¹ ბს-332-294-კ-04 29 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 17 ოქტომბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ფიზიკურმა პირებმა: რ. ც.-მ ა. მ.-მ, ს. ბ.-მ, მ. გ.-მ, მ. ჩ.-მ, შ. ს.-მ, ზ. ს.-მ, რ. ბ.-მ, ა. ნ.-მ, კ. მ.-მ, გ. ს.-მ, რ. ო.-მ, მ. ჯ.-მ, თ. ა.-მ, კ. ხ.-მ, გ. კ.-მ, ე. ტ.-მ, ვ. ბ.-მ, გ. მ.-მ, ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ, ... კავშირის წარმომადგენელმა მოპასუხეების: შსს-ს, მარნეულის რაიონის გამგებლის, მარნეულის რაიონის პოლიციის თანამშრომლების მიმართ სარჩელი აღძრეს და მოპასუხეებისაგან რელიგიური კონგრესის არდაშვებისა და ჩაშლისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა; საჯარო განცხადების გაკეთება, რომ მომავალში იეჰოვას რელიგიური კონგრესის ჩატარების უფლებას დაიცავდნენ; მატერიალური ზარალის _ 15000 ლარის ანაზღაურება; იმ 2000 მოქალაქეთა სასარგებლოდ, რომლებმაც კონგრესზე დასასწრებად ხარჯი გასწიეს, მაგრამ ვერ დაესწრნენ მას, 4000 ლარის გადახდა; მორალური ზიანისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის, სულ 19000 ლარის გადახდა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ 2000წ. 16 სექტემბერს მარნეულში იეჰოვას მოწმეთა კონგრესი უნდა გამართულიყო. სწორედ ამ დღეს იეჰოვას მოწმეები კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრნენ. გზები პოლიციის მიერ იყო გადაკეტილი, რათა დელეგატების კონგრესზე დასწრება არ დაეშვათ. პოლიციის თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეთა ყველა ავტობუსი და ავტომანქანა გააჩერეს და უკან დააბრუნეს, ხოლო მართლმადიდებლებს უფლება მისცეს შეჭრილიყვნენ რ. ც.-ის სახლში, სადაც კონგრესი უნდა გამართულიყო, გაძარცვეს იგი, საკონგრესო ნაგებობები გაანადგურეს და სცემეს იეჰოვას მოწმეები. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2000წ. 16 სექტემბერს მარნეულში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური კონგრესის არდაშვებით და ჩაშლით, ასევე სხვა მოქალაქეების კონგრესზე დასასწრებად არ დაშვებით ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს კონსტიტუციის მე-19, მე-20 და 25-ე მუხლები უხეშად დაარღვიეს, რომლებითაც გარანტირებული იყო მოქალაქეთა რელიგიური თავისუფლება და პირადი საკუთრების ხელშეუხებლობა, აგრეთვე მოქალაქეთა უფლება, საჯაროდ შეკრებილიყვნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ 2000წ. 16 სექტემბერს მარნეულში კონგრესის არდაშვებასა და ჩაშლაში მონაწილეობდნენ, შეგნებულად მიიღეს მონაწილეობა იეჰოვას მოწმეთა კავშირის დევნის კომპანიაში.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ პოლიციის ორგანოს თანამშრომლებმა, რომლებმაც მოქალაქეები რელიგიურ კონგრესზე დასასწრებად არ შეუშვეს და კონგრესი ჩაშალეს, ამასთან, მოქალაქეები არ დაიცვეს ძალადობისაგან, დაარღვიეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, რაც “პოლიციის შესახებ" კანონით იყო გათვალისწინებული.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 მაისის განჩინებით, შსს ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ, საქმეში მესამე პირებად შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროები ჩაებნენ. ვინაიდან, მოპასუხეები ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ მარნეულის ტერიტორიაზე, საქმე განსჯადობით განსახილველად მარნეულის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით რ. ც.-ის, ს. ბ.-ის, გ. გ.-ისა და სხვათა, ასევე ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ც.-მ, ს. ბ.-მა, გ. გ.-მა და სხვებმა, ასევე ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ, ... კავშირმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღოO ის გარემოება, რომ კონგრესამდე რამდენიმე დღით ადრე მარნეულის პოლიციის უფროსის მოადგილემ რ. ც.-ე გააფრთხილა, რომ კონგრესი არ ჩაეტარებინა, ანალოგიურად გააფრთხილა იგი კრიმინალური პოლიციის უფროსმაც. 2000წ. 12 სექტემბერს კი მარნეულის რაიონის გამგებელს წერილი გაეგზავნა, რომლითაც კონგრესის შესახებ ეცნობა, რაზეც მან რეაგირება არ მოახდინა.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ პოლიციის მუშაკებმა დაბრკოლება შეუქმნეს და კონგრესზე მიმავალი დელეგატები არ გაატარეს, სამაგიეროდ გაატარეს ადამიანები, რომლებმაც კონგრესის ჩატარების ადგილი დაარბიეს, ლიტერატურა დაწვეს, ინვენტარი გაანადგურეს, რაც აუდიტორული დასკვნით დადასტურდა. ამდენად, პოლიციის მუშაკები, იმისათვის, რომ მათ განზრახ დაარღვიეს მთელი რიგი ნორმატიული აქტების მოთხოვნები, სკ-ის 1005-ე მუხლის თანახმად, ვალდებულნი იყვნენ, სახელმწიფოსთან ერთად პასუხი ეგოთ იმ ზიანისათვის, რაც მათ მიადგათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ც.-ის, ს. ბ.-ის, გ. გ.-ისა და სხვათა, ასევე ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა. რ. ც.-ის, ს. ბ.-ის, გ. გ.-ისა და სხვათა, ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2000წ. 16 სექტემბერს მარნეულში ... კავშირის მორიგი კონგრესი უნდა ჩატარებულიყო, რომელიც არ ჩატარდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 1005-ე მუხლი ითვალისწინებდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს".
