Facebook Twitter

ბს-430-548-კ-03 10 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: საჯარო ინფორმაციის გაცემა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 14 მარტს საქართველოს ... ასოციაციამ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ ეროვნული უშიშროების საბჭოს _ მიმართ სარჩელი აღძრა და საჯარო ინფორმაციის გაცემა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2002წ. 7 ოქტომბერს ... ასოციაციამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართა და 2002წ. სექტემბერში საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის ასლი სავარაუდო სახელწოდებით “... გეგმა” მოითხოვა, მაგრამ წარდგენილი განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002წ. 13 დეკემბერს ... ასოციაციამ ეროვნული უშიშროების საბჭოს იმავე მოთხოვნით განმეორებით მიმართა, მაგრამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კვლავ უარი მიიღო.

მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “ე” ქვეპუნქტი არასწორად იქნა განმარტებული, ვინაიდან ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოზე კოდექსის მესამე თავის მოთხოვნები სრულად ვრცელდება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია ყველა პირს ანიჭებს სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის უფლებას.

მოპასუხე ეროვნული უშიშროების საბჭომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კოდექსის მოქმედება იმ საქმიანობაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა განხორციელებასთან იყო დაკავშირებული, არ ვრცელდებოდა. ამასთან, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დოკუმენტი სავარაუდო სახელწოდებით “... გეგმა” სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნებოდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით ... ასოციაციის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ... ასოციაციამ სააპელაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 სექტემბრის განჩინებით ... ასოციაციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიუთითა, რომ “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პორეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად. ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭო სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლებას არ განეკუთვნებოდა და თავისი სტრუქტურითა და დანიშნულებით არ შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემისაგან დამოუკიდებლად მოაზრებულიყო. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები ეროვნული უშიშროების საბჭოზეც უნდა გავრცელებულიყო.

აღნიშნული განჩინება ... ასოციაციამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ... ასოციაციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 5 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, ამდენად, განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს:

“ეროვნული უშიშროების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ მას აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობაზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები უნდა გავრცელდეს. ხსენებული ნორმის შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, მათ შორის, მე III თავი (ინფორმაციის თავისუფლება) არ ვრცელდება: საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში უფლებამოსილებათა განხორციელებასა (“ე” პუნქტი) და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებასა და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე (“ვ” პუნქტი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც კასატორი მიუთითებს, მათY მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოთხოვილი დოკუმენტის სავარაუდო სახელწოდებაა: “... გეგმა”, რომელიც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს საგარეო ურთიერთობასა და პოლიტიკის სფეროს შეეხება.

აქვე მართებულად მიგვაჩნია, მოვიხმოთ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მარეგულირებელი ნორმები (მე-III თავი), რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობაზეც ვრცელდება. მითითებული კოდექსის 28-ე მუხლი განმარტავს, რომ საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ამავე კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განისაზღვრება.

ზემოაღნიშნული კანონის მე-7 მუხლი იმ სახის ინფორმაციის ამომწურავ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევა, კერძოდ, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგარეო ურთიერთობათა სფეროში სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია (პუნქტი “ა”), ამავე კანონის მე-8 მუხლი კი ასევე ამომწურავ ჩამონათვალს გვაძლევს და განმარტავს, რა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საიდუმლოება. საკასაციო სასამართლო კასატორს დამატებით განუმარტავს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის დებულებებს და თვლის, რომ, მიუხედავად კონსტიტუციური ნორმების უზენაესობისა და უპირატესი იურიდიული ძალისა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ეს მუხლიც ვერ გამოდგება. მოცემული მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

როგორც ვხედავთ, ინფორმაციის თავისუფლების უპირობობას არც ეს მუხლი ადგენს და სახელმწიფო საიდუმლოების არსებობისას ინფორმაციის საჯაროობას კრძალავს, ამდენად, კასატორთა აპელირება მოცემულ მუხლზე უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... ასოციაციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 სექტემბრის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... ასოციაციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 სექტემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.