¹ ბს-358-490-კ-03 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 31 ოქტომბერს ნ. ნ.-ემ სარჩელით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ა. და მ. ნ.-ეებს შორის ქ. Yყვარელში, ... მდებარე სახლზე დადებული 1990წ. 5 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ყვარლის ტექაღრიცხვის სამსახურში მ. ნ.-ის სახელზე აღრიცხული სახლის სამი მეოთხედი ნაწილის აღრიცხვისა და ყვარლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976წ. 12 ოქტომბრის ¹137 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ტექ-ინვენტარიზაციის სამსახურის დავალდებულება ყვარლის საქალაქო საბჭოსთან არსებული საზოგადო სასამართლოს 1968წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით მისთვის მიკუთვნებული სახლის აღმოსავლეთის მხარეს არსებული პირველი და მეორე სართულების და მის გასწვრივ მდებარე ეზოს მის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, აგრეთვე, მისი კუთვნილი გიტარის მ. ნ.-ისაგან დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: ყვარლის საქალაქო საბჭოსთან არსებული საზოგადო სასამართლოს 1968წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით მისი და ა. ნ.-ის ოჯახი ორ კომლად გაიყო და საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. ყვარელში, ..., მას ერგო აღმოსავლეთის მხარეს, პირველ და მეორე სართულზე მდებარე ორი ოთახი მის გასწვრივ არსებული მიწის ნაკვეთით, რომელიც ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1968წ. 1 ნოემბრის ჩანაწერით მის სახელზე აღირიცხა. 1983წ. 4 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე დამატებით აღირიცხა სახლის ერთი მეოთხედი ნაწილი.
1990წ. 5 დეკემბერს ა. და მ. ნ.-ეებს შორის გაფორმებულ ჩუქების ხელშეკრულებაში, რომლითაც მ. ნ.-მ სახლის ნაწილი და 0,8 მიწის ნაკვეთი მიიღო, მოხვდა მოსარჩელის სახელზე რიცხული ორი ოთახიც. აღნიშნული ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი დოკუმენტების არსებობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა 2001წ. ზაფხულში, როცა მიმართა ყვარლის რაიონის სახელმწიფო არქივს. მოძიებული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ ყვარლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976წ. 12 ოქტომბრის ¹137 გადაწყვეტილების საფუძველზე, ნ., ლ., ა. და ე. ნ.-ეების თხოვნით მათი ოჯახები გაერთიანდა და ოჯახის უფროსად ისევ ა. ნ.-ე დარჩა. ამასთან, ზემოხსენებული გადაწყვეტილებით გაუქმდა ყვარლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1975წ. 27 ივლისის ¹104 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, თითქოს დასახელებული პირების ოჯახები ცალკე კომლებად გაიყო.
მოსარჩელემ განმარტა, რომ ყვარლის საქალაქო საბჭოს 1975 და 1976 წლების გადაწყვეტილებების საფუძველზე, ა. ნ.-ემ ყვარლის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებში ცვლილებები შეატანინა და 1968წ. გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ისათვის მიკუთვნებული წილი მის სახელზე აღირიცხა, ამის შემდეგ მან, ტექინვენტარიზაციის ბიუროდან წარდგენილი არასწორი ჩანაწერების საფუძველზე, შეცდომაში შეიყვანა ყვარლის ნოტარიუსი 1990წ. 5 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას.
მოპასუხემ _ მ. ნ.-ემ სარჩელი არ ცნო და იგი ხანდაზმულად მიიჩნია.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის განჩინებით ნ. ნ.-ის სარჩელი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე ნ. ნ.-ემ კერძო საჩივარი შეიტანა, რომლის საფუძველზეც,
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის განჩინება ნ. ნ.-ის სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოგვიანებით ნ. ნ.-ემ წარადგინა დამატებითი სარჩელი, რომლითაც დააზუსტა ძირითადი სარჩელის მოთხოვნა და გეგმა- ნახაზზე ¹4 ნიშნულით აღნიშნული აღმოსავლეთის მხარეს მდებარე 20,7 კვ.მ ოთახის მის სახელზე აღრიცხვა მოითხოვა.
რაიონულმა სასამართლომ ნ. ნ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე, 2002წ. 25 თებერვლის განჩინებით, საქმეში მესამე პირად ჩააბა ლ. ნ.-ე.