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა კონგრესის ჩაშლა და კონგრესის ადგილის დარბევა მამა ბ.-ის მრევლის მონაწილეობით მოხდა. ამდენად, აპელანტების მტკიცება, რომ პოლიციამ მოპასუხეებს დარბევაში ხელი შეუწყო, დადასტურებულად არ მიიჩნია. პირიქით, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გამაფრთხილებელ მოქმედებას, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სხვადასხვა რელიგიური რწმენის წარმომადგენელთა შეტაკება, რომელსაც შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა და რომლის რეალური საფრთხეც არსებობდა. პოლიციის მუშაკებმა კი მცირე შემადგენლობით შესძლეს მძიმე შედეგების თავიდან აცილება. პოლიცია, როდესაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების თავმოყრას, ვალდებული იყო, მიეღო ზომები მოსალოდნელი ექსცესების თავიდან ასაცილებლად, რაც გაფრთხილებებში გამოიხატა, ეს კი კონგრესის ჩატარების ხელის შეშლად არ შეიძლებოდა ყოფილიყო განხილული. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ვიდეომასალით, პოლიციელთა მხრიდან კონგრესის ხელის შეშლა ან დარბევისას პოლიციელთა უმოქმედება, ასევე პოლიციელთა მხრიდან იეჰოვას მოწმეთათვის გზის გადაღობვა და დაბრკოლებების შექმნა არ დგინდებოდა.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტთა მტკიცება პოლიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 მუხლებისა და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის და რიგი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შესახებ უსაფუძვლო იყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებმა ვერ დააკონკრეტეს, კონკრეტულად რომელი მოპასუხის რა მოქმედებით ან უმოქმედებით მიადგა ზიანი მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სკ-ის 1005-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნორმის გამოსაყენებლად სახეზე უნდა იყოს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, რაც არ დადასტურებულა.
აღნიშნული გადაწყვეტილება რ. ც.-მ, ს. ბ.-მ, გ. გ.-მ და სხვებმა, ასევე ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ, ... კავშირმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ რ. ც.-ის, ს. ბ.-ის, გ. გ.-ისა და სხვათა, ასევე ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ვინაიდან, კასატორთა მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:
2000წ. 16 სექტემბერს მარნეულში იეჰოვას მოწმეთა კავშირის მორიგი კონგრესი უნდა ჩატარებულიყო, რომელიც არ ჩატარდა. კონგრესის ჩაშლა და კონგრესის ადგილის დარბევა მამა ბასილის მრევლის მონაწილეობით მოხდა. ამდენად, კასატორთა მტკიცება, რომ პოლიციამ მოპასუხეებს დარბევაში ხელი შეუწყო, არ დასტურდება. პირიქით, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გამაფრთხილებელ მოქმედებას, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული სხვადასხვა რელიგიური რწმენის წარმომადგენელთა შეტაკება, რომელსაც შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყოლოდა და რომლის რეალური საფრთხეც არსებობდა. პოლიციის მუშაკებმა კი მცირე შემადგენლობით შესძლეს მძიმე შედეგების თავიდან აცილება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სკ-ის 1005-ე მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, “თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს".
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეთა მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის ფაქტი მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორთა მითითება პოლიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-13 მუხლებისა და მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე “პოლიციის შესახებ” კანონისა და რიგი ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შესახებ დაუსაბუთებელია. ამასთან, სკ-ის 1005-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნორმის გამოსაყენებლად სახეზე უნდა იყოს კონკრეტული სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, რომ პირი შეგნებულად უშვებს რაიმე გარემოების დადგომას, რისთვისაც საკმარის ღონისძიებებს არ ახორციელებს და შესაბამის ზომებს არ ატარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ც.-ის, ს. ბ.-ის, გ. გ.-ისა და სხვათა, ასევე ,,,-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ც.-ის, ს. ბ.-ის, გ. გ.-ისა და სხვათა, ასევე ...-ის საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.