Facebook Twitter

ბს-338-470-კ-03 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 16 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ც.-მა" მოპასუხის საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის" მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხისათვის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული სატელევიზიო მომსახურების დავალიანების 2078671 ლარისა და 56 თეთრისა და რადიომომსახურების დავალიანების 1802 ლარისა და 75 თეთრის დაკისრება, სულ დასაკისრებელმა თანხამ შეადგინა 3888752 ლარი და 31 თეთრი.

მოპასუხემ _ “საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობამ” სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში აღნიშნა.

ა) მოდავე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების მიხედვით მოსარჩელე აწარმოებს მოპასუხის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გავრცელებას თავისი ტექნიკური საშუალებებით. გაწეული სამუშაოების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული ¹38 და ¹39 ხელშეკრულების 4.1 ლა 5.8 პუნქტებით.

ბ) 1998 წლამდე და დღესაც ტელევიზია და რადიომაუწყებლობა ფინანსირდებოდა მუხლობრივად. მოსარჩელის სამუშაოების ანაზღაურების მიზნით გამოიყოფდა “საქართველოს სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის მომსახურების (კავშირგაბმულობის) საფასურის ანაზღაურების ხარჯები". იმ პერიოდში, რომლის დავალიანების დაფარვასაც მოითხოვს მოსარჩელე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები, გამოყოფილი არა ყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 2 ოქტომბრის გარჩინებით, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩააბა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს სახაზინო სამსახური.

იმავე კოლეგიის 2002წ. 21 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერებულ იქნა ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტა მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წესით. სასამართლო კოლეგიის 2003წ. 10 თებერვლის განჩინებით შპს “ც.-ის” მიმართვის საფუძველზე განახლდა შეჩერებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

მოპასუხის წარმოდგენილი თავდაპირველად ცნობდა სარჩელის კანონიერებას, ხოლო შემდგომ, ამავე სასამართლოს სხდომაზე, შეცვალა თავისი დამოკიდებულება სარჩელის მიმართ და უარი თქვა სარჩელის ცნობაზე იმავე მოტივით, რაც მითითებული იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის შესაგებელში.

მესამე პირების _ ფინანსთა სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახაზინო სამსახურის წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სარჩელს დაკმაყოფილებას და აღნიშნა, რომ სადავო თანხები გამოყოფილი უნდა ყოფილიყო კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლო მოპასუხეს გადაეხადა მოსარჩელისათვის მომსახურების ღირებულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შპს “ც.-ს" მთლიანად ეთქვა უარი სასარჩელო მოთოვნის დაკმაყოფილებაზე:

ა) უარი ეთქვა შპს “ც.-ს" მის მოთხოვნაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობისათვის” გაწეული მომსახურების დავალიანების 2 078 671 ლარისა და 56 თეთრის დაკისრების თაობაზე.

ბ) უარი ეთქვა შპს “ც.-ს" მის მოთხოვნაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის “საქართველოს ტელევიზიის" და რადიომაუწყებლობისათვის" რადიომომსახურებისათვის გაწეული დავალიანების 1802080 ლარისა და 75 თეთრის დაკისრების თაობაზე.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 31.12.1998წ ¹38 და ¹39 ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო გაფორმებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში შესაბამისად, საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა ვალდებულია გადაუხადოს მოსარჩელეს შპს “ც.-ს" 1999 წელს გაწეული სატელევიზიო მომსახურების და რადიომომსახურების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან.

მოპასუხეს არ მიუძღვის ბრალი მოსარჩელის მიმართ იმ ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე, რომელიც აღმოცენდა 31.12.1998წ. ¹38 და ¹39 ხელშეკრულებებიდან.

საქმეში არსებული დოკუმენტებით უდავოდ ვერ დასტურდება რამდენია კონკრეტულად დარჩენილი სატელევიზიო მომსახურების დავალიანება და რამდენია დარჩენილი რადიომომსახურების დავალიანება. საქმეში არსებული 09.02.2000წ. და 24.02.2000წ. და ურთიერთშედარების აქტების მონაცემები, როგორც წერილობითი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად წინამდებარე გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ც.-მ".

