარაუდოდ განისაზღვრა 80000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით დამატებითი ვალდებულებას იღებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში ავანსის სახით ჩაერიცხა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 40%. საქმეში დაცული შესრულებული სამუშაოს აქტების და შედარების აქტის მიხედვით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად გაიხარჯა 143349 ლარის სამშენებლო მასალები, აუნაზღაურებელი თანხა შეადგენს 111872,71 ლარს.

23.05.01წ. შპს “ს.-XXI”-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე – სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის აუნაზღაურებელი თანხის – 111872 ლარის გადახდის დაკისრება დოლარის კურსთან მიმართებაში ინფლაციის გათვალისწინებით, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენს 179517 ლარს. მოსარჩელე აღნიშნავდა აგრეთვე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ გამოიწვია ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდის აუცილებლობა, მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად მოსარჩელეს გადასახდელი აქვს საურავის გათვალისწინებით 351113 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ასევე ითხოვდა მოპასუხისაგან. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე იმ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რასაც ის მიიღებდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, დროულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მას წარმოეშვა. მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამო ვერ შესრულდა შპს “ს.-XXI” და ახალციხის რეგიონალურ საბაჟოს შორის 03.09.97წ. დადებული ხელშეკრულება, შესაბამისად შპს “ს.-XXI” ვერ მიიღო 300000 ლარის შემოსავალი. შელახული საქმიანი რეპუტაციის აღდგენის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურება 100000 ლარის ოდენობით, ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

შპს “ს.-XXI” სარჩელთან დაკავშირებით საოლქო სასამრათლოს კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაერთგზის იქნა გაუქმებული და დაბრუნებული ხელახალი განხილვისათვის საკასაციო პალატის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.07.03წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ახალციხის სპეცსამშენებლო-სამონტაჟო ფირმასა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პირველ მოადგილეს შორის 15.04.96წ. დაიდო ხელშეკრულება ქ. ახალციხეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის შენობის კაპიტალურ რემონტზე. ახალციხის სპეცსამშენებლო-სამონტაჟო ფირმის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე – შპს “ს.-XXI”. 15.04.96წ. ხელშეკრულების მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით დამკვეთმა (მოპასუხემ) იკისრა სამშენებლო სამუშაოების ფინანსირების უზრუნველყოფა შესრულებული სამუშაოების მიხედვით ყოველთვიურად ფაქტიური დანახარჯების საფუძველზე. ხელშეკრულების ამ პირობიდან გამომდინარე კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალლდებული იყო ყოველთვიურად აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის დამთავრებული სამუშაოების ღირებულება. მროპასუხე მხარის აღიარებით და საქმეში არსებული მასალებით უდავოდ იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელეს ეტაპობრივად შესრულებული და მოპასუხეს მიღებული აქვს 88783 ლარის ღირებულების სამუშაოები შემდეგი თანმიმდევრობით: 1996 წ. აგვისტოს თვისათვის – 43587 ლარის ოდენობით; 1996წ. დეკემბრისათვის – 13196 ლარის ოდენობით; 1997წ. ივნისისათვის – 32000 ლარის ოდენობით. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად მოპასუხეს შესრულებული სამუშაოები უნდა აენაზღაურებინა ზემოთ მითითებულ სამუშაოთა მიღებიდან ერთ თვეში ანუ 1996წ. სექტემბერში, 1997წ. იანვარში, 1997წ. ივლისში. ვინაიდან მხარეები ვერ შეთანხმდნენ 1997წ. სკ-ის ნორმების გამოყენებაზე, სასამართლო კოლეგიამ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა 1964წ. სკ-ის ნორმები, რადგან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ამ კოდექსის მოქმედების პერიოდში. 1964 წ. სკ-ის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, შესაბამისად მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა მოპასუხის მიერ ცალკეულ სამუშაოთა მიღებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მორპასუხემ ნაწილობრივ შეარულა ვალდებულება და მოსარჩელეს გადაუხადა 31477 ლარი, ბოლო ფულადი გადარიცხვა მოპასუხის მიერ განხორციელებულია 1997წ. ივლისის თვეში 1000 ლარის ოდენობით. 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, უფლების დაცვის საერთო ვადა ორგანიზაციებს შორის სარჩელებისათვის ერთი წლით განისაზღვრებოდა. მოსარჩელეს საოლქო სასამართლოში სარჩელი 23.05.01წ. აქვს შეტანილი ანუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია, რადგან სარჩელი თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში. კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სარჩელი მოპასუხის მიმართ თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა (14.07.98წ.) ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სარჩელი უმოძრაოდ იქნა დატოვებული 18.07.99წ. განჩინებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და სადღეისოდ კანონიერ ძალაშია, რაც სასამართლო კოლეგიის აზრით ადასტურებს სარჩელის დადგენილი წესით წარმოებაში მიუღებლობას, რის გამო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ შეწყვეტილა და არ შეჩერებულა. ამდენად 2001წ. 23 მაისისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილად იქნა მიჩნეული. 1964წ. სკ-ის 84-ე მუხლის თანახმად სარჩელის წარდგენამდე ხანდაზმულობის ვადის გასვლა არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი და მას სასამართლო სკ-ის 79-ე მუხლის თანახმად იყენებს მხარეთა განცხადებისაგან დამოუკიდებლად. კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარეს არ მოუთხოვია გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლა, რის გამო კოლეგიას ამ საკითხზე არ უმსჯელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.07.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრა შპს “ს.-XXI” მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 15.04.96წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამონტაჟო-.სამშენებლო სამუშაოების ჩატარება რწმუნებულის აპარატის შენობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოხერხდა დამკვეთის მიერ ხელშკრულებით გათვალისწინებული ავანსის და სხვა პირობების გადაუხდელობის გამო. სარემონტო სამუშაოები 1997წ. 30 ნოემბერს დასრულდა, რაზედაც შედგა შესრულებული სამუშაოს აქტი. შემკვეთმა აქტზე ხელი არ მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ გარემონტებული შენობა უპრეტენზიოდ მიიღო. პრეზიდენტის რწმუნებულმა არ გადაიხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატის თემატური შემოწმების 12.08.98წ. აქტით დადასტურდა შესრულებული სამუშაო 30.11.97წ. აქტით გათვალისწინებული რაოდენობით. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად დამკვეთს შესრულებული სამუშაოები უნდა აენაზღაურებია სამუშაოთა მიღებიდან ერთი თვის ვადაში. სამუშაოები დასრულდა 30.11.97წ., მხარეს უნდა აენაზღაურებია სამუშაოები 1997 დეკემბერში – 1998წ. იანვარში, სარჩელის უფლების წარმოშობის დროისათვის უკვე მოქმედებდა ახალი სკ, რის გამო უმართებულოა საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლით გათვალისწინებული ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება, სასამართლო კოლეგიას უნდა ეხელმძღვანელა 1997წ. სკ-ის 129-ე მუხლით. კასატორი სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ დაეკისრება 629204 ლარის და 500 აშშ დოლარის გადახდა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ინტერესების დამცველმა საკასაციო საჩივრის მოტივები არ სცნო და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი დავის მიუხედავად კასატორმა ვერ გაარკვია იმ თანხის ოდენობა, რომელსაც ედავება მოპასუხეს. კასატორმა ჯერ კიდევ 14.07.98წ. განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონის სასამართლოს, რომლითაც რწმუნებულის აპარატისაგან ითხოვდა 238000 ლარის გადახდას. იმავე თანხის გადახდას მოსარჩელე ითხოვდა 15.07.99წ., 16.08.99წ., 19.03.01წ. მიმართვებით. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადებით კასატორმა მოპასუხისაგან მოითხოვა არა 238000 ლარის, არამედ 939000 ლარის, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისას მოითხოვა 629204 ლარის გადახდა. კასაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ახალციხის საგადასახადო ინსპექციის ცნობა შპს “ს.-XXI” საგადასახადო დავალიანების შესახებ, რომელიც არ ასახავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ვინაიდან ცნობა შედგენილია კასატორის 13.09.01წ. წერილის საფუძველზე, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ რწმუნებულის აპარატის შენობაში ჩატარებული აქვს 143340 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც მისაღები აქვს 111000 ლარი. კასატორი წერილით სთხოვდა საგადასახადო ინსპექციას გაეანგარიშებიათ 143.340 ლარიდან ბიუჯეტში ჩასარიცხი თანხის ოდენობა, სწორედ ამ წერილის საფუძველზე შედგა საგადასახადო ინსექციის ცნობა იმის შესახებ, რომ ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის კასატორს უნდა გადაეხადა 109000 ლარი. ფაქტიურად მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ კასატორის 1997წ. საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი დეკლარაციებით შესრულებულად ნაჩვენები ჰქონდა არა 143000 ლარი, არამედ 105141 ლარი. აღნიშნული სამუშაოებიდან ნაწილი შესრულებულია სხვა ობიექტზე.

