Facebook Twitter

ბს-429-374-კ-04 12 ოქტომბერი, 2004 წ.,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი),

ნ. კლარჯეიშვილი, ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინებების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. კ-ა 1982 წლიდან ჩაწერილია ქ. თბილისში, ..., ბ-12-ში. 1991 წ. გ. კ-ამ თვითნებურად დაიკავა ..., ¹10 ერთოთახიანი ბინა, სადაც ცხოვრობდა ორდერისა და ჩაწერის გარეშე. აღნიშნული ბინა 1990წ. დამაგრებული იყო რეკოლნსტრუქციის ზონაში, ... ქუჩაზე მცხ. გ. ა-ას ოჯახზე, რომელმაც უარი განაცხადა ბინაზე.

ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობამ 18.07.96წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა საბურთალოს რაიონის სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გ. კ-ას გამოსახლება მის მიერ უნებართვოდ დაკავებული სადგომიდან მდებარე .... საბურთალოს რაიონის სასამართლოს 18.11.96წ. განჩინებით სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

12.02.98წ. საბურთალოს რაიონის გამგეობამ კვლავ მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თვითნებურად დაკავებული სადგომიდან გ. კვატაიას გამოსახლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.09.97წ. დადგენილებით გ. მ-ს ოჯახის 5 წევრზე გამოეყო ... ¹10. საბურთალოს რაიონის სასამართლოს 27.02.98წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. კ-ა გამოსახლდა ..., ¹10 ერთოთახიანი კომუნალური ბინიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 08.04.98წ. განჩინებით გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩიურებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გ. მ-ის მიერ ბინაზე უარის თქმის შემდეგ საბურთალოს რაიონის გამგეობის თხოვნის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.98წ. დადგენილებით, საქმის საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვამდე, ბინა ჟ. თ-ის ოჯახს გამოეყო. 03.09.98წ. შედგა გ. კ-ას გამოსახლების ოქმი. 04.09.98წ. ჟ. თ-ზე გაიცა ¹018319 ორდერი. 07.09.98წ. ჟ. თ-მა მოახდინა ბინის პრივატიზება. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 15.04.99წ დადგენილებით ზედამხედველობის წესით გაუქმდა საბურთალოს რაიონის სასამართლოს 27.02.98წ. გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.04.98წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონის სასამართლოს. პრეზიდიუმმა მიუთითა, რომ საქმეზე არ იყო გარკვეული საბურთალოს რაიონის გამგეობის სათანადო მოსარჩელეობა, ვინაიდან ბინა ირიცხებოდა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბალანსზე, ხოლო სადავო ბინის საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის გადაცემის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.

Dვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 16.09.99წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 16.11.99წ. განჩინებით დაკმაყოფილდა გ. კ-ას კერძო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 16.09.99წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. განჩინებით სსკ-ის 272-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის და მესამე პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. ამავე სასამართლოს 19.04.2000წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას კერძო საჩივარი. საოლქო სასამართლოს პალატის 21.06.2000წ. განჩინებით გ. კვატაიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. განჩინება. სასამართლომ მიუთითა, რომ გ. კ-ას მიერ შეგებებული სარჩელის ნაცვლად წარდგენილი სასარჩელო განცხადება რაიონული სასამართლოს 19.02.2000წ. და 19.03.2000წ. განჩინებებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორებულა და ამდენად სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად სარჩელი მიღებულად არ ჩაითვალა. სსკ-ის 272-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, სასამართლო ვალდებული იყო შეეწყვიტა საქმის წარმოება. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ გ. კ-ას უფლება ჰქონდა საერთო წესების დაცვით აღეძრა დამოუკიდებელი სარჩელი მისთვის სადავოდ მიჩნეულ საკითხზე და საფუძვლით.

