Facebook Twitter

¹ ბს-389-343-კ-04 18 ნოემბერი, 2004 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

01.02.01წ. ქ. ბ.-მ და ე. გ.-მ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების რ. მ.-ის, ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივისა და ვ. ს.-ის მიმართ და მოითხოვეს ქ. ბათუმში, ..., ¹... კოოპერატივის სახლში, პირველი სადარბაზოს მეხუთე სართულზე, განლაგებული ოროთახიანი ¹14 ბინის დაბრუნება და მიუღებელი შემოსავლის _ 21500 აშშ დოლარის ქ. ბათუმის მერიასა და ¹...-ე კოოპერატივზე დაკისრება ან ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივში 1985 წელს შეტანილი 3400 მანეთის შესაბამის 4595 აშშ დოლარს დამატებული 21500 აშშ დოლარი, სულ 26095 აშშ დოლარის ქ. ბათუმის მერიაზე და ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1985წ. იანვარში ქ. ბ.-ე მიღებულ იქნა ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივის წევრად, სადაც გადაიხადა ბინის პირველი შესატანი 3400 რუსული რუბლი და 1987 წელს ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის პირველი შემოსასვლელის მეხუთე სართულზე მიიღო 28 კვ.მ ოროთახიანი ¹14 ბინა. ერთი წლის შემდეგ, 1988 წელს იგი გარიცხულ იქნა კოოპერატივის წევრობიდან და აღნიშნული ბინა, გადაეცა მოქალაქე რ. მ.-ს, რომელიც დღესაც აგრძელებს ცხოვრებას მითითებულ ბინაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.01.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ბათუმის მერიასა და ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 22595 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 26.01.01წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.11.01წ. განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიეთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვის დროს გაეთვალისწინებინა მოპასუხის ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივის წარმომადგენლის საქმეში მონაწილეობისა და სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული საკითხები. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ.-მ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.04.02წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 15.11.01წ. განჩინება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.06.03წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ. ბ.-ისა და ე. გ.-ს სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბ.-მ და ე. გ.-მ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 03.02.04წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. ბათუმის მერიასა და ¹...-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 4595 აშშ დოლარის გადახდა. აპელანტებს ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹14 კოოპერატიული ბინის დაბრუნებაზე და მორალური ზიანის 21500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებაზე ეთქვათ უარი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 15.01.85წ. დადგენილებით ე. გ.- სამი სულის შემადგენლობით 28 კვ.მ ოროთახიან ბინაზე მიღებულ იქნა კოოპერატივის წევრად. სამი წლის შემდეგ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკიმის 31.08.88წ. დადგენილებით ე. გ.-ს არ მიაკუთვნეს ბინა, ვინაიდან იგი უკვე დაკმაყოფილებული იყო ბინით. იმავე დადგენილებით, ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივს წინადადება მიეცა გაერიცხა ე. გ.-ა კოოპერატივის წევრობიდან. ე. გ.-ს გარიცხვის შემდეგ სადავო ბინაში, კოოპერატივის თანხმობით, შესახლებულ იქნა რ. მ.-ე, ხოლო კოოპერატივის საერთო კრების 05.05.95წ. გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა კოოპერატივის წევრად და 17.08.95წ. ქ. ბათუმში ... მდებარე ¹14 ბინაზე რ. მ.-ეს გადაეცა საბინაო ორდერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოთხოვნა ბინის დაბრუნების შესახებ, რადგან 1985-1988 წლებში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სადავო ბინის მესაკუთრეს რ. მ.-ს კანონიერად ჰქონდა მიღებული სადავო ბინა. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რ. მ.-ს არ ჰქონდა გადახდილი ბინის საფასური, ვინაიდან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 05.07.93წ. დადგენილების თანახმად, რ. მ.-ს უსასყიდლოდ ჰქონდა გადაცემული ბინა საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, აგრეთვე, რომ მოსარჩელეებს გაცდენილი აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელეებს სადავო ბინაში შესახლებაზე უარი ეთქვათ ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 31.08.88წ. გადაწყვეტილებით, როგორც შესაბამისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულებს და ამავე გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივს წინადადება მიეცა ე. გ.-ს კოოპერატივის წევრობიდან გარიცხვაზე. 11.12.88წ. ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივის გადაწყვეტილებით ე. გ.-ა, როგორც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული, გარიცხულ იქნა კოოპერატივის წევრობიდან. ამდენად, სადავო ბინასთან დაკავშირებული დავა დაიწყო 1988 წლიდან. აღნიშნული დროიდან მოსარჩელეებმა სასამართლოს რამდენჯერმე მიმართეს რა დროსაც სარჩელები სასამართლოს გადაწყვეტილებით დატოვებულ იქნა განუხილველად. საბოლოდ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს 2001წ. თებერვალში ანუ 10 წლის შემდეგ, რითაც გაუშვეს იმდროისათვის მოქმედი და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით დადაგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 03.02.04წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბ.-ისა და ე. გ.-ს მიერ.

