ბს-356-487-კ-03 17 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება.
შეგებებული სარჩელის საგანი: გამგეობის გადაწყვეტილებებისა და პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 ივლისს გ. ზ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ლ. დ.-ს მიმართ, მესამე პირად მიუთითა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაზე.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ იგი მეუღლესთან, ხუთ შვილთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში, რომლის მესაკუთრეც იყო მისი დედა ი. ქ.-ი.
მოსარჩელის განმარტებით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით, 1992წ. 26 აგვისტოს ¹15/44-1150 გადაწყვეტილებით ნება დართო ამოეშენებინა ბინის ლოჯიის ქვეშ არსებული თავისუფალი ფართი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წელს მან დაამთავრა ფართის ამოშენება და მიმართა გამგეობას მისი დაკანონების თაობაზე. დიდუბის რაიონის გამგეობის 1996წ. 24 აპრილის 4/18-73 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მის ოჯახს დამხმარე სათავსად გადაეცა მისი ბინის ქვეშ ამოშენებული არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც შემდგომ პრივატიზებულ იქნა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 12 მაისს მეზობლად მცხოვრებმა ა. ა.-მ ჩაკეტა არასაცხოვრებელი ფართის შესასვლელი კარი (დაადო ბოქლომი), ხოლო 18 მაისს გამოანგრია საერთო კედელი და დაიკავა მოსარჩელის კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართი.
მოსარჩელის განმარტებით, ა. ა.-ა არ ათავისუფლებდა უკანონოდ დაკავებულ სათავსს, რისთვისაც გ. ზ.-მ მიმართა პოლიციის განყოფილებას და გამგეობას, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მისი კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართიდან ა. ა.-ს გამოსახლება.
2001წ. 13 აგვისტოს ცოლ-ქმარმა _ ლ. დ.-მ და ა. ა.-მ შეგებებული სარჩელი აღძრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ი. ქ.-ის, გ. ზ.-ისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ.
შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, ისინი ცხოვრობდნენ თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹51 ერთოთახიან ბინაში. საცხოვრებელი სახლი აგებული იყო ამჟამად გაუქმებული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ “მ.-ის” მიერ, რომლის მეპაიე იყო ლ. დ.-ა. ბინის მშენებლობისთვის საპაიო შესატანი მათ გადაიხადეს, ბინა კი მთლიანად გამოისყიდეს.
შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, საცხოვრებელ სახლში მობინადრეები შესახლდნენ 1972 წელს, ბინებზე ლოჯიების მიშენების შესახებ ნებართვა მიიღეს 1990წ. 21 ოქტომბერს, მიშენება კი დაიწყო 1991 წელს და ერთოთახიან ბინაზე ლოჯიის მშენებლობისათვის შეგებებული სარჩელის ავტორებმა გადაიხადეს კოოპერატივის კრების მიერ და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 3500 მანეთი.
შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, ლოჯიების მიშენების შედეგად მათი ბინების ქვეშ წარმოიშვა გადახურული სივრცე, რის გამოყენებაც აღნიშნული შენობის პირველ სართულზე განთავსებული საფოსტო განყოფილების ხელმძღვანელობამ არ ისურვა და შეუთანხმდა მათ, რომ თუ ქუჩის მხრიდან მოუწყობდნენ ფოსტაში შესასვლელს, აღნიშნული ფართის ათვისების უფლებას მისცემდა.
შეგებებული სარჩელის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ საფოსტო განყოფილებაში შესასვლელის ქუჩის მხარეს გადატანაზე მათ გაიღეს ხარჯები, ხოლო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას გ. ზ.-სა და მის დედას პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგეობის 1992წ. 26 აგვისტოს ¹15/44-1150 გადაწყვეტილებას, შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მიიღეს გ. ზ.-ის სასარჩელო განცხადების ასლი თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად.
შეგებებული სარჩელის ავტორებმა აღნიშნეს, რომ რაიონის გამგეობამ ისე, რომ არ დაუდგენია თუ ვინ ჩაატარა სადავო ფართთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები, 1996წ. 24 აპრილს მიიღო ¹4/18-73 გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ზ.-ის ოჯახს დამხმარე სათავსად გადაეცა მისი ლოჯიის ქვეშ წარმოქმნილი 25კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ “მ.-ის” ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ნ. ჯ.-მ კი 1997წ. 30 სექტემბრის პრივატიზების ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადასცა აღნიშნული ფართი გ. ზ.-ს.
შეგებებული სარჩელის ავტორთა მითითებით, 2001წ. 29 ივნისს დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობამ მიიღო ¹7/8-125 დადგენილება, რომლითაც ტექნიკური შესწორება შეიტანა ჩუღურეთის რაიონის 1996წ. 24 აპრილის ¹4/18-73 გადაწყვეტილებაში და გ. ზ.-ს დაუკანონა 51,48 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ნაცვლად ადრე მიკუთვნებული 25 კვ. მეტრისა.
შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, გაენაწილებინა საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართი, ვინაიდან აღნიშნული შედიოდა კოოპერატივის მეპაიე წევრთა საერთო კრების კომპეტენციაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საერთო კრების ან გამგეობის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნებოდა მოქმედ კანონმდებლობასთან, რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა, ამის მიუხედავად, რაიონის გამგეობამ 1992წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ზ.-ს ლოჯიის ქვეშ პირველ სართულზე ფართის ამოშენებაზე დართო ნება, ხოლო შემდეგ დაუკანონა ისე, რომ არ გამოარკვია, ვინ გაიღო მშენებლობის ხარჯები.
შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტებით, მათ არ ჰქონდათ გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებებისა და ხელშეკრულების თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გ. ზ.-ის სასარჩელო განცხადების ასლისა და თანდართული მტკიცებულებების მიღების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორებმა ითხოვეს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1992წ. 26 აგვისტოს ¹15/44-1150, 1996წ. 24 აპრილის ¹4/18-73 გადაწყვეტილებების, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001წ. 29 ივნისის ¹7/8-125 დადგენილების, 25 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ფორმით გ. ზარაძის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 1997წ. 30 სექტემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მათი საკუთრების უფლების ცნობა სადავო ფართზე.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ. დ.-ა და ა. ა.-ა გამოსახლდნენ გ. ზ.-ის კუთვნილი 51,48 კვ.მ ფართიდან; ლ. დ.-ს და ა. ა.-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. დ.-მ და ა. ა.-მ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რის გამოც ითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო გ. ზ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სახელმწიფო ნოტარიუსი ლ. ი.-ი.
2003წ. 15 აპრილის სასამართლო სხდომაზე მესამე პირად ჩაება ... მდებარე რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეების მიერ ლოჯიების მიშენებისთვის ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989წ. 18 ოქტომბრის ¹22/66-2129 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ამხანაგობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა.-სა და ლ. დ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი:
ა) ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1992წ. 26 აგვისტოს ¹15/44-1150 გადაწყვეტილება;
ბ) ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1996წ. 24 აპრილის ¹4/18-73 გადაწყვეტილება;
გ) ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001წ. 29 ივნისის ¹7/8-125 დადგენილება;
დ) 1997წ. 30 სექტემბრის ხელშეკრულება 25 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების ფორმით გ. ზ.-ის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლი და, შესაბამისად, არ გაითვალისწინა, რომ გასული იყო მის მიერ გაუქმებული ადმინისტრაციული აქტების და პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობისთვის კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ აპელანტებს სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ არა 2000წ. 23 მაისიდან, არამედ 1993 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც გ. ზ.-მ დიდუბის რაიონის გამგეობის 1992წ. 26 აგვისტოს გაცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დაიწყო მშენებლობა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, დიდუბის რაიონის გამგეობის 1992წ. 26 აგვისტოსა და 1996წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო, ვინაიდან გ. ზ.-მ აღნიშნული აქტების საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, ანუ მოახდინა არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება.
კასატორის განმარტებით, რადგანაც სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლი, არასწორად ჩათვალა გამგეობის ადმინისტრაციული აქტები ადმინისტრაციულ გარიგებებად.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან სასამართლომ არასწორად ჩათვალა გასაჩივრებული აქტები ადმინისტრაციულ გარიგებებად, ამიტომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 41-ე, 44-ე, 48-ე, და 49-ე მუხლები და ასევე არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი და არ დაკმაყოფილდება შეგებებული სარჩელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე გ. ზ.-მ და ი. ქ.-მ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, რის გამოც ითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი და არ დაკმაყოფილდება შეგებებული სარჩელი. მათ მიუთითეს საკასაციო საჩივრის იგივე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდა პირველი კასატორი _ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ლ. ი.-მაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აპელანტებს არ ჰქონდათ გაშვებული შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის ვადა, რასაც ადასტურებდა საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები:
ა) ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის 1993წ. 3 მარტის ¹ქ-2446 ქ.-ისთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც დიდუბის რაიონის გამგეობამ ი. ქ.-ს ურჩია მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მას და ა.-ს შორის კონფლიქტური სიტუაციის გამო მიემართა სასამართლოსთვის;
ბ) ი. ქ.-ის განცხადება ქ. თბილისის პროკურატურისადმი, რომელშიც მითითებულია, რომ ა.-ა ხელს უშლიდა სადავო ფართის მშენებლობას;
გ) ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორის 1993წ. 23 მარტს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის პოლიციის II ქვეგანყოფილების უფროსისთვის გაგზავნილი წერილი, რომლითაც პროკურორი ავალებდა პოლიციას ი. ქ.-ის განცხადებაში მითითებული ფაქტების შემოწმებასა და შესაბამისი ზომების მიღებას;
დ) ქ. თბილისის დიდუბის რაიონის პოლიციის II ქვეგანყოფილების უფროსის 1993წ. 8 მარტის ¹97/10-91 წერილი ი. ქ.-ისადმი;
ე) ქ. თბილისის დიდუბის რაიონის შს პოლიციის II ქვეგანყოფილების უფროსის 1993წ. 8 აპრილის ¹97/1ც-ქ-5 წერილი დიდუბის რაიონის პროკურორისადმი, რომლითაც პროკურორს ეცნობა მისი დავალების შესრულების შესახებ.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესის მიმდინარეობისას აპელანტებმა სადავო ფართზე თავისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმით დაკარგეს საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივი და კანონიერი საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი და არ დაკმაყოფილდება შეგებებული სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები, რის გამოც სწორად არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად გამოიკვლია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, შეგებებული სარჩელის ავტორებს ლ. დ.-სა და ა. ა.-ს სასარჩელო მოთხოვნის უფლება 1993 წლიდან წარმოეშვათ თუ 2000წ. 23 მაისიდან. საქმეში არის წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, რასაც არასრულყოფილი სამართლებრივი შეფასება მისცა სააპელაციო სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულო არ არის საკასაციო სასამართლოსთვის, ვინაიდან სამივე კასატორს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წამოყენებული აქვს დასაბუთებული პრეტენზიები თავიანთ საკასაციო საჩივრებში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასრულყოფილად არის დასაბუთებული სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასრულყოფილად განმარტა დიდუბის რაიონის გამგეობის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ აქტებს წარმოადგენს თუ ადმინისტრაციულ გარიგებებს. აღნიშნული დარღვევა სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ ი ნ ა :
1. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, გ. ზ.-ის, ი. ქ.-ის და ნოტარიუს ლ. ი.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.