Facebook Twitter

ბს-435-371-კ-04 7 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996წ. 24 მარტს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ გორში, ... ქუჩაზე მდებარე საყოფაცხოვრებო მომსახურების ¹1 სახლის გაყიდვის მიზნით ჩატარებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა კასატორი ი. მ.-ი. 1996წ. 19 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ი. მ.-ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹15/119.სახელმწიფო საწარმო “ზაირამ" მიიჩნია, რომ ი. მ.-ის მიერ საყოფაცხოვრებო მომსახურების ¹1 სახლის პრივატიზებით შეილახა მისი უფლებები, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზება უნდა მომხდარიყო საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის კოლექტივის მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით, თანახმად სახელმწიფო მეთაურის 1994წ. ¹178 ბრძანებულებისა, რის გამოც 1996წ. 12 დეკემბერს სახელმწიფო საწარმო “ზ.-მ", ხოლო 1998წ. 27 თებერვალს საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის მამაკაცთა საპარიკმახეროს კოლექტივმა პრივატიზაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრეს გორის რაიონულ სასამართლოში.

გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 4 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2000წ. 10 მარტის განჩინებით ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

2001წ. 30 აპრილს ი. მ.-მა პრივატიზაციის ბათილობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის, 181981 აშშ დოლარის, ანაზღაურების სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსათვის დაკისრება:

მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველო ვალდებული იყო, დაებრუნებინა მოსარჩელის მიერ გადახდილი საპრივატიზებო თანხა 21500 აშშ დოლარი, რაც მოპასუხემ არ შეასრულა. ასევე, სკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეცეს მის მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის ბეს სახით გადახდილი საპრივატიზაციო თანხის 10%, ორმაგი ოდენობით, რაც შეადგენს 4300 აშშ დოლარს. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მას უნდა აუნაზღაურდეს ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის 36000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მიუღებელი შემოსავლისათვის, რაც შეადგენს 120222 აშშ დოლარს. სულ მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის სახით 181 981 აშშ დოლარის ანაზღაურება.

2001წ. 25 ივლისს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოითხოვა საქმეში მოპასუხედ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩართვა და ორივე მოპასუხისათვის სოლიდარულად 95835 აშშ დოლარისა და 1142 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ხოლო ამავე სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 117 490 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების, 1142 ლარის, გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველომ ნაწილობრივ და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების _ 21500 აშშ დოლარის ი. მ.-ისათვის ანაზღაურების ნაწილში ძალაში დატოვება, ხოლო დანარჩენ ნაწილში ი. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გორის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ი. მ.-ის სასარგებლოდ შემდეგი მოტივით დაეკისრა 10 320 აშშ დოლარის გადახდა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 1996წ. 24 მარტს ჩატარებულ აუქციონზე ი. მ.-მა 21500 აშშ დოლარად შეიძინა გორის ¹1 საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლი, რაზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის პრივატიზება ბათილად იქნა ცნობილი გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მომსახურების სახლის პრივატიზება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რადგან პრივატიზება უნდა მომხდარიყო სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პრივატიზების გაუქმების მომენტიდან, ანუ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ქონების მართვის სამმართველო სკ-ის 981-ე მუხლის შესაბამისად ვალდებული იყო, ი. მ.-ისათვის დაებრუნებინა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი 21500 აშშ დოლარი და აენაზღაურებინა ზიანი, კერძოდ, 2000წ. მარტიდან 2001წ. 25 ივლისამდე ყოველ გადაცილებულ თვეზე დასაბრუნებელი თანხის 3%, რაც 16 თვეზე გადაანგარიშებით შეადგენს 10320 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება:

კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიიჩნია უკანონოდ და აღნიშნა, რომ ი. მ.-ს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე თანხის დაბრუნების შესახებ არ მიუმართავს განცხადებით ქონების მართვის სამმართველოსათვის. კასატორი აღიარებს 21500 აშშ დოლარის დაბრუნებას, მაგრამ დამატებით 10320 აშშ დოლარის დაკისრება მიაჩნია უკანონოდ.

მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. მათი განმარტებით, ისინი რაიონულ სასამართლოშიც თანახმანი იყვნენ საპრივატიზებო თანხის, 21500 აშშ დოლარის, დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე, რასაც მოპასუხე (კასატორი) მაშინ არ აღიარებდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ კასატორი მაინც არ ასრულებს მას და დაკისრებული თანხა დღემდე არ აუნაზღაურებია, ამიტომ ზიანის ანაზღაურების სახით კასატორისათვის 10320 აშშ დოლარის დაკისრება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე ი.მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემეობათა გამო:

გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო საწარმო “ზ.-სა" და საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის მამაკაცთა სალონის შრომითი კოლექტივის სარჩელები და ბათილად იქნა ცნობილი გორის საყოფაცხოვრებო მომსახურების ¹1 სახლის პრივატიზება, ი. მ.-თან დადებული პრივატიზების ხელშეკრულება და მ. მ.-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. მ.-ის სარჩელი და სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს მის სასარგებლოდ დაეკისრა პრივატიზების ბათილობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 117490 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 1142 ლარის სასამართლო ხარჯების გადახდა. კასატორმა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველომ ი. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ აღიარა საპრივატიზებო თანხის, 21500 აშშ დოლარის, დაბრუნების ნაწილში, შესაბამისად, კასატორი ამ ნაწილში დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისთვის 95990 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გამოტანილია ი. მ.-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველომ ასევე გაასაჩივრა საკასაციო წესით. ამიტომ საკასაციო პალატა სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, პროცესუალურად უფლებამოსილია, იმსჯელოს ი. მ.-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე, ხოლო საპრივატიზებო თანხის, 21500 აშშ დოლარის, ი. მ.-ისათვის ანაზღაურების ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, თანახმად ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" ქვეპუნქტისა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სალონის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველო ვალდებული იყო, ი. მ.-ისათვის დაებრუნებინა საპრივატიზებო თანხა 21500 აშშ დოლარი და სკ-ის 981-ე მუხლის თანახმად, აენაზღაურებინა ზიანი. ამიტომ სასამართლომ 2000წ. მარტიდან (გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა) 2001წ. 25 ივლისამდე (დაზუსტებული სარჩელის აღძვრა) გასულ 16 თვეზე სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს ზიანის ანაზღაურების სახით დააკისრა დასაბრუნებელი თანხის 3%, რამაც სულ შეადგინა 10320 აშშ დოლარი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან:

ა) გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი. მ.-ის მიერ საყოფაცხოვრებო მომსახურების სახლის პრივატიზება. როგორც სადავო პრივატიზების განხორციელებისას მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 48-ე მუხლის, ასევე ამჟამად მოქმედი სკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, გარიგების ბათილობას შედეგად მოჰყვება ორმხრივი რესტიტუცია და მხარეები ვალდებულნი არიან, დააბრუნონ ის, რაც ამ ბათილი გარიგებით მიიღეს. მაგრამ გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის გადაწყვეტილებაში პრივატიზების ბათილობის სამართლებრივი შედეგი განსაზღვრული არ არის და სასამართლოს მხარეებისათვის არ მიუთითებია რესტიტუციის შესახებ;

ბ) საქმეში არ არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება და ი. მ.-ც განმარტავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (2000წ. მარტიდან) სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე წერილობითი ფორმით არ მიუმართავს სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსათვის საპრივატიზებო თანხის, 21500 აშშ დოლარის, დაბრუნების შესახებ, არამედ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერ დაპირებებს, რაც სამმართველოს მხრიდან არ შესრულდა.

საკასაციო პალატა ადასტურებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ი. მ.-ს რესტიტუციის საფუძველზე წარმოეშვა ბათილი პრივატიზების დროს გადახდილი თანხის, 21500 აშშ დოლარის, მოთხოვნის უფლება, მაგრამ რადგან მან ვერ წარმოადგინა სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოსათვის ამ მოთხოვნით მიმართვის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება და ამ მოთხოვნით მიმართვის ფაქტი დაუსაბუთებელია, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ვადაგადაცილებულ 16 თვეზე 3% დარიცხვით, 10320 აშშ დოლარის ი. მ.-ისათვის ანაზღაურების შესახებ უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან, როგორც აღინიშნა, გორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 14 მაისის გადაწყვეტილებას პრივატიზების ბათილობის სამართლებრივი შედეგი არ განუსაზღვრავს, შესაბამისად, არც უსაფუძვლოდ მიღებული ქონების (21500 აშშ დოლარის) დაბრუნების ვადა დაუდგენია და რაც მთავარია, არც ი. მ.-ს მიუმართავს დადგენილი წესით სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსათვის 21 500 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით, მან პირდაპირ სასარჩელო წესით მოითხოვა საპრივატიზებო თანხის დაბრუნება. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გამოიყენა სკ-ის 981-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი. მ.-ისათვის 10 320 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გორის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. მ.-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.