ნ. ნ.-ემ სასამართლო პროცესზე ეზოსა და გიტარის დაბრუნების ნაწილში მოთხოვნა მოხსნა და სარჩელის ამ ნაწილში განუხილველად დატოვება მოითხოვა.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ყვარლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მისგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ნ.-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტ მ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. და ა. ნ.-ეებს შორის 1983წ. 4 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მთელი საცხოვრებელი სახლი ეკუთვნოდა ა. ნ.-ეს, რასაც ნ. ნ.-ე ხელმოწერით ადასტურებდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, სწორედ ამ დროიდან უნდა შეეტყო მას უფლების დარღვევის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ სკ-ის 1507-ე მუხლის საფუძველზე, მოცემული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა 1964წ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 75-ე მუხლის შესაბამისად, უფლების დაცვის საერთო ვადა განისაზღვრებოდა 3 წლით და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2001წ. ზაფხულში, ასევე არ გაიზიარა ნ. ნ.-ის მოსაზრება, რომ მან 1983წ. 4 ნოემბრის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ისე, რომ არ იცოდა მისი შინაარსი და სმოქალაქო სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლად არ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, სარჩელის უფლების წარმოშობიდან (1983წ. 4 ნოემბერი) სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე (2001წ. 31 ოქტომბერი) გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რაც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ნ.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სასარჩელო ხანდაზმულობაზე, ვინაიდან 1983 წლიდან 2001 წლამდე მას არ ჰქონდა დაეჭვების საფუძველი, რადგან 1968წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიკუთვნებული სახლის ნაწილი მას ეკუთვნოდა და ქონების ფლობაში ხელი არავის შეუშლია. მის მიერ ხელშეკრულებაში მითითება იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი ა. ნ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა, გაგებულ იქნა იმ კონკრეტულ ფართად, რაც მას ეკუთვნოდა 1968წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსზე, ვინაიდან 1997წ. სკ-ის 1505-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული აქტი ძალადაკარგული იყო და სადავო ურთიერთობა მოქმედი სამოქალაქო კოდექსით უნდა მოწესრიგებულიყო.
კასატორი მიუთითებს, რომ 1990წ. 5 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის უდავო საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელში საცხოვრებელი სახლის საკუთრების საფუძვლად მითითებულია ყვარლის საქალაქო საბჭოსთან არსებული საზოგადო სასამართლოს 1968წ. 14 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც არ გაუქმებულა და რომლის თანახმადაც, მას სახლის სადავო ნაწილში, ანუ აღმოსავლეთის მხარეს I და II სართულები მიეკუთვნა და სასამართლომ თავისი მოსაზრება მის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ გაავრცელა აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზეც. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 1990წ. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლის შესახებ მას 1983 წელს უნდა შეეტყო. 1990წ. ჩუქების ხელშეკრულების საკითხი სააპელაციო სასამართლომ რეაგირების გარეშე დატოვა. Aამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო სახლის ნაწილი კომლის საერთო საკუთრებად აღირიცხა, დაუშვებელი იყო მისი გასხვისება კომლის დანარჩენი წევრების თანხმობის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსხილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა მტკიცებულებები და არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დააფუძნა და სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია ნ. და ა. ნ.-ეებს შორის 1983 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, სადაც მითითებულია, რომ მთელი საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ა. ნ.-ეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ დღიდან ნ. ნ.-ეს, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას, უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც საქმეზე დართული ყვარლის ტექინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერების წიგნიდან ირკვევა, 1968წ. 14 მაისის ყვარლის საქალაქო საბჭოსთან არსებული საზოგადო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და თავად ა. ო.-ის 1968წ. 30 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, ნ. ო.-ის სახელზე ტექბიუროში ცალკე აღირიცხა სადავო სახლის პირველ სართულზე არსებული 20,7 მ2 ¹4 ოთახი და მეორე სართულზე 22,08 მ2 ¹3 და 22,64მ2 ¹ა ოთახები, ხოლო ა. ო.-ის სახელზე სახლის დანარჩენი ნაწილი, მათ შორის, 1983 წელს ნ. ნ.-ისათვის ნაჩუქარი, პირველ და მეორე სართულზე არსებული 11,39 მ2 და 11,72 მ2 ფართის ოთახები. აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებები არ იყო განხორციელებული 1982წ. მონაცემებითაც. 1990წ. 5 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებაში, რომლითაც ა. ნ.-ემ მ. ნ.-ეს აჩუქა მთელი სახლის მისი კუთვნილი 3/4, მითითებულია, რომ სახლის 3/4 ეკუთვნის ა. ნ.-ეს ყვარლის საქალაქო საბჭოსთან არსებული სასამართლოს 1968წ. 14 მაისის გადაწყვეტილების თანახმად. ამ გადაწყვეტილებით, როგორც აღინიშნა, ა. ნ.-ეს მიეკუთვნა სახლის ნაწილი. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა და საკასაციო სასამართლოს სხდომაზეც განმარტა, რომ 1983 წელს მამამ მას აჩუქა ის ფართი, რაც გაყოფის შემდეგ ამ უკანასკნელის სახელზე აღრიცხული სახლის სწორედ 1/4-ს შეადგენდა, ეს გარემოება კი მას უფლებების დარღვევაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ აძლევდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ უნდა გამოიკვლიოს კასატორისათვის ნაჩუქარი, I და II სართულებზე არსებული ოთახები მთლიანი სახლის 1/4-ს შეადგენდა თუ გაყოფის შემდეგ _ ა. ნ.-ის კუთვნილი სახლის 1/4-ს, რის შედეგადაც გაირკვევა, თუ რა ფართობს წარმოადგენდა ა. ნ.-ის კუთვნილი მთლიანი სახლი და ამის შემდეგ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. ვინაიდან ამავე კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივად საქმეზე არსებითად არ უმსჯელია და საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა საპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე აღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.