ბს-340-473-კ-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საპენსიო დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 1 ივლისს ვ. ს-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ორი სახეობის პენსიის დანიშვნა:
ვ. ს-ე არის 78 წლის, ომისა და შრომის ვეტერანი, I ჯგუფის ინვალიდი. სამხედრო სამსახურის შემდეგ 29 წელი მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, საიდანაც გავიდა პენსიაზე 1972წ. 1 აპრილს და დაენიშნა პენსია წელთა ნამსახურობით. არის მძიმე ავადმყოფი და ესაჭიროება სისტემატური მკურნალობა.
ვ. ს-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეზე არ ვრცელდება ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ შეღავათი, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება აქვთ პირებს, რომლებიც არიან ომის ინვალიდები და ძალოვანი სტრუქტურებიდან ძირითად პენსიას იღებენ ომის ინვალიდობით. ვ. ს-ე კი პენსიას იღებს არა ომის ინვალიდობის, არამედ წელთა ნამსახურობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო თვეში 14 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის დიდი სამამულო ომის მონაწილე ზურგში, პირველი ჯგუფის ინვალიდი, 78 წლის და ომის შემდეგ მსახურობდა შს ორგანოებში. ,,სამხედრო და შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მესამე აბზაცის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ შს ორგანოებში. ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და/ან მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის, ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის მოსაზრება, რომ მეორე სახის პენსია ეკუთვნით მხოლოდ ომში დაინვალიდებულ პირებს და მიუთითა, რომ მე-60 მუხლის მიხედვით მეორე პენსიის მიღების უფლება აქვთ როგორც ომის მონაწილეებს, ასევე მათთან გათანაბრებულ პირებს და ვ. ს-ეს, როგორც ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირს, აქვს მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალმა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ასევე ვ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:
კასატორის განმარტებით, ვ. ს-ეს არ შეიძლება დაენიშნოს მეორე სახეობის პენსია ,,სამხედრო და შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, რადგან აღნიშნული ნორმის თანახმად, ასეთი შეღავათით სარგებლობენ პირები, რომლებიც არიან ომის ინვალიდები, მოსარჩელეს კი პენსია დანიშნული აქვს არა ომის ინვალიდობით, არამედ წელთა ნამსახურობით შინაგან საქმეთა ორგანოებში. ,,სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პენსია ორჯერ არ ინიშნება.
ვ. ს-ემ არ ცნო საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. ამასთან, მან თანხმობა განაცხადა მის დაუსწრებლად საკასაციო საჩივრის განხილვის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კასატორის ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცილი სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ვ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ვ. ს-ე არის სამამულო ომის მონაწილე, 78 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი, თუმცა ინვალიდობა ომში არ მიუღია. შს სამინისტროს საგეგმო-საფინანსო სამმართველოს 1996წ. 9 დეკემბრის ¹4/11622 ცნობის მიხედვით მოსარჩელე იღებს პენსიას წელთა ნამსახურობის გამო.
ვ. ს-ე ითხოვს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე ორი სახეობის პენსიის – ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) დანიშვნას.
,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონი ითვალისწინებს საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებული პირისათვის მხოლოდ ერთი სახეობის პენსიის დანიშვნის შესაძლებლობას, კერძოდ, მე-4 მუხლი მიუთითებს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე სახეობის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება აქვთ, მათი სურვილის შესაბამისად, ენიშნებათ ერთი სახეობის პენსია”. ამასთან, კანონის მე-60 მუხლი განსაზღვრულ შემთხვევაში გამონაკლისის სახით უშვებს მეორე სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლებასაც: ,,ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან პირველი და მე-2 ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის – ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი _ მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის გავრცელებისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს 19941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება;
და ან უნდა იყოს ომის ინვალიდი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 27 დეკემბრის განჩინებები საქმეზე ¹3გ/ად-193-კ-02; ¹3გ/ად203-კ-02)*.
ამდენად, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებესათვის პირი უნდა იყოს ომის ინვალიდი, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება ვ. ს-ის ომის ინვალიდობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რასაც სააპელაციო სასამართლოც აღიარებს და მიუთითებს, რომ ვ. ს-ე იყო ომის მონაწილე ზურგში, სადაც საომარი მოქმედებები არ წარმოებდა და შესაბამისად მოსარჩელე ვერ დაინვალიდდებოდა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მე-60 მუხლის შეღავათი ვრცელდება ომის მონაწელეებთან გათანაბრებულ პირებზე და თვლის, რომ ომის ინვალიდობა არის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი მეორე სახეობის პენსიის დანიშვნისათვის. რადგან ვ. ს-ე არის ომის მონაწილე, 78 წლის, მაგრამ იგი არ არის ომის ინვალიდი, ამიტომ მასზე ვერ გავრცელდება აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ვ. ს-ეს უკვე დანიშნული აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან პენსია წელთა ნამსახურობის გამო, რაც დასტურდება საქმეში არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ¹87 მოწმობითა და შს სამინისტროს 1996წ. ¹4/11622 ცნობით. ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებისათვის კი ვ. ს-ეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დანიშნული უნდა ჰქონდეს პენსია არა წელთა ნამსახურობის, არამედ ინვალიდობის გამო, რადგან კანონის მე-12, მე-15 და 41-ე მუხლები თავად ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის გამო დანიშნულ პენსიაზე დანამატებს ორგანოებში 20 და მეტიწ. ნამსახურობის, ომში მონაწილეობისა და სხვათა გამო, ინვალიდობის პენსიაზე რაიმე დანამატი, გარდა კანონის 22-ე მუხლისა, გათვალისწინებული არ არის. ამიტომ კანონმდებელმა სოციალური უზრუნველყოფის მიზნით, დიდ სამამულო ომში მონაწილე ინვალიდებისათვის შეღავათის სახით მე-60 მუხლში გაითვალისწინა ომის ინვალიდობის მიხედვით პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიისა და დანამატის ერთდროულად დანიშვნის უფლება, ხოლო წელთა ნამსახურობისა და მოხუცებულობის გამო პენსიების ერთდროულად დანიშვნის უფლებას კანონი არ ითვალისწინებს.
ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” პუნქტის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი. შესაბამისად მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და ვ. ს-ეს უარი უნდა ეთქვას საპენსიო შეღავათის სახით მეორე სახეობის პენსიის, მოხუცებულობის გამო, დანიშვნაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 27-ე, სსკ-ს 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის ფილიალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ს-ის სარჩელი მეორე სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
* ix. sus didi palatis gadawyvetilebani 2001-2002 ww., gv. 77 da 80.