ბს-344-305-კ-04 2 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ა.-მ” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹...-ისა და შპს “ა-2-ის” მიმართ, სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “ა.-2”-ს შორის 18.12.01წ. დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 21.06.02წ. ¹1-3/434 ბრძანებით ყოფილი თავდაცვის სამინისტროს სახაზინო საწარმო “ა.-ის” ბაზაზე განხორციელდა შპს “ა.-ის” დაფუძნება ასპროცენტიანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით, 5187430 ლარის ოდენობის საწესდებო კაპიტალით. 27.06.02წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი 49010 ლარის ღირებულების ქონება (შენობა-ნაგებობის სახით), რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით ფლობს შპს “ა.-2”. სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს უფროსმა რამდენჯერმე მიმართეს წერილობით შპს “ა.-2-ს” ხელშეკრულების გაფორმების, ხელშეკრულებაში მეიჯარის სტატუსით სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს შპს “ა.-ით” ჩანაცვლების შესახებ. 08.10.02წ. ქუთაისის რეგიონალურმა სამმართველომ კიდევ ერთხელ მიმართა შპს “ა.-2-ის” ხელმძღვანელობას, რათა ხუთი დღის ვადაში გადაეფორმებინა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება და მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება გაუქმებული იქნებოდა ცალმხრივად. შპს “ა.-2-ის” ხელმძღვანელობას არც ამის შემდეგ მოუხდენია რეაგირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების გაუქმება.
თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹...-ის უფროსმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სამეწარმეო რეესტრში შპს “ა.-ის” რეგისტრაციის გაუქმება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.08.03წ. გადაწყვეტილებით, შპს “ა.-ის” სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების გაუქმებისა და ნივთის კანონიერ მფლობელობაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹...-ის შეგებებული სარჩელი, შპს “ა.-ს” მიეცა სამი თვის ვადა რეგისტრაციის მასალებში ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც გულისხმობდა უძრავი ქონების გადაცემას კანონით დადგენილი წესით დამფუძნებლის ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ, თავდაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობის წარდგენის შედეგად. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ იქნა. აგრეთვე, რომ გარიგების საგნად მიჩნეული უნდა იქნეს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹...-ზე რიცხული უძრავი ქონება, იმის გარდა, რომელიც გაცემულია საიჯარო ხელშეკრულებით ¹1229 და კანონიერად ფლობს შპს “ა.-2”.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 24.12.03წ. განჩინებით შპს “ა.-ის” სააპელაციო საჩივარი და თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹...-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.08.03წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საწარმოთა გაერთიანება “ა.-ი” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 21.06.93წ. ¹47/კ დადგენილებით შეყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნდა სახაზინო საწარმო ქუთაისის საწამოო გაერთიანება “ა.-ი”, 23.09.96წ. გატარდა რეგისტრაციაში და დაექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს ... სამმართველოს. ... საწარმოს გაუქმების შემდეგ მისი უფლებამონაცვლე გახდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველო. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის სახაზინო საწარმო ქუთაისის საწარმოო გაერთიანება “ა.-ის” ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეუსაბამობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” კანონში 19.02.99წ. შეტანილი ცვლილებებით გაუქმდა სახაზინო საწარმოები, როგორც საწარმოთა ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა. აღნიშნული ცვლილებით 1999წ. 1 სექტემბრამდე ყველა სახაზინო საწარმო დაექვემდებარა სავალდებულო რეორგანიზაციას შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ფორმით. შპს “ა.-ის” რეგისტრაცია კანონით დადგენილ ვადაში არ მომხდარა, სახაზინო საწარმო არ გარდაქმნილა არც შეზღუდული პასუხისმგებლობის და არც სააქციო საზოგადოებად. სახაზინო საწარმო დაფუძნებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით, ვინაიდან სახაზინო საწარმო, როგორც საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, გაუქმდა სგ “ა.-ი”, როგორც სამართალსუბიექტი აღარ არსებობდა, მისი ქონების მესაკუთრედ დარჩა დამფუძნებელი თავდაცვის სამინისტრო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიალური ორგანო. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმების უფლებაც მათ ჰქონდათ, ვინაიდან სახელმწიფო ქონების განმკარგავი არის სწორედ აღნიშნული სამინისტრო და მის უფლებას წარმოადგენდა გარიგების დადება სახელმწიფოს სახელით. იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის 22.12.01წ. ¹35 განკარგულებითა და თავდაცვის მინისტრის 17.01.02წ. ¹9 ბრძანებით შექმნილი ერთობლივი კომისიის 08.02.02წ. ოქმის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო დაეთანხმა ქარხანა “ა.-ის” ადმინისტრაციული კორპუსის მოძრავი ინვენტარის ქუთაისის მერიის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემას. მუნიციპალურ საკუთრებაზე გარიგების დადების უფლება აქვს ქონების მართვის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 10.10.01წ. დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტითა და 12.03.02წ. ინვენტარიზაციის შედეგებით ს/გ “ა.-ის” უძრავი ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობები ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹...-ის ბალანსზე, ხოლო შპს “ა.-ს” რეგისტრაციაში 27.06.02წ. გატარდა. ამდენად, შპს “ა.-ს” დაფუძნდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹...-ის ბალანსზე რიცხული ქონებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისა და რეგისტრაციის ჩანაწერებში არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით ვადის დანიშვნის თაობაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 24.12.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს “ა.-ის” და სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიერ.