ქ. ბათუმის მერია თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს თანხა შეტანილი ჰქონდათ არა მერიის, არამედ ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივის ანგარიშზე, რის გამოც სოლიდარულად დაკისრებული თანხა მთლიანად უნდა გადაეხადა ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივს, მითუმეტეს, რომ ყოფილი აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კოოპერატივის ანგარიშზე შეტანილი თანხა უნდა დაებრუნებინა ¹...-ე სამშენებლო კოოპერატივს. კასატორის აზრით, სარჩელი იყო ხანდაზმული, რის გამოც სასარჩელო განცხადებაში მითითებული არც ერთი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ე. გ.- და ქ. ბ.-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ 1985 წელს კოოპერატივში გაწევრიანდა ე. გ.-ა სამი სულის შემადგენლობით: თვითონ, შვილი _ თ. გ.-ა და რძალი ქ. ბ.-ე. კასატორებმა გადაიხადეს ბინის მშენებლობისათვის განსაზღვრული პირველი შესატანი. 1988 წელს ე. გ.-ა გათხოვდა, შვილი და რძალი სამუშაოდ მივლინებულ იყვნენ დაბა ხულოში, რის გამო საცხოვრებელი ბინა იყო დაკეტილი. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 31.08.88წ. გადაწყვეტილებით ¹... სამშენებლო კოოპერატივს მიეცა წინადადება, გაერიცხათ ე. გ.-ა კოოპერატივის წევრობიდან. გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული ოჯახის დანარჩენ წევრებზე. სამუშაო წესდების 49-ე მუხლის თანახმად, კოოპერატივის წევრთა საერთო კრების ოქმი უნდა წარდგენილიყო აღმასკომისათვის დასამტკიცებლად, 11.12.88წ. კოოპერატივის საერთო კრების გადაწყვეტილება დღემდე არ დამტკიცებულა. შემდგომში სადავო ბინაში თვითნებურად შესახლდა ვინმე ფუტკარაძე, რომლის გამოსახლების შემდეგ ბინაში საცხოვრებლად შევიდა რ. მ.-ე. 1989 წლიდან 1996 წლამდე რ. მ.-ე ცხოვრობდა ნებართვის გარეშე, 1985 წ გაიცა ორდერი, საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში გაიცა ორდერი, რითაც დაირღვა სანიმუშო წესდების 1.26 მუხლი, საბინაო კოდექსის 62-ე მუხლი. ვინაიდან, ე. გ.-ს კოოპერატივიდან გარიცხვა არ დამტკიცებულა აღმასკომის მიერ, კასატორები თვლიან, რომ იგი დღესაც კოოპერატივის წევრია. სანიმუშო წესდების 38-ე მუხლის თანახმად, კოოპერატივიდან გასულ წევრს პაის ღირებულება უბრუნდება კოოპერატივის ახლად მიღებული წევრის მიერ პაის შეტანის შემდეგ. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევა გამორიცხავდა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავდა, აგრეთვე, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, სადავო ბინის საბაზრო ღირებულების დასადგენად ექსპერტიზის და აუდიტის მომსახურების თანხების გადახდას. სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა 21500 აშშ დოლარის ნაწილში არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც უზუსტოა, ვინაიდან მოთხოვნა 3595 აშშ დოლარით შემცირდა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში აღინიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1996წ. განჩინებით საქმე განუხილველად დატოვა მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები პროცესზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულნი არ ყოფილან, ამასთანავე, 1985-95 წლებში ერთი სახელმწიფო წყობა შეიცვალა მეორეთი, სახელმწიფოში სუფევდა არეულობა, ხალხი დაბნეული იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო ვალდებული იყო, აღედგინა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო პალატის 03.02.04წ გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით ახალი გაადწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეებს: ქ. ბათუმის მერიას, ¹... საბინაო სამშენებლო კოოპერატივს, რ. მ.-ს სოლიდარულად დაეკისრებათ 19905 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოპასუხეებზე სადავო თანხის 4%-ის დაკისრება საადვოკატო მომსახურების ასანაზღაურებლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.04.02წ. განჩინებით ე. გ.-სთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს გაცდენილი აქვთ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ბათუმის ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 15.01.85წ. დადგენილებით, 28 კვ.