მოწინააღმდეგე მხარის წარომადგენელი უსაფუძვლოდ თვლის აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რწმუნებულის აპარატის მიერ თანხის სრულად გადაუხდელობის გამო კასატორმა ვერ შეასრულა საბაჟო “ვ.-სთან” დადებული ხელშეკრულების პირობები, რის გამო ვერ მიიღო 300000 ლარის მოგება. საბაჟოსა და კასატორს შორის სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება 03.09.97წ. დაიდო, რის საფუძველზეც საბაჟომ მას იგივე თვეში ავანსად ჩაურიცხა 75000 ლარი, ხოლო 1999 წლებში მიიღო 15000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. 1997-2000 წწ. კასატორმა საბაჟოს შეუსრულა მხოლოდ 35000 ლარის სამუშაოები, რის გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას საბაჟო “ვ.-ს” სასარგებლოდ დააკისრა 45000 ლარის გადახდა და 15000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალების უკან დაბრუნება.

მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს მოწინააღმდეგე მხარის აზრით არ წარმოადგენს კონტროლის პალატის აქტი, კასატორს შესრულებული სამუშაოები გაზრდილი აქვს 17000 ლარით, გარდა მიწერებისა, შესრულებულად არის ნაჩვენები ისეთი სამუშაოები, რომლებიც მას არ შეუსრულებია, შემოწმებაში არ მიუღია მონაწილეობა რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელს. ხელშეკრულების ორივე მხარის ბუღალტრების მიერ განხორციელებული 31.07.98წ. შედარების აქტში აღნიშნულია, რომ შემკვეთის მიერ ხელმოუწერელია 1997წ ნოემბრის სამუშაოს აქტი, რომელიც ითვალისწინებდა 54000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ ეთანხმება აგრეთვე კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მისთვის მხოლოდ 2001 წელს გახდა ცნობილი სამი წლის წინ ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეტანილი განცხადების განხილვის გარეშე დატოვების შესახებ. შპს “ს.-XXI” ჯერ კიდევ 14.07.98წ. მიმართა განცხადებით სასამართლოს რწმუნებულის ადმინისტრაციისათვის 238000 ლარის დაკისრების შესახებ. 17.07.98წ. გამოტანილი იქნა განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის მუქარის წერილის საფუძველზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 12.07.97წ. გამოიტანა განმეორებითი დასაბუთებული განჩინება, რომლითაც სარჩელი სასამართლოში შეტანილად არ ჩაითვალა. კასატორს არ გაუსაჩივრებია განჩინებები, მას გაცდენილი აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. მოწინააღმდეგე მხარის წარმოდგენილი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 18.07.03წ. გადაწყვეტილებაში მართელუდად მიუთითა 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთწლიანი ვადის გაშვებაზე და ითხოვს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაიცო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ს.-XXI” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარეს არ მოუთხოვია გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლა, რის გამო სასამართლო კოლეგიას ამ საკითხზე არ უმსჯელია. საოლქო კოლეგიამ 28.05.01წ. განჩინებით წარმოებაში მიიღო შპს “ს.-XXI” სასარჩელო განცხადება, განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის _ შპს “ს.-XXI” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული გარემოება თავისთავად განაპირობებდა კოლეგიის ვალდებულებას ემსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის საპატიოდ ცნობის შესაძლებლობაზე, ვინაიდან რაიონული სასამართლოს მიერ ადრე შეტანილი სარჩელების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს სწორედ რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა წარმოადგენდა. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება თავისთავად ადასტურებს 1964წ. სკ-ის 84-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ცნობის შესაძლებლობას, რის შესახებაც უნდა ემსჯელა საოლქო სასამართლოს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 15.04.96წ. დადებული ხელშეკრულებით სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები 1996წ. 10 ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო. დამკვეთი კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში ჩაერიცხა სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაციისათვის ავანსის სახით 40% შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებისა. ხელშეკრულების ამ პირობის შეუსრულებლობის გამო შესასრულებელი სამუშაოების ვადები გადაიწია, რაზედაც შედგა შესრულებული სამუშაოების აქტები. 15.04.96წ. ხელშეკრულებით ანაზღაურების მოთხოვნა კასატორს გააჩნდა სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ, მანამდე მოპასუხისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მას არ წარმოშობია. საოლქო სასამართლოს კოლეგია დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-XXI”-ს სარჩელის უფლება წარმოეშვა მოპასუხის მიერ ცალკეული სამუშაოთა მიღებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ანუ 1996წ. სექტემბერში, 1997წ. იანვარში, 1997წ. ივლისში. ამდენად 15.04.96წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობები 1997წ. ნოემბრისათვის, ახალი სკ-ის ამოქმედების მომენტისათვის შეწყვეტილი არ ყოფილა, 1996წ. დეკემბრის და 1997წ. ივნისის თვეებისათვის შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებიდან გამომდინარე მოთხოვნის ერთწლიანი ვადა ახალი სკ ამოქმედებისათვის არ გაცდენილა. 