Facebook Twitter

ბს-345-478-კ-03 27 თებერვალი,2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 21 ივნისს სს “ქ.-მ” სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროსა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ 621250 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 2001წ. 22 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მოქალაქეების _ ნ. Lლ.-ისა და თ. შ.-ის მიმართ უსაფუძვლო სარჩელი აღძრა, რის შემდეგაც სს “ქ.-ის” აქციონერებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და 2001წ. 13 თებერვლის განჩინებით ისინი საქმეში ჩაბმულ იქნენ მე-3 პირებად. მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაედო საზოგადოების ქონებას, ფასიან ქაღალდებსა და ბანკის ანგარიშებს, შესაბამისად, იმერეთის სააღსრულებო ბიურომ 2001წ. 13 თებერვლის ყადაღის დადების თაობაზე განჩინების აღასრულა და საზოგადოება დალუქა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მითითებული ქმედებების შედეგად საზოგადოებამ დაკარგა იმიჯი, შეელახა საქმიანი რეპუტაცია, შეწყდა ყველანაირი საბაზრო კავშირურთიერთობა, რაც, მოსარჩელის აზრით, მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

მოგვიანებით სს “ქ.-ის” დირექტორმა ა. ნ.-მ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც დააკონკრეტა მოპასუხეთა ვინაობა და ზემოხსენებული თანხის _ 621250 ლარის დაკისრება მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და იმერეთის მხარის სააღსრულებო ბიუროსათვის, ვინაიდან, მოსარჩელის აზრით, სს “ქ.-ას” სწორედ აღნიშნული სამსახურების მუშაკების ბრალით მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.

საქმის განხილვის სტადიაზე ქუთაისის ქონების მართვის სამართველოს წარმომადგენელმა შუამდგომლობა აღძრა სს “ქ.-ის” აქციონერების საქმეში მე-3 პირებად ჩაბმის თაობაზე იმ მოტივით, რომ სააქციო საზოგადოების დაყადაღება მოხდა ამ უკანასკნელთა მოთხოვნის შედეგად და პროცესში ისინი წარმოადგენენ მოპასუხე მხარეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა მე-3 პირების ინტერესებზე.

აღნიშნულ განჩინებაზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 5 და 28 ნოემბრის განჩინებები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 23 აპრილის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაბმულ იქნენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ქ.-ის” სასარჩელო მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, აგრეთვე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ქუთაისის სამმართველოს მიმართ 621250 ლარის ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ სსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია და არ არის ვალდებული, მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ მოუთხოვია შუამდგომლობის ავტორებისაგან მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

სსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: “თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა, იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ 192-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებათა შედეგად”. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შედეგები დადგებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს მოთხოვნა ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში 199-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები არ მოქმედებს. აქედან გამომდინარე, 2001წ. 20 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეწყდა რა ზემოაღნიშნული საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოპასუხეს არ ჰქონდა სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებულ ღონისძიებათა გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და მას ამ ნაწილში უარი ეთქვა.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ საქმეში ჩაბმული მესამე პირების მოთხოვნის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით სსკ-ის 193-ე, 194-ე, 198-ე მუხლების თანახმად, 2001წ. 13 თებერვალს გამოტანილი განჩინება ქ. Qქუთაისში, ... ¹167-ში მდებარე სს “ქ.-ის” ქონებაზე, სააქციო საზოგადოების ბუღალტერიაში არსებულ ფასიან ქაღალდებსა და “ინტელექტბანკის” ქუთაისის ფილიალში გახსნილ სს “ქ.-ის” ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ, სსკ-ის 195-ე მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს, რომლის წარმომადგენელმა იმავე დღეს, 2001წ. 13 თებერვალს, განჩინება დირექტორს _ თ. შ.-ეს წარუდგინა და მოითხოვა მასში მითითებული ქონებრივი ნუსხის, საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ქონების ჩამონათვალის გადაცემა, მაგრამ ამ უკანასკნელმა აღნიშნულზე უარი განუცხადა, რითაც უარი თქვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული იმ მოქმედების შესრულებაზე, რაც უშუალოდ მის ფუნქციაში შედიოდა. აღნიშნულის შედეგად სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებული ქონების ნუსხის საბუღალტრო დოკუმენტაციისა და ქონების ჩამონათვალის მიღება და, შესაბამისად ვერ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ აღნიშნულ ფაქტზე ქუთაისის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 2771 და 3772 მუხლებით. დირექტორ თ. შ.-ს წარედგინა შესაბამისი ბრალი, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ბრალდებულის სახით დაკითხვა ვერ მოხერხდა, ხოლო 2001წ. 21 აგვისტოს იგი გარდაიცვალა და სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად, 2001წ. 30 აგვისტოს მისი გარდაცვალების გამო შეწყდა, რაც დაინტერესებული პირის მიერ სათანადო წესით გასაჩივრებული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ აღსრულების სამსახურის მიერ სააქციო საზოგადოების ეზოში არსებული ვაგონის და მასში არსებული საქონლის დაყადაღება მიიჩნია კანონიერად, ვინაიდან თუ ქონებას გასხვისება ელოდა, აღმასრულებელს უფლება ჰქონდა დაეყადაღებინა იგი.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ სასამართლო აღმასრულებლის მოქმედება სასამართლოში სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების შესახებ. მოსარჩელემ კი იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელთა მიერ 2001წ. 13 თებერვლის განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა 2001წ. 20 ივნისს, რითაც აშკარად დაარღვია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, ქუთაისის საოლქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისა და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია.

