Facebook Twitter

ბს-38-32-კ-04 23Yთებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 18 ოქტომბერს მ. ღ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ...-ის სახელობის ქ. თბილისის ... სასწავლებლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ იგი 1996 წლიდან მუშაობდა ...-ის სახელობის ქ. თბილისის ... სასწავლებელში ...-ის მასწავლებლის თანამდებობაზე.

სასწავლებლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მოპასუხის ადმინისტრაციასა და მ. ღ.-ს შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) 2001წ. 31 აგვისტოდან 2002წ. 2 აგვისტომდე. სასწავლებლის დირექტორის, თ. ვ.-ის, 2002წ. 10 სექტემბრის ¹72/04 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ის 30-ე მუხლის I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებით.

მოსარჩელეს იმის გათვალისწინებით, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლებულება მოხდა კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში, განთავისუფლება მიაჩნდა უკანონოდ და თვლიდა, რომ აღნიშნულით დაირღვა შკკ-ის 34-ე მუხლის II პუნქტის მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვდა ...-ის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო ... სასწავლებლის დირექტორის 2002წ. 20 აგვისტოს ¹72/04 ბრძანების გაუქმებას და თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენას.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან განთავისუფლების დროს იმყოფებოდა შვებულებაში, რითაც ადმინისტრაციამ დაარღვია შკკ-ის 34-ე მუხლის II პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც “დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა, გარდა ამ მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.

ადმინისტრაციის მიერ, ასევე, არ იქნა დაცული შკკ-ის 421-ე მუხლით გათვალიწინებული მუშაკის შრომის უფლებების გარანტია.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ...-ის სახელობის ქ. თბილისის ... სასწავლებლის დირექტორის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში.

სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ბრძანება სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ მოხელემ უნდა გაასაჩივროს ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში. კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელის მიერ გაშვებულია ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.

ასევე, სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის, რომ მ. ღ.-ი სასწავლებელში მუშაობდა განსაზღვრული ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მ. ღ.-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტი, ანუ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

მოწინააღმდეგე მხარე მ. ღ.-ი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა რაიონული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ...-ის სახელობის თბილისის ... სასწავლებლის დირექტორის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ღ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო განჩინების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მ. ღ.-ი სამუშაოზე მიღებულ იქნა შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, რომლის ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, გამოეცა ბრძანება განთავისუფლების თაობაზე, რის ხელშემშლელ გარემოებასაც არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მხარე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რადგან აღნიშნული არ მოქმედებს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან მიმართებაში.

არ დაეთანხმა რა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მ. ღ.-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო სააჩივარი, რომლითაც კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი მიიჩნევდა, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა კანონის არასწორ გამოყენებასა და მის არასწორ განმარტებას, რამაც განაპირობა საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ღ.-ი 1996 წლიდან მუშაობდა ...-ის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო ... სასწავლებელში ...-ის მასწავლებლის თანამდებობაზე. სასწავლებლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, სასწავლებლის ადმინისტრაციასა და მ. ღ.-ს შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) 2001წ. 31 აგვისტოდან 2002წ. 2 აგვისტომდე.

ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სასწავლებლის დირექტორის ¹72104 ბრძანების საფუძველზე, იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შკკ-ის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე. რომ იგი არასწორად იქნა განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, ვინაიდან მისი განთავისუფლება მოხდა კუთვნილ შვებულებაში ყოფნის პერიოდში. ამ საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასწავლებლის ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, გამოეცა ბრძანება მ. ღ.-ის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, რის ხელშემშლელ გარემოებასაც არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მხარე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, ვინაიდან აღნიშნულ აკრძალვას შრომის კანონთა კოდექსი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლასთან მიმართებაში არ ითვალისწინებს.

აქვე საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს საოლქო სასამართლოს მსჯელობას, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მითითებული შკკ-ის 421-ე მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შრომით გარანტიებს მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების გამო, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მისი მხრიდან გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას. რაც შეეხება თავად ვადიანი ხელშეკრულების დადების კანონიერების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს, რის გამოც საოლქო სასამართლო მართებულად არ შევიდა ამ უკანასკნელს კანონიერების განხილვაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 410-ე მუხლი და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.