Facebook Twitter

ბს-330-464-კ-03 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ...-ის სოფლის საკრებულოს 11.04.01წ. დადგენილების ბათილად ცნობა და საკრებულოს 03.05.2000წ ¹2 დადგენილების ძალაში დატოვება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. გ.-მ, ნ. ი.-მ, მ. გ.-მ, ზ. ბ.-მ ი. გ.-მ სარჩელი აღძრეს ბოლნისის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს მიმართ და მიუთითეს, რომ 11.04.01წ ბოლნისის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულომ სესიაზე მიიღო დადგენილება “სარწყავი არხის გადაკეტვის შესახებ”, რითაც გააუქმა ამავე საკრებულოს 03.05.2000წ. ¹2 დადგენილება სარწყავი მილის გახსნის შესახებ. მოსარჩელეებმა აღნიშნავდნენ, რომ მიწის რეფორმასთან დაკავშირებით სოფ. ...-ის მოსახლეობას გაუნაწილდა კანონით გათვალისწინებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. სოფლის მაცხოვრებელთა 15 ოჯახს 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთები გამოეყო სოფლის ზემო ნაწილში. ვინაიდან მიწის ნაკვეთები ძირითადი არხიდან არ ირწყებოდა, მისი აღმართზე მდებარეობის გამო, სოფლის საკრებულომ გადაწყვიტა 120 მმ მილით არხის ზემო ნაწილიდან გაეყვანათ სარწყავი არხი. სარწყავი არხის გადაკეტვის შესახებ დადგენილების მძიმე ეკონომიკურ პირობებში იქნა ჩაყენებული მოსახლეობა. სოფლის სარწყავი არხი მთლიანად აკმაყოფილებდა მოსახლეობის წყლით და არ არსებობდა სარწყავი მილის გადაკეტვის არავითარი საჭიროება. სადავო დადგენილების საფუძვლად დაედო სხვადასხვა ინსტანციებში ქვედა ზონის მოსახლეობის საჩივრები წყლის უკმარისობის გამო, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, ვინაიდან სარწყავ არხზე დაწესებულია მორიგეობა და ყველას წყალი მიეწოდება გრაფიკით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, უკანონოა, რადგანაც საკრებულო არ იყო უფლებამოსილი მიეღო ამ საკითხზე გადაწყვეტილება, წყლის რაციონალური განაწილება შეადგენდა კოოპერატივ “ს.-ის” კომპეტენციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სოფ. ...-ის საკრებულოს 11.04.01წ. დადგენილების ბათილად ცნობა, ამავე საკრებულოს 03.05.2000წ. ¹2 დადგენილების ძალაში დატოვება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 19.06.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ.-ის, რ. გ.-ის, რ. ი.-ის, მ. გ.-ის, ზ. ბ.-ის მიერ. 10.09.01წწ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. 01.04.02წ. განჩინებით სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილდა სოფ. ...-ის 11.04.01წ. სადავო დადგენილების მოქმედება შეჩერდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 31.07.02წ. განჩინებით ...-ის სოფლის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 01.04.02წ. განჩინება.

სააპელაციო სასამართლოს 16.06.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 19.06.01წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავდაპირველად წყლის არხის გახსნის, ხოლო შემდგომ გადაკეტვის შესახებ დადგენილების მიღებისას საკრებულო მოქმედებდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 61 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ მიუთითა, რომ სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივი “ს.-ი” ამჟამად ლიკვიდირებულია, ხოლო ასოციაცია “მ.-ა” არ წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ...-ის მოსახლეობა დაახლოებით 1500 ადამიანს შეადგენს, გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში ძირითადი არხიდან მათ შეუწყდებათ წყლის მიწოდება, რაც ცხადყოფს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის მიზანშეუწონლობას.