2003წ. 10 სექტემბერს სს “ქ.-მ” აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და ქუთაისის საოლქო სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლო კოლეგია უნდა გარკვეულიყო სსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის ნორმების მოთხოვნებში, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს მხარეს, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი. მოცემულ შემთხვევაში ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და იმერეთის მხარის სააღსრულებო ბიუროს ევალებათ მათ საზოგადოებაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იყო თუ არა სარჩელის უზრუნველყოფის რაიმე სახის გარანტია.

კასატორის აზრით, კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლი, რადგან მათ სასარჩელო მოთხოვნის საგანთან არანაირი კავშირი არა აქვს კრედიტორსა და მოვალის უფლება-მოვალეობებს ან სასამართლო აღმასრულებლის ქმედების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის მოქმედებას, რადგან სასარჩელო მოთხოვნის საგანი არის ზიანის ანაზღაურების სახით დელიქტური ვალდებულება, რომელიც გამოწვეულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო განზრახი მოქმედების შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასეთი სახის ანაზღაურებისათვის სკ-ის 129-ე და 1008-ე მუხლების შესაბამისად, დაწესებულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომლის ათვლაც მოცემულ შემთხვევაში დაიწყო იანვრის ბოლო რიცხვებიდან, როცა საზოგადოების შენობა-ნაგებობებიდან სასამართლო აღმასრულებლების მიერ დადებული ლუქები მოიხსნა და შეწყდა დაწესებული შეზღუდვები, ხოლო სასარჩელო განცხადება შეტანილ იქნა 2002წ. 21 ივნისს ქუთაისის საოლქო სასამართლოში ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტიდან 5 თვეში, ესე იგი ორი წლითა და 7 თვით ადრე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს “ქ.-ის” აქციონერების მიერ სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 23 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისი მუხლებისა და კანონის “მეწარმეთა შესახებ” მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა სრული დაცვით 1998წ. დეკემბრიდან აქციათა სრული პაკეტი პრივატიზების გზით სახელმწიფოსაგან იქნა გამოსყიდული და ამით “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფომ იმ დღიდანვე დაკარგა სააქციო საზოგადოების კუთვნილი ქონების, როგორც ფლობის, ისე სარგებლობის, განკარგვის და მართვის უფლება. სახელმწიფოს წარმომადგენელს, ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს, უკვე როგორც არაკომპეტენტურ იურიდიულ პირს, კანონით ეკრძალებოდა პრივატიზებით შექმნილი კერძო სტრუქტურის სამეურნეო ურთიერთობათა საქმიანობაში ჩარევა, მაგრამ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო თვითნებურად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მაინც ერეოდა სს “ქ.-ის” მუშა-მოსამსახურეთა და აქციონერთა შიგა სამეურნეო საქმიანობაში, ისიც უარყოფითად და კანონდარღვევების ხარჯზე, რის გამოც არაერთი გამაფრთხილებელი წერილობითი მითითება მიიღო ზემდგომისგან.

