ბს-407-528-კ-03 23 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 5 სექტემბერს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. შ-ამ და მოითხოვა მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის _ 72500 აშშ დოლარის _ გადახდის დაკისრება მოპასუხეებისათვის, ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობისათვის შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელე მიუთითებდა სარჩელში, რომ საქართველოს მთავრობის 1991წ. 12 აპრილის ¹306 დადგენილების საფუძველზე კ. გ-ას სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ...... 19-ში, გადაკეთდა სახლ-მუზეუმად. ამავე დადგენილებით სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი სახლისა და ბიბლიოთეკის მშენებლობის მიზნით დაშლილ იქნა ...... ¹21-ში არსებული წ-ების კერძო საცხოვრებელი სახლი. მასში მცხოვრები წ-ების ექვსი ოჯახი მთაწმინდის რაიონის აღმასკომის 1991წ. 16 იანვრის ¹1/110 განკარგულებით გაწევრიანებულ იქნენ ..... ¹64-ში მშენებარე ,,ვ-ი 90”-ში და .....70-ში მშენებარე ,, ........ ” ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობაში. წ-ების ოჯახის უარის გამო – დალოდებოდნენ მშენებლობის დამთავრებას, რომელიც მაქსიმუმ 1-2 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო, მოსარჩელეთა ოჯახი ქალაქის ხელმღვანელობის დიდი თხოვნით დათანხმდა დაეთმო წ-ებისათვის კერძო საკუთრების ორსართულიანი კაპიტალური შენობა 10 ოთახით, 600 მ2 ეზოთი და ხეხილის ბაღით, მდებარე ..... ¹12-ში და მის ნაცვლად გაწევრიანებულიყვნენ ..... 70-ში მშენებარე ,, ....... ” ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობაში, რომლის სრულ თანხას მერია დაფარავდა. მშენებლობა, პირობის თანახმად, მაქსიმუმ ორ წელიწადში უნდა დამთავრებულიყო. მოსარჩელე ოჯახით გაწევრიანებულ იქნა ...... 70-ში ამხანაგობა ,, .....-ში” ხუთოთახიან ბინაზე, ფართით 196 მ2. მოსარჩელის ძმას გამოეყო ..... ¹8-ში ამორტიზირებულ მდგომარეობაში მყოფი ორი და სამოთახიანი ბინები.
1991-92 წწ. შექმნილი მდგომარეობის გამო სახლის მშენებლობა ვერ დამთავრდა დღემდე. 1997წ. 16 ოქტომბრის ¹285 გადაწყვეტილებით მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ..... ¹5-ში (კორპუსი ,,ბ”) ასაშენებელ კორპუსში მოსარჩელეს გამოუყო ხუთოთახიანი ბინა საერთო ფართით 150 მ2, ნაცვლად 196 მ2 ხუთოთახიანი ბინისა, ანუ დააკლეს 46 მ2. მოსარჩელის მითითებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ოჯახი ქირით ცხოვრობს სხვადასხვა მისამართზე, ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას 100-110 აშშ დოლარის ოდენობით. Yყოველივე აღნიშნულს ემატება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰყავს ავადმყოფი, ეპილეფსიით დაავადებული შვილი, რომელიც ხანგრძლივ და მძიმე მკურნალობასთან ერთად საჭიროებს მყუდრო და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური ზიანის – 45000 აშშ დოლარის, მორალური ზიანის – 25000 აშშ დოლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯების _ 2800 აშშ დოლარის, სულ 72800 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურებას.
რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი, ხოლო კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი მორალური ზიანისა და 46 კვ.მ _ საკომპენსაციო თანხის ნაწილში.
მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა აუდიტორული დასკვნა ვაკისა და ვერის ტერიტორიებზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ფასი თაობაზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ უბნებში 46 მ2 ფართის ფასის საშუალოდ შეადგენს 23000 აშშ დოლარს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ. შ-ას სარჩელი და ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მატერიალური ზიანის _ 27600 აშშ დოლარის (12600 აშშ დოლარი – ბინის ქირავნობის გამო გამოწვეული ზიანისა და 15000აშშ დოლარი – 46 მ2 შემცირებული ფართისათვის) და მორალური ზიანის – 7000 აშშ დოლარის, სულ 34600 აშშ დოლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და ითხოვა კრწანისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ შ-ების ოჯახმა ნებაყოფლობით ჩააბარა თავისი კერძო საცხოვრებელი სახლი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ოჯახის ნაწილმა მიიღო 114 მ2 ფართის ბინა, ხოლო მოსარჩელე ჯერ გაწევრიანდა ..... 70-ში მშენებარე სახლის 196 მ2 ფართის ხუთოთახიან ბინაში, ხოლო შემდეგ, ვინაიდან აღნიშნული სახლის დამთავრება ვერ მოხერხდა, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 1997წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა ოჯახი მიმაგრებულ იქნა ...... ¹5-ში 150 მ2 ფართის ხუთოთახიან ბინაში, რომლის დამთავრება გათვალისწინებული იყო 2002წ. ბოლოს. აპელანტის აზრით, ხანდაზმული იყო სარჩელი დაკავებული ფართის საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო უსაფუძვლო – მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელში მითითებული საფუძვლებით გაასაჩივრა ასევე მ. შ-ამ, რომელმაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიისათვის დამატებით მიყენებული მატერიალური ზიანის სახით 17400 აშშ დოლარის, მორალური ზიანის სახით – 15000 აშშ დოლარისა და ადვოკატის ჰონორარის სახით _ 2800 აშშ დოლარის, სულ დამატებით 38200 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და მ. შ-ას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის მერიას მ. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 12280 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარებში, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად და საბოლოოდ ქ. თბილისის მერიას მ. