ბს-401-524-კ-03 24 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 16 აპრილს ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელმა და “სსრკ გამომგონებელმა” ზ. ბ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოსა და სააქციო საზოგადოება “ს.-ს” მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხეებისაგან 1994წ. 10 ოქტომბრიდან 2002წ. 15 აპრილამდე გაუნაღდებელი საგადასახადო დავალების, “ს.-ის” სასარგებლოდ გამოგონების დანერგვის საფასურის _ 2128,5 აშშ დოლარის, საავტორო ზედამხედველობის საფასურის _ 279,57 აშშ დოლარის, საავტორო ჯილდოს _ 3190 აშშ დოლარისა და ჯარიმის _ 83897 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომიტეტის წყალტუბოს ზონის ¹... ...-ს ფაბრიკის დამხარისხებელ საამქროში დაინერგა ¹... და ¹... პატენტებით დაცული მისი გამოგონების გამოყენება. ¹5-1994წ/2014 ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი (...-ს ფაბრიკა) ვალდებული იყო, 1994წ. 1 სექტემბრამდე მისთვის 3 ტონა შავი ბაიხის ...-ს მზა პროდუქცია ან შესაბამისი ღირებულება გადაეცა, რაც ...-ს ფაბრიკის დირექტორის მიერ არ შესრულდა. ამავე ხელშეკრულებით ზიანის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით განისაზღვრა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ წყალტუბოს ზონის გამგეობის 1994წ. 25 ნოემბრის ¹204 დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 14 აპრილის ¹288 დადგენილებითა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველოს 1994წ. 8 ნოემბრის ¹32 ბრძანებით წყალტუბოს ¹... ...-ს ფაბრიკის ბაზაზე ღია ტიპის სს “ს.-ო” დაფუძნდა.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო, ვინაიდან ¹... ...-ს ფაბრიკის სამართალმემკვიდრეს სს “ს.-ო” წარმოადგენდა. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო თავიდან ამ საზოგადოების დამფუძნებელი იყო, მაგრამ შემდეგ სს “ს.-ს” აქციათა პაკეტი ნულოვანი აუქციონის წესით მთლიანად გაიყიდა და სახელმწიფოს მის საწესდებო კაპიტალში წილი აღარ ჰქონდა.
მოპასუხე სს “ს.-ს” დირექტორმა დ. ჟ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1994წ. 5 აპრილს სს “ს.-სა” და “ს.-ის” ხელმძღვანელს, “სსრკ გამომგონებელს” და პატენტმფლობელს _ ზ. ბ.-ს _ შორის დადებული ¹5-1994/2014 ხელშეკრულება სადავო გახდა და თავდაპირველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით, შემდეგ კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ.-ის მოთხოვნა თანხის ან მზა პროდუქციის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სადავო ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია ჩაება.
2002წ. 24 ივნისს მოპასუხე სს “ს.-ს” დირექტორმა დ. ჟ.-მა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა და შეგებებული სარჩელის აღძვრამდე ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 24 ივნისის განჩინებით სს “ს.-ს” დირექტორის _ დ. ჟ.-ის _ განცხადება არ დაკმაყოფილდა.
2002წ. 25 ივნისს სს “ს.-ს” დირექტორმა დ. ჟ.-მ სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა და მოსარჩელე ზ. ბ.-ისაგან მორალური ზიანის სახით 10000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინებით სს “ს.-ს” დირექტორს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელის, “სსრკ გამომგონებლის” ზ. ბ.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე მთელი მისი ქონებით შემოიფარგლებოდა. თავიდან სს “ს.-ს” დამფუძნებელს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო წარმოადგენდა, შემდგომ აქციათა მთელი პაკეტი ნულოვან აუქციონზე იქნა გაყიდული და მას სააქციო საზოგადოება “ს.-ს” საწესდებო კაპიტალში წილი აღარ ჰქონდა. ამდენად, ზ. ბ.-ის მოთხოვნა სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების ან მზა პროდუქციის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო. ამასთან, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება, რომელიც შესასრულებელ ვალდებულებას წარმოშობდა, არ დადებულა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელე – ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელს _ ზ. ბ.-სა და მოპასუხე – სს “ს.-ს” შორის უკვე არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი იყო დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით, კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც “ს.-ის” ხელმძღვანელის, პატენტმფლობელის ზ. ბ.-ის სარჩელი სს “ს.-სთან” თანხის ან მზა პროდუქციის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის დადებული ¹5-1994/2014 ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 22 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელმა, “სსრკ გამომგონებელმა” ზ. ბ.-მა იმავე საფუძვლებით საკასაცო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელი, “სსრკ გამომგონებელი” ზ. ბ.-ი და “პატენტმფლობელი ბ.-ი” ერთი და იგივე ფიზიკური პირია. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის გადახდევინების შესახებ ერთი და იგივე ფიზიკური პირის – ზ. ბ.-ის _ სასარგებლოდ არის მიმართული.
საკასაციო პალატა საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოპასუხე სს “ს.-ო” წყალტუბოს გამგეობის 1994წ. ¹204 გადაწყვეტილების საფუძველზე წყალტუბოს ¹... ...-ს ფაბრიკის ბაზაზე დაფუძნდა და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს და თვლის, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის თანახმად, სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე მთელი მისი ქონებით შემოიფარგლება. სს “ს.-ს” დამფუძნებელს თავის დროზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო (ამჟამად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო) წარმოადგენდა, შემდგომ აქციათა მთელი პაკეტი ნულოვან აუქციონზე იქნა გაყიდული და მას სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილი აღარ ჰქონდა. ამდენად, არც ადრე და არც ახლა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო (ამჟამად, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყალტუბოს სამმართველო) საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს არ აგებდა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ უსაფუძვლოა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე სს “ს.-ს” მიმართ უკვე არსებობს სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელის, სსრკ გამომგონებლის, პატენტმფლობელის ზ. ბ.-ის _ სარჩელი სს “ს.-თან” თანხის ან მზა პროდუქციის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის დადებული 1994წ. 4 აპრილის ¹5-1994/2014 ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ უცვლელად იქნა დატოვებული.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე სს “ს.-ს” შორის უკვე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
საკასაციო სასამართლო, ამასთან კასატორის ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილსა და სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალური საწარმო “ს.-ის” ხელმძღვანელის ზ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.