Facebook Twitter

ბს-31-23-კ-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე, გ. ქაჯაია

დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003წ. 14 ნოემბრის ¹145/2003 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დ. ჭ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სარჩელი აღძრა და ცესკოს 2003წ. 14 ნოემბრის ¹145/2003 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

2003წ. 14 ნოემბერს ცესკომ მიიღო განკარგულება ¹145/2003, რომლითაც ¹4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა აღნიშნულ ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების საარჩევნო დოკუმენტაციის გახსნა, გადამოწმება, საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტებისა და კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების გადათვლა. ამასთანავე, ¹4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიას, გადათვლის შემდეგ, ახალი საუბნო და საოლქო შემაჯამებელი ოქმების შედგენა დაევალა.

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული განკარგულება ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, მასში მითითებული არ არის: გამოცემის ადგილი და იმ ორგანოს მისამართი, სადაც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება. ამასთან, განკარგულება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას და მითითებას ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა განკარგულების გამოცემისას.

მოსარჩელის მითითებით, განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 105-ე მუხლის მე-13 პუნქტის, მე-60 და 69-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ: საარჩევნო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული ცესკოს მიერ ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმებისა და ბიულეტენების სპეციალური კონვერტების ხელახალი გადათვლის დავალება, კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ მოქმედების შესრულება მხოლოდ ცესკოს შეუძლია. სხვა წესს კანონი არ ადგენს. ამასთან, ცესკომ გასაჩივრებული განკარგულება უფლებამოსილების გადამეტებით გამოსცა, კერძოდ, არც საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლი და არც ერთი სხვა ნორმა ცესკოს მიერ ქვემდგომი საარჩევნო კომისიისათვის მსგავსი ფუნქციების დელეგირებას არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003წ. 14 ნოემბრის ¹145/2003 განკარგულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 17 ნოემბრის განჩინებით დ. ჭ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

მოპასუხე ცესკომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის ძირითად სამართლებრივ საფუძველს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლი და 105-ე მუხლის მე-13 პუნქტი წარმოადგენდა. 29-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით ცესკო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვას, კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებას. ამავე მუხლის ,,ქ” ქვეპუნქტის მიხედვით იგი განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას, ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებას. მოპასუხის მითითებით, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ადგენს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შემოსული განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე, უშუალოდ თვითონ უნდა გადაითვალოს საარჩევნო ბიულეტენები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს დ. ჭ-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ გასაჩივრებული განკარგულება საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის განხორციელება მხოლოდ ცესკოს შეუძლია. საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ცესკოს უფლება აქვს მიიღოს განკარგულება საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შესახებ. ცესკო, აგრეთვე უფლებამოსილია, არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს. აღნიშნული ნორმით არ არის განსაზღვრული ცესკოს ვალდებულება, უშუალოდ მან გადათვალოს და გადაამოწმოს საარჩევნო დოკუმენტაცია.

სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობას საფუძვლად ვერ დაედება ის გარემოება, რომ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რადგან აღნიშნული დარღვევები არ წარმოადგენენ არსებითი ხასიათის დარღვევებს, რადგან მათ შედეგად არ მოჰყოლია დაინტერესებულ პირთა უფლებებისა და ინტერესების შელახვა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული დარღვევის არარსებობის შემთხვევაში არ მოხდებოდა საკითხის სხვაგვარი გადაწყვეტა და სხვა სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.

ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება დ. ჭ-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტი. კასატორის მოსაზრებით, საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ. ამდენად, ამ მუხლში არ არსებობს არანაირი მითითება ცესკოს მიერ საოლქო კომისიისათვის ხმების ხელახალი გადათვლის დავალების შესახებ.

კასატორი აგრეთვე მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე მიღებულ აქტს ბათილად ცნობს, თუ მხარეს აქვს ამის გადაუდებელი ინტერესი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ კანონის მართებული განმარტებითა და გამოყენებით, საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევით საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განკარგულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 105-ე მუხლის მე-13 პუნქტს და ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის განხორციელება მხოლოდ ცესკოს უფლებამოსილებაა. საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ცესკოს უფლება აქვს მიიღოს განკარგულება საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შესახებ. ცესკო უფლებამოსილია, არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს. ზემოთ მითითებული ნორმით არ არის განსაზღვრული ცესკოს ვალდებულება, უშუალოდ მან გადათვალოს და გადაამოწმოს დოკუმენტაცია. მართალია, ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 105-ე მუხლის მე-13 პუნქტი ცესკოს ანიჭებს უფლებას, გადათვალოს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტები და საარჩევნო ბიულეტენები, მაგრამ ცესკო ასევე უფლებამოსილია, შესაბამისი საუბნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლა საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ცესკოს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი საარჩევნო კომისიებიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო დოკუმენტაციის ხელახალი გადათვლის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტიდანაც გამომდინარეობს, რომლის შესაბამისად, ცესკო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას. ამასთან, საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის “უ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საგულისხმოა ისიც, რომ საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ადმინისტრაციას განიხილავს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემად, რომელიც ცესკოს, საოლქო საარჩევნო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან შედგება. საარჩევნო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ახორციელებს საჯარო ხელისუფლებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო. ამდენად, ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო დოკუმენტაციის ხელახალი გადათვლის დავალების თაობაზე, ორგანული კანონიდან გამომდინარეობს, არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და სავალდებულოა ქვემდგომი საარჩევნო კომისიისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე იქნა მიღებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. დ. ჭ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.