კასატორს მიაჩნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების I პუნქტი არ შეესაბამებოდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასებული იყო არასრულყოფილად და გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგი გარემოებების გამო:

სასამართლო კოლეგია გაუგებარი მოტივით დაეთანხმა მოპასუხეს, რომელიც პროცესზე ამტკიცებდა, რომ მხარეთა შორის 2001წ. თებერვალში გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. არც ერთი საკანონმდებლო აქტიები არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ურთიერთშედარების აქტებს ხელს უნდა აწერდეს ორგანიზაციის პირველი პირი. შედარების აქტი წარმოადგენს ბუღალტრულ დოკუმენტს და მას ხელს უნდა აწერდეს საზოგადოებების მთავარი ბუღალტერი.

მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებისას მოპასუხე ვალდებული იყო სცოდნოდა, რომ საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი წარმოების მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია გადასახადებთან, აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეთანმებული ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურთან, რომელიც ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციების დაფინანსების. ამდენად, არ შეიძლება დავეთანხმოთ სასამართლო კოლეგიის მტკიცებას, რომ მოპასუხეს არ მიუძღვის ბრალი ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან შესაბამისი ოდენობის თანხები ვერ მიიღო და ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება წლიური თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.

სასამართლო არ დაინტერესებულა საქტელერადიომაუწყებლობისათვის იყო თუ არა 1999წ. სახელმწეიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი. ამდენად კასატორი არ იზიარებდა სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები არ ყოფილა გამოყოფილი, საქტელერადიომაუწყებლობას არ ეკისრებოდა თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

კასატორის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა დავალიანების დამადასტურებელი ზუსტი დოკუმენტები. დავალიანების ზუსტი ოდენობა დაფიქსირებულია მხარეთა შორის 2000წ. 9 თებერვაქს და 24 თებერვალს გაფორმებულ შედარების აქტებში, რომელიც აღიარებულია 2003წ. 15 აპრილის მორიგების აქტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმის გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით წინააღმდეგობრივია და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.

კერძოდ, სსიპ “საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე სადავოდ არ გაუხდია კასატორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული მუხლის დებულებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დაგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის მიმართ ეკისრება დავალიანების გადახდის ვალდებულება.

სკ-ის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. თუ არსებობს ვალდებულება, მაშინ, ბუნებრივია, არსებობს შესრულების მოთხოვნის უფლებაც.

სკ-ის მითითებული მუხლის დებულებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ვალდებულების წარმოშობისათვის სკ-ის 317-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტსაც მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის. ამასთან ამ უკანასკნელის მხრიდან წარმოდგენილი არ არის მოთხოვნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ შპს “ც.-ი” უფლებამოსილია მოწინააღმდეგე მხრისაგან მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საზღაური.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ დროში. ამდენად კანონმდებელი ვალდებულების შესრულებას და მოთხოვნის უფლებას უკავშირებს ვალდებულების შესრულების დროს, რომელიც ჩვეულებრივ, როგორც წესი, განისაზღვრება ხელშეკრულებით.

მხარეთა შორის 1998წ. 31 დეკემბერს გაფორმებული ¹38 და ¹39 ხელშეკრულების 4.1 მუხლების შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება თანხა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.

იმის გათვალისწინებით, რომ საოლქო სასამართლოს მიერ დადასტურებულადაა მიჩნეული, რომ ბიუჯეტიდან ხელშეკრულების დაფინანსების მიზნით თანხები არ გამოყოფილა, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად კასატორის მხრიდან თანხის მოთხოვნის ვადა უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვის მომენტს, რის გამოც, კასატორის მოთხოვნა ამ ეტაპზე ვერ დაკმაყოფილდება იმ მოტივით, რომ დამდგარი არ არის ვალდებულების (თანხის გადახდის) შესრულების დრო.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემული მომენტისათვის სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ფაქტი, კასატორს არ ართმევს უფლებას გადახდის ვადის დადგომის შემთხვევაში სათანადო წესით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა და შესაბამისი პრეტენზიები წარუდგინოს მოწინააღმდეგე მხარეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს “ც.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს “ც.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდეს იმ მოტივით, რომ დამდგარი არ არის ვალდებულების შესრულების დრო;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.