ბს-409-359-კ-04 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პრივატიზების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 სექტემბერს სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს მიერ ჩატარდა კონკურსი თბილისში, ..... მდებარე 75,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების თაობაზე, რომელშიც ამავე სამმართველოს საკონკურსო კომისიის სხდომის ¹323 ოქმის თანახმად, გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე _ დ. ღ-ე. კონკურსში გამარჯვებულსა და სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს შორის 2002წ. 11 ოქტომბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2002წ. 15 ოქტომბერს დ. ღ-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹......., რომლითაც მას საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ..... მდებარე 75,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (საპრივატიზებო საქმე).
კასატორმა ვ. ქ-მა მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველო არ იყო უფლებამოსილი, დ. ღ-ისათვის საკუთრებაში გადაეცა ზემოაღნიშნული ფართი და 2003წ. 13 იანვარს სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში ქონების მართვის თბილისის სამმართველოსა და დ. ღ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დ. ღ-ის სახელზე გაცემული ¹........ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე ტექაღრიცხვის სამსახურისა და საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების გაუქმება.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¹.......-ის ბალანსზე ირიცხებოდა, მას გადაეცა საკუთრებაში 1998წ. 15 სექტემბერს საბინაო-სამშენებლო კოოპერეტივ ¹......-თან დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, რაც რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარის 1997წ. 30 აპრილის ¹2/13/255 წერილით დგინდება, რომ სადავო ფართი არ ირიცხებოდა არც სახელმწიფო ქონების მართვის საპრივატიზებო ნუსხაში და არც საბინაო ტრესტის ბალანსზე. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უკანონოდ მოხდა არასაცხოვრებელი ფართის დ. ღ-ისათვის გადაცემა.
ვ. ქ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე დ. ღ-ემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი განმარტებით, საბინაო-სამშენებლო კოოპერტივი არ იყო სადავო ფართის მესაკუთრე და არ შეეძლო იგი გადაეცა ვ. ქ-ისათვის, რადგან იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა სავაჭრო ობიექტებისათვის განკუთვნილ არასაცხოვრებელ ფართზე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის რაიმე უფლებებს, კერძოდ, 1983წ. საბინაო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, საბინაო ფონდში არ შედიოდა სახლების არასაცხოვრებელი სადგომები, რომლებიც განკუთვნილი იყო სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და არასამრეწველო ხასიათის სხვა საჭიროებისათვის. ამდენად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს არ შეიძლებოდა ჰქონოდა საკუთრების უფლება სადავო ფართზე. ამასთან, 1997წ. 25 ნოემბრიდან საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები გაუქმებულია, თანახმად სკ-ის 1512-ე მუხლისა, რის გამოც საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ¹315-ს არ შეეძლო 1998წ. 15 სექტემბერს რაიმე გარიგება დაედო, რადგან იგი ამ დროისათვის აღარ არსებობდა. სადავო ფართი ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან განკუთვნილი იყო სავაჭრო ობიექტებისთვის და წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რაც დასტურდება თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს 1995წ.ა და კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2002წ. წერილებით, კერძოდ, აღნიშნული წერილების მიხედვით, სადავო ფართის ღირებულება თბილისის საქალაქო საბჭოს მიერ იქნა დაფარული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამასთან, არც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში და არც სახელმწიფო ქონების მართის დეპარტამენტში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია სადავო არასაცხოვრებელი ფართის სახელმწიფოს გარდა სხვა პირის კუთვნილების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ იქნებოდა შეტანილი საპრივატიზებო ნუსხაში და არ მოხდებოდა მისი გასხვისება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მის მიერ.
