Facebook Twitter

ბს-341-474-კ-03 28 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 4 სექტემბერს ....... თემის გამგეობამ სარჩელი აღძრა ლანჩხუთის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ლანჩხუთის რაიონის გამგეობის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნილი იყო, რომ ი. ჩ-ეს ....... კოლმეურნეობასთან გაფორმებული ჰქონდა ორმოცდაათწლიანი საიჯარო ხელშეკრულება 60 ჰა მიწის ფართობზე. ახალი საიჯარო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან საჭირო იყო ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით აღების შესახებ განცხადებების განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას ი. ჩ-ემ მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა ახალი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და საიჯარო ტერიტორიის 82 ჰა-მდე გაზრდა. განცხადების განხილვის შემდეგ, კომისიამ წინადადებით მიმართა რაიონის გამგეობას ი. ჩ-ისთვის საიჯარო ხელშეკრულების 49 წლის ვადით გაფორმების შესახებ. ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილებით დამტკიცდა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება და ი. ჩ-ეს მიეცა თანხმობა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზე 49 წლის ვადით 82 ჰა ფართობზე.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული დადგენილების გამოტანის შემდეგ ი. ჩ-ემ გააგრძელა მიწის ფართობით სარგებლობა ისე, რომ იჯარის ხელშეკრულება არ გაუფორმებია და არც გადასახადი გადაუხდია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საკითხის დარეგულირების მიზნით მიმართა ლანჩხუთის რაიონის გამგეობას, რომელიც დაჰპირდა ი. ჩ-ესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას, თუმცა ხელშეკრულება არ გაუფორმებია, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის მოტივით ი. ჩ-ე არ იხდიდა იჯარის ქირას. ამით ზარალდებოდა ....... თემის ადგილობრივი ბიუჯეტი.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ი. ჩ-ე ვალდებული იქნებოდა, ორი წლის განმავლობაში აეთვისებინა 28 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ....... თემის გამგეობის ბალანსზე სახნავ სავარგულად ირიცხებოდა, ხოლო ხელშეკრულების დადებიდან ორი წლის შემდეგ ვალდებული იქნებოდა გადაეხადა იჯარის გადასახადი არა 2 ჰა სახნავ სავარგულზე, არამედ _ 30 ჰა მიწის ნაკვეთზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ლანჩხუთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მონაცემებით ი. ჩ-ეს 1997 წლიდან 2001წ. ჩათვლით მიწის სარგებლობისათვის დაერიცხა გადასახადი _ 867 ლარი, ხოლო, ვინაიდან ი. ჩ-ეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია, უნდა დარიცხვოდა საურავი _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადი თანხის 0,1 %. მთლიანი დავალიანება შეადგენდა 3631 ლარს. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ თანხას უნდა დამატებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წლის შემდეგ, ანუ 1999წ. 1 იანვრიდან, უკვე ათვისებული 28 ჰა სახნავი სავარგულის სარგებლობისთვის გადასახადიც. საერთო ჯამში კი ი. ჩ-ეს უნდა გადაეხადა 5353 ლარი, რომლის 50%, ეკონომიკური ნორმატივის მიხედვით, უნდა ჩარიცხულიყო ....... თემის ადგილობრივ ბიუჯეტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილების გაუქმება, მოსაჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 2676,5 ლარის გადახდის დაკისრება და ი. ჩ-ისათვის სადავო მიწით უკანონოდ სარგებლობის აკრძალვა.

მოპასუხე ლანჩხუთის რაიონულმა გამგეობამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაუფორმებლობის მიზეზი იყო ი. ჩ-ე და არა რაიონის გამგეობა, ვინაიდან გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილებით თანხმობის გაცემის შემდეგ ი. ჩ-ემ წამოაყენა ახალი პირობები, რომლებიც მიუღებელი აღმოჩნდა რაიონის გამგეობისათვის, რის შედეგადაც სკ-ს 327-ე მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულება არ გაფორმდა.

მოპასუხემ კანონიერად მიიჩნია ი. ჩ-ეზე საგადასახადო ინსპექციის მიერ დარიცხული 867 ლარის გადასახადი, თუმცა აღნიშნა, რომ თანხა უნდა გადაეხადა ი. ჩ-ეს და არა გამგეობას, ხოლო, რაც შეეხება საურავის დაკისრებას, აღნიშნული მოპასუხემ მიიჩნია უკანონოდ, რადგანაც სკ-ს 416-ე და 417-ე მუხლების თანახმად, მოსარგებლეზე საურავის თანხა არ ირიცხება. მოპასუხემ უკანონოდ მიიჩნია, აგრეთვე, 28 ჰა მიწის ნაკვეთის გადასახადის გადახდის მოთხოვნაც, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ი. ჩ-ეს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში 5 წლის განმავლობაში არ ეკუთვნოდა ასათვისებელი მიწის გადასახადის გადახდა.

