ბს-32-26-კ-04 12 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწის იჯარის დადგენა და მიწის სარგებლობის წინააღმდეგობის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 მარტს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს რ., ჯ., ო., გ. და თ. ზ.-ებმა მოპასუხეების: ხელვაჩაურის რაიონის სოფ. შ.-ის თემის საკრებულოს,Oხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, თ. და ო. ბ.-ების მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1955 წლიდან მოსარჩელეთა ოჯახები ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ს კოლმეურნეობასთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სოფ. ...-ში, ე.წ. “...-ის” ტერიტორიაზე, ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთებს, რომლებზედაც გაშენებული იყო ციტრუსოვანი ნარგავები და რომელთა საერთო ფართობი შეადგენდა 6 ჰექტარს. 2000წ. შემოდგომაზე მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ მათ სარგებლობაში არსებული ზემოაღნიშნული ნაკვეთები საკარმიდამოდ გამოეყო ბ.-ების ოჯახს. მოსარჩელეთა განმარტებით, ამის თაობაზე მათ კოლექტიური განცხადებით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას. მიღებული პასუხის თანახმად, სადავო მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო ფონდის საკუთრებას, ხოლო უპირატესი უფლება ამ მიწაზე გააჩნდათ მოსარჩელეებს. შესაბამისად, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მოპასუხეებს სადავო მიწა საკარმიდამოდ გამოეყოთ კანონის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის 155-ე, 592-ე, 953-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულების მე-9 მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სოფ. ...-ს საერთო კრების 2000წ. 31 მაისის დადგენილებისა და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. შ.-ის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 2000წ. 24 აგვისტოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹2216-105 აქტის გაუქმება, მოსარჩელეებისათვის სადავო მიწით სარგებლობის უფლების აღდგენა და მასზე უპირატესი უფლების დადგენა.
2001წ. 13 აპრილს მოპასუხეებმა: თ. და ო. ბ.-ებმა წარადგინეს შეგებებული სასარჩელო განცხადება.
მოპასუხე ბ.-ებმა განმარტეს, რომ სოფ. ...-ს 2000წ. 31 მაისის დადგენილებით მათ გადაეცათ სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა ბ.-ების საგვარეულო საკუთრებას. 1937წ. რეპრესიების შედეგად ამ გვარს ჩამორთმეული ჰქონდა მთელი ქონება. მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1998წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით მათ აღუდგინეს მოქალაქეობრივი უფლებები.
შეგებებულ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბიძაშვილების: თ. და ო. ბ.-ების ოჯახები ითვლებოდნენ უმიწო კომლებად. შესაბამისად, სარეზერვო-სარეფორმო მიწის ფონდიდან მათ გამოეყოთ 0,25 და 0,25 ჰა მიწის საკარმიდამო ნაკვეთი. მოპასუხე ბ.-ებმა განმარტეს, რომ მოსარჩელე ზ.-ებს სადავო მიწის ნაკვეთი აღებული ჰქონდათ იჯარით და მას ამუშავებდნენ არა 1955 წლიდან, არამედ _ 1995 წლიდან.
