Facebook Twitter

ბს-342-475-კ-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ჭიათურის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებისა და დადგენილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის გადაწყვეტილების _ “სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” და 2001წ. 25 აპრილის ¹44/4 გადაწყვეტილების გაუქმება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 30 ნოემბერს ჭიათურის გამგეობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურის ცენტრის დირექტორი საწარმოს ლიკვიდაციის მოტივით. მისი სარჩელის საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე. 2001წ. აპრილში გამგეობამ ცვლილება შეიტანა სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის დებულებაში, რის შედეგად ცენტრის ადმინისტრაციის შემადგენლობა და უფლებამოსილება შეიცვალა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რაიონის გამგეობას უფლება არ ჰქონდა თავისი გადაწყვეტილებით შეექმნა სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც იქნებოდა კულტურის ცენტრის სამართალმემკვიდრე, რადგან სამართალმემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტას ესაჭიროებოდა სასამართლო გადაწყვეტილება. 2001წ. თებერვალში გამგეობამ სხდომაზე გაიტანა საკითხი სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრში დირექტორის მოადგილის შტატის დამტკიცების შესახებ, რისი უფლებაც მასთან შეთანხმების გარეშე გამგეობას არ ჰქონდა. 2001წ. 25 აპრილს გამგეობამ კვლავ მასთან შეუთანხმებლად გამგეობის სხდომაზე დაამტკიცა “სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის” დებულებაში ცვლილებები, რომლის თანახმად, ცენტრის დირექტორის ფუნქციებს ინაწილებს რაიონის გამგებელი და უკანონოდ და შეუთანხმებლად დანიშნული დირექტორის მოადგილე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით გამგეობამ მას ყველა უფლება ჩამოართვა.

საქმის მომზადების სტადიაზე 2001წ. 13 ივლისს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ქ. ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ 2001წ. 22 ივნისის ¹68 ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რაიონის გამგებელი სისტემატურად ახორციელებდა მასზე ზეწოლას, რასაც შედეგად მოჰყვა სამსახურიდან მისი გათავისუფლება თითქოს იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ პირობებს.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა “სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის გადაწყვეტილებასა და 2001წ. 25 აპრილის ¹44/4 გადაწყვეტილების გაუქმებაზე. დაკმაყოფილდა ო. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით განაცდური დროის ხელფასი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ო. ბ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა სარჩელი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 დეკემბრის განჩინებით ჭიათურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საოლქო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ო. ბ-ემ და მოითხოვა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის ¹49/1 გადაწყვეტილებისა და 2001წ. 25 აპრილის ¹44/4 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჭიათურის გამგეობისა და ო. ბ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. ჭიათურის რაიონის გამგეობა ითხოვს საოლქო სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ო. ბ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქმება უარი და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაკმაყოფილდეს ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება ო. ბ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ჭიათურის რაიონის გამგეობამ 1999წ. 10 ივნისის ¹36/2 დადგენილებით მოახდინა სახაზინო საწარმოს _ “კულტურის, დასვენებისა და ესთეტიკური აღზრდის ცენტრის” ლიკვიდაცია, რის საფუძველზეც სახაზინო საწარმოს დირექტორი ო. ბ-ე რაიონის გამგებლის 1999წ. 30 ნოემბრის ¹106 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სახაზინო საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ო. ბ-ემ სასამართლოში გაასაჩივრა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის ¹49/1 დადგენილებით ლიკვიდირებული სახაზინო საწარმოს _ “კულტურის, დასვენებისა და ესთეტიკური აღზრდის ცენტრის” ქონების ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ “სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი” და დამტკიცდა მისი დებულება. ცენტრის დირექტორად დაინიშნა ი. გ-ე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და იგი აღდგენილ იქნა წინანდელ სამუშაოზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჭიათურის რაიონის გამგებლის 2000წ. 18 ივლისის ¹67 ბრძანებით ო. ბ-ე აღდგენილ იქნა სახაზინო საწარმოს დირექტორად, ხოლო გამგებლის 2000წ. 9 ოქტომბრის ბრძანებით შეიცვალა 18 ივლისის ბრძანება და ო. ბ-ე აღდგენილ იქნა სსიპ “ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დირექტორად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის ¹49/1 დადგენილება მიღებულია კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, სსიპ არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორ ო. ბ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობას “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება უნდა დაემტკიცებინა ნორმატიული აქტით, გაეტარებინა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და გამოექვეყნებინა იგი. პალატას მიაჩნია, რომ კასატორის აღნიშნული მოსაზრება არ შეესაბამება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მოთხოვნებს, რომლის მე-5 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სსიპ-მა “ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრმა” იურიდიული პირის სტატუსი შეიძინა 2000წ. 9 მარტიდან, როდესაც დამტკიცდა სსიპ დებულება და დაინიშნა ცენტრის დირექტორი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ “ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დებულება შეესაბამება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მოთხოვნებს და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ო. ბ-ის მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა, რადგან სსიპ-ის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად პირისათვის უმაღლესი განათლების მოთხოვნა შემოღებულია დებულების 4.2 პუნქტით და არა დებულებაში 2001წ. 25 აპრილის ¹44/4 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით. სარჩელის შეტანამდე ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადის გასვლა, დამოუკიდებლად წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