06.07.2000წ. გ. კ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართოლოს, რომლითაც მოითხოვა 05.04.2000წ. რაიონული სასამართლოს და საოლქო სასამართლოს 21.06.2000წ. განჩინების ბათილად ცნობა (სსკ-ის 422-ე მუხ) და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (სსკ-ის 423-ე მუხ) გაუქმება. ბათილად ცნობის საფუძვლად (სსკ-ის 422-ე მუხლის I ნაწილის “ბ" ქვეპუნქტი) განმცხადებელი იმ გარემოებას მიუთითებდა, რომ სასამართლოებს არ უმსჯელიათ საბურთალოს რაიონის გამგეობის სათანადო მოსარჩელეობაზე, არ დადგენილა თუ ქ. თბილისის რომელი რაიონის ბალანსზეა აღრიცხული ბინა, ვის ეკუთვნოდა ბინის განაწილების ფუნქციები _ მერიას, გამგეობას თუ გამგეობის საბინაო სამმართველოს. საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო ტრესტის 1996 წ. წერილის თანახმად ბინა იმყოფება ჩუღურეთის რაი ონის გამგეობის ბალანსზე, 1999წ. წერილით ბინა საბურთალოს რაიონის გამგეობის ბალანსზე 1990 წლიდან იმყოფება, ქალაქის საბინაო მეურნეობის 1999წ. წერილით დადასტურებულია ბინის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბალანსზე ყოფნა. თბილისის მთავრობის ¹06.01.105 დადგენილებით გამგეობებს გადაეცათ ადგილობრივ საკუთრებაში არსებული ფართობის განაწილების უფლება, ამდენად გამგეობას მანამდე ასეთი უფლებები არ ჰქონდა, რაც ადასტურებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გამგეობა იყო არასათანადო მოსარჩელე. საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ მესამე პირად ჩაბმული პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან განჩინება ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. გამგეობის წარმომადგენელს სსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად არ გააჩნდა საგანმკარგულებო უფლებამოსილება. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 05.04.2000წ. და 21.06.2000წ. განჩინებების გაუქმების საფუძველს განმცხადებლის აზრით წარმოადგენს ის, რომ მათში არაფერია მითითებული შეგებებული სარჩელის არსებობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში შეგებებული სარჩელის მოხსნის შესახებ ოქმის გაყალბებაზე მოსამართლე ნ. დ-ის მიერ, მესამე პირის მიერ სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადების ოქმში ჩამატებაზე, მოსამართლე თ. ა-ის მიერ საქმის განხილვისას შეგებებული სარჩელის არ ასახვაზე, მის მიღებულად ცნობაზე, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე, განჩინებებში სახეომწიფო ხარჯების დაკისრების შესახებ მსჯელობის არარსებობაზე, საქმის განხილვისას შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 24.07.2000წ. განჩინებით, სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ საოლქო სასამართლოს მიერ უცვლელად იყო დატოვებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. განჩინება, გ. კ-ას განცხადება ახლად აღმოჩანილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე გ. კვატაიას მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 27.10.2000წ. განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივაროი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად საქმის განსჯადობის მიხედვით სხვა სასამართლოსათვის გადაცემის განჩინგება არ გასაჩივრდება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.01.01წ. განჩინებით გ. კ-ას განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული განცხადების დაშვების პირობების არ არსებობის გამო. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 05.06.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა გ. კ-ას კერძო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოების 11.01.01წ. და 05.02.01წ. განჩინებები და გ. კ-ას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 429-ე, 430-ე მუხლების მოთხოვნის დარღვევით განცხადების დაუშვებლად მიჩნევასთან ერთად იმსჯელა განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 13.07.01წ. განჩინებით გ. კ-ას განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი სსკ-ის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო. ამავე სასამართლოს 24.07.01წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 24.11.02წ. განჩინებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 13.07.01წ. და 24.07.01წ. განჩინებები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი იქნა საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ დაუშვებელი იყო ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ განცხადებების ერთობლივად განხილვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.12.01წ. განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. კ-ას განცხადების განხილვა შეჩერდა გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვამდე. ამავე სასამართლოს 22.01.02წ. განჩინებით გ. კ-ას განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ იქნა დაშვებული და განუხილველად იქნა დატოვებული. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 20.03.02წ. განჩინებით გ. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.01.02წ. განჩინება, საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განცხადების საფუძვლიანობა შემოწმებული უნდა იქნას განცხადების დაშვების შესახებ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.07.02წ. განჩინებით გ. კ-ას განცხადება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.12.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.07.02წ. განჩინება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. კ-ას განცხადების ძირითადი მოტივი _ საქმის მხარის მონაწილეობის გარეშე, საქმის არასათანადო მხარის _ საბურთალოს რაიონის გამგეობის მონაწილეობით განხილვის შესახებ არაერთგზის დაისვა საქმის განხილვის სხვადასხვა სტადიაზე, მას სათანადო შეფასება მიეცა სასამართლოთა მიერ, რის გამო პალატა დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სსკ-ის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. ასეთ საფუძველს არ წარმოადგენს აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო გ. კ-ას 07.03.2000წ. შეგებებული სარჩელის უმოძრაოდ დატოვება. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გამგეობის იურისტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების არ ქონა, ამასთანავე სსკ-ის 422-ე მულის თანახმად არც ეს გარემოება შეიძლება იქნეს მიჩნეული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ იგივე შინაარსის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.01.02წ. განჩინება სააპელაციო პალატამ გააუქმა მხოლოდ პროცესუალური დარღვევის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.12.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. კ-ას მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-7 მუხლის დარღვევით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. ზ-ემ, ხოლო შემდგომ საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჯ. რ-მა რამოდენიმეჯერ მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში. არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა, გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა, სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად ქმნის საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს. კაკასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შემოწმებულა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოწინააღმდეგე მხარეს არცერთი არგუმენტი არ წარმოუდგენია, სამჯერ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. საბურთალოს რაიონის გამგეობის არასათანადო მოსარჩელეობა დადგენილი იყო ქალაქის სასამართლოს პრეზიდიუმის 15.04.99წ. გადაწყვეტილებით და საქმის მასალებით. არც რაიონულ და არც საოლქო სასამართლოს არ უმსჯელია ბინის რაიონებრივ კუთვნილებაზე, განჩინება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას საბურთალოს რაიონის გამგეობის სათანადო მოსარჩელეობაზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 18.02.2000წ. სასამართლოს წარუდგინა სასარჩელო განცხადება, რადგან განჩინება წარმოებაში მიღების შესახებ არ მიღებულა, სსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი მიღებულად უნდა ჩათვლილიყო. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მიიღო განჩინება სარჩელის არ მიღებაზე ბაჟის გადაუხდელობის გამო და განუსაზღვრა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების მიხედვით ბაჟის გადახდა არ იყო სავალდებულო. მოსამართლის თანაშემწესთან შეთანხმებული ოდენობის ბაჟის გადახდის მიუხედავად სარჩელი არ განხილულა.

კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ გამგეობის წარმომადგენელს არ ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, რომ წარმოედგინა სასარჩელო მოთხოვნა, შეეცვალა სარჩელის საგანი. კასატორი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს და სააპელაციო პალატის განჩინებებით მას მთლიანად უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნებაზე განცხადების მეორე ნაწილის ახლად აღმოჩენილ გარემოებების განსახილველად. კასატორი უთითებს აგრეთვე, რომ არ იქნა განხილული საბურთალოს რაიონის გამგეობის არასათანადო მოსარჩელეობის დამადასტურებელი მუნიციპალიტეტის კაბინეტის 02.04.98წ. და 15.07.99წ. დადგენილებები, რომლებითაც დასტურდება სარჩელის შეტანის მომენტში საბურთალოს რაიონის გამგეობის არასათანადო მოსარჩელეობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს პალატის 21.06.2000წ., ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.07.2000წ. და 25.07.01წ., საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 01.12.03წ. განჩინებების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე _ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო აგრეთვე მესამე პირმა _ ჟ. თ-მა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 422-ე მუხლის I-ლი ნაწილის “ა" ქვეპუნქტში აღნიშნული, კანონიერ ძალაში შესული განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. ზ-ეს და საოლქო სასამართლოს მოსამართლე ჯ. რ-ს არ ჰქონდათ საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლებამოსილება. კასატორ გ. კ-ას მოსაზრება საქმის არასათანადო შემადგენლობის შესახებ არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში 25.10.2000წ. კანონით შეტანილ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი კოდექსის მე-7 მუხლის განახლებული რედაქცია არ ითვალისწინებდა საქმის განხილვაში იმ მოსამართლის მონაწილეობის აკრძალვას, რომლებსაც ადრე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტი, სსკ-ის 29-ე მუხლიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ქვედა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლის ზედაინსტანციის სასამართლოში იმავე საქმეში მონაწილეობას აკრძალვას, ანუ პროცესუალური კანონმდებლობა კრძალავს ერთი და იგივე მოსამართლის მონაწილეობას ერთი და იმავე საქმეზე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივარში მითითებული სსკ-ის 394-ე მუხლის “ა" და “ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები.

გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველს არ ქმნის აგრეთვე გ. კვატაიას განცხადებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობა არ წარმოადგენდა დავაში სათანადო მოსარჩელეს. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. და თბილისის საოლქო სასამართლოს 21.06.2000წ. განჩინებებით, რომელთა ბათილად ცნობასაც 06.07.2000წ. განცხადებით მოითხოვდა გ. კ-ა, გადაწყდა პროცესუალური და არა მატერიალურ-სამართლებრივი საკითხი, აღნიშნული განჩინებით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, დაკმაყოფილდა მოსარჩელე _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და მესამე პირის ჟ. თ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ. გამგეობის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის შემთხვევაშიც კი მას გააჩნდა თავის სარჩელზე უარის თქმის უფლება, არასათანადოობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას და არა საკუთარ სარჩელზე უარის თქმას. სარჩელის აღმძვრელი პირის სათანადო მოსარჩელეობა განისაზღვრება მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქმის არსებითი განილვის შემთხვევაში, საქმის განხილვა მიმდინარეობს სარჩელის აღძვრის საფუძველზე, სარჩელზე უარის თქმა სსკ-ის 272-ე მუხლის “გ" ქვეპუნქტის მიხედვით იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 15.04.99წ. გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ საქმეზე დასადგენია საბურთალოს რაიონის გამგეობის ბალანსზე ბინის გაცვლის წესით აღრიცხვა, შესაბამისად დადგენილი არ არის საბურთალოს რაიონის გამგეობის სათანადო მოსარჩელეობა, არ გამორიცხავდა საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებისას მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შესაძლებლობას, დავის საგნის არარსებობის გამო. სარჩელის დისპოზიციური ხასიათიდან გამომდინარე მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე (სსკ-ის მე-3 მუხ). არარსებობდა აგრეთვე სარჩელის დისპოზიციურობის შეზღუდვის საფუძველი სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამოდინარე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება გ. კ-ას მიერ სადავო ფართის დაკავების რაიმე სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, განცხადებაში გამგეობის შესაძლო არასათანადო მოსარჩელეობა არ წარმოადგენს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 21.06.2000წ. განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს, გამგეობის სათანადო მოსარჩელეობის დადგენა სცილდება საქმის განახლების წარმოების ფარგლებს. ამასთანავე, გამგეობის სათანადო მოსარჩელეობის საკითხი გ. კ-ას შეეძლო დაეყენებინა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ სარჩელის სასამართლოში აღძვრის შემდეგ, სარჩელის არსებითი განხილვის და გადაწყვეტის პროცესში. სსკ-ის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაუშვებელია თუ მხარეს შეეძლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლის წამოყენება საქმის განხილვისას შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო სასამართლოში.