მ-ის ბინაზე კოოპერატივის წევრად მიღებულ იქნა მოქ. ე. გ.-ა. ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 31.08.88წ. გადაწყვეტილებით, სანიტარული ნორმებით გათვალისწინებული ფართით დაკმაყოფილების გამო, ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრებას რეკომენდაცია მიეცა, უარი ეთქვა ე. გ.-ს ოჯახის შესახლებაზე, კოოპერატივს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების 10 დღის ვადაში განხილვა. ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 11.12.88წ. ¹2 ოქმით, საქალაქო საბჭოს 31.08.88წ. ¹724 გადაწყვეტილების საფუძველზე, ე. გ.-ა გაირიცხა კოოპერატივიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო სამართალურთიერთობები 1988 წელს წარმოიშვა, გარიცხვის თაობაზე იმთავითვე იყო ცნობილი მოსარჩელეებისათვის, მიუხედავად ამისა, სარჩელი სასამართლოში აღიძრა 01.02.01წ, ანუ სადავო სამართალურთიერთობებიდან ათიწ. შემდეგ. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელეებს გაცდენილი აქვთ იმჟამად მოქმედი სკ-ის 75-ე და დღეისათვის მოქმედი სკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ქ. ბ.-ის და თ. გ.-ს მიერ 1990წ. და 1996წ. სასამრთლოში სარჩელების შეტანას არ გამოუწვევია იმჟამად მოქმედი სკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, ვინაიდან სასარჩელო განცხადებები სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვება 1964წ. სკ-ის 83-ე მუხლის, სსკ-ის 230-ე მუხლის, ამჟამად მოქმედი სსკ-ის 275-ე-276-ე მუხლების თანახმად არ წყვეტს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას. კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებები მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებიათ, არ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამომრიცხავ გარემოებას, რადგან 16.10.90წ. ქ. ბ.-ის და თ. გ.-ს მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს 16.11.90წ. განჩინებით მოსარჩელეთა 16.11.90წ. განცხადების საფუძველზე. 03.12.90წ. იმავე პირების მიერ შეტანილი სასარჩელო განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.01.91წ. სხდომაზე მიღებული განჩინებით არ იქნა წარმოებაში მიღებული, სხდომას ესწრებოდა მოსარჩელე ქ. ბ.-ე, განჩინებით განმარტებულ იქნა მისი გასაჩივრების წესი, განჩინება არ გასაჩივრებულა. თ. გ.-ს და ქ. ბ.-ის მიერ 07.10.96წ. შეტანილი სასარჩელო განცხადება ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.12.97წ. განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად, განჩინება კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა, კასატორებს არ მოუთხოვიათ განჩინების ჩაუბარებლობის გამო მისი გაუქმება, არამედ 01.02.01წ. ახალი სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს, სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელეებს გაცდენილი ჰქონდათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის შეტანამდე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის შეცვლა, მასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ იქნება მიჩნეული სკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებულ და დაუძლეველ ძალად, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აბრკოლებდა სარჩელის წარდგენას, საკასაციო საჩივრის აღნიშნული მოტივი არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელეების მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. ამასთანავე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება კოოპერატიული ბინის მშენებოლობასთან დაკავშირებით პირველადი შესატანის 3400 მანეთის ანაზღაურების დაკმაყოფილების შესახებ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის წინააღმდეგობრივი, სააპელაციო სასამართლო ხანდაზმულად მიიჩნევს ბინის დაბრუნების მოთხოვნას, მაგრამ არ თვლის ხანდაზმულად შეტანილი თანხის დაბრუნების მოთხოვნას. კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. გ.-ა დარჩა კოოპერატივის წევრად თავისთავად გამორიცხავს შენატანის დაბრუნების მოთხოვნას. 