სააპელაციო პალატის 16.06.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე რ. გ.-ის და სხვათა ინტრესების წარმომადგენლის გ. ნ.-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტები წარმოადგენდნენ ოცი ოჯახის ინტერესებს, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო არის 4 ჰა ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მილის გადაკეტვის გარეშე მოსახლეობას შეუწყდება წყლის მიწოდება, ვინაიდან კოოპერატივ “ს.-ის” დირექტორის ჩვენებით დასტურდება, რომ სადავო არხიდან სარწყავ წყალს ხუთი სოფ.ი მოიხმარს, მიუხედავად ამისა მოსახლეობა წყლის უკმარისობას არ განიცდის, ვინაიდან წყლის დებეტი საკმარისია და მოსახლეობას წყალი მიეწოდება გრაფიკის მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ის, რომ სარწყავი წყლის მიღებას, აღრიცხვას, მომხმარებელთა შორის განაწილებას სადავო პერიოდში ახდენდა კოოპერატივი “ს.-ი”, ამჟამად ასოციაცია “მ.-ა”, რაც თვით მოპასუხემაც დაადასტურა. კასატორი თვლის, რომ საკრებულოს მიერ წყლის გრაფიკის მიხედვით მიწოდების შემთხვევაში მოსახლეობას არაფერი ექნებოდა სადავო. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის, სოფ. ...-ის საკრებულოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, დადგენილება საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა მოსახლეობის მრავალრიცხოვანი საჩივრების საფუძველზე, მილის მოქმედება იწვევს სოფლის ძირითადი მოსახლეობის წყლით მომარაგების შეფერხებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესლავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სოფ. ...-ის სადავო 11.04.01წ. დადგენილება ამავე საკრებულოს 03.05.2000წ. ¹2 დადგენილების გაუქმების და მილის გადაკეტვის შესახებ დამტკიცდა აგრეთვე სოფ. ...-ის საკრებულოს 15.05.01წ. რიგგარეშე სესიაზე. მიუხედავად ამისა, საკრებულოს 15.05.01წ. დადგენილება მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის მიღებისას სოფ. ...-ის საკრებულო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მილის გადაკეტვა შეადგენდა გამგეობის და არა წყლის მომარაგების კოოპერატივის კომპეტენციას. “მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 13.01.97წ. ¹20 ბრძანებულების თანახმად სახელმწიფო სახსრებით აშენებული შიდასამეურნეო ქსელები და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები გადაეცათ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გამგებლობაში. “მიწების მელიორაციის შესახებ” კანონის თანახმად, სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებს სახელმწიფო საკუთრების შიდასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამელოირაციო ქსელი გადაეცემათ სარგებლობის უფლებით (6.2. მუხ), სახელმწიფო საკუთრების შიდასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის სამელიორაციო ქსელის, ლოკალური სისტემების მოვლა-შენახვის და ექსპლოატაციის ღონისძიებების დაფინანსება ხდება ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებით და წყალმომხმარებელთაგან ამონაგები თანხებით, ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების ნორმებს განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოები (8.2. მუხ). მიწების მელიორაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საფუძველია საკუთრების ფორმა (მე-11 მუხ). ამასთანავე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართევლობის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის “ო” ქვეპუნქტის თანახმად, ლოკალური სამელიორაციო სისტემების ორგანიზება, შენახვა და განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეადგენს. ორგანული კანონის 61 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოთა კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დაიშვება მხოლოდ სასამართლო წესით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. კასატორი ვერ ასახელებს საკრებულოს სადავო აქტით კანონმდებლობის რაიმე ნორმის დარღვევას. ამასთანავე, ორგანული კანონის 61 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი პირობებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას აქვთ მოქმედების თავისუფლება. დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არ აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან, მით უფრო, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის მასალების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად არის ცნობილი, რომ არხის გადაკეტვის მიუხედავად მოსარჩელეებს არ ესპობათ ნაკვეთების მორწყვის შესაძლებლობა, მათი ნაკვეთების მორწყვა შესაძლებელია ზედა არხის მეშვეობით, დაწესებული გრაფიკის მიხედვით, ხოლო ქვედა არხი, რომლის სარგებლობასაც მოითხოვენ მოსარჩელეები, განკუთვნილია სოფლის ქვედა ზონაში არსებული ნაკვეთების მოსარწყავად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ.-ის წარმომადგენლის გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.06.03წ. განჩინება.

2. გაუქმებულად ჩაითვალოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით ბოლნისის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს 11.04.01წ. დადგენილების შეჩერება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.