სსკ-ის 422-ე მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლების არმქონე მოსამართლის მონაწილეობა და საქმის განხილვა ერთ-ერთი მხარის ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენლის მოწვევის გარეშე. საქმის მასალებით არ დასტურდება საქმის სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით განხილვა. საბურთალოს რაიონის გამგეობის იურისტებზე (ნ. ს-ე, მ. ბ-ა) გამგეობის მიერ გაცემული მინდობილობების (07.07.99წ. ¹4-ბ2/18, 03.02.2000წ. ¹4-12/4) თანახმად წარმომადგენლები სასამართლოში საქმის საწარმოებლად მარწმუნებლის მიერ აღჭურვილი იყვნენ სათანადო უფლებამოსილებით. თავად მარწმუნებელს _ გამგეობას არასოდეს დაუყენებია ეჭვის ქვეშ მისი წარმომადგენლის უფლება უარი ეთქვა სარჩელზე, გამგეობას არ გაუსაჩივრებია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლითაც სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება, გამგეობა მხარს არ უჭერს გ. კ-ას მოთხოვნას საქმის წარმოების განახლების შესახებ, რითაც ადასტურებს მისი წარმომადგენლის მიერ სარჩელზე უარის თქმის მართლზომიერებას. ამდენად, არ არსებობს სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოების მიუხედავად, სარჩელის წარმოებაში არ მიღება ბაჟის გადაუხდელობის გამო. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული განჩინებების ბათილად ცნობის საფუძველს. გ. კ-ას მიერ წარდგენილი სასარჩელო განცხადება რაიონული სასამართლოს 19.02.2000წ. და 07.03.2000წ. განჩინებებით უმოძრაოდ იქნა დატოვებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სარჩელი წარმოებაში არ ყოფილა მიღებული. საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას სარჩელის წარმოებაში არ მიღების, სარჩელის ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალების კანონიერებაზე, ვინაიდან აღნიშნული სცილდება საქმის წარმოების განახლების ფარგლებს. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის წესი ითვალისწინებს ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას მხოლოდ სსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის შემთხვევაში. ამასთანავე, გ. კ-ას სააპელაციო პალატის 21.06.2000წ. განჩინებით განემარტა სადავოდ მიჩნეულ საკითხებზე და საფუძვლით საერთო წესების დაცვით სარჩელის აღძვრის უფლება. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადღეისოდ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესით ძალაში შესული განჩინებების გაუქმების შესაძლებლობას, განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვის წესი არ ითვალისწინებს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადასინჯვის შესაძლებლობას. ამდენად, საქმის განახლების წარმოების ფარგლებს სცილდება გ. კვატაიას მითითება იმის შესახებ, რომ “საქალაქო მმართველობისა და რაიონულ გამგეობებს შორის ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ" მუნიციპალიტეტის კაბინეტის 15.07.99წ. და “საცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ" 02.04.98წ. დადგენილებების მიღებამდე გამგეობებს არ ჰქონდათ საბინაო საკითხების განხილვა-გადაწყვეტის უფლებამოსილება, ნორმატიული აქტი არ წარმოადგენს საქმის განახლების საფუძველს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.12.01წ. განჩინებით, სსკ-ის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. კ-ას განცხადების განხილვა გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვამდე. სააპელაციო სასამართლოს 01.12.03წ. განჩინებით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.07.02წ. განჩინება, რომლითაც გ. კ-ას განცხადება გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. კვატაიას მითითებული განჩინებებით მთლიანად უარი ეთქვა 06.07.2000წ. განცხადებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განილვა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ასახულია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.12.01წ. განჩინებაში და არ საჭიროებდა განჩინებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით გამოტანილი პირველი და სააპელაციო ინტანციების განჩინებებში აღნიშვნას. ამდენად, განჩინების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს 01.07.02წ. და სააპელაციო პალატის 01.12.03წ. განჩინებები არ ეწინააღმდეგება საქმეზე ადრე მიღებულ სააპელაციო პალატის 14.11.02წ. და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 20.12.01წ. განჩინებებს.

სსკ-ის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები, ამდენად პროცესუალურ კანონმდებლობას არ ემყარება კასატორის მოთხოვნა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.07.02წ., აგრეთვე 25.07.02წ. განჩინებების გაუქმების შესახებ. რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესული თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 21.06.2000წ. განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. კ-ას კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 05.04.2000წ. განჩინებაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის 21.06.2000წ. განჩინების გაუქმება შესაძლებელი იქნებოდა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან არ არსებობს განჩინებების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების და საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს გ. კვატაიას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებული 01.12.03წ. განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა სსკ-ის 47,1 მუხლის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე, 422-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.12.03წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.