ბს-364-495-კ-03 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: აღურიცხავი საქონლის ღირებულების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. კ.-მ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომელშიც აღნიშნა, რომ 27.03.2000წ. ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ორ ბენზინმზიდ ,,კამაზის” ტიპის ავტომანქანაში განთავსებული მისი კუთვნილი 38000 ლიტრი ბენზინის საწვავი, ცისტერნები დაილუქა საგადასახადო ინსპექციის ლუქით.
2000წ. 28 და 29 მარტს მის კუთვნილ საწვავს გაუკეთდა რეალიზაცია, ხოლო ამოღებული თანხები 9236 ლარი და 10520 ლარი მისი სახელით შეტანილ იქნა ,,... ბანკის” ახალქალაქის ფილიალში, მის მიერ გადახდილ იქნა აგრეთვე 200 ლარი საბანკო მომსახურებისათვის. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საგადასახადო ინსპექციის მუშაკთა მოქმედება იყო უკანონო, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტს და არ ითვლებოდა გადასახადის გადამხდელად, შესაბამისად მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, ბენზინის რეალიზაცია განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, შემცირებულ იქნა საწვავის ოდენობა, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი. 38000 ლიტრი საწვავიდან რეალიზებულ იქნა 24900 ლიტრი, შესაბამისად დანაკლისმა შეადგინა 13100 ლიტრი. მოსარჩელემ მოითხოვა საგადასახადო დეპარტამენტისათვის 18620 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხე – საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ი. კ.-ე ეწეოდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, მას გადაჰქონდა გაურკვეველი წარმოშობის ტვირთი – 38000 ლიტრი ბენზინი არაერთჯერადი მოხმარებისათვის, ხოლო რაც შეეხება ბენზინის ნაწილის რეალიზაციით ამოღებულ თანხას, იგი თავად მოსარჩელის მიერ იყო შეტანილი საბანკო დაწესებულებაში. რაც შეეხება 13000 ლიტრ ბენზინის დანაკლისს, აღნიშნული საჭიროებს გამოძიების ჩატარებას.
რაიონული სასამართლოს 29.11.2000წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ახალქალაქის საგადასახადო ინსპექცია.
შემდგომში სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციისათვის გადასახდელად 18067 ლარის დაკისრება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19826 ლარის დაბრუნება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრათლოს 12.01.01წ. გადაწყვეტილებით ი. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18.067 ლარის გადახდა, დაბრუნებას დაექვემდებარა აგრეთვე ... ბანკის ახალქალაქის ფილიალში ი. კ.-ის მიერ ჩარიცხული თანხა 19826 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სკ-ის 158-ე მუხლის მიხედვით ნივთის მფლობელი სავარაუდოდ არის მისი მესაკუთრე, საწვავის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არ ქონა არ წარმოადგენს ბენზინზე საკუთრების უფლების ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა მოპასუხე-ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელთა არამართლზომიერი მოქმედებით. გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა ქმნიდა საგადასახადო კოდექსის 244-ე, 245-ე მუხლების საფუძველზე გირავნობის უფლების უზრუნველყოფის სარეალიზაციოდ სარჩელის აღძვრის, კანონით დადგენილი წესით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ქონებაზე ყადაღის დადებით გადაუხდელი თანხის გადახდევინების მოხდენის საფუძველს. მოპასუხის მიერ კოდექსის ამ მუხლების იგნორირებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლება, ახაქალაქის საგადასახადო ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე უფლება არ ჰქონდა მოეხდინა საწვავის რეალიზაცია.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ. აპელანტმა მიუთითა, რომ ი. კ.-ე გაწეული საქმიანობით უტოლდებოდა მეწარმეს. მის მიერ ტრანსპორტირებულ ბენზინს არ გააჩნდა სათანადო საბუთები, საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მას შესთავაზეს საწვავის რეალიზაცია, რაც მან ნებაყოფლობით განახორციელა და თანხა თავად შეიტანა ... ბანკში. აპელანტმა უარყო ბენზინის კონფისკაცია და აღნიშნა, რომ ი. კ.-ს მიეცა შესაძლებლობა თავად მოეხდინა ბენზინის რეალიზაცია, ბენზინის დანაკლისი მისივე ბრალით არის წარმოშობილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.07.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 12.01.01წ. გადაწყვეტილება, საქმის წარმოება შეწყდა ი. კ.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ი. კ.-მ დაადასტურა ბენზინზე რაიმე დოკუმენტის არარსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ.-ე არ წარმოადგენდა ბენზინის მესაკუთრეს ანუ სათანადო მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლოს წინადადებაზე ი. კ.