1985 წელს კოოპერატივის ანგარიშზე შეტანილი 3400 მანეთის დაბრუნება არ განეკუთვნება მოთხოვნათა იმ რიგს, რომლებზეც არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ მოთხოვნა არ ეხება პირად არაქონებრივ უფლებებს, სახელმწიფო ქონების დაბრუნებას, სამშენებლო კოოპერატივი არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, კოოპერატიული ბინის მშენებლობასთან დაკავშირებით განხორციელებული პირველადი შესატანი არ განეკუთვნება ანაბარს. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მითითება 1964წ. სკ-ის 87-ე და ამჟამად მოქმედი სკ-ის 128-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თანხა შეტანილ იქნა არა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, არამედ კოოპერატივის ანგარიშზე. ე. გ.-სთან საბოლოო ანგარიშსწორების მოხდენას ითვალისწინებდა, აგრეთვე, კოოპერატივის საერთო კრების 11.12.88წ. ოქმი. ზემოაღნიშნული გამორიცხავდა მერიისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულების დაკისრებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 05.07.93წ. დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა გადახდილი აქვთ თუ არა თავდაპირველი შესატანი. ამდენად, რ. მ.-ე ხსენებული დადგენილებით გათავისუფლებული იყო შესატანის გადახდისააგან, რის გამო მის მიერ შესატანის გადაუხდელობა არ გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის ხანდაზმულად მიჩნევას, ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყება არ უკავშირდებოდა მის მიერ პირველადი შესატანის განხორციელებას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 4595 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება არ ითვალისწინებს, აგრეთვე, სკ-ის 1512-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები 1997წ. 25 ნოემბრიდან გაუქმებულად გამოცხადნენ, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლედ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა გამოცხადდა, რომელიც არსებობს ბინის მესაკუთრეთა ფაქტობრივი ერთობის ძალით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ე. გ.-ა დარჩა კოოპერატივის წევრად იმის გამო, რომ სანიმუშო წესდების მოთხოვნათა დარღვევით კოოპერატივის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილება არ დამტკიცებულა აღმასკომის მიერ. სანიმუშო წესდების 37-ე მუხლის, 43-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივიდან გარიცხვა კოოპერატივის საერთო კრების კომპეტენციას შეადგენდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საერთო კრების 11.12.88წ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 31.08.88წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც კოოპერატივს მიეცა წინადადება ე. გ.-ას კოოპერატივიდან გარიცხვის შესახებ. სანიმუშო წესდების 49-ე მუხლით გათვალისწინებული კოოპერატივის ვალდებულება წარუდგინოს ოქმი აღმასკომს, არ გულისხმობს სავალდებულო წესით მის დამტკიცებას, სავალდებულო წესით დამტკიცებას, სანიმუშო წესდების მე-11 მუხლის თანახმად, საჭიროებდა კოოპერატივის წევრად მიღება და არა გარიცხვა. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს არასოდეს გაუხდია სადავოდ ე. გ.-ას კოოპერატივიდან გარიცხვა, არ უსარგებლია სანიმუშო წესდების მე-12 მუხლით მინიჭებული უფლებით გაეუქმებინა საერთო კრების გადაწყვეტილება. ამასთანავე, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 04.10.89წ. გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა აღმასკომის საბინაო კომისიის წინადადება და კოოპერატივს მიეცა რეკომენდაცია კოოპერატივის გარიცხული წევრის _ ე. გ.-ს ნაცვლად კოოპერატივის წევრად მიღებულ იყო რ. მ.-ე. მერიის კაბინეტის 25.07.95წ. ¹308 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 05.05.95წ. ოქმი, რომლითაც დადასტურდა კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 25.02.91წ. დადგენილება და ე. გ.-ს ნაცვლად სამშენებლო კოოპერატივში გაწევრიანდა რ. მ.-ე, მერიის საბინაო განყოფილებას დაევალა ორდერის გაცემა. 17.08.95წ. რ. მ.-ის ოთხი სულისაგან შემდგარ ოჯახზე გაიცა ორდერი ქ. ბათუმში, ... მდებარე 27 კვ.მ-ის ¹14 ბინაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველსმოკლებულია კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ე. გ.-ა დარჩა ¹... სამშენებლო კოოპერატივის წევრად.

