Facebook Twitter

ბს-372-502-კ-03 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაყიდვა-შესყიდვის შეჩერებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ჩ.-მ 16.07.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ვაჭრობის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა ობლიგაციების გაყინვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. სარჩელის ხარვეზის შევსების მიზნით ლ. ჩ.-მ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ობლიგაციების გაყინვით მიყენებული ზარალის 89080 ლარის ანაზღაურება. საქმის განხილვისას ლ. ჩ.-მ მოოითხოვა მიყენებული ზარალის 94015 ლარის ანაზღაურების დაკისრება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამნისტროსა და სს “გ.-სათვის”, რომელიც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 25.12.01წ. განჩინებით ლ. ჩ.-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩაბმული. 19.02.02წ. მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ობლიგაციის გაყინვით მისთვის მიყენებული ზიანის თანხა 45851 აშშ დოლარად განსაზღვრა.

ლ. ჩ.-ა სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 30.12.91წ. გათამაშებულ ტირაჟში 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის 3%-იანი ობლიგაციით მოიგო 12500 მანეთი, რაც აძლევდა მოგებული თანხის საკომპენსაციოთ მსუბუქი ავტომანქანის ურიგოდ გამოყვანის უფლებას. მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე, რომ გარდა მოგებული ობლიგაციებისა, დანაზოგის სახით გააჩნდა 65000 მანეთის ობლიგაციები. მას არ მიეცა ობლიგაციების ღირებულების თანხის გამოტანის შესაძლებლობა, რადგან 1992 წ. იანვრიდან ნოემბრამდე ყოველგვარი ოპერაცია ობლიგაციებთან დაკავშირებით შეწყვეტილი იყო. ამ ხნის განმავლობაში ფულმა განიცადა ჰიპერინფლაცია, რის შედეგადაც მოსარჩელემ მიმართა ფინანსთა სამინისტროს, სადაც მას რუსეთის მთავროვბისადმი, როგორც სსრ კავშირის სამართალმემკვიდრისადმი, მიმართვა ურჩიეს. ლ. ჩ.-მ მიმართა რუსეთის ფედერაციის მთავრობას მოგების საკომპენსაციოთ მსუბუქი ავტომანქანის გამოყოფის თაობაზე, ხოლო დანარჩენ ობლიგაციებზე ფულადი ანაზღაურების შესახებ. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს პასუხის თანახმად, 13.03.92წ. სამთავრობათაშორისო შეთანხმების მიხედვით მსუბუქი ავტომანქანა ობლიგაციის წარდგენიდან 6 თვეში უნდა გამოყოფილიყო, ხოლო ობლიგაციების ღირებულების თანხა საქართველოს მთავრობას უნდა აენაზღაურებინა 1991 წ. 1 იანვრამდე არსებული კურსის პროპორციულად. მოსარჩელე თვლიდა, რომ არ არის გამორიცხული, რომ მისი მოგებახვედრილი ობლიგაციით რომელიმე თანამდებობის პირმა ისარგებლა, დანაზოგი თანხა მას მოპოვებული აქვს მძიმე და პატიოსანი შრომით, დანაზოგი თანხის დაკარგვის საშიშროების გამო წლების განმავლობაში იმყოფებოდა ნერვიული სტრესის მდგომარეობაში, რამაც მძიმე დაავადება გამოიწვია, ამჟამად იგი I ჯგუფის ინვალიდია.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 07.03.02წ. გადაწყვეტილებით ლ. ჩ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ჩ.-ს მიერ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს 07.03.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროსა და სს “გ.-სათვის” 25000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრება, ფინანსთა სამინისტროსათვის 45861 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზრაურების დაკისრება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.06.03წ. განჩინებით ლ. ჩ.-ს საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1982 წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის 3%-იანი ობლიგაციით ¹038, სერია ¹208076 ლ. ჩ.-მ 30.12.91წ. გათამაშებულ ტირაჟში მოიგო 12500 მანეთი. მოგებახვედრილი ობლიგაცია მის მიერ შემნახველი ბანკის ჩუღურეთის ყოფილ ფილიალში 03.12.92წ. ჩაბარდა. “შემნახველი სალაროების მიერ 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის გავრცელებისა და ამ სესხის ობლიგაციების მოგებათა განაღდების წესის შესახებ” სსრკ ფინანსთა სამინისტროს და სსრკ სახელმწიფო ბანკის 30.07.81წ. ინსტრუქციის თანახმად, ფილიალის მიერ გადაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე საქართველოს რესპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობაში. ექსპერტიზის გავლის შემდეგ მოგებული თანხა _ 12500 მანეთი 15.04.93წ. ჩაირიცხა შემნახველი ბანკის ჩუღურეთის ყოფილ ფილიალში (ამჟამად სს “გ.-ს” დიდუბის ფილიალი) ლ. ჩ.-ს სახელზე გახსნილი ანაბრის ¹175610 ანგარიშზე, ხოლო ობლიგაცია არსებული წესის თანახმად 18.06.93წ. გადაიგზავნა განაღდებული ფასიანი ქაღალდების შემოწმებისა და განადგურების საწარმოში.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება დავის გადაწყვეტისას სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენების შესახებ, ვინაიდან არ ჰქონია ადგილი დენომინაციას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აგრეთვე აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ობლიგაციებმა 65000 მანეთის ოდენობით განიცადა ჰიპერინფლაცია, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ერთეულის გარკვეული რაოდენობა, რომელიც ამჟამად ირიცხება სს “გ.-ს” ზუგდიდისა და დიდუბის ფილიალში ლ. ჩ.-ს სახელზე იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებით (მინისტრთა კაბინეტის და ეროვნული ბანკის 24.07.93წ. ¹575 დადგენილების და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ბრძანებულებით) გათვალისწინებული გადაანგარიშების შესაბამისად. პალატამ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამნისტროს ლ. ჩ.-სათვის ზიანი არ მიუყენებია, მართებულად იქნა მიჩნეული ლ. ჩ.-სათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაიული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.06.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. ჩ.-ს მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, დარღვეულია სსკ-ის 393.2 მუხლის მოთხოვნები. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს 1992წ. 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდს, რადგან ამ პერიოდში მოხდა მისი დაზარალება და მხოლოდ ამ პერიოდით უნდა შემოფარგლულიყო სასამართლო. დაზარალების მიზეზს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და არა ინფლაცია, მიუხედავად ამისა სასამართლომ მთელი ყურადღება გადაიტანა სრულიად სხვა პერიოდზე _ 1995 წ. კუპონის ინფლაციაზე, რაც არ შეადგენდა განხილვის საგანს, შესაბამისად გადაწყვეტილება სრულიად შეუსაბამოა სარჩელის შინაარსთან.

