ბს-347-480-კ-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
დაზარალებული რ. ფ-ე 1999წ. 24 ივნისიდან მსახურობდა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სასაზღვრო რაზმ ,,ბათუმის”, კერძოდ, ,,ხიჭაურის” ¹.... ს/ს სოფ. ........ მეორე ათეულის მეთაურად და ითვლებოდა სამხედრო მოსამსახურედ. 2001წ. 23 აგვისტოს რ. ფ-ე ხიჭაურის კომენდატურის ხელმძღვანელის ბრძანებით მიავლინეს ¹26 საგუშაგოზე ზემდეგის მოვალეობის შემსრულებლად. 2001წ. 23 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, რ. ფ-ე გარდაიცვალა აჭარისწყალში ბანაობის დროს. ხულო-შუახევის სარაიონთაშორისო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით, რ. ფ-ე გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო, რაც განვითარებული იყო გულის ქრონიკული იშემიური დაავადების გამწვავების შედეგად. შუახევის რაიონის პროკურატურის 2001წ. 26 სექტემბრის დადგენილებით რ. ფ-ის გარდაცვალების ფაქტზე არ იქნა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო.
2003წ. 4 თებერვალს დაზარალებულ რ. ფ-ის ძმამ, რ. ფ-ემ, სარჩელი აღძრა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართ და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მოითხოვა რ. ფ-ის 10 წლის თანამდებობრივი და სამხედრო წოდების სარგოს ოდენობით, გარდაცვლილის ოჯახისათვის ერთჯერადი დახმარების _ 12926 ლარისა და 64 თეთრის _ ანაზღაურება. დაზარალებული რ. ფ-ის ყოველთვიური განაკვეთი შეადგენდა 107,72 ლარს. მოსარჩელის მითითებით, რ. ფ-ეს მიუღებული ჰქონდა 2000წ. ხელფასი და კომპენსაცია, რის გამოც მოსარჩელემ ასევე მოითხოვა რ. ფ-ის 2000წ. სახელფასო დავალიანების _ 1292,64 ლარის _ ანაზღაურებაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 აპრილის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე რ. ფ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით – გარდაცვლილ რ. ფ-ის მეუღლით, მ. ა-ით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უსაფუძვლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან მისი განმარტებით, რ. ფ-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ დაღუპულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე, რ. ფ-ე, ხიჭაურის კომენდატურის ბრძანებით 2001წ. 23 აგვისტოს მიავლინეს ¹26 საგუშაგოზე ზემდეგის მოვალეობის შემსრულებლად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რ. ფ-ე სოფ. .........-იდან უნდა გაჰყოლოდა სამოქალაქო-სატრანსპორტო საშუალებას, მაგრამ ვერ მოახერხა გამგზავრება და დაახლოებით 14 საათზე, რამდენიმე პირთან ერთად ისადილა სასაზღვრო კომენდატურის გვერდით მდებარე სასადილოში, სადაც მეგობრებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. შემდგომ ისინი ჩავიდნენ საბანაოდ მდინარე აჭარისწყალში, რომელიც ხიჭაურის სასაზღვრო კომენდატურიდან მოცილებულია 150 მეტრით. დაახლოებით 17სთ-ზე, ბანაობის დროს რ. ფ-ე გარდაიცვალა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ რ. ფ-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რ. ფ-ე არათუ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, არამედ გარდაცვლილის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამხედრო დისციპლინის დარღვევის ფაქტს, რადგან დაზარალებულმა დაარღვია მეთაურის ბრძანება ¹26 საგუშაგოზე ზემდეგის მოვალეობის შესრულების შესახებ. სასამართლოს აზრით, რ. ფ-ემ ასევე დაარღვია აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსის ყოველწლიური ბრძანება საცურაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2001წ. 18 ივნისის ¹94 ბრძანება და ნაცვლად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა, სამუშაო საათებში იბანავა მდინარეში, რასაც შედეგად უბედური შემთხვევა მოჰყვა. ამიტომ სასამართლომ ერთჯერადი დახმარების სახით 12926 ლარის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ მოტივით, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა უსწოროდ და მათ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა. კასატორის მითითებით, რ. ფ-ე სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა, რის გამოც ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილს ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა მიეცეს კომპენსაცია _ გარდაცვლილის 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამიტომ მისი მოთხოვნა 12926,64 ლარის ანაზღაურების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიმართ ზიანის ანაზღაურების (ერთჯერადი დახმარების) დაკისრებაზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ის მიერ. 2003წ. 15 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ. განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ კასატორს უშუალოდ უზენაესი სასამართლოსათვის პირადად არ წარუდგენია, არამედ გამოაგზავნა ფოსტის მეშვეობით. საკასაციო პალატამ 2003წ. 12 ნოემბრის წერილით განუმარტა კასატორს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სანოტარო წესით დადასტურება, რაც კასატორს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ამიტომ საკასაციო სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს აღნიშნულ შუამდგომლობას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და არსებითად განიხილავს საკასაციო საჩივარს;
2. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მართალია, მ. ა-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება, მაგრამ შესაბამისი დასაბუთება არ წარმოუდგენია. ამიტომ, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორის მეუღლე, დაზარალებული რ. ფ-ე, 1999წ. 24 ივნისიდან მსახურობდა რა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სასაზღვრო რაზმში სამხედრო მოსამსახურედ, 2001წ. 23 აგვისტოს ხიჭაურის კომენდატურის ბრძანებით მივლინებულ იქნა ¹26 საგუშაგოზე ზემდეგის მოვალეობის შესასრულებლად. სოფ. ........-იდან რ. ფ-ე უნდა გაჰყოლოდა დანიშნულების ადგილისაკენ მიმავალ სამოქალაქო-სატრანსპორტო საშუალებას, რაც ვერ მოახერხა და დაახლოებით 14 საათზე, რამდენიმე პირთან ერთად ისადილა სასაზღვრო კომენდატურის გვერდით მდებარე სასადილოში, სადაც დაზარალებულმა რ. ფ-ემ მიიღო ალკოჰოლური სასმელი. შემდეგ ფ-ე მეგობრებთან ერთად საბანაოდ ჩავიდა მდინარე აჭარისწყალში, რომელიც ხიჭაურის სასაზღვრო კომენდატურიდან დაახლოებით 150 მეტრით არის მოცილებული. მეგობრებს ასევე ჰქონდათ ერთი ბოთლი არაყი. 2001წ. 23 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, რ. ფ-ე გარდაიცვალა ბანაობის დროს გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მიხედვით განვითარებული იყო გულის ქრონიკული იშემიური დაავადების გამწვავების შედეგად. კასატორი, დაზარალებული რ. ფ-ის მეუღლე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოსაგან ითხოვს ერთჯერადი დახმარების სახით 12926 ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმის თანახმად: ,,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი და სამხედრო, ან სპეციალური წოდების სარგოების ოდენობით”.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ დაზარალებული რ. ფ-ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ დაღუპულა, ამიტომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის ოჯახს არ ეკუთვნის, რის გამოც კასატორის მოთხოვნა ერთჯერადი დახმარების სახით 12926,64 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება – განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება მ. ა-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აგვისტოს განჩინება;
3. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.