მოცემული საქმე აცილდა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს და განსახილველად გადაეგზავნა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს.

ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ....... თემის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილება; ლანჩხუთის რაიონის გამგეობას ....... თემის საკრებულოს სასარგებლოდ დაეკისრა 2676,5 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება; ი. ჩ-ეს აეკრძალა ....... თემის საკრებულოს კუთვნილი მიწის ფართობით უკანონო სარგებლობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლანჩხუთის რაიონის გამგეობამ.

ამის შემდეგ მოცემული საქმე რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით ლანჩხუთის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება. ლანჩხუთის რაიონის სოფ. გვიმბლაურის თემის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლანჩხუთის რაიონის გამგეობას ....... თემის საკრებულოს სასარგებლოდ დაეკისრა 433,1 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ....... თემის საკრებულომ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 149-ე მუხლის “ა-ზ” პუნქტები, 151-ე და 152-ე მუხლები, ვინაიდან აღნიშნული მუხლები ეხებოდა მიწის გადასახადს და მისი გადახდის წესს, ხოლო დავის საგანს კი წარმოადგენდა იჯარის გადაუხდელი ქირა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ ი. ჩ-ე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით და მას უნდა გადაეხადა შესაბამისი გადასახადი, თუმცა სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ი. ჩ-ეს მხოლოდ მიწის გადასახადი უნდა გადაეხადა. ამდენად, კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლი და სკ-ს 416-ე და 417-ე მუხლები, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის გაცემის წესები რეგულირდებოდა სკ-ს 587-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოიჯარე მოვალე იყო გადაეხადა მეიჯარისათვის იჯარის ქირა.

კასატორის განმარტებით, თანხის გადახდის ვალდებულების არსებობა საოლქო სასამართლომაც აღიარა, როცა ლანჩხუთის გამგეობას მათ სასარგებლოდ თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება “სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის წესის შესახებ”.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, კერძოდ, აპელანტს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება თანხის მთლიანად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ლანჩხუთის რაიონულ გამგეობას ....... თემის საკრებულოს სასარგებლოდ მთლიანად დაეკისრება 2675,5 ლარის გადახდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებში არსებული ლანჩხუთის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 2001წ. 29 აგვისტოს ცნობით ....... თემის საკრებულოს ტერიტორიაზე მიწათმოსარგებლეთა რეესტრში მითითებულია ი. ჩ-ე, რომელსაც 1997 წლიდან 2001 წლამდე დაერიცხა მიწით სარგებლობის გადასახადი _ 867 ლარი, რომელიც ი. ჩ-ეს არ გადაუხდია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბიუჯეტში აუცილებელ გადახდას ექვემდებარება და სახელმწიფოს წინაშე ვალს წარმოადგენს მხოლოდ ამ კოდექსის მიხედვით დარიცხული გადასახადი, ხოლო გადასახადის სახით დარიცხულია მხოლოდ 867 ლარი, ამიტომ ეკონომიკური ნორმატივის საფუძველზე ლანჩხუთის რაიონის გამგეობამ მხოლოდ აღნიშნული თანხის 50% უნდა ჩაურიცხოს ....... თემის საკრებულოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარეთა და მესამე პირის განმარტებიდან გაირკვა, რომ ი. ჩ-ესა და ლანჩხუთის რაიონის გამგეობას შორის 2003წ. 13 მაისს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების დადების შემდეგ ი. ჩ-ის მიერ მეიჯარისთვის გადახდილი თანხის 50% ეკონომიკური ნორმატივის საფუძველზე შეუფერხებლად ირიცხება ....... თემის ადგილობრივ ბიუჯეტში.

საკასაციო სასამართლო აღარ იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ....... თემის საკრებულოს სასარჩელო მოთხოვნას ლანჩხუთის რაიონის გამგეობის 1997წ. 20 აგვისტოს ¹103 დადგენილების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან ამ ნაწილში კასატორს აღარ გაუსაჩივრებია ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ....... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.