Facebook Twitter

ბს-322-461-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1997წ. 16 თებერვალს ლანჩხუთის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი აღძრა ვაკის რაიონის სასამართლოში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ ჩატარებული ნულოვანი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა ლანჩხუთის აგროფირმა “თ.-ის” გასხვისების ნაწილში. მოსარჩელის განმარტებით, მას აღსასრულებლად გადაეცა საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 9 თებერვლისა და 20 ივნისის გადაწყვეტილებები აგროფირმა ,.თ.-ისათვის” კოოპერატივ “თ.-ის” სასარგებლოდ 25144 ლარის, ხოლო კონცერნ “ს.-ს” მრავალდარგოვანი მცირე საწარმოს “გ.-ს” სასარგებლოდ 110397 ლარის გადახდევინების თაობაზე. 1996წ. 16 მარტიდან აგროფირმა “თ.-ის” ქონებას, მასზე რიცხული დავალიანებების დაფარვის მიზნით, დაედო ყადაღა. ლანჩხუთის რაიონულმა სასამართლომ 1996-1997 წლებში განიხილა 28 მოქალაქის სარჩელი და სასამართლოს გადაწყვეტილებებით ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ აგროფირმა “თ.-ს” დაეკისრა 468647 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სახით 111956 ლარის გადახდა. აღნიშნული პერიოდისათვის ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოში აგროფირმა “თ.-ზე” რიცხულმა დავალიანებებმა სულ შეადგინა 707560 ლარი. ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1994წ. 23 დეკემბრის ¹66 გადაწყვეტილებით აგროფირმა “თ.-ის” ბაზაზე დაფუძნებული სს “თ.-ი” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 14 აპრილის “სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო გაერთიანებების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” ¹288 დადგენილებისა და მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 20 ივლისის ¹571 დადგენილების შესაბამისად, გატარდა რეგისტრაციაში. საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 27 ივნისის ¹328 ბრძანებულების შესაბამისად, სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით მოხდა სს “თ.-ის” აქციების გასხვისება, რომლის შედეგებიც დამტკიცდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 9 სექტემბრის ¹1-3/550 სადავო ბრძანებით.

სს ,თ.-ის” აქციათა გასხვისება უკანონოდ მიიჩნია ლანჩხუთის რაიონის სასამართლომ იმ მოტივით, რომ პრივატიზების უფლება ქონების მართვის სამინისტროს არ ჰქონდა, რადგან სს “თ.-ის” ქონება დაყადაღებული იყო, რის შესახებაც ქონების მართვის სამინისტროსა და ქონების მართვის ლანჩხუთის სამმართველოს ეცნობათ ლანჩხუთის სასამართლოს ¹458 მიმართვით.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს სარჩელი არ ცნო მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ იმ მოტივით, რომ ყადაღა დადებული ჰქონდა აგროფირმა “თ.-ის” ქონებას, ხოლო აუქციონზე განხორციელდა სს “თ.-ის” აქციათა გასხვისება. ამასთან, ქონებას ყადაღა დაედო 1996წ. 11 მარტს, ხოლო აღნიშნულის შესახებ ქონების მესაკუთრეს, ქონების მართვის სამინისტროს, ეცნობა 1997წ. ივლისში, რითაც, მოპასუხის აზრით, შეილახა სახელმწიფოს ინტერესები. გარდა ამისა, ქონების დაყადაღების შესახებ მოპასუხეს ეცნობა მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნდა პრეზიდენტის ბრძანებულება აუქციონის ჩატარების თაობაზე. ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 10 აპრილის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩართული მ. რ.-ე და ვ.ზ.-ი.

ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა 1997წ. 21-31 ივლისის სპეციალიზებული აუქციონის შედეგები სს “თ.-ის” აქციების გასხვისების ნაწილში, რაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 20 მაისის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. რ.-ის საზედამხედველო საჩივარი, გაუქმდა ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 20 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ლანჩხუთის რაიონის სასამართლო შეიცვალა სათანადო მოსარჩელეებით – სს “თ.-ის” კრედიტორებით: მ. კ.-ით, ე. გ.-ით, ნ. კ.-ით, ს. ც.-ით, გ. ს.-ით, ი. კ.-ითა და სხვებით. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის საოქმო დადგენილებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლანჩხუთის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსი მ. ა.-ა. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ს.-ის, ი. კ.-ისა და სხვათა სარჩელი სს “თ.-ის” გასხვისების შესახებ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, შემდეგი მოტივით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 30 ივნისის ¹1-3/422 და 1997წ. 9 სექტემბრის ¹1-3/550 ბრძანებები:

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 30 ივნისის ¹1-3/422 ბრძანების პირველი პუნქტისა და 1997წ. 9 სექტემბრის ¹1-3/550 ბრძანების საფუძველზე სს “თ.-ის” აქციები გაიყიდა სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით, რითაც, კოლეგიის აზრით, დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი შესყიდვის წესით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა დაცული.

