Facebook Twitter

ბს-391-518-კ-03 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 17 მაისს ი. რ.-მ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შპს “ა.-ისა” და მიწის მართვის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მას და შპს “ა.-ს” შორის 2000წ. 8 მარტს დადებული შეთანხმებისა და შპს “ა.-ის” მიერ განხორციელებული მიწის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2001წ. 19 ივნისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ასევე სს “ზ.-ის” დირექტორმა ა. ა.-მ შპს “ა.-ის”, სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოს, “ე.-ისა” და “ზ.-ის” დირექტორის მოადგილე პ. ქ.-ას მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩართვა და ყოფილ სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა:

მოსარჩელის განმარტებით, იგი სს “ზ.-ის” დირექტორად დაინიშნა 2000 წელს და გარკვეული დოკუმენტების გადამოწმებით გამოარკვია, რომ 1992 წელს სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” განადგურების შემდეგ, რომელიც სს “ზ.-ს” ეკუთვნოდა, შპს “ა.-მა” მოახდინა დაუზიანებელი სარდაფის პრივატიზება. მოსარჩელის მითითებით, მისთვის უცნობია, თუ როგორ მოხდა სარდაფის სს “ზ.-ის” ბალანსიდან ჩამოწერა და პრივატიზება. აღმოჩენილ იქნა 1995წ. 20 აპრილის ¹1-41-1 ბრძანება, რომლის თანახმად, სს “ზ.-ის” ყოფილ დირექტორს, ი. ა.-ს, არ სურდა სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფის პრივატიზაცია, იგი “ზ.-ისადმი” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სარდაფის პროფილითა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით ცდილობდა. ასევე არსებობს 1995წ. 20 აპრილის ¹1-47-ს წერილი “ზ.-ის” დირექტორის მოადგილის, პ. ქ.-ს, ხელმოწერით, თუმცა უცნობია, აღნიშნულ წერილს რატომ აწერდა ხელს დირექტორის მოადგილე პ. ქ.-ა და არა დირექტორი ი. ა.-ა.

მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველოსაგან მიღებული სარდაფის პრივატიზაციის ოქმის თანახმად, სარდაფის საპრივატიზაციო ღირებულება შეადგენდა 1247 აშშ დოლარს. ობიექტის შეფასება მოხდა საწარმოო ფირმა “ე.-ის” მიერ, მაგრამ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაგზავნილ წერილზე არ არის “ე.-ის” დირექტორის რეზოლუცია. ამასთან, თავად დირექტორის განმარტებით, შეფასება მოხდა არაობიექტურად, მხოლოდ ვიზუალურად. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო არა ექსპერტიზის დასკვნა, არამედ საკონსულტაციო აქტი.

ხობის რაიონის სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. რ.-ს სარჩელი შპს “ა.-ის” მიერ განხორციელებული მიწის პრივატიზაციის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით ასევე არ დაკმაყოფილდა სს “ზ.-ის” სასარჩელო მოთხოვნა სადავო სარდაფის პრივატიზების გაუქმების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. რ.-სა და სს “ზ.-ის” მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით ი. რ.-სა და სს “ზ.-ის” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხობის რაიონის სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ზ.-მ”, ხოლო მიწის პრივატიზაციის ბათილობაზე ი. რ.-ს სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრებულა, რის გამოც განჩინება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 19 ივნისის განჩინებით სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება სს “ზ.-ის” სარჩელის, სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აგვისტოს განჩინებით სს “ზ.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ხობის რაიონის სასამართლოს 2002წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხანძრისაგან განადგურებული სახელმწიფო ობიექტი, სავაჭრო ცენტრი “თ.-ა”, 1993 წელს ჩამოწერილ იქნა “ზ.-ის” ბალანსიდან, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტის მესაკუთრე სახელმწიფომ მოახდინა მისი A(სარდაფის) გასხვისება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ “ზ.-ის” თანამშრომლებს, საქართველოს პრეზიდენტის 1994წ. ¹178 ბრძანებულების შესაბამისად, არ მიეცათ შესაძლებლობა, პირდაპირი წესით შეესყიდათ სადავო ობიექტი, რადგან სარდაფის პრივატიზების დროს, 1995წ. 7 აგვისტოს, იგი აღარ ირიცხებოდა “ზ.-ის” ბალანსზე და, შესაბამისად, “ზ.-ის” თანამშომლებიც აღარ სარგებლობდნენ პირდაპირი შესყიდვის უფლებით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ საპრივატიზაციო აქტზე “ზ.-ის” ყოფილი დირექტორის, ი. ა.-ს, ხელმოწერა იყო გაყალბებული, რადგან ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ხელმოწერის სიყალბისა თუ ნამდვილობის დადგენა ვერ მოხერხდა. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება და მიიჩნია, რომ “ზ.-ის” დირექტორ ი. ა.-სათვის ცნობილი იყო მისი ბალანსიდან “თ.-ს” ჩამოწერის შესახებ, რაც დასტურდება ზუგდიდის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსადმი მისი 1995წ. წერილით, რომელიც მას სადავოდ არ გაუხდია.

სააპელაციო პალატამ სადავო ობიექტის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ 1995წ. 7 აგვისტოს, ობიექტის პრივატიზების დროს მოქმედი (1964წ.) სკ-ის 75-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერატიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელისათვის შეადგენს ერთ წელს, ხოლო ფიზიკური პირების მიმართ _ სამ წელს. მე-80 მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის აღძვრის უფლების წარმოშობის დღიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ ი. ა.-ს წერილების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მისთვის, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, ცნობილი იყო სადავო ობიექტის პრივატიზების შესახებ, რის გამოც სარჩელით შეეძლო სასამართლოსათვის მიემართა 3 წლის განმავლობაში, 1998წ. 7 აგვისტომდე, მან კი სარჩელი აღძრა 2001წ. 19 ივნისს. ამასთან, ი. ა.-ა თანახმა იყო ობიექტის პრივატიზების, თავად იყო საპრივატიზებო კომისიის წევრი და ხელსაც აწერს სარდაფის პრივატიზაციის ოქმს.