კასატორი თვლის, რომ 13.03.92წ. სამთავრობათაშორისო შეთანხმების თანახმად, 65000 მანეთის ღირებულების ობლიგაციაზე ეკუთვნოდა კონპენსაცია ობლიგაციების გაყინვით გამოწვეული დაზარალების გამო. სწორედ აღნიშნული შეადგენდა სარჩელის დედააზრი. შეთანხმების ამ დებულების მიხედვით აუნაზღაურა ობლიგაციების ვალი რუსეთის შემნახველმა ბანკმა რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს წერილში მითითებულია, რომ საქართველოც იყო ვალდებული მიეღო ანალოგიური გადაწყვეტილება, ვინაიდან ზარალის ოდენობა შემნახველ წიგნაკში აღრიცხულ თანხაზე ბევრად მეტი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით იგნორირებულია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 29.02.92წ. ¹253 დადგეილების მე-5 პუნქტში საქართველოს რესპუბლიკის ნაკისრი პასუხისმგებლობა ობლიგაციების გაყინვის შედეგებზე.

კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ გათამაშების ბოლო ტირაჟში ობლიგაციით მოგებული თანხით ეძლეოდა მსუბუქი ავტომანქანის ურიგოდ შეძენის უფლება, მაგრამ შემნახველი ბანკის და ვაჭრობის სამინისტროს გულგრილობისა და თავიანთი სამსხურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მას ეს უფლება წაერთვა და თანხაც დაეკარგა, ვინაიდან მათი მტკიცებულებით ის სადღეისოდ ორ თეთრს შეადგენს. აღნიშნულის შედეგად კასატორი თავს მატერიალურად და ფიზიკურად (შეერყა ჯანმრთელობა), ასევე მორალურად (ცრუ დაპირებები) დაზარალებულად თვლის, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 411-ე მუხლი, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მანქანის მიყიდვის ინსტრუქციის მე-6 თავის მოთხოვნების შეუსრუებლობას, რითაც პასუხისმგებლობა მოუხსნა ორივე უყწყებას.

კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ რაიონული სასამართლოს 07.03.02წ. მთავარ სხდომაზე ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. ბ.-მ განაცხადა თანხმობა კომპენსაციაზე, რაც ოქმში არ ასახულა, მოსამართლემ სსკ-ის 218.4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ჩაშალა მორიგება. კასატორი უთითებს აგრეთვე იმას, რომ 23.04.03წ. და 04.06.03წ. სხდომაზე არ გამოცხადდა ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი, 04.06.03წ. სხდომაზე მან მიმართა სასამართლოს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების განმოტანის შესახებ, მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რითაც დაირღვა სსკ-ის 387-ე, სასკ 261 მუხლის მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას, ვინაიდან სარჩელში დასმული საკითხები უპასუხოდ და უყურადღებოდ იქნა დატოვებული ორი სასამართლო ინსტანციის მიერ.

სს “გ.-ის” წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და აღნიშნა, რომ ობლიგაციების გაყინვით მიყენებული ზიანის ნაწილში ბანკი წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებების მიერ 1982 წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაყიდვა და შესყიდვა 1992წ. 5 მარტიდან 1 ოქტომბრამდე შეწყდა მინისტრთა კაბინეტის 29.02.92წ. ¹253 დადგენილებით. არ არსებობს აგრეთვე ბანკზე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ბანკმა სათანადოდ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. სსრკ ფინანსთა სამინისტროს და სსრკ სახელმწიფო ბანკის 30.07.81წ. ინსტრუქციის თანახმად ლ. ჩ.-ს მიერ 03.12.92წ. წარმოდგენილი ობლიგაცია ¹38, სერია ¹208076, თანრიგი 24, შემნახველი სალაროს ჩუღურეთის განყოფილების მიერ ექსპერტიზისათვის გადაეგზავნა საქართველოს რესპუბლიკის შემნახველი ბანკის გამგეობის ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზის განყოფილებაში, რის დამადასტურებელი საბუთი გადაეცა მოსარჩელეს. ექსპერტიზის მიერ ობლიგაციის გადასახადუნარიანად ცნობის შემდგომ, ფულგზავნილის საფუძველზე, მოსარჩელეს თანხა ჩაერიცხა მის მიერ საამისოდ საგანგებოდ 03.12.92წ. გახსნილ ანგარიშზე, ხოლო ვაჭრობის სამინისტროს ეცნობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ავტომანქანის ურიგოდ შეძენის უფლება, წერილის ასლი გადაეცა ლ. ჩ.-ს, ხოლო განაღდებული მოგებახვედრილი ობლიგაცია დადგენილი წესის შესაბამისად გასანადგურებლად გადაეგზავნა ფასიანი ქაღალდების შემოწმებისა და განადგურების საწარმოს. ლ. ჩ.-ს სარჩელზე ჩარიცხული თანხა სადღეისოდ ირიცხება ლ. ჩ.-ს სახელზე სს “გ.-ს” დიდუბის ფილიალში და მინისტრთა კაბინეტის და ეროვნული ბანკის 24.07.93წ. ¹575 დადგენილების და სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹363 ბრძანებულების საფუძველზე შეადგენს 0,02 ლარს. რაც შეეხება შემნახველი ბანკის სენაკის განყოფილების მიერ მოსარჩელის სახელზე 28.12.92წ. გახსნილ ანაბარს, ის დღემდე ირიცხება კასატორის სახელზე სს “გ.-ს” ზუგდიდის ფილიალში და ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად შეადგენს 0,07 ლარს. ამდენად, ბანკის წარმომადგენელი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი, კასატორი ვერ ასახელებს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, რის გამო კასატორს სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე უარი უნდა ეთქვას კასაციის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო აგრეთვე საქმეში მოპასუხედ ჩართულმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ინსტრუქციის მე-6 თავის თანახმად ფულგზავნილთან ერთად სსრკ სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების გამგეობა სსრკ ვაჭრობის სამინისტროში აგზავნიდა შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებდა მოგებახვედრილი ობლიგაციის რეკვიზიტებს, ობლიგაციის მფლობელს. სსრკ ვაჭრობის სამინისტრო თავის მხრივ აძლევდა განკარგულებას რესპუბლიკის ვაჭრობის სამნისტროს ავტომანქანის ურიგოდ მიყიდვის შესახებ. მსგავსი განკარგულება საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს არ მიუღია, რადგან სსრ კავშირის დაშლის გამო მოიშალა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. მიუხედავად ამისა, ვაჭრობის სამნისტრომ 29.07.93წ. გადაუგზავნა შეტყობინება მოსარჩელეს იმის შესახებ, რომ რუსეთსა და საქართველოს სათანადო ორგანოების წინაშე დასმული იყო საკითხი ურთიერთობების მოგვარების შესახებ. საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცება იმის შესახებ, რომ მანქანის მიუღებლობით გამოწვეული ნერვუიული სტრესის შედეგად კასატორი გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, რის საკომპენსაციოდ ითხოვს 25000 ლარს, არ არის გამოკვეთილი ბრალის ხარისხი, შემთხვევა დაუსაბუთებელია. 1964 წ. სკ-ით, რომლის მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სადავო ურთიერთობები არ ითვალისწინებდა მორალური ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტს. გარდა ამისა, სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადები გაცდენილია. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის საფუძვლები არ ცნო აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა ლ. ჩ.-მ, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დავის საგანს წარმოადგენს არა ანაბრების ინდექსაცია, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, 1982 წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაყიდვა-შესყიდვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კასატორმა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

