ბს-433-550-კ-03 17 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 11 სექტემბერს სს “ს.-მ” სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 25 მარტს სს “ს.-მ” განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” ორგანიზებისთვის ლიცენზიის გაცემა, რაზეც 2002წ. 17 ივნისის წერილით მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ სს “ს.-ის” განცხადება ლიცენზიის გაცემის შესახებ არ აკმაყოფილებდა “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების მოთხოვნებს.
მოსარჩელის განმარტებით, სამინისტროს უარი უსაფუძვლო იყო. მოპასუხემ უგულებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რადგანაც ენის სახელმწიფო პალატაში ლატარიის ნიმუშის დამოწმებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ მათ წარდგენის ვადა არ განუსაზღვრა. მოსარჩელემ, აგრეთვე, უსაფუძვლოდ მიიჩნია შენიშვნა იმის თაობაზე, რომ ბილეთის ნიმუშზე არ იყო გათვალისწინებული მწარმოებელი ორგანიზაციის სახელწოდება ან ლოგოტიპი, პროდუქციის ან მომსახურების დასახელება, რადგან ლატარიის ბილეთზე აღნიშნული რეკვიზიტების არსებობას არ ითვალისწინებდა “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ფინანსთა სამინისტროსთვის წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” ორგანიზებისთვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ს.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს დაევალა სს “ს.-ისთვის” წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” გამოსაშვებად ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ არ გამოიყენა “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების პირველი მუხლის “დ” პუნქტი, რომლის თანახმად, წამახალისებელი ლატარია ტარდებოდა სხვადასხვა სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფი და ეფექტური რეალიზაციის მიზნით და მომხმარებელს გადაეცემოდა უფასოდ, ხოლო სს “ს.-ის” მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” გათამაშების წესების (რეგლამენტის) მიხედვით, სს “ს.-მ” გამოუშვა ლატარია “ს.-ა”, რომელსაც საკუთარი საქონლისა თუ მომსახურების რეალიზაციის წასახალისებლად იძენდნენ ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა ნაწარმი პასუხობდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
აპელანტის განმარტებით, ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სს “ს.-ის” პირდაპირი საქმიანობა იქნებოდა ლატარიის ბილეთების გაყიდვა, რაც ეწინააღმდეგებოდა “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებას.
აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ, მართალია, ლატარია “ს.-ა” სასყიდლით გადაეცემოდა პროდუქციის რეალიზატორებს, მაგრამ მომხმარებლამდე ლატარიის ბილეთები მივიდოდა უფასოდ, ხოლო რაც შეეხება პროდუქციის რეალიზატორებს, ვისაც ლატარია უნდა შეეძინათ, ისინი წარმოადგენდნენ შუალედურ რგოლს ლატარიის მომწყობსა და პროდუქციის მომხმარებელს შორის და მათი არსებობა არ იყო აკრძალული საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის ¹704 ბრძანებულება, რომლის მე-8 მუხლის “ო” პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მაძიებელს წამახალისებელ ლატარიაზე ლიცენზიის მისაღებად სხვა დოკუმანტაციასთან ერთად უნდა წარედგინა გათამაშების პირობები, რომელიც შეიცავდა ლატარიის მოგებათა ჩამონათვალს, მათ რაოდენობას და ღირებულებას, რაც სს “ს.-ის” მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” გათამაშების პირობებში არ იყო ასახული.
