ბს-376-504-კ-03 20 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 15 მარტს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ამიერკავკასიის რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების, ვ. პ.-ის, მესამე პირის ნოტარიუს თ. ფ.-ს მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹22 საცხოვრებელი ბინა ვ. პ.-ს, როგორც სამხედრო მოსამსახურეს, გამოეყო სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მიერ. 1990წ. 8 დეკემბერს ყოფილი სსრკ-ს დაშლის შემდეგ ავტომატურად გაუქმდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტრო და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტებისა და ქონების პირად მემკვიდრედ მიჩნეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მთავრობის 1992წ. 23 აპრილის ¹416 დადგენილების შესაბამისად. “ყოფილი საკავშირო სამხედრო ჯარებისა და დაწესებულებებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის ნაკვეთების, მათზე განლაგებული სამხედრო დაწესებულებების, სამხედრო საზღვაო ნაგებობის, ძირითადი ფონდების გადაცემის მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემისა და მოხმარების სფეროს განსაზღვრის შესახებ” 1992წ. 9 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის ¹381 დადგენილების პირველი პუნქტის მეორე ნაწილი და მეორე პუნქტის მეორე ნაწილი პირდაპირ ითვალისწინებდნენ ამიერკავკასიის ყველა სახეობის ჯარისა და სამხედრო უწყების ქონების (მათ შორის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდები) ბალანსიდან ბალანსზე თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემას.
1992წ. 17 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელ გ. შ.-ესა და ვ. პ.-ს შორის დაიდო საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ე.წ. პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად დამოწმდა და დარეგისტრირდა ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემული პრივატიზაციის ხელშეკრულება ექვემდებარება ბათილად ცნობას, ვინაიდან პრივატიზაციის ობიექტს წარმოადგენდა ბინა, რომელიც, თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებისა, ექვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემას და არა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისადმი პრივატიზაციით გადაცემას.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. პ.-ის წარმომადგენელმა ლ. ზ.-მა მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. პ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო ბინიდან გამოსახლებულ იქნა ა. კ.-ი თანმხლებ პირებთან ერთად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 26 აპრილის განჩინებით იგი უცვლელად დარჩა. გადაწყვეტილება იმ დროისათვის კანონიერ ძალაში არ იყო შესული. ლ. ზ.-მ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კავშირში იყო განსახილველ სარჩელთან და მისი კანონიერ ძალაში შესვლამდე თავდაცვის სამინისტროს სარჩელის განხილვა შეუძლებელი იყო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 მაისის განჩინებით ვ. პ.-ის წარმომადგენლის _ ლ. ზ.-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 23 აპრილის ¹446 დადგენილებით სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტებისა და ქონების პირდაპირ მემკვიდრედ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ჩაითვალა. “ყოფილ საკავშირო სამხედრო უწყებათა ჯარებისა და დაწესებულებისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მიწის ნაკვეთების, მათზე განლაგებული სამხედრო დასახლებების, სამხედრო-საზღვაო ბაზების, ძირითადი ფონდებისა და მთლიანად საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის და მოხმარების სფეროს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისა და სასაზღვრო ოლქის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული მიწის ნაკვეთები და ძირითადი ფონდები გადაეცა თავდაცვის სამინისტროს მუდმივ სარგებლობაში. აღნიშნული ქონების მიღება-ჩაბარების კონკრეტული ვადების განსაზღვრა დაევალა თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამხედრო უწყებებთან შეთანხმებით. მითითებული ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო ღონისძიებათა გასატარებლად შეიქმნა სამთავრობო კომისია. დადგენილებით განისაზღვრა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის, ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფართი გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამშობლოსათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომართა ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, როგორც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების კუთვნილი ქონება, ჯერ კიდევ 1992წ. 9 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში გადაეცა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა თავდაცვის სამინისტროს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე და მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ განსახილველი დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, “უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ექვსი წლით.’’
სააპელაციო სასამართლოს აზრით, თავდაცვის სამინისტროს თავისი უფლების დარღვევის შესახებ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა შეეტყო, ანუ 1992წ. 17 დეკემბერს, ვინაიდან სადავო ქონება თავდაცვის სამინისტროს 1992წ. 9 ოქტომბერს ჰქონდა საკუთრებაში გადაცემული, მოსარჩელემ კი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 15 მარტს მიმართა, ანუ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის უამრავი დადგენილებებისა, ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფება თავს არიდებს თავდაცვის სამინისტროსადმი ნებისმიერი ქონების ბალანსიდან ბალანსზე გადაცემას. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია იმ უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროსადმი გადაცემას. 1997წ. 7 მაისს დამტკიცებულ სამსახურებრივი ბინების სიაში სადავო ¹22 ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ... არ ირიცხება. თავდაცვის სამინისტრომ სადავო ბინის პრივატიზაციის შესახებ შეიტყო მხოლოდ 2000წ. მარტში, ამავე სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის – ა. კ.-ისაგან, რომლის მიმართაც ვ. პ.-ის მიერ აღძრული სამოქალაქო საქმე ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა, სადაც ვ. პ.-მ აღნიშნული ბინის პრივატიზაციის დოკუმენტები წარმოადგინა, ამიტომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ, მრავალჯერადი მოთხოვნების მიუხედავად, ვერ მიიღო სადავო ბინაზე სანოტარო საქმის დამოწმებული ასლი, რისი გაცნობის შემდეგ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების დამატებითი საფუძველი აღმოჩნდებოდა. სასამართლომ ასევე არ გაამახვილა ყურადღება თბილისის გარნიზონის საბინაო კომისიის თავმჯდომარის წერილზე, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული ბინის პრივატიზაციის შესახებ მათმა სამსახურმაც არაფერი იცოდა, არამცთუ თავდაცვის სამინისტროს შეიძლება რაიმე ინფორმაცია ჰქონოდა.