-ის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, თუმცა ვერ დაასახელა სათანადო მოსარჩელე, რასაც დაეთანხმა ი. კ.-ე. ვინაიდან არასათანადო მოსარჩელე თანახმა იყო სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე, ამასთანავე იგი ვერ ასახელებდა სათანადო მოსარჩელის ვინაობას, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს. სააპელაციო პალატის 17.09.01წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. კ.-ის კერძო საჩივარი, პალატამ მიუთითა, რომ ი. კ.-ის წარმომადგენლის თანხმობა არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე მიჩნეულ იქნა სარჩელზე უარის თქმად, რაც სკ-ის 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 18.01.02წ. განჩინებით ი. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო პალატის 25.07.01წ. და 17.09.01წ. განჩინებები და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ დაუდასტურებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ი. კ.-მ უარი განაცხადა სარჩელზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 14.02.03წ. განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ფინანსთა სამინისტრო. სააპელაციო პალატის 07.05.03წ. გადაწყვეტილებით ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.01.01წ. გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ... ბანკის ახალქალაქის ფილიალში ჩარიცხული 19826.69 ლარის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს 12.01.01წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალქალაქის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორების მიერ საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად დაკავებული იქნა მოქ. ი. კ.-ის კუთვნილი 38000 ლიტრი ბენზინის საწვავი, რომელიც განთავსებული იყო ორ ბენზინმზიდ ავტომანქანაში, შესაბამისად 20000 და 18000 ლიტრის ოდენობით. ბენზინმზიდები დაილუქა საგადასახადო ინსპექციის ¹51 ლუქით. 28 მარტს რეალიზებულ იქნა 11500 ლიტრი, ხოლო 29 მარტს 13400 ლიტრი, სულ 24900 ლიტრი, დანაკლისმა შეადგინა 13400 ლიტრი. 1 ლიტრი ბენზინის საწვავის სარეალიზაციო ფასად ინსპექციის მიერ შედგენილ ოქმებში მითითებულია 0,41 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი, სკ-ის 158-ე მუხლის შესაბამისად, არის მესაკუთრე. პალატამ მიიჩნია, რომ ი. კ.-ე თავისი უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდება ამ ბენზინის საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ მეწარმეს, ვინაიდან იგი თავისი რისკით ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას იურიდიული პირის წარმოქმნის გარეშე. საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის, მოწმობის ან სხვა მსგავსი დოკუმენტების აღების დადგენილი წესის დარღვევით არ ითვლება ამ პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმედ არცნობის საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგადასახადაო ინსპექციის თანამშრომლებმა კოდექსის 223.4 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე შესთავაზეს მოეხდინათ ბენზინის საწვავის რეალიზაცია და მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა, რაც ი. კ.-ის მიერ ნებაყოფლობით იქნა განხორციელებული, მის მიერ შეტანილ იქნა ბანკში 24900 ლიტრი ბენზინის საწვავის რეალიზაციით მიღებული თანხა 19826,69 ლარის ოდენობით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ი. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ... ბანკის ახალქალაქის ფილიალში მის მიერ ჩარიცხული 19826,69 ლარის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა. პალატამ მიიჩნია აგრეთვე, რომ ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების არამართლზომიერი მოქმედებით, 13100 ლიტრი ბენზინის დაკარგვით, ი. კ.-ს მიადგა ზიანი, რის გამო სასარჩელო მოთხოვნა ახალქალაქის რაიონის საგადასახადო ინსპექციისათვის 18067,5 ლარის დაკისრების ნაწილში შეესაბამება სკ-ის 408-ე და 409-ე მუხლების მოთხოვნებს და უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.05.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. კ.-ის, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ.
მოქ. ი. კ.-ე არ ეთანხმება 19 26 ლარის დაბრუნებაზე უარის თქმას, ვინაიდან იგი არ არის ინდმეწარმე და 38000 ლიტრი ბენზინი მის საკუთრებას შეადგენდა, ბენზინის რეალიზაცია განახორციელა საგადასახადო ინსპექციამ, ხოლო ფული ბანკში მას შეატანიეს. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას 19826 ლარის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში. ამ თანხის მის სასარგებლოდ ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციისათვის დაკისრებას.