“1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციებზე ტირაჟების ჩატარების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსახლეობაში არსებული ობლიგაციების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 29.02.92წ. ¹253 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად 1992წ. 5 მარტიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოს რესპუბლკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებების მიერ შეწყდა 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაყიდვა და შესყიდვა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას ზიანი მიადგა ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ვინაიდან სსრ კავშირის დაშლასთან დაკავშირებით და საკავშირო სტრუქტურიების გაუქმების გამო არ არსებობდა ობლიგაციების მართვის გარანტი ორგანო, ხოლო რუსეთმა შეწყვიტა ობლიგაციების გაყიდვისა და შესყიდვის ოპერაციები, რის გამო საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული შეიქმნა დროებით მიემართა აღნიშნული ზომისათვის. მინისტრთა კაბინეტის 29.02.92წ. ¹253 დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით ობლიგაციების გაყიდვისა და შესყიდვის შეჩერების შედეგად მოსახლეობაში არსებულ ობლიგაციებზე ვალდებულებებს მთლიანად თავის თავზე კისრულობდა საქართველოს რესპუბლიკა. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კომპენსაციის მიღებაზე უარის თქმით სასამართლოები იგნორირებენ ხსენებული ნორმით და სამთავრობათაშორისო შეთანხმებით სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებას. “ყოფილი სსრ კავშირის შინაგანი სესხის მომსახურების პრონციპების და მექანიზმის შესახებ” 13.03.92წ. შეთანხმების მე-4 მუხლის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 1982წ. გამოშვების შინაგანი მომგებიანი სესხის სახელმწიფო ობლიგაციების და 1991წ. გამოშვებული ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების კონვერსიის გატარება შესაბამისი თანხების ბანკებში ანაბრებზე გადარიცხვის, სახელმწიფო სესხის ობლიგაციის გაცვლის და ამ შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის სახსრების სხვა ფორმების მოზიდვის გზით. აღნიშნული შეთანხმების და მინისტრთა კაბინეტის 29.02.92წ. ¹253 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 02.11.92წ. ¹1030 დადგენილებით ფინანსთა სამინისტროს ნება დაერთო ბრუნვაში გამოეშვა საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები. მინისტრთა კაბინეტის 02.11.92წ. ¹1030 დადგენილების მე-12 პუნქტის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს 1992წ. 1 დეკემბრიდან 1993წ. 1 იანვრამდე მიეცათ უფლება ნებაყოფლობით მოეხდინათ 1982წ. ყოფილი სსრკ სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაცვლა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო 1992წ. მომგებიანი სესხის ობლიგაციებსა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ფასიან ქაღალდებზე. იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუნაღდებელი დარჩათ 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 15.01.93წ. ¹9 დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი 02.11.92წ. ¹1030 დადგენილების მე-12 პუნქტში, რომლის ძალითაც მოქალაქეებს 1993წ. 1 თებერვლამდე მიეცათ უფლება ნებაყოფლობით მოეხდინათ 1982წ. ყოფილი სსრკ სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაცვლა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე, მათ შორის საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. სახელმწიფო სესხის ობლიგაციებსა და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის ფასიან ქაღალდებზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ 1982წ. ყოფილი სსრკ სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები კარგავდნენ ძალას და არ ექვემდებარებოდნენ ანაზრაურებას. სადღეისოდ, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება აღიარებულია სახელმწიფო საშინაო ვალდებულებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1982წ. სსრკ სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციები უნდა ანაზღაურდეს 1991 წ. 1 იანვრამდე არსებული კურსით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორატიული აქტები ძალაშია, მათი ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობის საკითხი არ დამდგარა, რაც თავისთავად გამორიცხავს ობლიგაციების გაყიდვა-შესყიდვის შეჩერებით ზიანის ანაზღაურებას. უსაფუძვლოა კასატორის მითითება სზაკ-ის 209-ე მუხლზე, ვინაიდან ობლიგაციების გაყიდვა-შესყიდვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის დაწესებულებების მიერ 1992წ. 5 მარტიდან 1 ოქტომბრამდე შეწყდა რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის და არა მხოლოდ კასატორის მიმართ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 30.12.91წ. გათამაშებულ ტირაჟში 1982 წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის 3%-იანი მოგებახვედრილი ობლიგაციით ლ. ჩ.-მ მოიგო არა მსუბუქი ავტომანქანა, არამედ თანხა, რომლითაც “შემნახველი სალაროების მიერ 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის გავრცელებისა და ამ სესხის ობლიგაციების მოგებათა განაღდების წესის შესახებ” სსრკ ფინანსთა სამინისტროსა და სსრკ სახელმწიფო ბანკის 30.07.81წ. ინსტრუქციის მიხედვით ჰქონდა ავტომობილის ურიგოდ შეძენის უფლება, ავტომანქანის შესყიდვის პერიოდში არსებულ ფასებში. მითითებული ინსტრუქციის მე-5 პუნქტის თანახმად მოგებახვედრილი ობლიგაცია ექსპერტიზისათვის იგზავნებოდა სსრკ სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების გამგეობაში, რის შესახებაც ობლიგაციის მფლობელს ეძლეოდა აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთი. ინსტრუქციის მე-6 თავის მიხედვით, ექსპერტიზის მიერ მოგებახვედრილი ობლიგაციის გადახდისუნარიანად ცნობის შემთხვევაში, სსრკ სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების გამგეობის ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზის განყოფილება შემნახველ სალაროს უგზავნიდა ფულგზავნილს, აღნიშვნით “ავტომობილის ურიგოდ შეძენისათვის”, ფულგზავნილის საფუძველზე შემოსული თანხა ირიცხებოდა ობლიგაციის მფლობელის ანარიშზე. ავტომობილის ურიგოდ მიყიდვა ხორციელდებოდა სსრკ ვაჭრობის სამინისტროს მიერ, ავტომობილით მოვაჭრე სპეციალური მაღაზიების მეშვეობით. სსრკ სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების გამგეობა სსრკ ვაჭრობის სამინისტროში აგზავნიდა შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებდა მოგებახვედრილი ობლიგაციის ნომერს, სერიას, ობლიგაციის მფლობელის გვარს, სახელს, მამის სახელს, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებს. აღნიშნულის შემდეგ სსრკ ვაჭრობის სამინისტრო გასცემდა განკარგულებას მოკავშირე რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს პირისათვის ავტომობილის ურიგო მიყიდვის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოგებახვედრილი ობლიგაცია ლ. ჩ.-ს მიერ 03.12.92წ. ჩაბარდა შემნახველი ბანკის ჩუღურეთის ყოფილ ფილიალში. არსებული წესის მიხედვით, ობლიგაცია გადაიგზავნა ექსპერტიზისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის გამგეობაში. ექსპერტიზის გავლის შემდეგ, ფულგზავნილის საფუძველზე, სსრ კავშირის სტრუქტურების დაშლის გამო, მოგებული ობლიგაციის თანხა _ 12500 მანეთი 15.04.93წ. ჩაირიცხა შემნახველი ბანკის ჩუღურეთის ყოფილ ფილიალში (ამჟამად სს “გ.-ს” დიდუბის ფილიალი) ლ. ჩ.-ს სახელზე გახსნილ მოთხოვნამდე ანაბრის ¹175610 ანგარიშზე, ხოლო ობლიგაცია არსებული წესის თანახმად 18.06.93წ. გადაიგზავნა განაღდებული ფასიანი ქაღალდების შემოწმებისა და განადგურების საწარმოში. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ამ ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