კასატორი მიიჩნევს, რომ 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებით აღნიშნული ბინაც და ქონებაც ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროსათვის და არა მოქალაქისათვის პრივატიზაციით გადაცემას.
კასატორის განმარტებით, ვ. პ.-ი ამჟამად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მას თავისივე სამსახურიდან მიღებული აქვს სანაცვლო ფართი რუსეთის ფედერაციაში. ქ. თბილისში არაკანონიერი წესით მითვისებული აქვს უსასყიდლოდ საუწყებო ბინა, რომელიც ზემოაღნიშნული საქართველოს მთავრობის დადგენილებების თანახმად, ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს და არა მოქალაქე ვ. პ.-ს. დარღვეულია ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლის ბრძანების მოთხოვნები, რის საფუძველზეც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჩაებარებინა საცხოვრებელი ბინა საქართველოში და მის სანაცვლოდ მიეღო რუსეთში. ვ. პ.-მ საცხოვრებელი ბინა სტავროპოლში მიიღო, ხოლო თბილისში უკანონო საპრივატიზაციო ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტროს საკუთრება უსასყიდლოდ მიითვისა.
კასატორის მითითებით, სადავო ბინის საპრივატიზაციო ხელშეკრულება 1992წ. 1 თებერვლის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების უხეში დარღვევით არის გაფორმებული, იმდენად, რამდენადაც მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ პრივატიზაციას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, სადავო ფართი კი სწორედ სამსახურებრივი ბინა გახლდათ და სამხედრო დაწესებულების ბალანსზეც ირიცხებოდა.
კასატორის აზრით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თავდაცვის სამინისტროს თავისი უფლებების დარღვევის შესახებ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა შეეტყო, ე.ი. 1992წ. 17 დეკემბერს. უდავოა ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას არანაირი (აუცილებელი პირობა) თანხმობა არ მიუცია და რაღა თქმა უნდა, მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნულის შესახებ. ნოტარიუსმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის დადგენილებების მოთხოვნები და კანონის უხეში დარღვევით შეგნებულად დაუშვა შეცდომა და პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებით თავდაცვის სამინისტრო დააზარალა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, თავდაცვის სამინისტროს, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტრომ სადავო ბინის პრივატიზების შესახებ შეიტყო 2000წ. მარტში და ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 23 აპრილის ¹446 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტებისა და ქონების პირდაპირ მემკვიდრედ ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, ხოლო 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის, ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებათა მიერ გამოთავისუფლებული საცხოვრებელი ფონდის გამოყენება საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომსახურეთა და სამშობლოსათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომართა ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, სადავო ქონება უკვე 1992წ. 9 ოქტომბერს გადაეცა კასატორს საკუთრებაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად, თუ კანონში პირდაპირ არ არის ამის თაობაზე დათქმა, მიიჩნევა ის დღე, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო დარღვეული უფლების შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ზემოაღნიშნული დადგენილებების საფუძველზე ვალდებული იყო, მოეძია და აღერიცხა რუსეთის ფედერაციის ჯარების დაჯგუფების მიერ გადმოსაცემი ქონება, რაც არ გაკეთებულა. ეს გარემოება ნათლად მიუთითებს კასატორის გულგრილობაზე, რის გამოც მან დროულად ვერ შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ და გაუშვა კანონმდებლობით სასამართლოსთვის მიმართვის დადგენილი ვადა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს მისი უფლების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადებისთანავე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო ბინაში 1999 წლიდან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია შეჭრილი უსაფუძვლოდ, რაც ასევე ადასტურებს, რომ სადავო ბინის არსებობის შესახებ კასატორისათვის ცნობილი იყო და მას შეეძლო პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში მიემართა სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ბინის პრივატიზებისას მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა 3 წლით განისაზღვრებოდა, ახალი სამოქალაქო კოდექსით 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადაა დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის, სარჩელი კი სასამართლოში შეტანილია ბინის პრივატიზებიდან 7 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ანუ კასატორის მიერ დარღვეულია სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, თავდაცვის სამინისტროს, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის განჩინება;
3. თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.