სააპელაციო წარმოების დროს ვ. ქ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ 2002წ. 3 სექტემბრის კონკურსის შედეგების, დ. ღ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 იანვრის განჩინებით ვ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლებით უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე სადავო არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 19 მარტის ¹07.01.103 დადგენილების თანახმად, თბილისის მერიის 1998წ. 13 თებერვლის ¹11 განკარგულებით დამტკიცდა თბილისის მუნიციპალური საკუთრების არასაცხოვრებელი ფართის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შეტანილი იყო სადავო არასაცხოვრებელი ფართიც, რაც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. ქ-ი წარმოადგენდა სადავო ფართის მესაკუთრეს, რადგან ფართზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სკ-ის 183-ე მუხლით დადგენილი წესით. ამასთან, პრივატიზაცია განხორციელდა მაშინ, როდესაც სკ-ის 1512-ე მუხლის შესაბამისად, საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა გაუქმებული იყო 1997წ. 25 ნოემბრიდან.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს მიერ სადავო არასაცხოვრებელი ფართის დ. ღ-ის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა კანონიერად, პრივატიზაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, სადავო ფართის მესაკუთრედ, ნაცვლად დ. ღ-ისა, ვ. ქ-ის აღრიცხვა.
კასატორის განმარტებით, ¹...... კოოპერატივის თავმჯდომარის საჩივრის საფუძველზე, პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის საგამოძიებო კომისიის მიერ შემოწმებულ იქნა სადავო არასაცხოვრებელი ფართის კუთვნილების საკითხი და დადგინდა, რომ მაღაზიის მიერ დაკავებული 70 კვ.მ ფართი 1995 წელს პრივატიზებულია მაღაზიის შრომითი კოლექტივის მიერ, შემდეგ კი მისმა მფობელმა დ. ღ-ემ ფართი გაყიდა. 1998 წელს კოოპერატივის წევრებთან შეთანხმებით, კოოპერატივის სახსრებით ამოშენებული ღია არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა ვ. ქ-ს და ასევე იმ წელსვე იგი აღრიცხულ იქნა ფართის მესაკუთრედ ტექინვენტარიზაციის სამსახურში. სადავო ფართში სახელმწიფოს სახსრებით ამოშენებულ იქნა მხოლოდ 31 კვ.მ, დანარჩენი კი დარჩა კოპერატივის საკუთრებად.
კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია და განმარტა, რომ სკ-ის 1512-ე მუხლის თანახმად, 1997წ. 25 ნოემბრიდან გაუქმებული საბინაო-სამშენებლო კოპერატივის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები კოოპერატივების მიმართ დარჩა ძალაში. აღნიშნულის შესაბამისად, ვ. ქ-სა და კოოპერატივს შორის დადებული გარიგება კანონიერია და კოოპერატივს შეეძლო, ფართზე უფლებები გადაეცა მყიდველისათვის. რაც შეეხება სკ-ის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, კასატორის განმარტებით, კანონი არ აკონკრეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას და საკუთრების უფლება წარმოიშობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში აღრიცხვითაც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 იანვრის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ვ. ქ-ი ითხოვს თბილისში, ....., პირველ სართულზე მდებარე 75,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის დ. ღ-ის მიერ პრივატიზების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი, როგორც საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საკუთრება, კოოპერატივის თავმჯდომარესთან 1998 წელს დადებული ხელშეკრულებით, ბინის პრივატიზებასთან ერთად გადაეცა საკუთრებაში და სახელმწიფოს, სახელმწიფო ქონების მართვის თბილისის სამმართველოს სახით, არ ჰქონდა ფართის განკარგვის უფლება. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროდან წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი ¹...... საბინაო სამშენებლო კოოპერატივის საკუთრებაა.
საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სანიმუშო წესდების მე-13 პუნქტის თანახმად, ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების საწარმოები და სხვა დაწესებულება-ორგანიზაციები საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლებში შეიძლებოდა განლაგებულიყვნენ ამ კოოპერატივის თანხმობით, ხოლო კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაკრედიტების წესების 3-4 პუნქტების მიხედვით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებს თავიანთი სახსრებით ეკრძალებოდათ კორპუსში განთავსებული ვაჭრობის, საზკვების და სხვა ობიექტების დაფინანსება. ამ ობიექტების მშენებლობა ფინანსდებოდა შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაცია_საწარმოების მიერ გამოყოფილი კაპიტალდაბანდების ხარჯზე და შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ქონება შესაბამისი (დამფინანსებელი) ორგანიზაციის ბალანსზე აისახებოდა.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ თბილისში, ... მდებარე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი ¹......-ის საცხოვრებელი სახლის საერთო ღირებულება შეადგენდა 1080800 მანეთს, რასაც არც კასატორი უარყოფს. სახლის პირველ სართულზე გათვალისწინებული იყო 155 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (მაღაზიის) განთავსება, რომლის ღირებულება ურთიერთანგარიშსწორების ცნობის მიხედვით შეადგენდა 35560 მანეთს. ურთიერთანგარიშსწორების ცნობა დადასტურებულია ¹3 საამშენებლო სამმართველოს, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობის სამმართველოს და ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მიერ. თბილისის ქალაქის საბჭოს მიერ დაფინანსებული კაპიტალური მშენებლობების ტიტულოვანი სიის მიხედვით ირკვევა, რომ ... ¹40-ში მშენებარე არასაცხოვრებელი ფართი დაფინანსებულია ქალაქის საბჭოს მიერ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს 1995წ. ¹ღ/19 და თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამმართველოს 2002წ. ¹207/4 ცნობებით ასევე დასტურდება, რომ ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის საცხოვრებელ კორპუსში განლაგებული 151 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (მაღაზიის) ღირებულება _ 35560 მანეთი გადახდილია თბილისის საქალაქო საბჭოს მიერ. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ... ¹40-ში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობა თბილისის საქალაქო საბჭოს მიერ იყო დაფინანსებული, ამიტომ იგი ქალაქის საბჭოს (ამჟამად მუნიციპალურ) საკუთრებას წარმოადგენდა და არა ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისას.
კასატორის განმარტებით, არასაცხოვრებელი ფართის ნაწილში განთავსებული იყო საბურთალოს სასურსათო ვაჭრობის მაღაზია ¹19. საქმეში წარმოდგენილია 1985-89 წლების საბანკო ქვითრები, რომლის მიხედვითაც საბურთალოს რაივაჭრობა და მაღაზია ¹19 ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივს უხდიდა კომუნალური მომსახურების ღირებულებას და საიჯარო ქირას.'ვინაიდან ..... ¹40-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის მშენებლობის დაფინანსებას თბილისის საქალაქო საბჭო ახორციელებდა, შესაბამისად, მისი მესაკუთრე საქალაქო საბჭო (სახელმწიფო) იყო და არა ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივი, ამიტომ საბურთალოს სასურსათო ვაჭრობის ¹19 მაღაზიას იჯარის ხელშეკრულება მესაკუთრესთან უნდა დაედო და არა კოოპერატივთან. საკასაციო პალატის აზრით, დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისთვის საჭიროა აღნიშნული საკითხის დამატებით გამოკვლევა. ამასთან, კასატორი თავდაპირველადაც აღნიშნავდა და საკასაციო საჩივარშიც მიუთითებს, რომ 1995 წელს მაღაზიის მიერ დაკავებული 70 კვ.მ ფართი პრივატიზებულ იქნა შრომითი კოლექტივის მიერ და შემდგომ დ. ღ-ემ გაყიდა იგი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე დ. ღ-ე განმარტავს, რომ 2002წ. სექტემბერში მის მიერ პრივატიზებულ 75,2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართში განთავსებული იყო არა ¹19, არამედ ¹56 მაღაზია, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. ¹07.01.103 დადგენილებით დამტკიცებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში სხვა მაღაზიებისაგან განსხვავებით არ არის დაკონკრეტებული, რომელი მაღაზიის არასაცხოვრებელი ფართი იყიდება ..... ¹40-ში და რამდენი კვ. მეტრი. საპრივატიზებო ობიექტის ამგვარი სრულყოფილი მონაცემი არც თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საპრივატიზებო მასალებში მოიპოვება (იხ. საპრივატიზებო საქმე). ამიტომ სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითად ხელახლა განხილვისას დამატებით მტკიცებულებათა მოპოვებით უნდა დაადგინოს, რამდენი მაღაზია იყო განთავსებული ... ¹40-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე და რომელი მაღაზია მდებარეობდა დ. ღ-ის მიერ პრივატიზებულ სადავო ფართში (მე-19 თუ 56-ე), ვისთან ჰქონდა მაღაზიას სახელშეკრულებო (იჯარა) ურთიერთობა და რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ¹...... საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთან.
საკასაციო პალატის აზრით, ამ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება-გამოკვლევისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანა. ამიტომ ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 იანვრის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითუითებებით არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 იანვრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.