Facebook Twitter

ბს-367-501-კ-03 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანების გაუქმება, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიმართ მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანების ბათილად ცნობისა და პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.06.02წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად გამოცხადდა 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანება, რ. გ-ი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი მცენარეთა დაცვის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის .......... თანამდებობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.06.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.06.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანება მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის ინსპექციის ........ რ. გ-ის, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აღიარებულ იქნა არაკანონიერად და იგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი ტოლფას თანამდებობაზე. სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად იქნა ცნობილი შემდეგი:

სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 25.02.02წ. ბრძანებით რ. გ-ი გათავისუფლდა მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ........ თანამდებობიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო კონტროლის პალატის მიერ წარდგენილი მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის 1999წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო კომპლექსური შემოწმების აქტი და მინისტრის მოადგილის 25.02.02წ. მოხსენებითი ბარათი. “რ. გ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ” მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანებით მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ....... , რ. გ-ის, ქმედება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შეფასებულ იქნა დისციპლინურ გადაცდომად, ვინაიდან რ. გ-ის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ...... რ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის 10.10.01წ. ¹373 და 12.11.01წ. ¹464 ბრძანებების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის 1999წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმების შესახებ 30.11.01წ. აქტით და აღნიშნული შემოწმების შესახებ კონტროლის პალატის ინფორმაციით, ინსპექციის მუშაობაში დადგენილია მთელი რიგი დარღვევები. პალატის მიერ მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანება არაკანონიერად იქნა ცნობილი, ვინაიდან არც კონტროლის პალატის 30.11.01წ. შემოწმების აქტსა და შესაბამის ინფორმაციაში, არც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილესთან ჩატარებულ სხდომასა და მოხსენებით ბარათში, არც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანებაში არ აღნიშნულა, თუ რა სახის დისციპლინური გადაცდომა იქნა ჩადენილი რ. გ-ის მიერ მაშინ, როდესაც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, რომლითაც შეფასდა რ. გ-ის ქმედება, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 23.05.02წ. ¹255 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილებები სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებაში, რომლითაც გაუქმდა ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია, შესაბამისად, პალატამ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ რ. გ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო პალატის 03.06.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ პასუხობს სსკ-ს 249-ე მუხლის მოთხოვნებს. სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითება იმის თაობაზე, თუ რა მოსაზრებებით უარყო და არ გაიზიარა სასამართლომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მტკცებულებები იმის თაობაზე, რომ რ. გ-მა ქ. ფოთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში 08.01.01წ. გაგზავნილი ¹5 წერილით კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეცვალა ტარიფი. ამასთანავე, სადავო აქტის არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში სზაკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, აქტი უნდა გამოცხადდეს ბათილად ან ძალადაკარგულად. ხსენებული მუხლების დარღვევით მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ ბრძანება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა არაკანონიერად. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი. აღნიშნული ნორმა არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ სტრუქტურული ერთეულის გაუქმების შემთხვევაში აღდგენა უნდა მოხდეს სხვა ტოლფას თანამდებობაზე, კანონმდებლობა არ შეიცავს ტოლფასი თანამდებობის ცნებას. კონსტიტუციის 81.2 და “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 16.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის დარღვევით მოსარჩელე ფაქტობრივად დაინიშნა ახალ თანამდებობაზე. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მის პოზიციას ამყარებს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 03.06.03წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არაკანონიერად იქნა ცნობილი მინისტრის სადავო ბრძანება და რ. გ-ი დაუყონვებლივ იქნა აღდგენილი ტოლფას თანამდებობაზე. კასატორი ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს, საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და ითხოვეს სააპელაციო პალატის 03.06.03წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. საქმის განხილვის პროცესში სასამართლომ შესთავაზა მხარეებს მორიგება. კასატორმა რ. გ-ს შესთავაზა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის _ თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექციის ....... ვაკანტური თანამდებობა, მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო სასამართლოს 03.06.03წ. გადაწყვეტილებაში მითითებულ ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენად მიიჩნევს საზღვრის ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურის ....... , რის გამო რ. გ-მა უარი განაცხადა კასატორის მიერ შეთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. საქართველოს პრეზიდენტის 23.05.02წ. ¹255 ბრძანებულებით და სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 19.06.02წ. ¹2-88 და 21.06.02წ. ¹2-90 ბრძანებებით მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ....... თანამდებობა, რომელიც ეკავა რ. გ-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ სადავო ბრძანების გამოცემამდე, გაუქმდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.09.02წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. გ-ის სარჩელი “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დაბულების დამტკიცების შესახებ” და “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 19.06.02წ. ¹2-88 და 21.06.02წ. ¹2-90 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 18.09.02წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილი რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.03წ. განჩინებით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.06.03წ. გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 25.02.02წ. ¹15-კ სადავო ბრძანება აღიარებულ იქნა არაკანონიერად და რ. გ-ი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი ტოლფას თანამდებობაზე. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი თანამდებობა წარმოადგენს ტოლფას თანამდებობას, რომელზედაც დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს რ. გ-ი, სასამართლომ კონკრეტულად არ მიუთითა სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვეგანაყოფზე და თანამდებობაზე, რომელიც ჩათვალა მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასად. აღდგენის მართლზომიერების გარკვევა საჭიროებდა იმის დადგენას, თუ რას ჰქონდა ადგილი მითითებული აქტების გამოცემის შედეგად _ დაწესებულების ლიკვიდაციას თუ რეორგანიზაციას.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო კონტროლის პალატის შემოწმების აქტსა და შესაბამის ინფორმაციაში აღნიშნული დარღვევები, სასამართლოს არ გაურკვევია, ჰქონდა თუ არა ადგილი აქტში მოყვანილ დარღვევებს. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმის ფორმალური აღნიშვნით, რომ კონტროლის პალატის აქტში, მინისტრის მოადგილის მოხსენებით ბარათსა და მინისტრის სადავო ბრძანებაში არ არის ნახსენები თუ რა სახის დარღვევა იქნა ჩადენილი რ. გ-ის მიერ მაშინ, როდესაც თავად სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ¹2-274 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის” დებულების თანახმად, ინსპექციის ....... წარმართავს ინსპექციის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონალური რგოლების საქმიანობას (34-ე პუნქტი), ამასთანავე, ინსპექციის ........ იმავდროულად არის საქართველოს ფიტოსანიტარული კარანტინის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი (29-ე პუნქტი). მინისტრის სადავო ბრძანებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე მითითება და კონტროლის პალატის აქტში მითითებულ დარღვევათა ხასიათი ნათლად ადასტურებს, რომ ინსპექციის ....... თანამდებობიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო რ. გ-ის სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება. ამდენად, უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანებაში არ არის მითითებული, თუ რა სახის დისციპლინური გადაცდომა იქნა ჩადენილი რ. გ-ის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის ინსპექციის 1999წ. 1 იანვრიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმების აქტში აღნიშნულ დარღვევათა შორის უმნიშვნელოვანეს დარღვევას ფიტოსანიტარული კარანტინის ფასიანი მომსახურების ტარიფის თვითნებური შეცვლა წარმოადგენდა, სააპელაციო პალატამ, სსკ-ს 246.4 მუხლის დარღვევით, საერთოდ არ იმსჯელა საქმის ამ ასპექტის შესახებ. “სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის ადრინდელი რედაქციის თანახმად ფოტოსანიტარული საკარანტინო მომსახურების ტარიფებს განსაზღვრავდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან შეთანხმებით. კონტროლის პალატის 30.11.01წ. აქტისა და საქმის მასალების მიხედვით რ. გ-მა 08.01.01წ. ¹5 წერილით ქ. ფოთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში თვითნებურად, ნორმატიული აქტის მიღებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, მოითხოვა ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებათა ფიტოსანიტარული კარანტინის ფასიანი მომსახურების ახალი ტარიფისა და ტრანზიტული გადაზიდვებისას მისი გამოყენების წესის შეცვლა. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია რ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების აღნიშნული საფუძვლის შესახებ, არ დაუდგენია განთავისუფლების ამ საფუძვლის მიმართ საქმის გარემოებები და არ მოუხდენია მათი სამართლებრივი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ 03.06.03წ. გადაწყვეტილება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი, რის გამო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ყველა გარემოება, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.06.03წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.