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ი. კ.-ე ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის I-ლი და მე-2 მუხლების, საგადასახადო კოდექსის 26-ე, 68-ე, 98-ე მუხლების უხეში დარღვევით ქ. თბილისიდან მოახდინა 38000 ლიტრი ბენზინის ტრანსპორტირება. ი. კ.-ს არ აღმოაჩნდა ნავთობპროდუქტის წარმოშობის და კუთვნილების, ასევე მეწარმეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამო ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის მიერ ცისტერნები დაილუქა, ი. კ.-ის თანდასწრებით შედგა აქტი. ინსპექციის აღნიშნული ქმედება განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-6 ნაწილის და 264-ე მუხლის ,,გ” ქვეპუკქტით. 27-28-29.03.2000წ. საგადასახადო ინსპექციასა და ი. კ.-ის მიერ ერთობლივად რეალიზებულ იქნა ბენზინი, ამოღებული თანხა 19826,7 ლარი, კოდექსის 223.6 მუხლის საფუძველზე, 29.03.2000წ. სახ. ბიუჯეტის ანგარიშზე ი. კ.-ის მიერ შეტანილ იქნა ბანკში. 13100 ლიტრი დარჩენილი ბენზინი, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ხარჯების დაფარვის მიზნით, ი. კ.-მ დაიტოვა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება ი. კ.-ისათვის მატერიალური ზიანის მიყენების შესახებ, სააპელაციო პალატამ მოქმედი კანონმდებლობის უარყოფით და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ი. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიერ. კასატორი მოითხოვს გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მას დაეკისრა 18.067,5 ლარის გადახდა ი. კ.-ის სასარგებლოდ. კასატორი ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახალქალაქის რაიონული საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა საგადასახადო კოდექსის 223.4 მუხლის საფუძველზე ი. კ.-ს შესთავაზეს მოეხდინათ ბენზინის საწვავის რეალიზაცია და მიღებული თანხების ბიუჯეტში შეტანა, რაც ი. კ.-ის მიერ ნებაყოფლობით იქნა განხორციელებული. კასატორი თვლის, რომ 13100 ლიტრი საწვავის დაკარგვით ზიანი მიადგა არა ი. კ.-ს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტს.
საკასაციო პალატის სხდომაზე ი. კ.-მ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, მოწინააღმდეგე მხარეთა საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სხდომაზე დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შედეგად ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ახალქალაქის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 07.05.03წ. გადაწყვეტილების მე-4 ნაწილის გაუქმება, რომლის თანახმადაც ახალქალაქის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას ი. კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 18067,5 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალდების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება რეგისტრაციის, ლიცენზიის, მოწმობის ან სხვა მსგავსი დოკუმენტების აღების დადგენილი წესის დარღვევით არ ითვლება ამ ფიზიკური პირის დაბეგვრის მიზნით მისი მეწარმედ არცნობის საფუძვლად. ამდენად ი. კ.-ის საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის არ იყო ინდივიდუალური მეწარმე არ იწვევდა მისი დაბეგვრის მიზნით მეწარმედ არცნობას, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვის გარეშე არ იწვევს გადასახადების გადახდისაგან გათავისუფლებას.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საგადასახადო დეპარტამენტის ახაქალაქის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა, საგადასახადო კოდექსის 223.4 მუხლის საფუძველზე, ი. კ.-ს შესთავაზეს მოეხდინათ ბენზინის საწვავის რეალიზაცია და მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა, რაც ი. კ.-ის მიერ ნებაყოფლობით იქნა განხორციელებული. აღნიშნული დასტურდება საქმეში დაცული ი. კ.-ის მიერ ბანკში შეტანილი თანხების ქვითრებით. ი. კ.-ე დაეთახმა ბენზინის საწვავის სარეალიზაციო ფასს, გაეცნო და ხელი მოაწერა ახალქალაქის რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიერ შედგენილ 28.03.2000წ. და 29.03.2000წ. ოქმებს, რომელთა მიმართაც შენიშვნები არ გამოუთქვამს. ი. კ.-ის მიერ საფინანსო სანქციის ნებაყოფლობითი აღსრულება გამორიცხავდა საგადასახადო კოდექსის 244-ე, 245-ე მუხლებით გათვალისწინებული იძულებითი გადახდევინების ღონისძიებების გამოყენებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საგადასახადო ინსპექციის მუშაკების მიერ ი. კ.