Facebook Twitter

¹ ბს-401-353-კ-04 22 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

საკასაციო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 8 აგვისტოს მოსარჩელე მ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1981წ. მარტიდან 2001წ. 10 სექტემბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის მმაჩის განყოფილების გამგედ. 2001 წელს მოპასუხემ არსებულ ბაზაზე ჩამოაყალიბა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის (სარი) ¹1, ¹2, ¹3, ¹4 და ¹5 განყოფილებები, რის შემდეგაც მოსარჩელემ დროებით დაიკავა ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობა. 2001წ. ივლისში მოპასუხემ, შესაბამისი გადამზადების შემდეგ, ჩაატარა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელშიც მოსარჩელემაც მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად _ სერტიფიკატი.

მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. 13 ივლისს, მოპასუხის მიერ ჩატარებული ატესტაციის შედეგად, მან დააგროვა გამსვლელი ქულები. მოსარჩელის, რომელიც მთელი პერიოდის მანძილზე უმწიკვლოდ მუშაობდა, ხოლო მისი მეუღლე 1992წ. 10 ნოემბერს დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებში, ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე დანიშვნა არ უნდა ყოფილიყო საორჭოფო და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” და “ლ” ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახურში მიღებისას, თანაბარ პირობებში მას უნდა ესარგებლა უპირატესი უფლებით.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გარემოებებისა და მისი პროფესიონალური და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი იყო რეალური პრეტენდენტი ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობის დასაკავებლად, თუმცა, იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანებით, მისთვის გაუგებარი მიზეზებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 94-ე მუხლის პირველი პუნქტისა და “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. მოპასუხის მიერ მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, რომელშიც მოიაზრებოდა კონკურსის შედეგები, კონკრეტულ შემთხვევაში ასახული უნდა ყოფილიყო აღნიშნული ბრძანების იმ ნაწილში, სადაც მინიშნებულია “საფუძველი”, იმ გაგებით, რომ მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო სხდომის ოქმი მისი შესაბამისი ნუმერაციის მიხედვით, ამასთან, მოსარჩელეს უნდა მისცემოდა რეალური შესაძლებლობა გაცნობოდა აღნიშნული ოქმის შინაარსს, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი ოქმი წარმოადგენდა კონკურსში მოსარჩელის დამარცხებისა და სამსახურიდან მისი გათავისუფლების ერთადერთ საფუძველს.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში ასევე მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო ბრძანება სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ არ პასუხობდა სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული ბრძანების გამოცემისას მოპასუხეს უნდა ესარგებლა სზაკ-ის მე-2 მუხლის “ლ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისკრეციული უფლებით, რაც მას არ გაუკეთებია და, შესაბამისად, ცალსახა იყო, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში აშკარად იქნა უგულებელყოფილი სზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნები, რაც უკავშირდებოდა სასკ-ის მე-10 მუხლიდან გამომდინარე შედეგს. მოსარჩელის განმარტებით, მისი უკანონოდ გათავისუფლების პარალელურად, ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე დაინიშნა ც. ნ-ე, რომელიც საერთოდ არ იყო ნამუშევარი სარის სისტემაში და რომელთან მიმართებაშიც მოსარჩელეს უპირატესობა გააჩნდა ყველა ასპექტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა: მოცემული საქმის დაჩქარებული წესით განხილვა; იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანების ბათილად ცნობა ¹2 პარაგრაფის ნაწილში; ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე მისი დანიშვნა; მოპასუხისთვის მოსარჩელის სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და საადვოკატო მომსახურებისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის _ 1000 ლარის _ ანაზღაურების დაკისრება (შემდგომში აღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელემ უარი თქვა); იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანების ¹2 პარაგრაფის მოქმედების შეჩერება; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების შეჩერება აღნიშნულ თანამდებობაზე კანონდარღვევით დანიშნული ც. ნ-ის მიმართ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს განჩინებით მ. თ-ეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფაზე.

