Facebook Twitter
ბს-438-553-კ-03 31 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 21 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ნ. შ.-მ მოპასუხეების _ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 52000 ლარის გენერალური პროკურატურისათვის დაკისრება და გენერალური პროკურატურის მიერ გაზეთ “...-ში” 2001წ. 25 მაისს გამოქვეყნებული არასწორი ცნობების უარყოფა ამავე გაზეთის მეშვეობით.
სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო, რომ ნ. შ.-ი 1995წ. 24 ნოემბრიდან მუშაობდა სს “ჭ.-ის” გენერალურ დირექტორად. 1997 წელს მის მიმართ წაყენებული ბრალდების გამო მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლება.
თანამდებობიდან მის განთავისუფლებას წინ უძღოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. საბოლოოდ, ნ. შ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით, 187-ე მუხლების მე-2 ნაწილით და 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 1999წ. 9 ივლისს საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით ნ. შ.-ს მოეხსნა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები და გამართლდა, მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გადაკვალიფიცირება და სასამართლომ ნ. შ.-ი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის, მაგრამ ხანაზმულობის ვადის გასვლის მოტივით, მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
2001წ. 21 იანვარს სახელმწიფომ იგი ნაყოფიერი, სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის და სამთო მრეწველობის დარგში გამოვლენილი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოვა ღირსების ორდენით.
ორწლიანი წინასწარი გამოძიების გამო საგრძნობლად გაუარესდა ნ. შ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი იმყოფებოდა ხანგრძლივ დეპრესიულ მდგომარეობაში და გადაიტანა ჰიპერტონული კრიზი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაში ჩაბმულ იქნა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.
პირველმა მოპასუხემ გენერალურმა პროკურატურამ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე წარმოადგინა შესაგებელი, სადაც აღნიშნა, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
1996წ. 16 აპრილს ნ. შ.-ისა და სხვა პირთა მიმართ ქ. ჭიათურის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შემდგომში მას იმერეთის საოლქო პროკურატურამ წარუდგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 131-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
1999წ. ივლისში საჩხერის რაიონულმა სასამართლომ ნ. შ.-ს მოუხსნა პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებები და გაამართლა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეუცვალა კვალიფიკაცია და საბოლოოდ სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მის მიმართ შეწყვიტა საქმე.
სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ ნ. შ.-მ 25.04.96წ. ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, შეადგინა ყალბი დოკუმენტი, ანუ დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის განხილვის დროს საქმეზე არ შეიძლებოდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე და ნ. შ.-ი მიცემულიყო პასუხისგებაში, ვინაიდან გასული იყო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ანუ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნ. შ.-ი სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, მაგრამ საქმე ამ ნაწილში შეწყვიტა ხანდაზმულობის გასვლის მოტივით, ე.ი ნ. შ.-ი ამ დანაშაულის ჩადენაში გამართლებული არ იქნა.
ხოლო, რაც შეეხება გაზეთ “...-ში” 25.05.2001წ. გამოქვეყნებულ წერილის იგი გამოქვეყნდა იმავე გაზეთის კორესპოდენტის მიერ და აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთის კორესპონდენტის მხოლოდ პირად შეხედულებას გამოხატავდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოდექსის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ფიზიკური პირის, ნ. შ.-ის, მოთხოვნა პირველი მოპასუხის გენერალური პროკურატურის, მეორე მოპასუხის _ ფინანსთა სამინისტროსა და მესამე პირის, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) ფინანსთა სამინისტროს ფიზიკური პირის _ ნ. შ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა;
ბ) გენერალურ პროკურატურას დაევალა 2001წ. 25 მაისის (¹...) გაზეთ “...-ში” გამოქვეყნებულ წერილში “...-ს?” არასწორი ცნობების უარყოფა, იმავე გაზეთის მეშვეობით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
ხოლო მოსარჩელე ნ. შ.-ის სარჩელს სხვა ნაწილში ეთქვა უარი.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ აღნიშნა, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირის მარეაბილიტირებული გარემოებები (გამამართლებელი განაჩენი, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და სხვა). ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე ნ. შ.-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ წაყენებული ბრალდებების მიმართ, რომლებიც სასამართლომ მოუხსნა და გაამართლა.