-ისათვის ბენზინის საწვავის რეალიზაციის შეთავაზება ემყარებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 223-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმადაც საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხავი და/ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის გამოვლენის შემთხვევაში გადამხდელს გადახდება აღურიცხავი ფასეულობებისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით, ხოლო საქონლისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი განიხილება, როგორც მათი მიწოდება და დაიბეგრება მოქმედი წესის შესაბამისად. მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის საბუღალტრო დოკუმენტებში აღურიცხაობა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რომელიც ასეთად ჩაითვლება შედეგის მიუხედავად, მათი ჩადენის ძალით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა არათანაზომიერად მაღალი ფასებით არარეალიზებული საწვავის ღირებულების ანაზღაურება. სახელდობრ, უკეთუ რეალიზებული 24900 ლიტრის საწვავის ღირებულება 19826 ლარს შეადგენდა, გაუგებარია დარჩენილი 13.100 ლიტრის საწვავის ღირებულების ანაზღაურების სახით საგადასახადო ინსპექციისათვის 18067,5 ლარის დაკისრება. აღნიშნული თანხა აღემატება მითითებული ოდენობის საწვავის ღირებულებას საწვავის იმ სარეალიზაციო ფასებში გაანგარიშების შემთხვევაშიც კი, რომელსაც ითხოვდა მოსარჩელე (0,49 აშშ დოლარი). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 13100 ლიტრი ბენზინის საწვავის დაკარგვით ი. კ.-ს ზიანი მიადგა ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციის მიერ. საკასაიცო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ ნაწილში წინააღმდეგობრივია და არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატის ხსენებული დასკვნა ეწინააღმდეგება პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ი. კ.-ს უნდა გადახდეს აღურიცხავი ფასეულობისა და საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით. შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის გამოვლენის შედეგად, კოდექსის 223.4 მუხლის საფუძველზე ი. კ.-ისათვის საქონლის ღირებულების საბაზრო ფასებით გადახდის მართებულობის აღიარება გამორიცხავდა 13100 ლიტრი ბენზინის საწვავის დაკარგვისათვის ზიანის ანაზღაურებას ი. კ.-ისათვის, ვინაიდან რეალიზებული ბენზინის მსგავსად, არარეალიზებული ბენზინის რაოდენობაც არ ყოფილა საბუღალტრო დოკუმენტაციაში აღრიცხული, ი. კ.-ს არ გააჩნდა მასზე შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც რეალიზებული ბენზინის მსგასად, იწვევდა გადამხდელისათვის მისი საბაზრო ფასით ღირებულების გადახდას. ამდენად, საწვავის დაკარგვით ზიანი მიადგა არა ი. კ.-ს, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ 38000 ლიტრიდან 28.03.2000წ. რეალიზებული იქნა 11500 ლიტრი, ხოლო 29.03.2000წ. – 13400 ლიტრი, სულ 24900 ლიტრი ბენზინის საწვავი, არ ადასტურებს დანარჩენი 13100 ლიტრის დაკარგვას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმების შედეგად ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ი. კ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას. საკასაციო პალატა, სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე, ათავისუფლებს ი. კ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.05.03წ. გადაწყვეტილება ... ბანკის ახალქალაქის ფილიალში ჩარიცხული 19826,69 ლარის დაბრუნების თაობაზე ი. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნის არ დაკმაყოფილების ნაწილში.
2. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს:
ა) თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.05.03წ. გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ეხება ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 12.01.01წ. გადაწყვეტილების ნაწილის უცვლელად დატოვებას, კერძოდ, საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის საგადასახადო ინსპექციისათვის 18.067,5 ლარის ი. კ.-ის სასარგებლოდ გადახდას და სახელმწიფო ბაჟის სახით 451,67 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრებას, გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
ბ) ი. კ.-ის სარჩელი მის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ახალქალაქის ზონალური ინსპექციისათვის 18067,5 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. ი. კ.-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.