¹ბს-362-493-კ-03 7 აპრილი, 2004 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 17 ივლისს შპს “ქ.-ი – უ.-მ” სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მცხეთის რაიონის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მართვისა და განკარგვის კომისიისა და მესამე პირი რ. მ.-ის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ქ. მცხეთაში, ... მდებარე კინოთეატრი “კ.-ე” სხვა ქონებასთან ერთად, ჩადებული იყო სს “ქ.-ის” საწესდებო კაპიტალში, რაც რეგისტრირებული იყო 1995 წელს თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული კინოთეატრი აშენებული იყო მშრომელთა დეპუტატების ქ. მცხეთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1964წ. ივლისის ¹14 დადგენილებითY გამოყოფილ 0,4 ჰა მიწის ფართზე, ხოლო 1967წ. 11 დეკემბრის ¹203 ბრძანებით მიწის ფართი შეივსო 0,5 ჰა-მდე.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მცხეთის რაიონის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მრთვისა და განკარგვის კომისიამ აუქციონის წესით გაასხვისა კინოთეატრი “კ.-ს” ტერიტორიის 0,01 ჰა კომერციული ობიექტის მშენებლობისათვის, რაზეც მცხეთის რაიონის გამგეობას დადგენილება არ გამოუტანია, ხოლო მცხეთის რაიონის საკრებულოს თანხმობა არ გაუცია.
მოსარჩელის განმარტებით, აუქციონში გაიმარჯვა რ. მ.-მ, რომელმაც დაიწყო რა მშენებლობა, დაანგრია კინოთეატრი “კ.-ს” კედლები, ღობე, დააზიანა წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის კომუნიკაციები, გარე განათების ორი ბოძი.
მოსარჩელის განმარტებით, პრივატიზება იყო უკანონო, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნული მიწის ნაკვეთი პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა, ვინაიდან სს “ქ.-ის” დამფუძნებელი იყო სახელმწიფო, რომლის წილი შეადგენდა 2/3-ს და კომანდიტარული საზოგადოება “რ.-ა”, რომლის წილიც იყო 1/3.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა აუქციონის შედეგებისა და საკუთრების უფლების გაუქმება აგრეთვე, დანგრეული ღობის, დაზიანებული წყლის, კანალიზაციის კომუნიკაციებისა და გარე-განათების აღდგენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ სადავო მიწის ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა გაეყიდა ხსენებული მიწის ფართი, რაზეც არსებობდა მცხეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 ივლისის ¹126 დადგენილება, რომელიც გადაეგზავნა მცხეთის რაიონის საკრებულოს შესათანხმებლად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ქ.-ის _ უ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა “ქ.-მ _ უ.-მ”, რომელმაც აღნიშნა, რომ კინოთეატრი “კ.-ე” იყო სს “ქ.-ის” საკუთრება, რომლის დამფუძნებელი იყო სახელმწიფო ამდენად, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთები, მათ შორის ის მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც განლაგებული იყო სახელმწიფო ქონება არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის “ა” პუნქტი ითვალისწინებდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთების (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, სანაპიროები) და დასასვენებელი ადგილების (პარკები, ტყე-პარკები, სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები) და ამ კატეგორიის მიწების განკარგვას მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით. მოცემულ შემთხვევაში კი კინოთეატრ “კ.-ს” ტერიტორია იყო სკვერი და მისი პრივატიზებისთვის საჭირო იყო მთავრობის თანხმობა, რაც სადავო მიწის პრივატიზებისას არ მომხდარა.
აპელანტის განმარტებით, აუქციონზე გასატანი სადავო მიწის ნაკვეთის თაობაზე არ არსებობდა შეთანხმება რაიონის საკრებულოსთან, რითაც დაირღვა “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნა.
აპალენტმა ასევე აღნიშნა, რომ კინოთეატრი “კ.-ს” ტერიტორია მდებარეობდა ძეგლების გარემოცვაში, რაც დასტურდებოდა მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის ა. ა.-ის 2000წ. 18 თებერვლისა და 1999წ. 23 აგვისტოს წერილებით ამდენად, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაკვეთის გამოყოფისათვის საჭირო იყო სახელმწიფო კომისიის თანხმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “ქ.-ი _ უ.-ის” შუამდგომლობა და საქმეში მასამე პირად ჩაება მცხეთის რაიონის საკრებულო.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხედ ჩაება მცხეთის რაიონის გამგეობაც.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ქ.-ი _ უ.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ქ.-ი _ უ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ქ.-მ _ უ.-მ”, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებში წარმოდგენილ მცხეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 ივლისის ¹126 დადგენილებით დამტკიცდა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის განსახორციელებლად მცხეთის რაიონში შექმნილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით საკუთრებაში ან სარგებლობაში გადამცემი კომისიის მიერ შერჩეული, ქ. მცხეთაში, ... სკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,01ჰა მიწის ნაკვეთი აუქციონის ფორმით საკუთრებაში ან სარგებლობაში გადასაცემად სუვენირების მაღაზიის მშენებლობისთვის.
აგრეთვე, საქმის მასალებშია მცხეთის რაიონის გამგეობის გაზეთ “...-ი” (10-25 სექტემბერი, 1999წ. ¹12) გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მცხეთის რაიონის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის კომისიამ გამოაცხადა აუქციონი ქ. მცხეთაში, ... სკოლის პირდაპირ, კინოთეატრ “კ.-ის” მიმდებარე 0,01 ჰა მიწის ფართობის გაყიდვის თაობაზე კომერციული ობიექტის მშენებლობისთვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად ჩაატარა ადგილზე დათვალიერება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მცხეთის რაიონის გამგეობის 1999წ. 15 ივლისის ¹126 დადგენილებით დამტკიცებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,01 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.მცხეთაში, ... სკოლის პირდაპირ, კინოთეატრ “კ.-ის” მიმდებარე ტერიტორიაზე, არის თუ არა ერთი და იგივე, რადგანაც მცხეთის საშუალო სკოლის პირდაპირ სულ სხვა ტერიტორიაა, ხოლო კინოთეატრი “კ.-ე” არ მდებარეობს მცხეთის ... სკოლის მოპირდაპირე მხარეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულყოფილად არ გამოიკვლია მტკიცებულებები და არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილვეად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ქ.-ი – უ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.