¹ბს-392-519-კ-03 5 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: უკანონოდ დაკავებული თანხისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 დეკემბერს ვ. ს-ამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს ¹..... სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიული სამსახურის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1993 წელს მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო მოპასუხის ადმინისტრაციაში მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსად. ხელფასი დაენიშნა 4,5 კოეფიციენტის შესაბამისად, მაგრამ უწყისით ღებულობდა 15 ლარს. მოპასუხის ადმინისტრაციამ 1998წ. 27 ნოემბრის ¹92 ბრძანებით მოსარჩელე დაითხოვა თანამდებობიდან ჰიდროგრაფიის სამსახურში ახალ საშტატო განაკვეთზე გადასვლასთან დაკავშირებით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგა პირვანდელ თანამდებობაზე სამი თვის გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებით.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე, მაგრამ გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების უწყისიდან დაუკავდა 90 ლარი. მოპასუხე ორგანიზაციის მოლარემ განუმარტა მოსარჩელეს, რომ აღნიშნული თანხა დაუკავდა ავანსად _ აკუმულატორების შესასყიდად.
მოსარჩელემ აღნიშნული თანხის დაკავება მიიჩნია უკანონოდ, თანაც მოპასუხის მიერ მისთვის გაცემული 800 ლარით შეისყიდა ოთხი ცალი აკუმულატორი, რომლებიც ჩააბარა საწყობში და ამის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურაც ჰქონდა.
1998წ. დეკემბერში მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მოსარჩელეს წარუდგინა ¹92 ბრძანება შეცვლილი 1998წ. 1 ოქტომბრით. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების მეორე გვერდზე მოპასუხის კადრების ინსპექტორ ნ. ნ-ეს მიწერილი ჰქონდა, რომ ვ. ს-ა გაეცნო აღნიშნულ ბრძანებას, მაგრამ ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ, ვინაიდან ბრძანება იყო უკანონო, ხელი არ მოაწერა არარსებულ დავალიანებას. მან თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა მოპასუხის ადმინისტრაციას, ხოლო პასუხის მიუღებლობის შემდეგ _ კონტროლის პალატის ქ. ფოთის ბიუროს, საიდანაც მოსარჩელემ მიიღო პასუხი, რომ მოპასუხეს ეძლეოდა წინადადება მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ხელფასიდან უკანონოდ დაკავებული თანხა, რაც არ შესრულებულა.
მოსარჩელის განმარტებით, მან დროულად მიმართა მოპასუხის ადმინისტრაციას, შრომის დავის განმხილველ კომისიას, სამხედრო საზღვაო ძალების სამმართველოს, კონტროლის პალატის ქ. ფოთის ბიუროს, მაგრამ თავის დროზე ვერ მიმართა სასამართლოს, რადგანაც კონტროლის პალატის ქ. ფოთის ბიუროს 2000წ. 21 აპრილის ¹3-07-33 წერილის მიღების შემდეგ, რომლითაც მას განემარტა, რომ უნდა მიემართა სასამართლოსათვის, იმავე წლის მაისში გახდა ავად. ავადმყოფობის გართულების თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელე გადაყვანილ იქნა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც გაუკეთდა ოპერაცია. სწორედ აღნიშნული მდგომარეობის გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო, დროულად აღეძრა სარჩელი სასამართლოში.
ვ. ს-ამ სარჩელით ითხოვა მოპასუხისათვის ხელფასიდან უკანონოდ დაკავებული 380 ლარისა და 1998წ. 1 იანვრიდან მიუღებელი ხელფასის _ 3415 ლარის _ ანაზღაურების დაკისრება.
მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს ¹...... სამხედრო ნაწილის ჰიდროგრაფიის სამსახურის ადმინისტრაციამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე გამოცემული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ბრძანებით ქ. ფოთის ჰიდროგრაფიის სამსახური გადავიდა თვითდაფინანსებაზე და შესაბამისად, ხელფასები ინიშნებოდა არა კოეფიციენტების მიხედვით, არამედ თავდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით.
მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანება არ გააჩნდა, ხოლო შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ. ამის შემდეგ მოცემული საქმე რამდენჯერმე განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა.
ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 28 ივლისს განიხილა ვ. ს-ას სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაცY ვ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ამ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოში, რადგანაც არ იყო შეგროვილი საკმარისი მტკიცებულებები, არ დაკითხულან მოწმეები და არ გამოთხოვილა დამატებითი მტკიცებულებები. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მაგრამ თავად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, კერძოდ, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის მოთხოვნა, რადგანაც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გარდა ამისა, დაარღვია ამავე კოდექსის 384-ე მუხლის მოთხოვნა, რითაც გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, ანუ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რაც აპელანტს სააპელაციო საჩივრით არ უთხოვია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ს-ამ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. აღნიშნული ნორმით სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვ. ს-ას განმარტებას, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გამოწვეული იყო მისი მძიმე ავადმყოფობით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ვ. ს-ა ქირურგიის ინსტიტუტიდან გამოეწერა 2000წ. 22 ივლისს შედარებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, შემდგომ ამბულატორიულ რეაბილიტაციაზე გადასვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრა 2001წ. 5 დეკემბერს.
სსკ-ს 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ. ს-ას უფლება ჰქონდა, სასამართლოში სარჩელი აღეძრა წარმომადგენლის მეშვეობით, რომელსაც უფლებამოსილებას გაუფორმებდა კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ვ. ს-ას განმარტებას, რომ ავადმყოფობის გამო გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. მან ქირურგიის ინსტიტუტიდან გამოწერისა და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადასვლიდან თითქმის 17 თვის გასვლის შემდეგ მიმართა სასამართლოს სარჩელით, რითაც დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ს-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.