25.11.97წ. ამოქმედებული სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, 1997წ. სკ-ით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გამოიყენება იმ სარჩელების მიმართ, რომლებსაც მანამდე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები 1997წ. 25 ნოემბრისათვის გაცდენილი არ ჰქონიათ. რაც შეეხება 1996წ. აგვისტოს აქტს, რომელიც ითვალისწინებს 43587 ლარის ოდენობის სამუშაოების შესრულებას და მიღებას, 31.07.98წ. შედარების აქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ ანაზღაურებულია გადარიცხვით 28000 ლარი, აქედან ბოლო გადარიცხვა (1000 ლარი) მოპასუხის – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ განხორციელებულია 1997წ. ივლისში. მოთხოვნის ნაწილის შესრულება კრედიტორის წინაშე ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარებას წარმოადგენს, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველია. ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს აგრეთვე 15.04.96წ. ხელშეკრულების მონაწილეთა წარმომადგენლების მიერ 31.07.98წ. შედგენილი შედარების აქტი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით, შპს “ს.-XXI” ჯერ კიდევ 14.07.98წ. მიმართა სასამართლოს სასარჩელო განცხადებით. მოსარჩელე ითხოვდა ფინანსური მდგომარეობის გამო (რის დასადასტურებლად სარჩელს თან ერთო ცნობა ბანკიდან) სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, 14.07.98წ. სასარჩელო განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა წარმოებაში მიღებული. შპს “ს.-XXI” სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული აგრეთვე ახალციხის რაიონული სასამართლოს 18.07.99წ. განჩინებით, რომლითაც ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის გამოსწორების ვადის განსაზღვრის გარეშე, სარჩელი 237630 ლარის სახელშეკრულებო დავალიანების გადახდევინების შესახებ, არ ჩაითვალა სასამართლოში შეტანილად. ხსენებული განჩინებები არ შეიცავენ მითითებას მათი გასაჩივრების წესზე, არ მოიპოვება აგრეთვე აღნიშნული განჩინების მოსარჩელისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ 18.07.99წ. განჩინება არ ყოფილა გასაჩივრებული, არ ადასტურებს სასარჩელო ხანდაზმულობის გაცდენას, ვინაიდან ხსენებული განჩინება კანონიერ ძალაში არ შესულა, არ არსებობს სკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეუწყვეტლობის პირობა. სკ-ის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოებისათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე უმართებულოა კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება არ შეწყვეტილა და საოლქო სასამართლოს კოლეგიისადმი მიმართვის დროისათვის – 2001წ. 23 მაისისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაცდენილი იყო.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 15.04.96წ. შპს “ს.-XXI” და სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს შორის დაიდო ¹1 ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამშენებლო-სამონტაჟო ფირმამ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სამშენებლო-სამონტაჟო, სარემონტო სამუშაოები რწმუნებულის აპარატის ანუ დამკვეთის შენობაში. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის მიზნით 18.04.96წ. შედგა დეფექტური აქტი. ფირმამ შეასრულა შეკვეთა, გაწეული სამუშაოების ასანაზღაურებლად მოსარჩელე მოითხოვდა 143349 ლარის ანაზღაურებას, მოპასუხე მხარის მიერ დავალიანების ნაწილის – 31476 ლარის ანაზღაურების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა 111872,17 ლარის ანაზღაურება. საკასაციო პალატა თვლის, რომ 111872,17 ლარის დაკისრება მოპასუხეზე არ ემყარება საქმის მასალებს, ვინაიდან შესრულებული სამუშაოების 1997წ. ნოემბრის აქტით 54566 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება არ არის დადასტურებული ხელმოწერით, აღნიშნული მითითებულია აგრეთვე 31.07.98წ. შედარების აქტშიც. ამასთანავე, საქართველოს კონტროლის პალატის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს 07.07.98წ. ¹115 ბრძანების საფუძველზე, 07.07.98წ. – 12.08.98წ. ჩატარდა თემატური შემოწმება შპს “ს.-XXI” მიერ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციულ შენობაში 1996-97 წლებში ჩატარებულ კაპიტალურ რემონტზე შესრულებული სამუშაოების სისწორის დასადგენად. შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსახღვრა მოხდა ვიზუალური შემოწმებით და საკონტროლო აზომვებით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს “ს.-XXI” ჩატარებული სამუშაოების საფასურად მისაღები აქვს არა 111873 ლარი, არამედ 94064 ლარი. კონტროლის პალატის შემმოწმებლებმა სამუშაოთა შესრულების (ფორმა ¹2) აქტებსა და რეალურად შესრულებულს შორის სხვაობა 17809 ლარში დააფიქსირეს. შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. ამდენად, პალატა თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, შპს “ს.-XXI” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების სახით 94064 ლარი.