ამასთან, ნ. შ.-ის მიმართ ერთ-ერთი ბრალდების გამო (სსკ-ის 213-ე მუხლის I ნაწ.) საქმე შეწყდა იმ საფუძვლით, რომ გავიდა სისხლის სამართლის დევნის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია იმ ბრალდების გამო, რაც გათვალიწინებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აქვე სასამართლომ მიიჩნია, რომ საგაზეთო სტატიაში გაზეთის კორესპოდენტმა გამოაქვეყნა არა საკუთარი მოსაზრებები, არამედ მონაცემები, რომლებიც მან უშუალოდ მოიპოვა იმერეთის მხარის ოლქის პროკურატურაში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ ინფორამციის უარყოფა უნდა მომხდარიყო იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
არ დაეთანხმა რა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 აპრილის განჩინებას, ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელშიც კასატორი მიუთითებდა შემდეგ საფუძვლებზე.
სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის 228-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სასარჩელო წარმოების წესით, თუ იგი სისხლის სამართლის წარმოების წესით მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ან მისი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებელი. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის თანახმად. საქმე უნდა განეხილა ქ. ჭიათურის რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართალწარმოების წესით.
მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ვინაიდან მოსარჩელე ნ. შ.-ი არ არის რეაბილიტირებული, ამასთან, სახელმწიფო ორგანოს ან მისი თანამდებობის პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ბრალი კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული არა ყოფილა.
რაც შეეხება გაზეთ “...-ში” გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც თითქოსდა ლახავს მოსარჩელის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, აღნიშნული ინფორმაცია არის თავად გაზეთის კორესპოდენტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაცია, შესაბამისად, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას სახელმწიფოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს საჩხერის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. შ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს უკანონო საპროცესო მოქმედებით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებს სკ-ის მე-18, 413-ე მუხლებსა და 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმას, რომ მხარის მოთხოვნა გამომდინარეობს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების მხრიდან უკანონო დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანიდან, მიიჩნევს, რომ საქმე განხილული უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე, 225-ე და 227-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენენ რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და დარღვეული უფლებების აღდგენის წესსა და პროცედურას, კერძოდ, მას შემდეგ, რაც მომკვლევი და გამომძიებელი შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს იმ საფუძვლით, რომელსაც რეაბილიტაცია მოსდევს, იგი განსაზღვრავს რეაბილიტირებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რის შემდეგ პროკურორი შეწყვეტილ საქმეს გადასცემს განსჯად სასამართლოს, რაც იმავე დღეს უნდა ეცნობოს რეაბილიტირებულს. თუ საქმის შეწყვეტის შემდეგ არ განისაზღვრა ზიანის ოდენობა, რეაბილიტირებულს უფლება აქვს, პირდაპირ მიმართოს განსჯად სასამართლოს, რომელიც საქმეს განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად. ამასთან, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დარღვეული უფლებების აღდგენა უნდა მოხდეს გამამართლებელი განაჩენის და რეაბილიტაციის სხვა აქტის გამოტანიდან 6 თვის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის შესაბამისი ნორმები, თუმცა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და უფლებების აღდგენა უნდა განხორციელდეს იმ წესითა და პირობებით, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. აღნიშნული კი იძლევა იმის საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსახილველად დაექვემდებაროს საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
რაც შეეხება პატივისა და ღირსების შემლახველი ფაქტების საჯაროდ უარყოფის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში გენერალურ პროკურატურას არ გაუსაჩივრებია, რის გამოც, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოკლებულია პროცესუალურ უფლებას შეამოწმოს გადაწყვეტილების მითითებული ნაწილის კანონიერება და აღნიშნავს, რომ გადაწვეტილება გენერალური პრკოურატურისათვის ცნობების უარმყოფელი წერილის გამოქვეყნების დავალების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროსათვის ნ. შ.-ის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და მითითებულ ნაწილში საქმე განსჯადობით არსებითად განსახილველად გადაეცეს საჩხერის რაიონულ სასამრათლოს; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.