სააპელაციო სასამრათლომ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები აქტის გასაჩივრების შესახებ, რადგან 1995წ.ათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ მოქმედებდა.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 1995წ. 7 აგვისტოს რ. ა.-მ მოახდინა სარდაფის პრივატიზება. რ. ა. ა იყო კოოპერატივ “ი. 96-ის” დირექტორი, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა ერთი პირის საწარმო “ია.-ად”. სარდაფის პრივატიზაციის შემდეგ რ. ა.-მ სხვა პირებთან ერთად დააფუძნა შპს “ა.-ი”, რომლის საწესდებო კაპიტალიც არის რ. ა.-ს მიერ პრივატიზებული 1247 აშშ დოლარის ღირებულების სარდაფი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1247 აშშ დოლარის ღირებულების სადავო სარდაფი არის შპს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში პარტნიორების მიერ განხორციელებული შენატანი, რომელიც დამფუძნებელთა შორის განაწილებულია თანაბრად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ზ.-მ” და შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობა:

კასატორის მითითებით, სადავო სარდაფის პრივატიზების დროს დაირღვა საქართველოს პრეზიდენტის 1994წ. ¹178 ბრძანებულება, რასაც არასწორი განმარტება მიეცა სააპელაციო სასამართლოს მიერ, როდესაც აღინიშნა, რომ “ზ.-ის” შრომით კოლექტივს უფლება არ ჰქონდა, პირდაპირი მიყიდვის წესით შეესყიდა აღნიშნული ობიექტი, რადგან თუ პრივატიზებას არ მოახდენდა შრომითი კოლექტივი, იგი უნდა განხორციელებულიყო კონკურსის ან აუქციონის წესით.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტა, რომ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, “ზ.-ა” უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა სადავო სარდაფის უკან დაბრუნება. კასატორის მითითებით, პრივატიზაციის დროს “ზ.-ა” იყო სახელმწიფო ორგანიზაცია და მასზე ვრცელდება ზემოაღნიშნული კოდექსის 87-ე და 148-ე მუხლები. 1998წ. 16 თებერვლიდან “ზ.-ა” სამეწარმეო რეესტრში გატარდა კერძო სამართლის იურიდიულ პირად და მის მიმართ ვრცელდება ახალი სკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა.

სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი არ ცნეს შპს “ა.-მა” და რ. ა.-მ და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1995წ. 7 აგვისტოს სახელმწიფო ქონების მართვის ზუგდიდის სამმართველომ განახორციელა სადავო ობიექტის, “ზ.-ის” ბალანსიდან 1993 წელს ჩამოწერილი სავაჭრო ცენტრ “თ.-ს” სარდაფის პრივატიზება და იგი 1247 აშშ დოლარად შეიძინა მოპასუხე ფიზიკურმა პირმა რ. ა.-მ. სს “ზ.-მ” სარდაფის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღძრა 2001წ. 19 ივნისს, ე.ი. სადავო პრივატიზების განხორციელებიდან მე-6 წელს. სადავო პრივატიზების დროს მოქმედი “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” 1991წ. კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, საპრივატიზებო დავების ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრებოდა მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით, ხოლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის (1964წ.) თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ფიზიკური პირების მიმართ აღძრულ სარჩელებზე შეადგენდა 3 წელს. ამავე კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილი კი იმპერატიულად მიუთითებდა, რომ სარჩელის აღძვრამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელზე უარის თქმის უდავო საფუძველს წარმოადგენდა. ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სარდაფის სადავო პრივატიზება ფიზიკური პირის, რ. ა.-ს, მიერ განხორციელდა 1995წ. აგვისტოში, სარჩელი პრივატიზების ბათილად ცნობაზე სს “ზ.-მ” აღძრა 2001წ. ივნისს, ხოლო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იმჟამად მოქმედი სამოქალაქო და პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით შეადგენდა 3 წელს, ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხანდაზმულობის მოტივით სს “ზ.-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და თვლის, რომ განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ დაეთანხმა კასატორის მოსაზრებას დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო სამართლის კოდექსის 87-ე და 148-ე მუხლების გამოყენების შესახებ. მითითებული ნორმების მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე კოოპერაციულ ორგანიზაციათა ან მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ და სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი გასხვისების შემთხვევაში, სახელმწიფო ქონება ექვემდებარებოდა გამოთხოვას ყოველი შემძენისაგან. კასატორის მიერ მითითებული ნორმების თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა მხოლოდ სახელმწიფო ორანიზაციების მიერ უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის შესახებ სარჩელებზე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სს “ზ.-ა” სარდაფის სადავო პრივატიზების განხორციელების დროს სახელმწიფო ორგანიზაციას წარმოადგენდა, მაგრამ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის იგი კერძო სამართლის იურიდიული პირია, 1998წ. 16 თებერვლიდან სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოების ფორმით არის დარეგისტრირებული, ამიტომ სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილი ზემოაღნიშნული შეღავათები მასზე ვერ გავრცელდება და სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას სწორად არ გამოიყენა ეს ნორმები.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აგვისტოს განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და დავის გადაწყვეტისას, კერძოდ, სარჩელის ხანდაზმულობის მითითებისას, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სადავო პრივატიზების დროს მოქმედი სამოქალაქო და პრივატიზების შესახებ კანონმდებლობით და მართებულად არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 87-ე, 148-ე, ასევე სკ-ის 129-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ზ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აგვისტოს განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.