Facebook Twitter

¹ბს-346-479-კ-03 7 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 30 ოქტომბერს შპს “თ.-ის" დირექტორმა ს. კ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა და მიყენებული მატერიალური ზიანის _ 199354 ლარისა და მორალური ზიანის 150000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2001წ. 1 ივლისს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოსა და შპს “თ.-ს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ყოველდღიურად, დილის 09.30 საათიდან საღამოს 17.30 საათამდე, შპს “თ.-ის" შენობაში ობიექტის უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა დაევალათ. ასევე, ცენტრალური დაკვირვების პულტის სამი გასაღები და საგანგაშო ღილაკი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს “თ.-ზე" ყაჩაღური თავდასხმა დაახლოებით 15.45 საათზე მოხდა და მატერიალური ფასეულობა – საიუველირო ნაწარმი იქნა გატაცებული. ყაჩაღური თავდასხმა ობიექტის დაცვის მომენტში განხორციელდა, მათ საგანგაშო ღილაკის მეშვეობით შეტყობინება მაშინვე გააგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა პუნქტი დაცულ იქნა, მოპასუხე მხარემ ყაჩაღური თავდასხმის მომენტში ობიექტის დაცვა ვერ უზრუნველყო, რამაც შპს “თ.-ში" დასაქმებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. მთლიანად დანაკლისმა 197354 ლარი, ასევე შენობისა და ინვენტარის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა 2000 ლარი, სულ 199354 ლარი შეადგინა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვა მატერიალური პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდა, როდესაც ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტს ადგილი ექნებოდა არა დაცვის დროს, ასევე დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით. მაგრამ, მიუხედავად სიტყვიერი თუ წერილობითი მოთხოვნისა, მოპასუხე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მატერიალური ზიანის ანაზღაურებას თავს არიდებდა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შედეგად მათი მორალური უფლებები მნიშვნელოვნად შეილახა, რის გამოც რომ მოპასუხისთვის მატერიალურ ზიანთან ერთად მორალური ზიანის _ 150000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2001წ. 1 ივლისს შპს “თ.-სა" და დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულების “ა" პუნქტის თანახმად, მას ობიექტის უსაფრთხო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ევალებოდა, ხოლო შპს “თ.-ის" ინდმეწარმეების ძვირფასეულობისა და ოქროს ნაკეთობების დაცვაზე ხელშეკრულებაში აღნიშნული არ ყოფილა. ასე რომ ყოფილიყო, ყოველ მათგანთან ინდივიდუალურად იქნებოდა ხელშეკრულება ქონების დაცვაზე და ყოველდღიურად შედგებოდა ქონების ჩამონათვალი ორივე მხარის ხელმოწერით, აღნიშნულის შესახებ კი დაცვის პოლიციასთან ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა.

მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეს ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე პირთა მიმართ უნდა შეეტანა სარჩელი, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს, მათ გაიღეს ყველაზე ღირებული სიკეთე – ერთმა პოლიციელმა სიცოცხლე, ხოლო ორმა პოლიციელმა ჯანმრთელობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩაება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ნ. ჭ.-ვილი, ო. უ.-ა, მ. ნ.-ე, ნ. მ.-ე, მ. ს.-ე, ხ. ტ.-ე, რ. კ.-ი, თ. მ.-ე, ს. კ.-ი, ზ. მ.-ი ჩაებნენ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 მარტის განჩინებით საქმის წარმოება ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე შეჩერდა.

აღნიშნულ განჩინებაზე შპს “თ.-ის" დირექტორმა ს. კ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა და 2003წ. 6 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 აპრილის განჩინებით ს. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003წ. 6 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “თ.-ის" დირექტორის, ს. კ.-ის, სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შპს “თ.-სა" და ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის 2001წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულება.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2001წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულება მესამე პირების კუთვნილი ქონების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენდა.

სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება. ქონებრივი პასუხისმგებლობის მოვალეზე დასაკისრებლად საჭირო იყო, რომ სახეზე “სამართალდარღვევის” შემადგენლობა ყოფილიყო. მოცემულ შემთხვევაში კი ქუთაისის დაცვის პოლიციის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო კოლეგიამ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი დაცვის პოლიციის დანაყოფების მიერ ობიექტების იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების დაცვის შესახებ” ინსტრუქციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედებაში რომელიმე ნორმის დარღვევა არ შეინიშნებოდა. ამასთან, საქმის განხილვის დროს ამის შესახებ მითითებას არც მოსარჩელის მხრიდან ჰქონია ადგილი.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო აგრეთვე ის გარემოება, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს შპს “თ.-ის” დაცვის განხორციელებისას დაცვის პირადი შემადგენლობის ერთი მუშაკი დაიღუპა და ორმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.

სასამართლოს მოსაზრებით, სკ-ის 785-ე მუხლის შესაბამისად, დაცვის პოლიციის სამმართველო კეთილსინდისიერ მხარეს წარმოადგენდა, რომელსაც დამდგარი შედეგის თავიდან აცილება არ შეეძლო, რის გამოც მას ზიანის ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა.

სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის 2001წ. 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო იყო, ვინაიდან კანონით დადგენილ წესს არღვევდა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, 2001წ. 1 ივლისს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მოპასუხისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “თ.-ის” დირექტორმა და მესამე პირების წარმომადგენელმა ს. კ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო კოლეგიამ სსკ-ის 105-ე, 248-ე მუხლების მოთხოვნები დაარღვია, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც მტკიცებულებათა ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად მიღებულ დასკვნებს არ ემყარებოდა. სასამართლომ არასწორად განმარტა ასევე, სკ-ის 394-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს, როგორც მოვალეს, ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა, ვინაიდან მხარეთა შორის 2001წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულების მე-2 ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის მოვალეობანი ნათლად იყო განსაზღვრული. ასევე, სკ-ის 361-ე მუხლის შესაბამისად, დაცვის პოლიციამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ვერ შეასრულა, რადგან ოპერატიულად ვერ იმოქმედა და შემთხვევის ადგილზე (ისიც დაგვიანებით) მივიდა არა ოპერატიული ჯგუფი, არამედ ერთი თანამშრომელი.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ ობიექტების, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების დაცვის შესახებ” ინსტრუქცია შესწავლილი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან მოპასუხე მხარეს მტკიცებულების სახით არანაირი ინსტრუქცია არ წარმოუდგენია, არც სასამართლოს გამოუთხოვია და, შესაბამისად, არც მოსარჩელეებს ჩაბარებია. ამასთან, სასამართლომ სსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნა დაარღვია, ვინაიდან მოპასუხეს ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა არ მოუთხოვია და სასამართლომ თავისი ინიციატივით ცნო იგი ბათილად, ამასთან, ვერ მიუთითა კანონის ნორმა, რომლის საფუძველზეც გარიგების ნაწილი გააბათილა. ამდენად, მან სსკ-ის 248-ე მუხლიც დაარღვია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “თ.-ის” დირექტორ ს. კ.-ისა და მესამე პირების – ინდივიდუალური მეწარმეების წარმომადგენლის – ს. კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001წ. 6 დეკემბერს 15.45 საათზე ქ.ქუთაისში, ... მდებარე შპს “თ.-ს" თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ოთხი ბოროტმოქმედი. აღნიშნული ეცნობა შპს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.ქუთაისის სამმართველოს, რომელთანაც შპს “თ.-ს” შენობაში ობიექტის უსაფრთხო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მოგვიანებით, შემთხვევის ადგილზე დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი მივიდა, თუმცა, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყაჩაღური თავდასხმის დროს მოკლულ იქნა განგაშის სიგნალზე მისული მორიგე ჯგუფის უფროსი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო ორმა პოლიციელმა. ბოროტმოქმედებმა ასევე გაიტაცეს, როგორც საიუველირო ნაწარმი და ოქროს ნივთები, ისე ა. ლ.-ზე, შ. ც.-ზე და მ. კ.-ზე გაპიროვნებული ტაბელური პისტოლეტები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო შპს “თ.-ის” სარჩელის განხილვისას გასცდა სარჩელის ფარგლებს და განიხილა ის მოთხოვნები, რაც სარჩელის სახით სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, კერძოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება მესამე პირების _ ინდივიდუალური მეწარმეების დამოუკიდებელი სარჩელი შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მაშინ, როცა სასამართლომ ეს მოთხოვნები განიხილა და გადაწყვეტილებით მესამე პირების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლო ასევე გასცდა შპს “თ.-ის” სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როცა ნაწილობრივ ბათილად ცნო შპს “თ.-სა” და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს შორის 2001წ. 1 ივლისს დადებული ხელშეკრულება. საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხეებს ამგვარი მოთხოვნა შეგებებული სარჩელის სახით სასამართლოსათვის წარედგინათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად: “მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში... ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ...” “სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა”. სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ მაშინ შეეძლო განეხილა მესამე პირთა და მოპასუხეთა სასარჩელო მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები სსკ-ის 88-ე და 189-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნებოდა წარდგენილი.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რა ურთიერთობა არსებობდა შპს “თ.-სა” და ინდივიდუალურ მეწარმეებს შორის, ეკისრებოდა თუ არა მატერიალური პასუხისმგებლობა შპს “თ.-ს” მათ მიმართ, თუ ეკისრებოდა, რის საფუძველზე და რა წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა ზიანი შეიძლება მიდგომოდა შპს “თ.-ს”. ამ გარემოებებზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს “სახელშეკრულებო” და “არასახელშეკრულებო” ზიანს. “სახელშეკრულებო” ზიანი შეიძლება მიყენებულ იქნეს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო, რაც ყოველთვის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას არ უკავშირდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “თ.-ის” დირექტორის – ს. კ.-ის და მესამე პირების _ ინდივიდუალური მეწარმეების წარმომადგენლის – ს. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.