ბს-357-488-კ-03 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: პენსიაზე დანამატის დანიშვნა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ბ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 30 წელზე მეტი იმსახურა სამხედრო და შს ორგანოებში. 1973 წლიდან გავიდა პენსიაზე წელთა ნამსახურობით და დაენიშნა პენსია. 1997წ. 1 იანვრიდან შს სამინისტრომ, როგორც საპენსიო ორგანომ, მოახდინა მისი პენსიის გადაანგარიშება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის შესაბამისად, მაგრამ არ დაუნიშნა წელთა ნამსახურობის პენსიაზე კანონით გათვალისწინებული დანამატი: კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, “სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მიღებელი მე-2 ჯგუფის ინვალიდობისათვის, ასაკის გამო პენსიის 130%-იანი დანამატი, რაც 182 ლარს შეადგენს; იმავე კანონის მე-15 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, როგორც 75 წელს გადაცილებულს, საერთო პენსიის 2/3, რაც 9,32 ლარს შეადგენს, იმავე კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, როგორც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, პენსიის 100%-იანი დანამატი, რაც 14 ლარს შეადგენს, 41-ე მუხლის “ზ” პუნქტის საფუძველზე პენსიის 50%-იან დანამატს, რაც შეადგენს 7 ლარს. მოსარჩელე ითხოვდა აღნიშნული დანამატის დანიშვნას 1997წ. 1 იანვრიდან, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 1997წ. იანვრის მდგომარეობით 48 ლარი ინფლაციის შედეგად სარჩელის აღძვრის დროისათვის 67 ლარს გაუტოლდა, ამიტომ ითხოვდა ერთჯერად 3886 ლარის დაკისრებას, ხოლო შემდეგ – ყოველთვიურად 67 ლარის დამატებას პენსიაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მიუღებელ შემოსავალს სკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე, რომელსაც იგი მიიღებდა დივიდენდის სახით 1977წ. იანვრიდან 2001წ. ოქტომბრამდე, რაც მოსარჩელის გაანგარიშებით შეადგენდა 2623,72 ლარს. ასევე ითხოვდა სასამართლოს გარეშე თანხებს, კერძოდ: საადვოკატო საქმიანობის მოცდენისათვის – 4000 ლარს; სკ-ს 389-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების წარმოშობისა და ანგარიშსწორების დროისათვის არსებული ლარის ინფლაციის გათვალისწინებით – 3460 ლარს და მორალური ზიანისათვის – 13970 ლარს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. წელთა ნამსახურობის პენსიაზე დაენიშნა ყოველთვიური დანამატი – 48 ლარისა და 52 თეთრის ოდენობით. აღნიშნული თანხა აუნაზღაურდა 1997წ. 1 იანვრიდან 2814 ლარის ოდენობით. სასარჩელო განცხადების სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება. ამასთან, უკვე დანიშნულ პენსიაზე კანონის მე-14 მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა დანამატი – 300%-ით და მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს და მას დანამატი ეკუთვნოდა 300%-ით.
სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა საპენსიო დანამატის დანიშვნისა და 1997წ. 1 იანვრიდან ანაზღაურების ნაწილში და მიუთითა, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-2 აბზაცით გათვალისწინებული საპენსიო დანამატი წელთა ნამსახურობის პენსიაზე ენიშნებოდათ პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, რომელთა დაავადება დაკავშირებული იყო სამხედრო სამსახურთან. ასეთი მტკიცებულება კი ბ. გ-ეს არ გააჩნდა. ასევე მიუთითა, რომ კანონის 50-ე მუხლის თანახმად, სხვაობა შეიძლებოდა გადახდილი ყოფილიყო წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება პენსიაზე დანამატის დანიშვნის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება – ბ. გ-ეს დაენიშნა წელთა ნამსახურობის პენსიაზე ოთხივე კომპონენტის დანამატი – თვეში 72,32 ლარი და იგი აუნაზღაურდა 1997წ. 1 იანვრიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარომადგენელი ი. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც ბ. გ-ეს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნა 300%-იანი დანამატი და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე დანამატი ეკუთვნის იმ პირებს, რომლებიც არიან სამხედრო ტრავმით დაინვალიდებულები (ომის ინვალიდები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგად დაინვალიდებული პირები), რომლებსაც დადგენილი აქვთ პირველი ან მეორე ჯგუფი. ბ. გ-ეს კი მე-2 ჯგუფის ინვალიდობა დადგენილი ჰქონდა სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, რის გამოც არ აკმაყოფილებდა აღნიშნული ნორმის მოთხოვნას.
ბ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი სასამართლოს გარეშე ხარჯების, მიუღებელი შემოსავლის, სხვა მატერიალური ზარალისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა ორჯერ იყო დანიშნული, რა დროსაც არ გამოცხადდნენ მხარეები. საკასაციო პალატამ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის, ი. კ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება.
სსკ-ს 407-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ. გ-ე დაიბადა 19......წ. აგვისტოში. ზესტაფონის რაიონის სამხედრო კომისარიატის 1947წ. 17 მაისის ¹1705 ცნობის თანახმად, 1944წ. ივლისში ბ. გ-ე საბჭოთა არმიის რიგებიდან დაბრუნდა ავადმყოფობის გამო, რის შემდეგაც სამხედრო კომისარიატის მიერ სამუშაოდ გაგზავნილ იქნა შინაგან საქმეთა სახკომის ზესტაფონის რაიგანყოფილებაში. საბჭოთა არმიის რიგებიდან დაბრუნებისას მინიჭებული ჰქონდა ლეიტენანტის წოდება. 1973 წლიდან იგი გავიდა პენსიაზე შს ორგანოებიდან 33 წლის წელთა ნამსახურობით, არის სამამუმლო ომის მონაწილე და მეორე ჯგუფის ინვალიდი სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. დაჯილდოვებულია მრავალი სახელმწიფო ჯილდოთი, პენსიაზე გასვლისას ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის, ი. კ-ის, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბ. გ-ე არ აკმაყოფილებს ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობებს და მას სასამართლომ არასწორად დაუნიშნა პენსიაზე დანამატი. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, ვინაიდან ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის პენსიის მომატება ხდება იმ ინვალიდებისათვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჭრილობის, კონტუზიის ან დაავადების შედეგად მიიღეს ტრავმა, რომლის გამოც დაინვალიდნენ. საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ¹107 112 043 მოწმობით დადასტურებულია, რომ ბ. გ-ე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბ. გ-ე არ არის ომის ინვალიდი და მასზე არ ვრცელდება ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი – 300%-ის ოდენობით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც მას უარი ეთქვა სასამართლოს გარეშე ხარჯების, მიუღებელი შემოსავლის, სხვა მატერიალური ზარალისა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე.
პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით – 2623,72 ლარის, სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის – 4000 ლარის, ლარის კურსის ინფლაციის გათვალისწინებით – 13970 ლარის, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მიყენებული მატერიალური ზარალის – 13970 ლარის, ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. ბ. გ-ეს მიუღებელი შემოსავლისა და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე, არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სკ-ს 389-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ე.წ. ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად, ვალი იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო ნაკისრი ვალდებულება. პალატას მიაჩნია, რომ სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას. ვინაიდან ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს ადგილი არ ჰქონია იმ პერიოდში, რომელშიც კასატორი ითხოვს მიუღებელ პენსიას, ამიტომ დაუშვებელია სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის, ი. კ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.