აპელანტმა აღნიშნა, რომ “ლატარიის ბილეთების მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების შენახვისა და გამოყენების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 6 სექტემბრის ¹1079 განკარგულების მე-2 მუხლის თანახმად, ლიცენზიის მისაღებად სს “ს.-ს” ფინანსთა სამინისტროში უნდა წარედგინა ენის სახელმწიფო პალატის მიერ დამოწმებული წამახალისებელი ლატარიის ბილეთების პროექტები, რაც სს “ს.-ს” არ გაუკეთებია.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სს “ს.-ის” მიერ წარმოდგენილი გათამაშების წესის შინაარსზე, რომლის თანახმად, წამახალისებელი ლატარიის ლიცენზიის მიღების შემთხვევაში სს “ს.-ა” წაახალისებდა, არა საკუთარ პროდუქციას ან მომსახურებას, არამედ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობას, რაც გამოიწვევდა სს “ს.-ისგან” შეძენილი წამახალისებელი ლატარიის ბილეთებით ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, აღნიშნული კი მოქმედი კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ცალკე ლიცენზირებას და შეუძლებელს გახდიდა სს “ს.-ისა” და განსაკუთრებით მისი პარტნიორი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წამახალისებელი ლატარიის გათამაშების კონტროლს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა 2003წ. 6 მარტის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2002წ. 16 სექტემბრის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და სარჩელი საქმესთან ერთად დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
რაიონულ სასამართლოში სს “ს.-მ” გაზარდა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” ორგანიზებისთვის ლიცენზიის მიღების თაობაზე უარის თქმის შესახებ ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 24 მაისის ¹19-03/181/2546, 2002წ. 26 ივლისის ¹03-02/115/4406 და 2003წ. 2 აპრილის ¹19-03/205/2070 წერილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, 2003წ. 19 მარტს, სს “ს.-მ” კვლავ მიმართა ფინანსთა სამინისტროს განცხადებით ადმინისტრაციული წარმოების განახლებისა და წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” ორგანიზებისთვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სააქციო საზოგადოებამ გამოასწორა ყველა ფორმალური ხარვეზი, რომელიც გახდა ფინანსთა სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მაგრამ ამის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრომ 2003წ. 2 აპრილის ¹19-03/205/2070 წერილით უარი განაცხადა ადმინისტრაციული წარმოების განახლებაზე იმ მოტივით, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამინისტრო ვერ გაანახლებდა ადმინისტრაციულ წარმოებას.
მოსარჩელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა ლიცენზიის გაცემაზე, რადგანაც სააქციო საზოგადოებამ გამოასწორა ყველა ის ხარვეზი, რომელიც გახდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, ფინანსთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემამდე მიეცა განმცხადებლისთვის საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, გარდა ამისა, მიეთითებინა უარის თქმის საფუძველზე.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემული იყო უფლებამოსილების გადამეტებით. ყველა გასაჩივრებულ წერილს ხელს აწერდნენ ფინანსთა მინისტრის ყოფილი თუ ამჟამინდელი მოადგილეები, მაშინ, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილია მხოლოდ მინისტრი, შესაბამისად, უნდა ყოფილიყო მინისტრის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ის უფლებამოსილებას ანიჭებდა მოადგილეებს, მოეწერათ ხელი მითითებულ წერილებზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მაისის განჩინებით სს “ს.-ის” სარჩელი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2003წ. 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნებზე ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 24 მაისის ¹19-023/181/2549 და 2002წ. 26 ივლისის ¹03-02/115/4406 წერილების ბათილად ცნობის თაობაზე, რის გამოც სასამართლომ საოქმო განჩინებით მოსარჩელის აღნიშნულ მოთხოვნებზე შეწყვიტა წარმოება.
მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” ორგანიზებისთვის ლიცენზიის გაცემის ნაცვლად ასევე ითხოვა “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით სს “ს.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-მ”, რომელმაც აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და 102-ე მუხლები, და “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულება.
კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანებულებით დამტკიცებულ წესებში არსად არ იგულისხმება ის გარემოება, რომ წამახალისებელ ლატარიას ატარებს კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირი საკუთარი პროდუქციის წახალისების მიზნით. ბილეთების რეალიზაცია შუალედური რგოლია. სს “ს.-ის” მიერ ორგანიზებული ლატარია უნდა ჩატარდეს სხვადასხვა სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფი და ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით და მომხმარებელს გადაეცემა უფასოდ, რითაც დაცული იქნება ლიცენზიის გაცემის მთავარი პრინციპი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს “ს.-ის” მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” გათამაშების წესების თანახმად, სს “ს.-ს” უნდა გამოეშვა ლატარია “ს.-ა”, რომელსაც საკუთარი საქონლის ან მომსახურების რეალიზაციის წასახალისებლად გამოიყენებდნენ ის იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა ნაწარმი უპასუხებდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ წამახალისებელი ლატარია “ს.-ის” გათამაშების წესი ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით დამტკიცებულ “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების” მოთხოვნებს, რადგანაც სს “ს.-ა” წამახალისებელი ლატარიით წაახალისებდა არა საკუთარ პროდუქციას ან მომსახურებას, არამედ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ნაწარმოებ პროდუქციას ან მომსახურებას, რასაც ზემოაღნიშნული წესები არ ითვალისწინებს. აღნიშნული გამოიწვევდა სს “ს.-ისგან” შეძენილი წამახალისებელი ლატარიის ბილეთებით ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, რაც მოქმედი კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ცალკე ლიცენზირებას, ანუ ვინც მოინდომებდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას ლატარიის საშუალებით, ვალდებული იქნებოდა, აეღო შესაბამისი ლიცენზია ფინანსთა სამინისტროში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების” თანახმად, წამახალისებელი ლატარია ტარდება სხვადასხვა სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფი და ეფექტური რეალიზაციის მიზნით და მომხმარებელს გადაეცემა უფასოდ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წამახალისებელ ლატარიას ატარებს კონკრეტული იურიდიული ან ფიზიკური პირი მხოლოდ საკუთარი პროდუქციის (მომსახურების) წახალისების მიზნით. მართალია, მომხმარებელს ლატარიის ბილეთები გადაეცემა უფასოდ, მაგრამ შუალედურ რგოლს, რაც გამოიხატება სს “ს.-ის” მიერ ლატარიის ბილეთების რეალიზაციაში, ზემოთ აღნიშნული წესები არ ითვალისწინებს. ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში სს “ს.-ის” პირდაპირი საქმიანობა იქნება ლატარიის ბილეთების რეალიზაცია, რაც, აგრეთვე, ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 31 დეკემბრის ¹704 ბრძანებულებით დამტკიცებულ “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესებს”.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება როგორც სს “ს.-ის”, ისე _ მისი პარტნიორი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წამახალისებელი ლატარიის გათამაშების კონტროლი, რაც გათვალისწინებულია “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესებით”. აღნიშნული საფუძველს აძლევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ფინანსთა სამინისტროში წამახალისებელი ლატარიის ლიცენზიის აღების, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და სახელმწიფოს მიერ მათი გაკონტროლების ნაცვლად, პირდაპირ სს “ს.-ისგან” შეიძინონ წამახალისებელი ლატარიის ბილეთები, რაც ეწინააღმდეგება “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობისა და ლიცენზირების წესების” მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ლატარიის გათამაშების პირობებისა და ბილეთის ნიმუშის თანახმად, ლატარიის ბილეთი უსასყიდლოდ გადაცემა ბილეთის წინა მხარეს წრეში მითითებული პროდუქციისა თუ მომსახურების მომხმარებელს, რის გამოც იარსებებს ბილეთის იმდენი სახეობა და გათამაშების პირობა, რამდენი პროდუქციის ან მომსახურების წახალისებაც მოხდება ლატარიის გათამაშებისას, ანუ ადგილი ექნება ერთი ლიცენზიით სრულიად განსხვავებული პროდუქციის ან მომსახურების წახალისებას და წამახალისებელი ლატარიის სხვადასხვა ბილეთებითა და პირობებით გათამაშებას, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 2 აპრილის ¹19-03/205/2070 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც ფინანსთა სამინისტრომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სს “ს.-ს” უარი უთხრა წამახალისებელი ლატარიის ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების განახლებაზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.