შპს “ა.-ის” დირექტორი წარდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება იმ საქმეზე, რომელიც მას უწყებრივად არ ექვემდებარებოდა, ვინაიდან შპს “ა.-ის” დაფუძნდა სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანებით. თუ თავდაცვის სამინისტროს რაიმე პრეტენზია გააჩნდა საწარმოს დაფუძნებასთან დაკავშირებით, დავა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა გადაწყვეტილიყო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/284 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების თანახმად, კონკურსის წესის გარეშე არც ქონების მართვის სამინისტროს და არც მის ტერიტორიულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, განეკარგა სახელმწიფო ქონება. სამინისტროს ქუთაისის რეგიონალური განყოფილება არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა ქონება, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის 22.12.01წ. ¹35 განკარგულების და თავდაცვის მინისტრის 18.01.02წ. ¹9 ბრძანებით შექმნილი ერთობლივი კომისიის 09.02.02წ. სხდომის ოქმს მსვლელობა არ მისცემია. კასატორი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს ... სამმართველო გაუქმდა 1998 წელს, ხოლო ინფრასტრუქტურის მთ. სამმართველო შეიქმნა თავდაცვის მინისტრის 01.02.01წ. ¹38 ბრძანებით. ამდენად, უმართებულოა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითება იმის შესახებ, რომ ... სამმართველოს გაუქმების შემდეგ მისი უფლებამონაცვლე გახდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველო. კასატორის მითითებით, ტექინვენტარიზაციის ცნობით დასტურდება, რომ იმ ქონების მესაკუთრეს, რომელიც განთავსებულია ... ქ. ¹21-ში და შესულია შპს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში, წარმოადგენს შპს “ა.-ს”. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ქონების ერთადერთ მესაკუთრეს, მფლობელს და განმკარგველს, რის გამო თავდაცვის სამინისტრო არ წარმოადგენდა ს/გ “ა.-ის” ქონების მესაკუთრეს. საკასაციო საჩივარში მითითებულ საფუძვლებზე დაყრდნობით კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა, აგრეთვე, სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” მიერ. კასატორი თვლის, რომ 06.11.01წ. იჯარის ხელშეკრულება ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის 3.3 მუხლის მოთხოვნებს, ბაზა ¹...-ს არ იყო უფლებამოსილი ,იჯარით გაეცა სახელმწიფო ქონება. ამ უკანონობის გამოსასწორებლად 18.11.01წ. ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსთან, თუმცა ეს ხელშეკრულებაც დადებულია სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7.1 მუხლის დარღვევით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემა უნდა მოხდეს კონკურსის ფორმით. შპს “ა.-ის” დაფუძნებით, ვინაიდან შეიცვალა იჯარით გაცემული ქონების მესაკუთრე, ქუთაისის სამმართველო უნდა ჩანაცვლებულიყო შპს “ა.-ით”, რაზედაც უარი განაცხადა შპს “ა.-2-მა”. კასატორი თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს და მის ¹... ბაზას არათუ საკუთრების, არამედ ფლობის უფლება არ გააჩნია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 5.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს გადაეცემათ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სკ-ის 243-ე, 183.1 მუხლების შესაბამისად. უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება სანოტარო წესით, ასეთი დოკუმენტი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსთან არ გაფორმებულა. სახაზინო საწარმოს ბაზაზე შექმნილი შპს, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 70-ე მუხლის თანახმად, არის სახაზინო საწარმოს უფლებამონაცვლე, რის გამო სახაზინო საწარმო “ა.-ის” ბალანსზე რიცხული ქონება მთლიანად უნდა გადასცემოდა მისი რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ შპს “ა.-ს”, რაც განახორციელა კიდეც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო განჩინების გაუქმებას, შპს “ა.-ის” მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საწარმოო გაერთიანება “ა.-ი” მინისტრთა კაბინეტის 21.06.93წ. ¹47/კ დადგენილებით შეყვანილ იქნა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში. თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნდა სახაზინო საწარმო-ქუთაისის საწარმოო გაერთიანება “ა.-ი” სახაზინო საწარმო დაექვემდებარა თავდაცვის სამინისტროს ... სამმართველოს. ... სამმართველოს გაუქმების შემდგომ მისი უფლებამონაცვლე გახდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველო.
