ბს-375-503-კ-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 27 ივლისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ს.-მ” მოპასუხე გარდაბნის ზონალური საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რის საფუძველზეც მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად დარიცხული 88396,69 ლარის არაკანონიერად ცნობა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: ქვემო ქართლის კონტროლის პალატის 1996წ. 15 სექტემბრის რევიზიის აქტის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა 88396,69 ლარის, როგორც ძირითადი დავალიანებისა და სანქციის სახით 108923,43 ლარის გადახდა. აღნიშნული საკითხი შეისწავლა გარდაბნის რაიონის პროკურატურამ, რაზედაც 1998წ. 12 მარტს გამოიტანა ¹ლნ-97 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ სს “ს.-ს” ბიუჯეტის დავალიანება არ ერიცხებოდა. გამონაკლისს წარმოადგენდა 66,70 ლარი და 5874,70 ლარი, რომელთა ამოღება პრეზიდენტის 23.09,96წ. ¹625 ბრძანებულების მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, გადავადდა 1999წ. 1 იანვრამდე 24% სარგოს გადახდით. პროკურატურის დადგენილებით სააქციო საზოგადოების მიმართ საქმე არ აღიძრა დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.
მოსარჩელის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთშედარების აქტის შესაბამისად მას ბიუჯეტში ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა, მოპასუხე უსაფუძვლოდ ედავება კონტროლის პალატის მიერ დარიცხულ 197320 ლარს, რაც საურავის გათვალისწინებით შეადგენს 636703 ლარს.
მოპასუხემ გარდაბნის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მისი, როგორც არასათანადო მოპასუხის, სათანადო მოპასუხით, საქართველოს კონტროლის პალატით, შეცვლა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი “ს.-ზე” უკანონოდ დარიცხული 88396,69 ლარი. გადაწყვეტილება დაეყრდნო საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც კონტროლის პალატის მიერ თანხები უსაფუძვლოდ დარიცხულად იქნა მიჩნეული.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2002წ. 9 ოქტომბერს სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
აპელანტს მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. სასამართლომ აპელანტს არ გადაუგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები, გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. საქმეზე მოპასუხედ მიჩნეული უნდა ყოფილიყო საქართველოს კონტროლის პალატა, ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მას ეკისრება მისივე აქტის კანონზომიერების მტკიცება.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არასათანადო მოპასუხე მოსარჩელის თანხმობით შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს კონტროლის პალატით, შესაბამისად, არასათანადო მოპასუხე საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
სს “ს.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ “ს.-ის” სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და ჩათვალა, რომ აღნიშნული არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1996წ. 15 სექტემბერს კონტროლის პალატის დოკუმენტური რევიზიის აქტით მოსარჩელეს დაერიცხა 197320 ლარი და 12 თეთრი, რაც მას კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.
გარდაბნის რაიონული პროკურატურის 1997წ. 10 ოქტომბრის დადგენილებით არ აღიძრა საქმე დანაშაულის არარსებობის გამო.
პროკურატურის მითითებული დადგენილება ეყრდნობა პროკურატურისავე დადგენილებით დანიშნულ საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნას. პროკურატურის კითხვების საფუძველზე საბუღალტრო ექსპერტიზამ ფაქტობრივად შეამოწმა და იმსჯელა კონტროლის პალატის აქტის კანონიერებაზე, დარიცხული თანხების მართლზომიერებაზე, რისი კომპეტენციაც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არც პროკურატურას და არც საბუღალტრო ექსპერტიზას მოქმედი კანონმდებლობით არ გააჩნდა.
საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შემოწმების მასალები გარდაბნის რაიონულ პროკურატურას გადაეგზავნა არა იმ მიზნით, დაედგინა კანონიერი იყო თუ არა შემოწმების აქტი, არამედ განესაზღვრა ხომ არ ჰქონდა ადგილი იმგვარ დარღვევებს, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პროკურატურის, ისევე, როგორც საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილება, დადგენილია კონსტიტუციითა და Dშესაბამისი კანონით, არც ერთი ნორმატიული აქტით პროკურატურის კომპეტენციას არ განეკუთვნება კონტროლის პალატის აქტის კანონიერების შემოწმება.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-მ”.
კასატორს მიაჩნდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება იყო უკანონო. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, რითიც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოკლე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 25 თებერვალს. 2002წ. 25 მარტს ნაცვლად იმისა, რომ შეეტანა დამატებითი სააპელაციო საჩივარი, საქართველოს კონტროლის პალატამ მიუთითა, რომ შეკრებილი მასალების დეტალური შესწავლის შედეგად მისი მხრიდან მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული სამართალწარმოების შემდგომი წარმართვა და სააპელაციო საჩივარი გამოითხოვა სასამართლოდან.
2002წ. 9 ოქტომბერს საქართველოს კონტროლის პალატამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ.
გარდაბნის რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილება საქართველოს კონტროლის პალატას ჩაბარდა 2002წ. 28 იანვარს.
სსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან გათვალისწინებული არ იქნა. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კონტროლის პალატამ უარი თქვა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
კასატორს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნდა სააპელაციო სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატის დოკუმენტური რევიზიის აქტი მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით და ვადაში არ გაუსაჩივრებია.