მ. თ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნების გადიდებისა და ზოგიერთი გარემოების დაზუსტების შესახებ, რომელშიც, სსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე, გაადიდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მეუღლის დაღუპვის შემდეგ მოსარჩელის კმაყოფაზე იყვნენ სკოლის მოსწავლე და სტუდენტი ქალიშვილები, ხოლო მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს სხვა შემოსავლის წყარო, გარდა მოსარჩელის სამსახურიდან მისაღები შემოსავლისა, არ გააჩნდათ; იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანება და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და, შესაბამისად, არ პასუხობდა სზაკ-ის 53-ე მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის დადგენილ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნას; აღნიშნული სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული იყო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის სხდომის უნომრო ოქმი, რომელიც, მიუხედავად მოსარჩელის არაერთხელ მოთხოვნისა, მას არ გადასცეს, რის საფუძველზეც მოსარჩელეს გაუჩნდა ეჭვი, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ასეთი ოქმი არ არსებობდა და იგი არ შედგენილა შემდგომ პერიოდშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დამატებით ითხოვა: იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში; მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ამის თაობაზე შემდგომში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა; მოცემულ საქმეში მესამე პირად ც. ნ-ის ჩაბმა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ც. ნ-ე.

მესამე პირმა ც. ნ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო მ. თ-ის სარჩელი და აღნიშნა, რომ 2003წ. 13 ივლისს ჩატარებულ კონკურსში მან თავის კონკურენტთან _ მ. თ-ესთან _ შედარებით 11 ქულით მაღალი შეფასება მიიღო, რის გამოც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებითა და იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-35-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, იგი დაინიშნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სარის განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” და “ლ” ქვეპუნქტები ვერ გამოდგებოდა საჯარო სამსახურში მიღებისას მოსარჩელისთვის უპირატესობის მინიჭებისთვის, რადგან ც. ნ-ის თერთმეტქულიანი უპირატესობის გამო, არ არსებობდა ამ კანონით გათვალისწინებული თანაბარი პირობები.

ც. ნ-ის განმარტებით, იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანება გამოიცა ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონით დადგენილი წესით და სადავო ბრძანების მითითებული ნაწილის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. ც. ნ-ის განცხადებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება მის არაპროფესიონალიზმზე, რადგან ც. ნ-ის პროფესიონალიზმზე მეტყველებდა ის ფაქტები, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა იურიდიულ კოლეჯში, უნივერსიტეტში და მიჰყავდა სამოქალაქო და საოჯახო სამართლის კურსი, აგრეთვე, 2001წ. 10 აპრილიდან იმავე წლის 11 მაისამდე მან გაიარა იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან არსებული სარის მოსამსახურეთა მომზადების სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა ტესტირება _ მიიღო 96 ქულა და შესაბამისი სერტიფიკატი.

მოპასუხე იუსტიციის სამინისტრომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო მ. თ-ის სარჩელი და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების ...ის ერთი საშტატო ერთეულის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ხუთმა პირმა, რომელთა შორის გამსვლელი ქულები დააგროვეს მხოლოდ მ. თ-ემ (77 ქულა) და ც. ნ-ემ (88 ქულა). ვინაიდან კონკურსის შედეგების გათვალისწინებით ც. ნ-ეს გააჩნდა უკეთესი მაჩვენებელი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ სწორედ მას მიეცა საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის რეკომენდაცია და იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹130 ბრძანების (§.10) საფუძველზე, ც. ნ-ე დაინიშნა ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების ...ის თანამდებობაზე.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მცდარი იყო მოსარჩელის მითითება კონკურსის შედეგად არსებულ თანაბარ პირობებზე, ვინაიდან ასეთს ადგილი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კონკურსანტი _ მ. თ-ე და ც. ნ-ე _ მიიღებდა ერთნაირ შეფასებას, ანუ მოაგროვებდა ერთნაირ ქულებს. აქედან გამომდინარე, არასწორი იყო მოსარჩელის მიერ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” და “ლ” ქვეპუნქტებით აპელირება.

იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით, მ. თ-ე არასწორად მიუთითებდა აღნიშნულ კანონზე, ვინაიდან “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონი უფრო ადრე, კერძოდ, 1997წ. 22 იანვარს იყო მიღებული, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი _ 1997წ. 31 ოქტომბერს და, შესაბამისად, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს, როგორც უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს, აღნიშნულ კანონებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უნდა მინიჭებოდა უპირატესობა.

