Facebook Twitter

ბს-419-539-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

სახელმწიფო საწარმო “ი.-მ” სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის _ 23050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ვადაგასულ დავალიანებაზე დარიცხული საურავის _ 6915 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 100 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო საწარმო “ი.-სა” და ინვალიდების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის 1998წ. 28 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე “ი.-ის” პანსიონატ “უ.-ში” დაისვენა და იმკურნალა დეპარტამენტის მიერ გაგზავნილმა 103 კაცმა. ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ დამსვენებელზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი საგზურის ვადა შეადგენდა 15 დღეს, თითოეულ დამსვენებელზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 255 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის პანსიონატ “უ.-ის” მხრიდან გაწეული ხარჯების ანაზღაურების მიზნით ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტს ყოველი ნაკადის დამთავრებისთანავე (ნაკადი 50 კაცის მომსახურებას ითვალისწინებდა 15 დღის განმავლობაში) უნდა გადაეხადა შესაბამისი ანაზღაურება.

მიუხედავად იმისა, რომ პანსიონატმა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტს არ აუნაზღაურებია გაწეული მომსახურების საფასური.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 5 აპრილს და 2000წ. 21 იანვარს შედგა დავალიანების საბუღალტრო შედარების აქტი, რომელიც ხელმოწერილ და დამოწმებულ იქნა ორივე მხარის მიერ, მაგრამ თანხა კვლავ არ ჩარიცხულა, რის გამოც მოსარჩელე განიცდიდა ზარალს.

ვინაიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1999წ. 29 დეკემბრის ¹513 ბრძანების საფუძველზე ინვალიდების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი გაუქმდა, ხოლო 2000წ. 22 მარტის ¹57/I ბრძანებით ამ დეპარტამენტის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები გადავიდა მის უფლებამონაცვლეზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე, ამიტომ სკ-ის 404-ე, 411-ე, 412-ე და 414-ე მუხლების საფუძველზე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 23625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 100 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა 23625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და აუნაზღაურდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ-ის, საქართველოს სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ის”, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქობულეთის სახელმწიფო საწარმო “ი.-ი” არ არსებობდა მაშინ, როდესაც დაიდო 1998წ. 28 აგვისტოს ხელშეკრულება, რომელზედაც მოსარჩელე აფუძნებდა თავის მოთხოვნას. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ 1998წ. 23 ივნისს დამტკიცდა სახაზინო საწარმო დასასვენებელი სახლი “ი.-ის” წესდება. წესდების პირველი მუხლის თანახმად, “სახაზინო საწარმო-დასასვენებელი სახლი ,ი.-ი” შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 18 აპრილის ¹254 ბრძანებულების შესაბამისად, “საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის გარდაქმნის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 1998წ. 28 მაისის ¹82/28 ბრძანებით. სამსახურის სახელმწიფო საწარმო, როცა დაიდო სადავო ხელშეკრულება, “ი.-ის” ბაზაზე ამ სახით არ არსებობდა. საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 25 სექტემბრის ¹556 ბრძანებულებით, “საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” 1-ლი პუნქტის თანახმად, დადგენილ იქნა საწარმოების ლიკვიდაცია 1-ლი და მე-2 დანართების მიხედვით. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის “გ” პუნქტით განისაზღვრა, რომ ლიკვიდირებულ სახაზინო საწარმოთა სახელმწიფო ქონების საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემის საკითხი უნდა შეთანხმებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 16 ივლისის ¹306 ბრძანებულებით, “საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 25 სექტემბრის ¹536 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, მე-2 მუხლით საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 26 სექტემბრის ¹556 ბრძანებით დამტკიცებულ დანართს დაემატა “ი.-ი”, ¹2 დანართს ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ა”. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ¹82/34 2000წ. 3 ოქტომბრის ბრძანების I-ლი მუხლით დამტკიცდა სახაზინო საწარმო “ი.-ის” სალიკვიდაციო კომისიის აქტი. ამავე ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ის” წესდება. წესდების 1-ლი მუხლის თანახმად, “საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ა” შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 16 ივლისის ¹306 ბრძანებულებით სახაზინო საწარმო “ი.-ის” ბაზაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ს” წარმომადგენელმა ა. ს.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ “საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ის’’ წარმომადგენლის, ა. ს.-ის, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

დადგენილია, რომ 1998წ. 28 აგვისტოს ინვალიდთა დეპარტამენტსა და ქობულეთის სახელმწიფო საწარმო “ი.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრების, ამ ბრძოლებში დაინვალიდებულ პირთა და ყველა კატეგორიის ინვალიდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით დასვენებას და საჭიროების შემთხვევაში, პროფილაქტიკური მკურნალობის გაწევას. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი _ “ი.-ი” _ კისრულობდა ვალდებულებას, 1998წ. 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, 15-დღიანი საგზურით დაესვენებინა 150 კაცი. ერთი დღის საგზურის ღირებულება განისაზღვრა 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.

მხარეებს შორის შედგენილი შედარების აქტებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე 1998 წელს დაისვენა 105 კაცმა, ხოლო ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 23625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. შედარების აქტების სისწორე და აქტზე შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია 2003წ. 31 იანვრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია “ი.-ის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ასევე დადგენილია, რომ ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და არ აუნაზღაურებია მომსახურების საფასური, რის გამოც სკ-ის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება მოცემულ შემთხვევაში, მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც აღიარებულია მოვალის მიერ 23 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

ფინანსთა სამინისტროს ¹228 და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001წ. 2 ოქტომბრის 364/ოი ერთობლივი ბრძანებით დადგენილია, რომ ინვალიდების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 1998წ. 23 ივნისის ბრძანებით სახელმწიფო საწარმო “ი.-ის” ბაზაზე შეიქმნა სახაზინო-საწარმო დასასვენებელი სახლი “ი.-ი”, ხოლო შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 25 სექტემბრის ¹556 და 2000წ. 16 ივლისის ¹306 ბრძანებულებების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სახაზინო საწარმო “ი.-ის” ბაზაზე შეიქმნა სსიპ საქართველოს უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ა”, რომლის დებულება დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2000წ. 3 ოქტომბრის ¹82/34 ბრძანებით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ს” უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ 1998წ. 28 აგვისტოსათვის, როდესაც დაიდო ხელშეკრულება, რომელზეც მოსარჩელე აფუძნებდა მოთხოვნას, ქობულეთის სახელმწიფო საწარმო “ი.-ი” არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს საკასაციო პალატა, რადგან ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის სახელმწიფო საწარმო “ი.-ის” სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა სახაზინო საწარმო “ი.-ი”, არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემსრულებლის _ “ი.-ის” მიერ შესრულებულია და ხელშეკრულების ნამდვილობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისროს 23625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 100 ლარის ანაზღაურება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.