კასატორი მიუთითებს, რომ სკ-ის 992-ე, 997-ე, 998-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სახეზეა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 და 13 თებერვლის უკანონო განჩინებებზე დაყრდნობით სს “ქ.-ის” ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს ხელმძღვანელობისა და იმერეთის მხარის სააღსრულებო ბიუროს მუშაკების ბრალეულობით, აღსრულების პროცესების კანონდარღვევებით გამოწვეული სარჩელის უზრუნველყოფისათვის დაშვებული გაუმართლებელი ღონისძიებებით დაწესებული ერთწლიანი შეზღუდვების გამო საზოგადოებაზე 621250 ლარი ღირებულების მატერიალური ზიანის განზრახ მიყენების ფაქტი. რამდენადაც მათი ბრალეულობა ამ საქმეში რეალურად არის წარმოჩენილი, კასატორი მიიჩნევს, რომ სკ-ის 992-ე მუხლის, 997-ე მუხლის პირველი წინადადების, 998-ე მუხლისა და 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის მიყენებული 621250 ლარის ღირებულების მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ, სოლიდარულად ეკისრებათ ქონების მართვის ქუთაისის სამართველოსა და იმერეთის მხარის სააღსრულებო ბიუროს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს “ქ.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ, მართალია, მოსარჩელე სს “ქ.-ს” თავდაპირველ სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებული ჰყავდა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, მაგრამ შემდგომ მოსარჩელემ ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც მოპასუხეებად დასახელდნენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო და იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიურო და გასაჩივრებული გადაწყვეტილებაშიც ქუთაისის საქალაქო სასამართლო, როგორც მოპასუხე, არ მოიხსენიება, ანუ ქუთაისის საქალაქო სასამართლო მოცემულ საქმეში არ წარმოადგენს მოპასუხეს და მის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ არის აღძრული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს საკასაციო საჩივარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების თაობაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად აუცილებელია, არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ამ ქმედებას შორის, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეების, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და იუსტიციის სამინისტროს საღსრულებო დეპარტამენტის იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და ამ ქმედებებით გამოწვეული ზიანი.

სკ-ის 194-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელზეც მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს კერძო საჩივარი, მაგრამ საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს უზრუნველყოფის შესახებ განჩინების აღსრულებას, თუ სასამართლო თავად არ შეაჩერებს გარკვეული დროით აღსრულებას ან არ გააუქმებს ამ ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. ამავე კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. ამდენად, იმერეთის სააღსრულებო ბიურო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებული იყო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის განჩინება აღესრულებინა. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორს, თუ იგი არ ეთანხმებოდა სასამართლოს აღმასრულებლის მოქმედებას, უფლება ჰქონდა, მათი მოქმედება გაესაჩივრებინა სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში, რაც მათი მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული. Aამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დადგენილი აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და, შესაბამისად, არ შეიძლება ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოპასუხისთვის, როდესაც არ არის კანონით გათვალისწინებული წესით დადგენილი მისი ბრალი მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიყენებაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და საქმის მასალებიდან გაირკვა, სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებს ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულებაში ხელი შეუშალეს თავად სს-ის წარმომადგენლებმა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 3771 და 3772 მუხლებით და სს-ის დირექტორ, თ. შ.-ეს წარედგინა ბრალი. ამ უკანასკნელის მიმართ საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო, ეს დადგენილება არ გასაჩივრებულა და დღესდღეობით ძალაშია.

საკასაციო სასამართლო სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს ვერ მიიჩნევს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად. სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს სარჩელის შეტანით რაიმე მატერიალური ან ქონებრივი ზიანი მოპასუხისათვის არ მიუყენებია და, შესაბამისად, არ არსებობს მისთვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება არსებითად სწორია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო პალატა სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, სს “ქ.-ის” ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, კასატორს შეუმცირდეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 100 ლარამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის, სს “ქ.-ის”, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება;

3. სს “ქ.-ას” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.