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრობას არ ადასტურებს, აგრეთვე, ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 31.08.88წ. და ¹... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო კრების 11.12.88წ. გადაწყვეტილებები არ შეიცავენ მითითებას ე. გ.-ს ოჯახის წევრებზე, კოოპერატივის წევრის ოჯახის წევრები, მინისტრთა საბჭოს 30.08.85წ. ¹573 დადგენილებით დამტკიცებული “საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების” თანახმად, არ წარმოადგენენ კოოპერატივის წევრებზე, ამდენად არ არსებობდა კოოპერატივიდან ე. გ.-ს გარიცხვის შესახებ აქტებში ე. გ.-ს ოჯახის წევრების მითითების საჭიროება. ის გარემოება, რომ ე. გ.-ს ოჯახის წევრები არ იყვნენ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები დადგენილია აგრეთვე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 28.01.97წ. განჩინებით, რამაც განაპირობა თავის დროზე ქ. ბ.-ის და თ. გ.-ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა. კანომდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება აგრეთვე საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდათ კოოპერატივში შესვლის უპირატესი უფლება, ვინაიდან არ არსებობდა სანიმუშო წესდების 30-ე, 40-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს. გარდა ამისა, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში გაწევრიანების უფლება ჰქონდათ საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეებს, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ მოსარჩელეები არ საჭიროებდნენ საბინაო პირობების გაუმჯობესებას. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ამ მიმართებით კასატორების მიერ წამოყენებული არ ყოფილა დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. მ.-ის ოჯახზე ორდერის გაცემისას საქმე იხილებოდა სასამართლოში. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ქ. ბ.-ის და თ. გ.-ს სარჩელი უფლებაში აღდგენის, სადავო ბინიდან რ. მ.-ის გამოსახლების და ბინის გადმოცემის შესახებ სასამართლოს 28.01.91წ. განჩინებით წარმოებაში არ იქნა მიღებული, განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში იმყოფება. ორდერი რ. მ.-ის ოჯახზე 17.08.95წ. გაიცა, ამდენად უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ორდერი გაიცა სასამართლოში დავის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში. ამასთანავე, მოსარჩელეების მიერ არ გასაჩივრებულა რ. მ.-ის კოოპერატივის წევრად მიღება, რ. მ.-ის ოჯახზე ორდერის გაცემა განსახილველი დავის საგანს ორდერის გაუქმება არ წარმოადგენს, რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.04.02წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ე. გ.-ს, თ. გ.-ს, ქ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 15.11.01წ. განჩინება და კასატორებს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 1806 ლარის გადახდა კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, კანონმდებლობის მოთხოვნებს არ ემყარება ქ. ბ.-ის და ე. გ.-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.04.02წ. განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა იმას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხსენებული განჩინებით კასატორებს ერთხელ უკვე დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინიტსრაციული საპრცოესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად. ქ. ბ.-ეს და ე. გ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 03.02.04წ გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. გ.-ს და ქ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.