უმართებულოა კასატორის მოთხოვნა სადავო სამართალურთიერთობებში სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენების შესახებ. აღნიშნული მუხლი არ მოქმედებდა კასატორის სახელზე გახსნილ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვისას, ამასთანავე თანხის ლ. ჩ.-ს სახელზე გადარიცხვის დროს ადგილი არ ჰქონია ვალუტის შეცვლას. ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს მოქმედებს ე.წ. ნომინალიზმის პრინციპი, რომლის თანახმად ვალდებულება ნაკისრ თანხაში უნდა დაიფაროს. უმართებულოა ფულადი ვალის შინაარსის გაიგივება გარკვეულ მსყიდველობითუნარიანობასთან, ფულადი ვალდებულების საგანს წარმოადგენს ფულადი ნიშნების გარკვეული თანხა, ფულის მსყიდველობითუნარიანობის ცვალებადობა არ ცვლის ვალის თანხას, არ წარმოადგენს გადასახდელი თანხის გადაფასების საფუძველს. აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად ფულის მსყიდველობითუნარიანობა ნომინალის მიხედვით განისაზღვრება. იურიდიული ნომინალიზმის პრინციპი წარმოადგენს ფულადი გაანგარიშებების და გადახდების საფუძველს, რომელსაც შეაქვს საჭირო ფორმალური სიცხადე ურთიერთობებში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ჩ.-ს სახელზე ჩარიცხული თანხა _ 12500 მანეთი სადღეისოდ ირიცხება მის სახელზე სს “გ.-ს” დიდუბის ფილიალში. ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა უკვე მოგებახვედრილი ობლიგაციებისათვის კუთვნილი თანხის ჩარიცხვის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 24.07.93წ. ¹575 დადგენილების და საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹363 ბრძანებების თანახმად, ლ. ჩ.-ს სახელზე ჩარიცხული თანხა _ 12500 მანეთი დღეის მდგომარეობით შეადგენს 0.02 ლარს, ხოლო 65000 ობლიგაციების ღირებულება 0,07 ლარს, რომელიც ირიცხება ლ. ჩ.-ს სახელზე სს “გ.-ს” ზუგდიდის ფილიალში. ამასთანავე, განსახილველი საქმის დავის საგანს შეადგენს 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაყიდვა-შესყიდვის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და არა ანაბარზე რიცხული თანხების ინდექსაცია, “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბანკში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება.

ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება არა ანაბრების დაბრუნებას, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, კერძოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 29.02.92წ. ¹253 დადგენილებით 1982წ. სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გაყიდვის და შესყიდვის შეჩერებით ზიანის ანაზღაურების საკითხს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ჩ.-ს მოთხოვნა არის ხანდაზმული, ლ. ჩ.-მ სასარჩელო განცხადებით სასამართლოს მიმართა 16.07.01წ., შესაბამისად გაცდენილია სკ-ის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის სამწლიანი ვადა. 1964წ. სკ თანახმად აღნიშნული ვადის დინების შეწყვეტის ან შეჩერევბის საფუძველს არ წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოებისადმი მიმართვა, ვაჭრობის სამინისტროს წერილები.

სკ-ის 413-ე მუხლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სადავო სამართალურთიერთობები წარმოშობილია 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პირობებში, რომელიც არ ითვალისწინებდა მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. ამჟამად მოქმედი სკ-ის 1507-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომელიც წარმოიშვა მისი ამოქმედების შემდეგ. არ არსებობს აგრეთვე სადავო ურთიერთობების მიზეზობრივი კავშირი კასატორის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოშლასთან, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ჯანმრთელობის მოშლის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელია.

საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას სამინისტროს წარმომადგენლის მიერ კომპენსაციის ნაწილზე თანხმობის განაცხადი. აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმით, ლ. ჩ.-ს სხდომის ოქმზე შენიშვნები სსკ-ის 291-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოუდგენია, ამსთანავე საქმეში დაცული ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლის ლ. ბ.-ის შესაგებელი ლ. ჩ.-ს სააპელაციო საჩივარს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთანავე, სასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით ადმინისტაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი თუ სასკ-ით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასკ-ის 3.2 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სასამართლოს მიერ სსკ-ის 218.4 მუხლის დარღვევის შესახებ. ამასთანავე, სსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები.

სასკ-ის 1.2 და 261 მუხლის თანახმად ადმნისტრაციულ სამართალწარმოებაში არ დაიშვება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოიტანა, შესაბამისად უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნდა დაკმაყოფილდებულიყო 04.06.03წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი შუამდგომლობა სსკ-ის 387.2 მუხლის საფუძველზე საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ლ. ჩ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის, სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მხულის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ჩ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.06.03წ. განჩინება.

2. ლ. ჩ.-ა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.