უმართებულოა სკ-ის 389-ე მუხლის საფუძველზე შპს “ს.-XXI” მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც ეხება ეროვნული ვალუტის უცხო ქვეყნის ვალუტის კურსთან სხვაობის თანხის მინიჭებას. ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედებს ე.წ. ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს. უმართებულოა ფულადი ვალის შინაარსის გაიგივება გარკვეულ მსყიდველობითუნარიანობასთან, ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა. ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება. იურიდიული ნომინალიზმის პრინციპი წარმოადგენს ფულადი გაანგარიშებების და გადახდების საფუძველს, რომელსაც შეაქვს საჭირო ფორმალური სიცხადე ურთიერთობებში. ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სკ-ის 369-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას (ასეთს ადგილი ჰქონდა მაგ. სსრ კავშირის არსებობის პერიოდში, როდესაც 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომანლით), ასევე ვალუტის შეცვლას (აღნიშნულს ადგილი ჰქონდა, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო უკანასკნელი ლარით). ეროვნული ვალუტის ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს არ ჰქონია ადგილი, ამდენად ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს დაუშვებელია სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია აგრეთვე ფულის კურსის ნორმის ფარგლებში ცვალებადობის, კერძოდ მისი გაუარესების დროს, ამგვარი პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება, იგი თანაბარზომიერად მოქმედებს ურთიერთობის ორივე მხარეზე. ამასთანავე, ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს რომელიმე უცხოურ ვალუტასთან მისი შეფარდება, ვინაიდან შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში და არა აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყევია, ზოგი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებით იგი მცირდება, ხოლო ზოგიერთი ქვეყნის ვალუტის მიმართ იზრდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმართებულოა ანაზღაურების ძირითად თანხასთან ერთად, სკ-ის 389-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის, დამატებით თანხის დაკისრება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოთხოვნას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რადგან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს “ს.-XXI” მიეთითა საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილებით, საკასაციო პალატის 11.04.03წ. განჩინებით, მიუხედავად ამისა შპს “ს.-XXI”-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი 15.09.96წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დამადასტურებელი მტკიცება, შპს “ს.-XXI” მოთხოვნა ამ ნაწილში არის დაუსაბუთებული. ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 14.09.01წ. ¹01-1062 ცნობა იმის შესახებ, რომ 1997წ. ნოემბრიდან გადახდას ექვემდებარება 39,1 ათასი ლარი ძირითადი გადასახადი და 101,7 ათასი ლარი საურავი, სულ 140,8 ათასი ლარი, აგრეთვე 03.07.03წ. ¹05-551, 10.04.03წ. ¹05-409, 01.03.04წ. ¹01-315 ცნობები არ ადასტურებენ 15.04.96წ. დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად გაწეული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებლობით საგადასახადო დავალიანების წარმოქმნას. აღნიშნული დასტურდება ცნობებში არსებული საგადასახადო დავალიანების ისეთი კომპონენტების მითითებით, როგორიცაა მოგების გადასახადი, მიწის გადასახადი, ქონების გადასახადი, სოციალური გადასახადი, დასაქმების ფონდის გადასახადი, სამედიცინო დაზღვევის გადასახადი. მითითებული გადასახადებიდან ზოგიერთი საერთოდ არ უკავშირდება ჩატარებული სამუშაოების ანაზღაურებას, მათი გადახდის ვალდებულება (მიწის გაასახადი, ქონების გადასახადი) შპს “ს.-XXI” წარმოექმნებოდა 15.09.96წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების და ანაზღაურების მიღებისდამიუხედავად, ხოლო გადასახადის სხვა სახეობების (მოგების გადასახადი, სოციალური გადასახადი და სხვ.) გადახდა ხდება მიღებული შემოსავლის, გასაცემი ხელფასის თანხებზე, გაწეული სამუშაოების ღირებულების მიუღებლობა გამორიცხავს ამ გადასახადების გადახდის ვალდებულების წარმოქმნას. ამასთანავე, კასატორის მიერ დადებული სხვა ხელშეკრულებების მიხედვით გაწეული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიღება სავალდებულო წესით არ ნიშნავს საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და სხვა საქმიანობის გაწევის შედეგად საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შეუძლებლობას.

მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ 15.04.96წ. ხელშეკრულება დაიდო ქ. ახალციხის სპეცსამშენებლო სამონტაჟო ფირმის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ღირებულების აუნაზღაურებლობისათვის წარმოქმნილ საგადასახადო დავალიანებას მისი უფლებამონაცვლე, ახალციხის რაიონის სასამართლოს მიერ 08.05.97წ. რეგისტრირებული, შპს “ს.-XXI”, რომელიც წესდების თანახმად სს “ა”-ის სპეციალური საშენებლო-სამონტაჟო ფირმა “ს.-ს” ბაზაზეა შექმნილი, არ გადაიხდის. საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად საგადასახადო ვალდებულება სრულდება უშუალოდ გადასახადის გადამხდელის მიერ, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სპეც. სამონტაჟო ფირმა “ს.-ს” ბაზაზე შპს “ს.-XXI” შექმნით ადგილი ჰქონდა სამშენებლო-სამონტაჟო ფირმის ლიკვიდაციას და აგრეთვე საწარმოს (შპს “ს.-XXI”) სს “ა”-დან გამოყოფას, რაც საგადასახადო კოდექსის 31-ე, 32.9 მუხლების თანახმად, გამორიცხავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების მემკვიდრეობითობას.

უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სკ-ის 411-ე მუხლის თანახმად მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. სკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. 15.04.96წ. ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეს არ აუღია სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მან ვერ შეასრულა სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების აუნაზღაურებლობის გამო არ არის დასაბუთებული. ამასთანავე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე – შპს “ს.-XXI” მოთხოვნები მიუღებელი შემოსავლის და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა შპს “ს.-XXI”ს მიერ. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 19.09.01წ. გადაწყვეტილება გაუქმდა მთლიანად საკასაციო პალატის 12.03.02წ. განჩინებით მხოლოდ იმის გამო, რომ 19.09.01წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული იყო მხოლოდ ის, თუ რა ნაწილში დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას იმაზე თუ კონკრეტულად რომელ მოთხოვნაზე ეთქვა უარი მოსარჩელეს. აღნიშნულის გამო, მიუხედავად იმისა, რომ კასატორი _ შპს “ს.-XXI” არ აყენებდა მიუღებელი შემოსავლის, აგრეთვე მორალური ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს, საკასაციო პალატამ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 19.09.01წ. გადაწყვეტილება გააუქმა მთლიანად. მიუღებელი შემოსავლის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შპს “ს.-XXI” არ დაუყენებია აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიაში საქმის ხელმეორედ განხილვის დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ს.-XXI” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს შესრულებლი სარემონტო სამუშაოების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში (კურსთა შორის სხვაობა, წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანება, ანაცდური მოგება, მორალური ზიანის ანაზღაურება) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს აგრეთვე კასატორს. პალატა არ აკმაყოფილებს ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნას, რადგან საქმეში არ მოიპოვება იურიდიული მომსახურების გაწევისათვის ხარჯების გაღების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს “ს.-XXI” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.07.03წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. შპს “ს.-XXI” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს შპს “ს.-XXI” სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციული შენობის რემონტზე გაწეული სამუშაოების ღირებულების თანხა 94064 ლარის ოდენობით.

3. შპს “ს.-XXI” სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 3.762 ლარის, შპს “ს.-XXI” სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 5000 ლარის გადახდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.