შეგებებულ სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ სოფ. ...-ს საერთო კრების 2000წ. 31 მაისის დადგენილება და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. შ.-ის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის მიერ 2000წ. 24 აგვისტოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹2216-105 აქტი კანონიერი იყო. შესაბამისად, შეგებებული სასარჩელო განცხადების ავტორებმა მოითხოვეს მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
2002წ. 11 იანვრის განჩინებით ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე შეაჩერა საქმის წარმოება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ თ. და ო. ბ.-ების სარჩელის განხილვამდე. აღნიშნული სასარჩელო განცხადებით ო. და თ. ბ.-ები ითხოვდნენ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001წ. 8 ნოემბრის ¹17/1 ოქმისა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 დეკემბრის ¹114 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ვინაიდან ამ აქტებით გაუქმდა მოპასუხე ბ.-ებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ სოფ. შ.-ის თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2000წ. 18 მაისის დადგენილება. 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა თ. და ო. ბ.-ების სასარჩელო განცხადება: ბათილად ცნო აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2001წ. 8 ნოემბრის ¹17/1 ოქმის პირველი ნაწილის პირველი ქვეპუნქტი და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 დეკემბრის ¹114 გადაწყვეტილების მე-3 ნაწილი.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განაახლა საქმის წარმოება და 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ზ.-ების სარჩელი; დაკმაყოფილდა ო. და თ. ბ.-ების შეგებებული სარჩელი; მოსარჩელე ზ.-ებს დაევალათ, ხელი არ შეეშალათ ო. და თ. ბ.-ებისათვის მათ საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწით სარგებლობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატაში გაასაჩივრეს მოსარჩელე ზ.-ებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელე ზ.-ების სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა სოფ. შ.-ის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000წ. 18 მაისის ¹2 ოქმი, დადგენილება და ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ...-ს საერთო კრების 2000წ. 31 მაისის ოქმი ¹2 ო. და თ. ბ.-ებისათვის 0,25-0,25 ჰა საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფის შესახებ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹22/6-104, 22/6-105 აქტები თ. და ო. ბ.-ებზე სოფ. ...-ში საკუთრების უფლებით, თითოეულზე 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გაცემის შესახებ; ხელვაჩაურის რაიონის სოფ. შ.-ის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა თ. და ო. ბ.-ებისათვის მიწის სარეფორმო ფონდიდან საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფაზე მსჯელობა; ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემ კომისიას დაევალა მოსარჩელეებზე სახელმწიფო მიწის იჯარით გამოყოფის საკითხის განხილვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს თ. და ო. ბ.-ებმა და მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალტის 2003წ. 6 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით, რ., ჯ., ო., გ. და თ. ზ.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
არ დაეთანხმნენ რა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რ., ჯ., ო., გ. და თ. ზ.-ებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წაემოადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორები საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზეც სააპელაციო საჩივარს. ამასთან, მიუთითებდნენ, რომ სასამართლოს მხრიდან არასწორი შეფასება მიეცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილია საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, დადასტურებულად მიიჩნიოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითებს შემდეგს:
მართალია, აჭარის ა/რ უმღლესმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სოფ. ...-ს კოოპერატიული მეურნეობის 1993წ. 28 იანვრის აქტზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეში ორი არაიდენტური დედნის არსებობის ფაქტი. მითითებული აქტებიდან სპეციალისტის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა ერთ-ერთ მათგანს, მაშინ, როდესაც აღნიშნულის გამოკვლევა და დადგენა, სსკ-ის 204-ე მუხლის I ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე, სცილდება ამ უკანასკნელის კომპეტენციას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული საკითხის გამორკვევის მიზნით საჭიროა განისაზღვროს, რომელი აქტი წარედგინა ...-ს კოოპერატიული მეურნეობის რწმუნებულთა კრებას და შესაბამისად, რომელი მათგანის დამტკიცებას ჰქონდა ადგილი.
იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ ირიცხებოდა სარეზერვო ფონდში, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე ზემოაღნიშნული საკითხის დადგენას.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების არსებობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო კასაციის ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, თავადვე შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 დეკემბრის ¹114 გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ ბ.-ებისათვის გადაცემული ფართი არ ირიცხება მიწების სარეფორმო ფონდში, თუმცა, ამავე საქმეში, საქმეში წარმოდგენილია აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1994წ. 25 თებერვლის ¹41 დადგენილება რომლის შესაბამისადაც, სარეზერვო ფონდში გამოყოფილ იქნა სოფ. ...-ს კოოპერატიულ მეურნეობაზე რიცხული 83,9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, აქედან ციტრუსი 30,0 ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე დამატებითი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ., ჯ., ა., გ., თ. და ო. ზ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.