ბს-337-47-კს-05 28 აპრილი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ჯ. გახოკიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. და მ. კ-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის საოლქო სასამართლოში, მოპასუხეების ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს დაევალებინათ ქ. თბილისის მერიისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის უზრუნველყოთ მათი ოჯახი ქ. თბილისის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 აპრილის განჩინებით ნ. და მ. კეშელავების სარჩელი განსჯადობის შესაბამისად გადაეგზავნა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის მთაწმინდა კრწანისის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიას დაევალა გამოეყო ნ. კეშელავასა და მ. კეშელავასთვის საცხოვრებელი ფართი.
მთაწნიდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკამაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. და მ. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას დაევალათ, გამოეყო დროებითი საცხოვრებელი ფართი ნ. და მ. კ-ებისთვის.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილებაზე 2003წ. 11 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რამდენადაც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა და შევიდა კანონიერ ძალაში.
2004წ. 26 ოქტომბრის თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება შემდეგი მოტივით:
განმცხადებლის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება ვერ იქნა აღსრულებული, რამდენადაც გაურკვეველი იყო, ნ. და მ. კ-ებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართი უნდა გამოეყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას თბილისში, თუ გარდა თბილისისა, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის განჩინებით იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების IV პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “დაეკისროს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას გამოეყოს დროებითი საცხოვრებელი ფართი ნ. და მ. კ-ებს ქ. თბილისში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის გაჭიანურების და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სიცხადის შეტანის მიზნით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის IV პუნქტი საჭიროებდა განმარტებას, ამასთან, სააპელაციო სასამართოს განმარტებით გადაწყვეტილების განმარტება გამომდინარეობდა გადაწყვეტილების შინაარსიდან და არ ეწინააღმდეგებოდა მას.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის განჩინება (გადაწყვეტილების განმარტების შესახებ) კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულ იქნა სსკ-ის 262.1 მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სასამართლო უწყება სასამართლოს სხდომის შესახებ არ მიუღია, ამასთან, მხარის განმარტებით თბილისის სააღსრულებო ბიურო არ წარმოადგენდა მხარეს სადავო ურთიერთობაში, რის გამოც განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ ექვემდებარებოდა განხილვას, რადგან სსკ-ის 262.1 მუხლის შესაბამისად მხოლოდ მხარეებს აქვთ უფლება გადაწყვეტილების განმარტებისთვის განცხადებით მიმართოს სასამართლოს.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებისას შეცვლილ იქნა გადაწყვეტილების შინაარსი, რამდენადაც სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კ-ებისთვის ფართის გამოყოფა მომხდარიყო ქ. თბილისში, რადგან კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით არ არსებობს კანონი, რომელიც ავალდებულებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილებს საცხოვრებელი ფართი გამოუყოს ქ. თბილისში. ასევე, რომ “ დედაქალაქის თბილისის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის ადგილობრივი საკუთრების ობიექტი, რომლებსაც განაგებენ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, შეიძლება მდებარეობდეს ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც, ანუ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, ხოლო ქ. თბილისის მერიის დაფიქსირება მოპასუხედ არ ნიშნავს გადაწყვეტილების მხოლოდ ქ. თბილისში აღსრულებას.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის განჩინებითYლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის განჩინება და იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადების განხილვა დაინიშნა ხელახლა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინებით იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: “ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიერ ნ. და მ. კ-ებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა მოხდეს ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიჩნია, რომ გადაწყვეტილების განმარტება გამომდინარეობდა გადაწყვეტილების შინაარსიდან და არ ეწინააღმდეგებოდა მას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დროებითი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში და არა სხვა ტერიტორიაზე, რაც სრულად დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განჩინება (გადაწყვეტილების განმარტების შესახებ) კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ. და ნ. კეშელავებისთვის ფართის გამოყოფა აუცილებლად უნდა მოხდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რადგან არ არსებობს აღნიშნულის მავალდებულებელი კანონი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ, ხოლო ქ. თბილისის მერიის დაფიქსირება გადაწყვეტილებაში არ ნიშნავდა მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ქ. თბილისში, რამდენადაც ქ. თბილისის მერიას ობიექტები გააჩნია, როგორც ქ. თბილისში, ასევე, მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტებით შეცვალა გადაწყვეტილების შინაარსი, მით უფრო, რომ მ. და ნ. კ-ების სასარჩელო მოთხოვნას კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით არ წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართის ქ. თბილისში გამოყოფა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში გამოტანილი უნდა ყოფილიყო დამატებითი გადაწყვეტილება, ნაცვლად განჩინებისა, რომლითაც განიმარტა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 2 მარტის განჩინებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანისა და აღსრულების პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის განმარტება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების განარტება გამომდინარეობდა გადაწყვეტილების შინაარსიდან და არ ეწინააღმდეგებოდა მას, ვინაიდან მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართის გამოყოფა სწორედ ქ. თბილისის ტერიტორიის ფარგლებში და არა სხვა ტერიტორიაზე, ხოლო, სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით კი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით არ არსებობდა ამ გარემოების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების შევსების მიზნით დამატებითი გადაწყვეტლების გამოტანის აუცილებლობა, რაზედაც მიუთითებდა კერძო საჩივრის ავტორი.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ “იძულებითი გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ” კანონით განსაზღვრულია დევნილთა უფლებები და ამ უფლებების მარეალიზირებელ სახელმწიფო ორგანოთა ვალდებულებები, რაც დევნილთა ბინით უზრუნველყოფასაც მოიცავს, ხოლო, სადავო ურთიერთობაში ამ უფლებების რეალიზაცია მოხდა სასამართლოში სარჩელის შეტანის და ამ გზით მოთხოვნის დაკმაყოფილებით, რაც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ მოტივით, რომ ლტოლვილთა ბინით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა ევალებოდა არა მხოლოდ მერიას, არამედ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის მოტოვების შესწავლისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლისა და 2005წ. 2 მარტის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2003წ. 20 მარტის გადაწყვეტილება განიმარტა ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოძახებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმსჯელა თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადების საფუძველზე, რომელსაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 27-ე მუხლით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტება მოხდა გადაწყვეტილების ძირითადი აზრის და შინაარსის შეცვლის გარეშე, რამდენადაც ნ. და მ. კ-ების სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მათი ოჯახის უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებლით თბილისის ფარგლებში, ხოლო, მათი სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რაც თავისთავად გულისხმობს მათთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას თბილისის ფარგლებში, შესაბამისად არ არსებობდა კონკრეტულ შემთხვევაში სსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ამასთან, რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. და მ. კ-ების სარჩელი _ ქ. თბილისის ფარგლებში დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიის მიერ, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2005წ. 4 თებერვლისა და 2005წ. 2 მარტის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.