ბს-424-544-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სააღსრულებო განკარგულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ.-ის (მესამე პირი) სარჩელი გ. გ.-ის (მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა და ი. გ.-ს მ. ქ.-ის სასარგებლოდ, ვალის დაფარვის მიზნით, დაეკისრა 11200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და 2001წ. 1 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, აუქციონზე გატანილ იქნა 2000წ. 19 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთული ქონება, ... მდებარე ბინა ¹51, რომელიც 2000წ. 5 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენდა გ. გ.-ის საკუთრებას. ვაკე-საბურთალოს სააღსრულებო ბიუროში 2001წ. 11 ივნისს მოწყობილ პირველ საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი გ. გ.-ის საცხოვრებელი ბინა 11200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ღირებულებით _ 23122 ლარად შეიძინა ც. ჭ.-მ (მოპასუხე) და იმავე დღეს, 2001წ. 11 ივნისს, აღმასრულებელმა გამოსცა განკარგულება ¹15/01-07, რომლის მიხედვითაც გ. გ.-ის სახელზე რიცხული ბინის, მდებარე დიღმის მასივში, ზემოხსენებულ მისამართზე, მესაკუთრე გახდა ც. ჭ.-ე.
2001წ. 15 ნოემბერს თ. ღ.-მ სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გ. გ.-ის, ც. ჭ.-ისა და სხვათა მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა გ. გ.-ის მიერ 2000წ. 5 ივლისს განხორციელებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების, გ. გ.-სა და მ. ქ.-ს შორის 2000წ. 19 ივლისს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებისა და აღმასრულებლის ¹15/01-07 განკარგულების, ბათილად ცნობა:
მოსარჩელის მითითებით, თბილისში, ... მდებარე ბინა ¹51, 1967წ. 21 დეკემბერს გაცემული ¹1804 ორდერის საფუძველზე, როგორც კოოპერატივის მეპაიეებს, გადაეცათ მას და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს, შ. გ.-ს. 2001წ. 25 მაისს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელემ მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება, რაც რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2000წ. 5 ივლისს, ყალბი ცნობების საფუძველზე, იგივე ბინის პრივატიზება მოახდინა მისმა ვაჟმა გ. გ.-მ მისი დედის, თ. ღ.-ის, თანხმობის გარეშე. პრივატიზების ხელშეკრულება, ნაცვლად საჯარო რეესტრისა, რეგისტრირებულია ტექინვენტარიზაციის ბიუროში. 2000წ. 19 ივლისს გ. გ.-ს სადავო ბინა დაუტვირთავს იპოთეკით, მ. ქ.-ისაგან აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. აღმასრულებლის 2001წ. 11 ივნისის ¹15-01/07 განკარგულებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამართულ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული ბინა 11200 აშშ დოლარად შეიძინა ც. ჭ.-მ, რაც ყალბია, რადგან მყიდველი ც. ჭ.-ე გამსესხებელი მ. ქ.-ის დედაა და უდავოა, რომ ბინა უსასყიდლოდ მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ღ.-ი ითხოვდა მის კუთვნილ ბინაზე უკანონოდ, მისი თანხმობის გარეშე დადებული ხელშეკრულებებისა და აღმასრულებლის განკარგულების გაუქმებას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ღ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ღ.-ის სარჩელი 2000წ. 5 ივლისს გ. გ.-ის მიერ განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო 2000წ. 19 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებისა და აღმასრულებლის ¹15/01-07 განკარგულების გაუქმების ნაწილში სარჩელი შემდეგი საფუძვლით არ დაკმაყოფილდა:
1. სასამართლომ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე თ. ღ.-ი აწ გარდაცვლილ შ. გ.-სთან ერთად წარმოადგენდა კოოპერატივის მეპაიეს და სადავო ბინა მას გადაეცა 1967 წელს. 2000წ. 5 ივლისს აღნიშნული ბინის პრივატიზება გ. გ.-მ მოახდინა დედის, თ. ღ.-ის, თანხმობის გარეშე, რაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილების პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების დარღვევას წარმოადგენს და გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია;
2. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეს უარი უთხრა 2000წ. 19 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობაზე და მიუთითა, რომ იპოთეკა შეესაბამება სკ-ის 286-ე, 289-ე და 1515-ე მუხლების მოთხოვნებს;
3. უსაფუძვლობის მოტივით, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს 2001წ. 11 ივლისის ¹15/01-07 განკარგულების გაუქმებაზე, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო განკარგულების გამოცემა მოხდა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის შესაბამისად. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კრედიტორს და აუქციონზე გაყიდული ნივთების მყიდველებს შორის ნათესაური კავშირი ვერ გახდება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ც. ჭ.-ისათვის სადავო ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და ბანკი “...-ის” 2001წ. 11 ივნისის ¹0402001,700127 ქვითრის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ც. ჭ.-მ აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება, 2404 ლარი, ჩარიცხა სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდა თ. ღ.-ის მიერ, რომელიც იგივე მოტივით ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებასა და 2000წ. 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებისა და აღმასრულებლის 2001წ. 11 ივნისის ¹15/01-07 განკარგულების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და გასაჩივრებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ღ.-ის სააპელაციო საჩივარი, ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. გ.-ის მიერ 2000წ. 5 ივლისს განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, ხოლო ამავე ბინაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ბიურის განკარგულების გაუქმებაზე თ. ღ.-ს უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ღ.-მ ნაწილობრივ გაასაჩივრა იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ბიუროს განკარგულების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო თბილისში, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მდებარე 31-ე კორპუსის ¹51 ბინის პრივატიზების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად სსკ-ის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. საკასაციო პალატა, ამავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, პროცესუალურად უფლებამოსილია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და იმსჯელოს იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ბიუროს განკარგულების გაუქმებაზე უარის თქმის მართებულობაზე;
2. სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ღ.-ის მოთხოვნა დიღმის მასივში მდებარე ბინაზე მისი ვაჟის, გ. გ.-ის, მიერ 2000წ. 5 ივლისს განხორციელებული პრივატიზების ბათილად ცნობის ნაწილში, რაც კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ცნო, რომ გ. გ.-ემ სადავო ბინის პრივატიზება მოახდინა დედის, თ. ღ.-ის, თანხმობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 და 1994წ. ¹520 დადგენილებების მოთხოვნებს და სასამართლომ, მართალია, სამართლებრივი ნორმა არ მიუთითა, მაგრამ, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილად ცნო პრივატიზება.
სკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ბათილია. კანონსაწინააღმდეგო გარიგება კი სამართლებრივად წარმოადგენს უცილოდ ბათილ (არარა) გარიგებას და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამგვარი გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან. სააპელაციო პალატამ, როგორც აღინიშნა, ბათილად ცნო გ. გ.-ის მიერ განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, მაგრამ პრივატიზაციის შემდგომ გ. გ.-ის მიერ ამავე ბინაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულებისა და სესხის გადაუხდელობის გამო, იპოთეკით დატვირთული ბინის იძულებითი გასხვისების შესახებ სააღსრულებო ბიუროს ¹15.01-07 განკარგულების გაუქმების ნაწილში პალატამ სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და სკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, კერძოდ, არარა გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ღ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.