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 21.06.02წ. ¹1-3/439 ბრძანებით ყოფილი თავდაცვის სამინისტროს სახაზინო საწარმო “ა.-ის” ბაზაზე, ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით, დაფუძნდა შპს “ა.-ი”. შპს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალი, შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ღირებულების გათვალისწინებით, 5.187 430 ლარის ოდენობით განისაზღვრა (მათ შორის, მიწის ღირებულება 357600 ლარს შეადგენს). 27.06.02წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “ა.-ი”. საწესდებო კაპიტალში შესულია 49010 ლარის ღირებულების ქონება (შენობა-ნაგებობები), რომელსაც საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს შპს “ა.-2”. იჯარის ხელშეკრულება თავდაპირველად 06.11.01წ. გაფორმდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹...-ს და შპს “ა.-2”-ს შორის. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ქონების იჯარით გაცემის უფლება გააჩნდა მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. 18.12.01წ. იჯარის ხელშეკრულება ქონებაზე დაიდო სქმ სამინისტროს ქუთაისის რეგიონალური სამმართველოსა და შპს “ა.-2”-ს შორის. შპს “ა.-ის” ჩამოყალიბების შემდეგ სქმ მინისტრის მოადგილემ (14.08.02წ.) და სამინისტროს ქუთაისის რეგიონალურმა სამმართველომ რამდენჯერმე მიმართეს წერილობით (09.09.02წ, 08.10.02წ.) შპს “ა.-2-ს”, რათა ხელშეკრულებაში მეიჯარედ, სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ნაცვლად, ჩართულიყო შპს “ა.-ი”, რაზედაც შპს “ა.-2-ის” ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა.
“სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და პრივატიზებას ახორციელებს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. სამინისტროს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საფუძველზე შპს-ის დაფუძნებით, მიუხედავად იმისა, რომ შპს-ის 100%-ის წილობრივი მონაწილე არის სამინისტრო, საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების მესაკუთრედ ხდება დაფუძნებული საზოგადოება. იჯარით გაცემული ქონების მესაკუთრე სკ-ის 581.2, 572-ე მუხლების მიხედვით, უფლებამოსილია ჩაენაცვლოს საიჯარო ხელშეკრულებაში სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელთანაც დადებული აქვს საიჯარო ხელშეკრულება შპს “ა.2-ს”. ამასთანავე, კანონმდებლობა (სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 14.11.97წ. ¹1-3/687 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი) ითვალისწინებს არათუ სახელმწიფო ქონების განკარგვის, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ვადიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში (უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება) იმ უწყებასთან ან ორგანიზაციასთან შეთანხმებას, რომლის ბალანსზეც ირიცხება გადასაცემი ქონება. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს ¹... ბაზის ბალანსზე რიცხული ქონების განკარგვა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქონების საზოგადოების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვდა ბალანსთმფლობელის თანხმობას, რადგანაც ქონება შეადგენდა სახელმწიფო დაწესებულების ძირითად საშუალებას. თანხმობის საჭიროება დასტურდება, აგრეთვე, იმ გარემოებით, რომ თავისი არსით დამფუძნებლის-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შპს-ის დაფუძნების გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას. სზაკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. სააპელაციო პალატის 24.12.03წ განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.08.03წ. გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს “ა.-ს” მიეცა რეგისტრაციის მასალებში ხარვეზების გამოსასწორებლად სამი თვის ვადა. გადაწყვეტილების თანახმად, ამ ხნის განმავლობაში უნდა მოხდეს უძრავი ქონების გადაცემა კანონით დადგენილი წესით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ თავდაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, გარიგების საგნად მიჩნეულ უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹...-ზე რიცხული უძრავი ქონება, იმის გარდა, რომელიც გაცემულია საიჯარო ხელშეკრულებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რის გამო ამოირიცხა საიჯარო ხელშეკრულებით იჯარით გაცემული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასაცემი ქონების რიცხვიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი.
სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.05.99წ. ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი, მე-7 მუხლის U1-ლი პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემას კონკურსის ფორმით. სახელმწიფო ქონების მართვის (ამჟამად ეკონომიკური განვითარების) სამინისტროსა და შპს “ა.-2-ს” შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე შპს “ა.-ი” უთითებდა იმ გარემოებას, რომ საიჯარო ხელშეკრულება დაიდო კონკურსის ჩატარების გარეშე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ საერთოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ამ მოტივზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი, გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება ამ ნაწილში შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტოს” და შპს “ა.-ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.12.03წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.