Facebook Twitter

ბს-36-30-კ-04 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ხ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1971-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში “ან-2”, “იაკ-40”, “ტუ-154” ტიპის თვითმფრინავებზე ხომალდის მეთაურად. აქვს 31 წლის მუშაობის საერთო სტაჟი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს აწარმოებდა საჰაერო გადაზიდვებს, რისთვისაც დაჯილდოვებულია მედლით “მხედრული მამაცობისათვის”. 1996-2000 წლებში მუშაობდა ა/კ “...-ში”. 2000 წელს სმენის გაუარესების გამო ცნობილ იქნა სპეციალობით სამუშაოს შესრულების უვარგისად და თბილისის ისანი-სამგორის სარაიონთაშორისო საექსპერტო კომისიის 2002წ. 11 თებერვლის ¹25 დასკვნით დაუდგინდა შრომის უნარიანობის დაკარგვა 60%-ით და ცნობილი იქნა შრომის III ჯგუფის ინვალიდად. 2002წ. 19 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას პროფესიულ დაავადებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზედაც მიიღო უარი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მუშაობის ბოლო სამი თვის პერიოდში მისი სპეციალობის “ბოინგ-737” ტიპის თვითმფრინავის მეთაურის საშუალო გამომუშავების თანხა შეადგენდა 1668 ლარს. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების II თავის მე-11 მუხლის საფუძველზე ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, სამედიცინო დასკვნით დადგენილი ვადით – მუდმივად. ზიანი უნდა ანაზღაურებოდა “ბოინგის” თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო 3 თვის ფაქტობრივად ნამუშევარი და მიღებული საშუალო ხელფასიდან, რაც 60%-ის გაანგარიშებით შეადგენდა 1008 ლარს. ბრძანებულების 52-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურებოდა მიმართვის დღისათვის ორგანიზაციაში არსებული შესაბამისი ხელფასიდან ან გაანგარიშების დღისათვის საბაზრო ფასებზე დაყრდნობით. სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ხ.-მა დააზუსტა სარჩელი და მოპასუხეებად მიუთითა ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია და “...-ბი”.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიას და “...-ს” ა. ხ.-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიური სარჩოს სახით 420 ლარი და ზიანის სახით _ 5040 ლარი. ფინანსთა სამინისტრო და სსიპ “საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია” მიჩნეულ იქნენ არასათანადო მოპასუხეებად და მათ მიმართ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ხ.-მა და შპს “...-მ”. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ალ. ხ.-მ უარი თქვა მოთხოვნაზე შპს “...-ის” მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “...-ის” განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და შეწყდა საქმის წარმოება შპს “...-ის” სააპელაციო საჩივრის ნაწილში.

ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ სარჩელის მოთხოვნა ცნო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ალ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ალ. ხ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სალიკვიდაციო კომისიას დაეკისრა ალ. ხ.-ის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით 688 ლარის გადახდა 2002წ. თებერვლიდან. მასვე დაეკისრა დამატებითი ხარჯის – შრომისუუნარობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო ერთჯერადი დახმარების გაცემა ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს, 8256 ლარის, ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ალ. ხ.-ი 1971-2000 წლებში მუშაობდა სამოქალაქო ავიაციაში. ქ. თბილისის ისნის რაიონის სარაიონთაშორისო საექსპერტო კომისიის დასკვნით, პროფესიული შრომისუუნარობის ხარისხი განესაზღვრა 60%-ით და დაუდგინდა ინვალიდობის III ჯგუფი. საქართველოს ავიახაზებიდან წარმოდგენილი ცნობის თანახმად, “ტუ-154” ტიპის ხომალდის მეთაურის საშუალო ხელფასი სამ თვეში საშუალოდ შეადგენდა 1147 ლარს. ხოლო 60% _ 688 ლარს, რომელიც ყოველთვიური სარჩოს სახით უნდა ანაზღაურებოდა მოსარჩელეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” მე-11 მუხლის საფუძველზე. მასვე უნდა ანაზღაურებოდა ერთჯერადი დახმარება ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ბრძანებულების 33-ე მუხლის საფუძველზე, რაც შეადგენდა 8256 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 26 ივნისის ¹872 განკარგულების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლეოდა ა. ხ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, კერძოდ, არ არის დადასტურებული, რომ დაზიანება გამოწვეულია მოწინააღმდეგის ბრალით და ზიანი უნდა აანაზღაუროს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრო და ამავე სამინისტროს სახაზინო სამსახური გახდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც საერთო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ამიტომ ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით და მას უნდა ესარგებლა მოსარჩელის და მოპასუხის ყველა უფლებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა. ხ.-ი 1971-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში. 1996-2000 წლებში მუშაობდა ავიაკომპანია “...-ში” “ტუ-154” ტიპის ხომალდის მეთაურად. სმენის გაუარესების გამო 2000 წელს იგი ცნობილ იქნა სპეციალობით სამუშაოს შესრულების უვარგისად. ქ. თბილისის ისნის რაიონის სარაიონთაშორისო საექსპერტო კომისიის 2002წ. 11 თებერვლის დასკვნისა და “ინვალიდთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი”-ს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2003წ. 5 მარტის შემოწმების აქტის ამონაწერის თანახმად, პროფესიული დაავადების გამო ა. ხ.-ს პროფესიული შრომისუუნარობის დაკარგვის ხარისხი განესაზღვრა 60% და დაუდგინდა ინვალიდობის III ჯგუფი.

საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-11 მუხლის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იგივე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.

საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს ავიახაზების 2001წ. 13 დეკემბრის ¹1242 ცნობის თანახმად, “ტუ-154” ტიპის ხომალდის მეთაურის საშუალო ხელფასი სამ თვეში საშუალოდ შეადგენს 1147 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნით, ა. ხ.-ს შრომის უნარი დაკარგული აქვს 60%-ით უვადოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად განუსაზღვრა ყოველთვიური სარჩოს სახით 688 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 33-ე მუხლის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით დაზარალებულს შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას ეძლევა ერთჯერადი დახმარება ერთი წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად აუნაზღაურა ა. ხ.-ს ერთჯერადი დახმარება 8256 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა ა. ხ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან არ იყო დადასტურებული, რომ დაზიანება გამოწვეული იყო მოწინააღმდეგე მხარის ბრალით.

“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული წესით მოწესრიგებულია საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ საწარმოებში დასაქმებულ მუშაკთა შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმით, პროფესიული დაავადებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე მუშაკს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს:

1) შრომითი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის მიღებისას;K

2) პროფესიული დაავადებისას და

3) ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად.

საქმეზე წარმოდგენილი ქ. თბილისის ისნის რაიონის სარაიონთაშორისო კომისიის 2002წ. 11 თებერვლის დასკვნის თანახმად, ა. ხ.-ს შრომის უნარი დაკარგული აქვს 60%-ით პროფესიულ დაავადებასთან დაკავშირებით. ამდენად, ზემოაღნიშნული წესის პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული წესი უნდა გავრცელდეს ა. ხ.-ის მიმართ, რომელსაც პროფესიული დაავადების გამო განესაზღვრა შრომის უნარის დაკარგვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.