სს “ს.-მ” ქვემო ქართლის კონტროლის პალატის აქტი გაასაჩივრა კონტროლის პალატაში, რის თაობაზეც სათანადო აღნიშვნა გააკეთა აქტზევე. საჩივარში მითითებული იყო თანხების არასწორად დარიცხვის შესახებ და რომ საჭირო იყო მისი დამატებითი გადამოწმება. აღნიშნულზე კონტროლის პალატას რეაგირება არ მოუხდენია. კონტროლის პალატამ თავად გადააგზავნა საქმე გარდაბნის რაიონის პროკურატურაში. პროკურატურამ იმის გასარკვევად, რომ საბოლოოდ დადგენილიყო, თუ რა თანხა ჰქონდა “ს.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი, დანიშნა სასამართლო საბუღალტრო ექსპერტიზა.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ “ს.-ს” ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა 66,70 ლარი და 5874,70 ლარი (რომელიც უკვე გადახდილია ბიუჯეტში) და არა 197320 ლარი, როგორც ეს კონტროლის პალატის აქტში იყო მითითებული.
კასატორისათვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ მიიჩნია სასამართლომ პროკურატურის დადგენილება და საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა მტკიცებულებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 404-ე მუხლის I და II ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების კანონიერების საკითხი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჩივრის წარმოებაში მიღებისას ადგილი არა აქვს პროცესუალური ნორმების დარღვევას. კერძოდ, გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ “ს.-ის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია 2001წ. 4 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კონტროლის პალატისათვის უწყების სსკ-ის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტს.
კონტროლის პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2002წ. 25 თებერვალს, რომელიც, ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ვადის დარღვევით შეტანილად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა შემდეგი, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო, 10 დღის განმავლობაში სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაედგინა ხარვეზი და საჩივრის ავტორისათვის მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. იმის გათვალისწინებით, რომ რაიონული სასამართლოს მიერ უხეშად დაირღვა სსკ-ის 371-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყვნებლივ გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე, დამატებით შემოსულ ყველა მასალას, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივართან მიმართებაში დაეცვა საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს საქმე გადაეგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ წარადგინა განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. იმის გათვალისწინებით, რომ კონტროლის პალატის მიერ 2002წ. 25 თებერვალს, ვადის დაცვით შეტანილი იყო სააპელაციო საჩივარი, იმთავითვე გამოირიცხა ვადის აღდგენის საჭიროება და სააპელაციო საჩივარი ჩაითვალა წარმოებაში მიღებულად.
რაც შეეხება კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატის მიერ “გამოთხოვილი” იქნა სააპელაციო საჩივარი, რის გამოც სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და გადაეწყვიტა საქმე, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის “გამოთხოვის” განცხადებას, რომელიც დათარიღებულია 25.03.02 წლით, ხელს აწერს პალატის აპარატის უფროსი.
სსკ-ის 93-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა და ორგანიზაციის სახელით მოქმედებდა.
უდავოა, რომ კონტროლის პალატის აპარატის უფროსი არ განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, ვინც უფლებამოსილია, კონტროლის პალატა წარმოადგინოს მე-3 პირებთან თუ სასამართლოსთან ურთიერთობაში. ხოლო, რაც შეეხება წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საქმეში არათუ წარმოდგენილი არ არის სსკ-ის 98-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად გაცემული რწმუნება, არამედ საერთოდ არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ამ უკანასკნელს მიანიჭებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე უარი განაცხადა არაუფლებამოსილმა პირმა, სააპელაციო სასამართლო ვერ მიიღებდა უარს და მით უფრო, აღნიშნულის საფუძველზე ვერ შეწყვეტდა საქმის წარმოებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩ ნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს პროცესუალური ნორმების დარღვევას და მოცემულ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამარათლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობისა და უკანონობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით:
მართალია, კასატორი სადავოდ ხდის საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მისი მხრიდან კონტროლის პალატის აქტი გასაჩივრდა და კონტროლის პალატას მოეთხოვა აქტის კანონიერების გადამოწმება, მაგრამ საქმეში კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, რის გამოც, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის დოკუმენტური რევიზიის 1996წ. 15 სექტემბრის აქტი კასატორს კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ პროკურატურის შესახებ კანონის შესაბამისად, პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გარკვევა და არა აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების სისწორის შემოწმება. რაც შეეხება კონტროლის პალატის აქტის გასაჩივრების წესსა და პროცედურას, აღნიშნული დადგენილია კონტროლის პალატის შესახებ კანონის საფუძველზე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის მხრიდან დაცული არ ყოფილა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე და ექსპერტის დასკვნა, რომელიც აღნიშნულ დადგენილებას დაედო საფუძვლად, სსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე არ განეკუთვნება იმ ფაქტების კატეგორიას, რომელიც მხარეს ათავისუფლებს ვალდებულებისაგან წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება მისი მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა თანხის დარიცხვის არაკანონიერების ფაქტს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და ვერ დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.