იუსტიციის სამინისტრო შესაგებელში აღნიშნავდა, რომ მცდარი იყო მოსარჩელის მიერ იმის მტკიცება, რომ იგი გაცნობილი არ იყო იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმს, რადგან იუსტიციის მინისტრის 2000წ. 28 აპრილის ¹49 ბრძანებით დამტკიცებული “იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” თანახმად, იუსტიციის სამინისტრო არ იყო ვალდებული კონკურსანტისთვის გაეცნო საკუთრივ აღნიშნული ოქმი და თუ მოსარჩელე არ გაეცნობოდა მას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შეეძლო მისი გაცნობის მოთხოვნით მიემართა იუსტიციის სამინისტროსთვის.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მისთვის გაუგებარი და დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მიერ სზაკ-ის 96-ე მუხლზე მითითება, რადგან მოსარჩელემ აშკარად არასწორად მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულების მიერ კონკურსის ჩატარების პროცედურა წარმოადგენდა აღნიშნული კანონით რეგულირებად ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ სახეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის სხდომის ოქმი ¹12 ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი) გამგის ...ის ვაკანტურ საშტატო ერთეულზე ც. ნ-ის დანიშვნის ნაწილში და ბათილად ცნობილი აქტის საფუძველზე გამოცემული იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 §.2 ბრძანება მოსარჩელე მ. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; იუსტიციის სამინისტროს დაევალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების, “ იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით” დადგენილი წესების შესაბამისად, მოსარჩელე მ. თ-ესა და მესამე პირ ც. ნ-ეს შორის კენჭისყრის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; მოსარჩელე მ. თ-ეს უარი ეთქვა დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. თ-ის განცხადება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე იუსტიციის სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისთვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. თ-ემაც, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ფრაზის “სადავო საკითხის გადაუწყვეტლად” ამორიცხვა, აღნიშნული ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების გაუქმება და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა კონკურსში გამარჯვებულად ცნობისა და, შესაბამისად, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს მიერ შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად; მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იმავე საფუძვლებით, რაც მითითებული ჰქონდა სასარჩელო განცხადებაში და დამატებით მიუთითა შემდეგ საფუძვლებზე:

1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონის ნორმები, კერძოდ, მან არამართებულად დაასკვნა, რომ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის ნორმები შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ კონკურსანტთა შორის თანაბარი პირობების არსებობისას, მიანიჭა რა მ. თ-ესთან შედარებით უპირატესობა კონკურსანტ ც. ნ-ეს და მიუთითა მიღებულ ქულათა რაოდენობაზე, როგორც კონკურსის უმთავრეს კრიტერიუმზე მაშინ, როდესაც კონკურსისას მიღებულ ქულათა რაოდენობა არც ერთი ნორმატიული აქტით არ არის დადგენილი კონკურსანტთა შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად;

2. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის “დ” ქვეპუნქტი, როდესაც აღნიშნა, რომ მ. თ-ისთვის “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონით დადგენილი უპირატესობის მინიჭების შემთხვევაში დაირღვეოდა საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი მაშინ, როდესაც სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონით დეკლარირებული სხვა ძირითადი პრინციპები, როგორებიცაა: საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება, მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, კადრების სტაბილურობა, მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი თავდაპირველი სასარჩელო Mმოთხოვნების დაკმაყოფილება, კერძოდ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის სხდომის ოქმისა და იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე დანიშვნა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა, მესამე პირის ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ “ იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” იუსტიციის მინისტრის 2000წ. 28 აპრილის ¹49 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, 2003წ. აპრილში ჩატარდა კონკურსი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში (სარი) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების ...ის ერთ საშტატო ერთეულის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კონკურსანტმა, რომელთა შორის გამსვლელი ქულები მოაგროვეს მ. თ-ემ (77 ქულა) და ც. ნ-ემ (88 ქულა). ვინაიდან ც. ნ-ეს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით გააჩნდა უკეთესი მაჩვენებელი (მეტი ქულა), ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებათა ვაკანტურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის სხდომის ¹12 ოქმით ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი) გამგის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის რეკომენდაცია მიეცა ც. ნ-ეს, შესაბამისად, იმავე ოქმის საფუძველზე დადგინდა მ. თ-ის გათავისუფლება ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების გამგის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან.

იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანებით მ. თ-ე გათავისუფლდა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი) გამგის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹130, § 10 ბრძანებით ც. ნ-ე დაინიშნა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების ...ის თანამდებობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ მ. თ-ის მოსაზრებას, რომ კონკურსანტთა შეფასების ისეთი მეთოდი, როგორიცაა დაგროვილ ქულათა ოდენობა, არ არის გათვალისწინებული არც “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით და არც იუსტიციის მინისტრის 2000წ. 28 აპრილის ¹49 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული კონკურსის უმთავრეს კრიტერიუმს მიღებულ ქულათა რაოდენობა წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკურსის შედეგების დადგენა მხოლოდ ტესტირებაზე დაგროვილი ქულების ოდენობის მიხედვით, აზრს დაუკარგავდა იუსტიციის მინისტრის 2000წ. 28 აპრილის ¹49 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნას და თვით კონკურსის ჩატარების საჭიროებასაც, რადგანაც კონკურსის შედეგის დადგენა მოხდებოდა მხოლოდ კონკურსანტების მიერ ტესტირებაზე მიღებული ქულების მარტივი შედარებით, რაც არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დებულებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უნდა გაეთვალისწინებინა მ. თ-ის ის უპირატესობა, რასაც მას ანიჭებდა “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებდა მ. თ-ისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში პროფესიის ან სპეციალობის მიხედვით სამუშაოზე მიღების უპირატესობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმა არ ეწინააღმდეგება არც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონს და არც ზემოაღნიშნულ დებულებას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტი, როცა მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ კონკურსანტთა თანაბარი პირობების არსებობისას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსანტებმა სწორად უპასუხეს ტესტების 75%-ს, ისინი აღმოჩნდნენ თანაბარ პირობებში და კონკურსანტებს შორის მხოლოდ ქულების ოდენობის სხვაობა, არ შეიძლებოდა გამხდარიყო არათანაბარი პირობების საფუძველი.

რაც შეეხება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის “დ” პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად და რომელზეც მიუთითებს სააპელაციო სასამართლო, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი არ მოდის კოლიზიაში “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული კანონები, გადაწყვეტილება კი სამართლებრივად არასრულყოფილად დაასაბუთა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილება სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა მიღებული და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რომლითაც უნდა დაკმაყოფილდეს კასატორ მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნები იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის ¹12 ოქმის, იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმის გათვალისწინებით იუსტიციის მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნის თაობაზე. კონკურსის მონაწილეთაგან გამარჯვებულის შერჩევა არ შედის იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება კანდიდატის კონკურსში გამარჯვების შესახებ წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატის ზემოაღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის ერთადერთ საფუძველს. მხოლოდ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ავალდებულებს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშნოს კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულად ცნობილი კანდიდატი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერც იმის თაობაზე იმსჯელებს, თუ რომელმა კანდიდატმა გაიმარჯვა კონკურსში, რადგანაც საჯარო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენა და კონკურსის შედეგის შეცვლა ფაქტობრივად ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება სზაკ-ის ძირითად პრინციპებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იუსტიციის სამინისტროს უნდა დაევალოს ქ. თბილისის სარის ¹2 განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ხელახალი შეჯამება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უარი უნდა ეთქვას კასატორის მოთხოვნას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებათა ვაკანტურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2003წ. 13 ივლისის ¹12 ოქმი ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი) გამგის ...ის 1 საშტატო ერთეულზე ც. ნ-ის დანიშვნისა და აღნიშნული განყოფილების გამგის ...ის მ/შ თანამდებობიდან მ. თ-ის გათავისუფლების ნაწილში;

5. ბათილად იქნეს ცნობილი იუსტიციის მინისტრის 2003წ. 1 აგვისტოს ¹122 ბრძანება ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი) გამგის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან მ. თ-ის გათავისუფლების ნაწილში და 2003წ. 1 აგვისტოს ¹130 ბრძანება ამავე განყოფილების გამგის ...ის თანამდებობაზე ც. ნ-ის დანიშვნის ნაწილში, როგორც თანმდევი შედეგები;

6. მ. თ-ე აღდგენილ იქნეს ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი) გამგის ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი;

7. დაევალოს იუსტიციის სამინისტროს ხელახლა შეაჯამოს კონკურსის შედეგები ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ¹2 განყოფილების გამგის ...ის 1 საშტატო ერთეულზე;

8. მ. თ-ის სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვას;

9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.