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 26 ივნისის ¹328 ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, აუქციონზე შეიძლება გატანილ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთი აქციები არ არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/422 ბრძანებით დამტკიცდა იმ სააქციო საზოგადოებების ნუსხა, რომელთა აქციების 50%-ზე მეტს ფლობდა სახელმწიფო და აღნიშნული აქტებით უნდა დაჩქარებულიყო სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ამავე ქონებაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებების მიერ გამოცემული აქციების გაყიდვის გზით კი უნდა გასხვისებულიყო ქონებაც.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აუქციონზე გაიყიდა სს .,თ.-ის” მხოლოდ აქციები და არა მისი ქონება, რადგან 1994 წელს სს “თ.-ი” დაფუძნდა სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, 1997 წელს აქციების 50%-ზე მეტი წილი აქციების გასხვისებით, კოლეგიის აზრით, ნულოვან აუქციონზე მოხდა სააქციო საზოგადოების, როგორც აქციების მთელი პაკეტის გაყიდვა, ასევე შესაბამისი ქონების გასხვისებაც.

სასამართლო კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 1996წ. 11 მარტიდან აგროფირმა “თ.-ის” ქონებას დაედო ყადაღა, რის შესახებაც აუქციონის ჩატარებამდე ეცნობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შესაბამის ტერიტორიულ სამმართველოსაც. ამასთან, კოლეგიამ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება, რომ აუქციონზე მოხდა ფაქტობრივად არარსებული იურიდიული პირის აქციების გასხვისება, რადგან პრეზიდენტის ბრძანებულებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას სს “თ.-ი”, როგორც იურიდიული პირი, არ არსებობდა, არ ჰქონდა გავლილი ხელახალი რეგისტრაცია, რაც სავალდებულო იყო საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილებისა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე კანონის მე-4 პუნქტისა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის თანახმად. ამასთან, სს “თ.-ის” რეგისტრაციის შესახებ ლანჩხუთის რაიონის გამგეობის ¹66 გადაწყვეტილება ნულოვანი აუქციონის ჩატარების დროისათვის გაუქმებული იყო.

ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/422 და ¹1-3/550 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სს “თ.-ის” აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის ნაწილში ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის პირველ, მე-6, მე-10 მუხლებს, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა შემდეგი მოტივით:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა მოახდინა სსკ-ის 84-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, რადგან არასათანადო მოსარჩელის სათანადოთი შეცვლისათვის საჭიროა არასათანადო მოსარჩელის თანხმობა. სააპელაციო სასამართლოს კი კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი თანხმობა არც მოუთხოვია, ისე შეცვალა მხარე. ამასთან, კასატორის მითითებით, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ სათანადო მოსარჩელეებად სს “თ.-ის” კრედიტორების მიჩნევისას არ მიუთითა, თუ რის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. ს.-ე, ი. კ.-ე, მ. კ.-ი და სხვები არიან სს “თ.-ის” კრედიტორები, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აქციათა პრივატიზებით შეილახა მათი უფლება, რადგან აქციათა გასხვისებით სახელმწიფომ გაასხვისა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონება _ აქციები და არა საწარმოს ბალანსზე რიცხული და საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება. კრედიტორებს მოთხოვნა გააჩნიათ თვით საწარმოს და არა აქციათა მესაკუთრის _ სახელმწიფოს მიმართ. ამასთან, დაყადაღებული იყო საწარმოს ქონება და არა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ სს “თ.-ის” აქციების გასხვისების შესახებ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა განსჯადობის საკითხი, კერძოდ, კონკრეტული დავა განხილული უნდა ყოფილიყო რაიონული სასამართლოს მიერ და არა პირველი ინსტანციით თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ, რადგან ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებები წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ სამართლებრივი გარიგების დადებისკენ.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ცნეს გ.ს.-მ, ი. კ.-მ და სხვებმა და შეპასუხებით მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. შეპასუხების ავტორებმა არ გაიზიარეს კასატორის მოსაზრება მათი არასათანადო მოსარჩელეობისა და დავის განსჯადობის შესახებ და მიუთითეს, რომ ქონების მართვის სამინისტროს ბრძანების – ადმინისტრაციული აქტის თაობაზე დავა საოლქო სასამართლოს განსჯადია. შეპასუხების ავტორთა მითითებით, სამრეწველო ფირმა “თ.-მ” პირველად რეგისტრაცია გაიარა 1994წ. 28 ოქტომბერს ლანჩხუთის გამგეობაში, ხოლო ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაევლო 1996წ. 1 სექტემბერს, რაც უნდა განეხორციელებინა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მის ტერიტორიულ სამმართველოს, როგორც საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრეებს, რაც არ განხორციელდა და აუქციონზე გაიყიდა არარსებული იურიდიული პირის არარსებული აქციები. ე. ს.-ისა და ი. კ.-ის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ შესაგებელს და უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარს დაეთანხმა მესამე პირი მ. რ.-ე და თანამოპასუხე, სახელმწიფო ქონების მართვის ლანჩხუთის სამმართველოს უფროსი მ. ა.-ა, რომლებმაც მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეცეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის პირველ მოტივს, სასამართლოს მიერ არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის დროს სსკ-ის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, მართალია, არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლისათვის აუცილებელია არასათანადო მოსარჩელის თანხმობა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაპირველ მოსარჩელეს წარმოადგენდა ლანჩხუთის რაიონის სასამართლო, რაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია. ამიტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის მითითების შესაბამისად, სასამართლოს, როგორც არასათანადო მოსარჩელის, თანხმობის გარეშე მისი სათანადო მოსარჩელით შეცვლა, საკასაციო პალატის აზრით, კანონიერია და არ წარმოადგენს უხეში პროცესუალური დარღვევის მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს;

2. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სათანადო მოსარჩელედ ჩართული რიგი ფიზიკური პირების სათანადო მოსარჩელეობის საკითხზე პრეტენზიას. სასამართლომ, როგორც აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების საფუძველზე, არასათანადო მოსარჩელე, ლანჩხუთის რაიონის სასამართლო, შეცვალა სათანადო მოსარჩელეებით, რომლებიც, მათი განცხადებით, წარმოადგენდნენ სს “თ.-ის" კრედიტორებს. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოსა და ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლითაც სს “თ.-ს” რიგი იურიდიული და ფიზიკური პირების სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხები, სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელეების: თ. კ.-ის, ა. მ.-ის და სხვათა, სულ 8 მოსარჩელე ფიზიკური პირის სასარგებლოდ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, მაგრამ გ. გ.-ის, დ. კ.-ის, გ. და ა. კ.-ეების, ი. კ.-ის, დ. ც.-ისა და კ. ჩ.-ის სასარგებლოდ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც სს “თ.-ს” დაკისრებული ექნებოდა თანხის გადახდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის არსებითად ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნულ მოსარჩელეთა სათანადო მოსარჩელეობის საკითხი;

3. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის განჩინებით, სასამართლომ განსახილველი დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განსჯადობით გადასცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რაც სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა დავა და ბათილად ცნო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 30 ივნისის ¹1-3/422 და 9 სექტემბრის ¹1-3/550 ბრძანებები. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივად განიხილა ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე დავა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/550 ბრძანება სხვა სააქციო საზოგადოებებთან ერთად, ეხება სს “თ.-ის” აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის შედეგების დამტკიცებას, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების პრივატიზებას. საკასაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის თანახმად, პრივატიზება არის სახელმწიფოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება (განკარგვა), რაც სამართლებრივად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტითა და 65-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, სადაც ერთ-ერთი მხარეა ადმინისტრაციული ორგანო _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანებაც ადმინისტრაციულ გარიგებას, სს “თ.-ის” აქციების პრივატიზებას ეხება, საკასაციო პალატის აზრით, იგი სამართლებრივად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ გარიგების კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს ნების ცალმხრივი წერილობითი გამოხატვაა ადმინისტრაციული გარიგების დადებაზე (სკ-ის 50-ე მუხლი). შესაბამისად, განსახილველი დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების თაობაზე დავა კი არ არის, არამედ ამავე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე დავაა და რადგან სადავო გარიგების ფასი 740 ლარს არ აღემატება, ამიტომ ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, დავა განსჯადობით ექვემდებარება ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია კონკრეტულ შემთხვევაში არაგანსჯადი სასამართლოა;

4. სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ 1997 წელს აქციების სადავო პრივატიზების განხორციელებისას სს “თ.-ის” რეგისტრაციის შესახებ ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1994წ. 23 დეკემბრის ¹66 გადაწყვეტილება გაუქმებული იყო საქართველოს პარლამენტის 1994წ. 28 ოქტომბრის დადგენილებითა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლით, რადგან საზოგადოებას, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, სასამართლოში რეგისტრაცია არ გაუვლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ 1997 წელს განხორციელდა იურიდიულად არარსებული სააქციო საზოგადოების, ასევე არარსებული აქციების პრივატიზება და ფაქტობრივად მოხდა საზოგადოების იმ ქონების პრივატიზება, რომელიც დაყადაღებული იყო მოსარჩელეთა სასარგებლოდ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით. საკასაციო პალატა სასამართლოს აღნიშნულ მოტივებს ვერ გაიზიარებს და ამ საკითხებზე ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, ვინაიდან:

ა) 1997წ. მდგომარეობით სს “თ.-ის”, “მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, სასამართლში რეგისტრაციის საკითხის გარკვევისას, კოლეგიას ლანჩხუთის რაიონული სასამართლოდან არ გამოუთხოვია სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, ამიტომ კოლეგიის მოსაზრება დაუსაბუთებელია;

ბ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით სს “თ.-ის” ქონებაზე ყადაღის დადება სამართლებრივად არ წარმოადგენს სს “თ.-ის” აქციების პრივატიზების გაუქმების საფუძველს, რადგან გადაწყვეტილებების მიხედვით, მოვალეა იურიდიული პირი, სს “თ.-ი”, რომელსაც მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა თანხების გადახდა და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.1 მუხლის იმპერატიული მითითებით, საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებზე, არამედ კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება თვით სააქციო საზოგადოებას. ამიტომ სს “თ.-ის”, როგორც მოვალის, ქონებაზე ყადაღის დადება სადავო პრივატიზების გაუქმების საფუძველი ვერ იქნება, რადგან ყადაღით შეიზღუდა მხოლოდ საზოგადოების უფლება ქონების განკარგვაზე, ხოლო სახელმწიფოს, როგორც აქციონერის, უფლება მის საკუთრებაში არსებული აქციების განკარგვაზე შეუზღუდავი იყო;

გ) სასამართლო კოლეგიის აზრით, სადავო პრივატიზაციისას განხორციელდა სს “თ.-ის” ქონების პრივატიზება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.1 მუხლის მიხედვით კი აქცია არის ქონება, ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საზოგადოების ვალდებულებებს აქციონერის, როგორც პარტნიორის მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც მხარეები დავობენ, რომ სს “თ.-ი” დაფუძნებული იყო სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. სასამართლომ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998წ. 10 აპრილის ¹07-62/8-8 წერილის საფუძველზე, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს “თ.-ის” 5,19% გადაეცა შრომის კოლექტივს. ამდენად, აქციების დანარჩენი წილი კვლავ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, რაც სახელმწიფომ, როგორც აქციონერმა, განკარგა 1997წ. აქციების ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებულ აუქციონზე გაყიდვისას. ამიტომ საკასაციო პალატა კოლეგიის შეფასებას ვერ გაიზიარებს და ეთანხმება კასატორის მოტივს, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას, რომ სადავო პრივატიზებისას გასხვისდა (გაიყიდა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები და თვით სს “თ.-ის” ქონების გასხვისება არ მომხდარა;

5. საპრივატიზებო მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სადავო ნულოვან აუქციონზე სს “თ.-ის” აქციები შეიძინა 41 ფიზიკურმა პირმა, რომლებიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, ადმინისტრაციული გარიგების მხარეები არიან. ამასთან, ისინი პრივატიზებული აქციების მესაკუთრეები არიან და საკუთრების ეს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. საქმის განხილვაში კი მესამე პირის სტატუსით 41 მესაკუთრე აქციონერიდან ჩაბმულია მხოლოდ ორი მესაკუთრე: მ. რ.-ე და უ. ზ.-ი, რაც უხეში პროცესუალური დარღვევაა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმის ხელახლა არსებითი განხილვისას უნდა იმსჯელოს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე პირების მოპასუხის სტატუსით ჩაბმის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა გადაეცეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-5, სსკ-ის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად გადაეცეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.