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 27280 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარებში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიასა და მ. შ-ას შორის არსებობდა ხელშეკრულება ჩაბარებული სახლთმფლობელობის სანაცვლოდ ტოლფასი სადგომით დაკმაყოფილების თაობაზე, რომელსაც ქ. თბილისის მერია არ უარყოფდა და ეს დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული აქტებით: ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის საკრებულოს 1991წ. 21 ივნისის ¹1/1 და 1991წ. 16 ოქტომბრის ¹1/100 განკარულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 28 ივნისის ¹10.20.648 დადგენილებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. შ-ას უნდა ანაზღაურებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბინის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯები, კერძოდ ყოველთვიურად 1995-96 წლებში – 100, ხოლო 1997 წლიდან 110 აშშ დოლარის, სულ 12280 ლარი. მორალური ზიანის ანაზღაურება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია არაკანონიერად, ვინაიდან მოპასუხემ ვერ დაასახელა და ვერ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით დადგენილი არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზღაურების საფუძვლების არსებობა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა ხეხილის ბაღის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე, რადგანაც ეს უკანასკნელი წარმოადგენდა სახლთმფლობელობის ნაწილს და არ შეიძლებოდა კომპენსაციის დამოუკიდებელ ობიექტად მიჩნეულიყო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ამ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიისათვის 27280 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და დამატებით მოპასუხისათვის 52200 აშშ დოლარის დაკისრება, კერძოდ, მორალური ზიანის – 25000 აშშ დოლარის და მატერიალური ზიანის _ 25400 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება. მათ შორის – ხეხილის ბაღის საკომპენსაციოდ – 15000 აშშ დოლარის, დაკლებული საცხოვრებელი ფართის – დამატებით 8000 აშშ დოლარის, ბინის ქირის – 2400 აშშ დოლარის ოდენობით.
კასატორი მიუთითებს, რომ მერიის უპასუხისმგებლობის გამო მის ოჯახს მიადგა მძიმე სულიერი ტრავმა, ჰყავს ეპილეფსიით დაავადებული შვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არსებითად გაუარესდა გაუთავებელი ხიზნობისა და თავშესაფრის ძიების შედეგად, გაუხშირდა ეპილეფსიური მოვლენები. არსებულმა სიტუაციამ მძიმედ იმოქმედა მის მამაზეც, რომელმაც ვერ გაუძლო ასეთ ცრუ დაპირებებსა და გაუთავებელ დავებს და გარდაიცვალა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში უბინაოდ ყოფნამ წარმოშვა ოჯახური კონფლიქტი, რაც დამთავრდა ოჯახის დანგრევით. ყოველივე აღნიშნული არ მოხდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ხეხილის ბაღის საკომპენსაციო თანხის დაკისრების ნაწილშიც, რადგან ამ ბაღიდან მათ ოჯახს ყოველწლიურად გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ.
კასატორი აღნიშნავს, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მათ მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, რომლის თანახმადაც მათთვის დაკლებული 46მ2 საცხოვრებელი ბინის ფართის საკომპენსაციო საბაზრო ფასი შეადგენს 23000 აშშ დოლარს და ქ. თბილისის მერიას მხოლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს. მათი ოჯახისათვის საკომპენსაციო თანხის დაკლება უკანონოა და სრულად უნდა აუნაზღაურდეს განსხვავება შემცირებული ფართისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, მ. შ-ას, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შემცირებული საცხოვრებელი ბინის ფართის საკომპენსაციოდ ქ. თბილისის მერიისათვის დამატებით 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტის დაკისრების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ქ. თბილისის მერიისათვის ხეხილის ბაღის საკომპენსაციოდ 15000 აშშ დოლარისა და ბინის ქირის – 2400 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რადგან აღნიშნული მოთხოვნები, ისევე როგორც ადვოკატის მომსახურების ხარჯების თაობაზე, მათ სააპელაციო პალატის სხდომაზე საპაექრო სიტყვაში მოხსნეს.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მ. შ-ას მიერ, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის მორალური ზიანის მიყენების დასადასტურებლად, შესაბამისად საკასაციო პალატა კასატორის მოთხოვნას ქ. თბილისის მერიისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
ამავე დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა ქ. თბილისის მერიისათვის შემცირებული 46მ2 საცხოვრებელი ფართის საკომპენსაციოდ დაკისრებული 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გარდა, დამატებით 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, რადგან საქმეში საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, ვაკისა და ვერის ტერიტორიებზე 46მ2 საცხოვრებელი ფართის ღირებულება არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე 23000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული გარემოების საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიას შემცირებული 46მ2 საცხოვრებელი ფართის საკომპენსაციოდ კასატორის _ მ. შ-ას სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა მერიის ვალდებულება კასატორის მიმართ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. საკასაციო პალატის სხდომაზე დადასტურდა ის გარემოებაც, რომ კასატორის ოჯახს არანაირი კომპენსაცია მიღებული არა აქვს.
ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მ. შ-ას სასარგებლოდ ქ. თბილისის მერიისათვის 27280 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს და ქ. თბილისის მერიას შემცირებული 462 საცხოვრებელი ფართის საკომპენსაციოდ მოსარჩელე მ. შ-ას სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კასატორის, მ. შ-ას, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მ. შ-ასათვის ბინის შემცირებული ფართის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ქ. თბილისის მერიას მ. შ-ას სასარგებლოდ ბინის შემცირებული ფართის საკომპენსაციოდ დამატებით დაეკისროს 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება დანარჩენ გასაჩივრებულ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.