პალატის აზრით, ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

ჭიათურის რაიონის გამგეობის 2000წ. 9 მარტის ¹49/1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორად ინიშნება ის პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ადმინისტრაციული მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი. ჭიათურის რაიონის გამგებლის 2001წ. 22 ივნისის ¹68 ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის, შკკ-ს 34-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ო. ბ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ბ-ეს არა აქვს უმაღლესი განათლება, მას დამთავრებული აქვს ს. ზ-ის სახელობის მხატვრული თვითშემოქმედების კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად. ვინაიდან სსიპ-ის “სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დებულების 4.2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნას წარმოადგენს, რომ ცენტრის დირექტორად ინიშნება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ადმინისტრაციული მუშაობის არანაკლებ ორი წლის მუშაობის სტაჟი, ამიტომ პალატას მიაჩნია, რომ ო. ბ-ე სწორად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან; ცენტრის დირექტორად უმაღლესი განათლების მქონე პირის დანიშვნის მიზანშეწონილობაზე მიუთითებდა კულტურის მინისტრის 2000წ. 7 დეკემბრის ¹022/2186-8 წერილი ჭიათურის რაიონის კულტურის განყოფილების გამგის სახელზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია კონკურსის წესით დირექტორის თანამდებობაზე უმაღლესი განათლების პირის დანიშვნა. ამდენად, სსიპ-ის დირექტორს უმაღლესი განათლება რომ უნდა ჰქონოდა, განისაზღვრა სსიპ-ის დებულებით და იმთავითვე (როდესაც იგი აღდგენილ იქნა დირექტორად) ცნობილი იყო ო. ბ-ისათვის, რაც გამორიცხავს სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი არ ყოფილა გაფრთხილებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ-ვ” ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ მას არ სურს გადავიდეს სხვა შესაბამის თანამდებობაზე. საქმეში არსებული ჭიათურის რაიონის გამგეობის 2001წ. 20 ივნისის ¹18 ოქმიდან ირკვევა, რომ გამგეობამ განიხილა ო. ბ-ის სსიპ “ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის” დირექტორის თანამდებობაზე შეუსაბამობის საკითხი და შესთავაზა მას სხვა სამსახური, რაზედაც ო. ბ-ემ უარი განაცხადა. სხვა სამსახურის შეთავაზებაზე ო. ბ-ემ კატეგორიული უარი განაცხადა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის დროსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ჭიათურის გამგეობამ ო. ბ-ე სამსახურიდან გაათავისუფლა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტისა და სსიპ დებულების 4.2 პუნქტის შესაბამისად, რის გამოც მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორად აღდგენის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ჭიათურის რაიონის გამგეობამ უნდა შეასრულოს თავისი 2001წ. 20 ივნისის ¹701 დადგენილების მე-2 პუნქტი და გადაწყვიტოს ო. ბ-ის სამსახურით უზრუნველყოფის საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ჭიათურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ივლისის განჩინება ჭიათურის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ო. ბ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.