ბს-441-555-კ-03 21 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 26 მარტს ქ. ბათუმის მერიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: მ. ვ-ის, მ. კ-ის, ნ. თ-ისა და ქ. ბათუმის ნოტარიუსის, მ. ჯ-ის _ მიმართ სარჩელი აღძრა და ქ. ბათუმის მერიის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორასა და ნ. თ-ეს შორის 1996წ. 23 მაისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ქ. ბათუმში, ..... მდებარე 30,51 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინაში 1952 წლიდან (ფაქტობრივად კი 1947 წლიდან) დამქირავებლის უფლებით რეგისტრირებულნი იყვნენ მ. ვ-ი და მისი მეუღლე, ნ. ვ-ა, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა. 1993 წელს ამ მისამართზე დამქირავებლის უფლებით მ. კ-ე, როგორც მ. ვ-ის შვილი, ხოლო 1994 წელს ნ. თ-ე, როგორც მ. ვ-ის სიძე, იქნენ რეგისტრირებულნი.
მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბინის პრივატიზაცია ნ. თ-ის სახელზე 1996 წელს განხორციელდა. ამდენად, მ. კ-ე და ნ. თ-ე უკანონო პრივატიზაციის გზით, აღნიშნული ბინის მესაკუთრენი გახდნენ. პრივატიზაციის პროცესი კანონმდებლობის უხეში დარღვევით განხორციელდა, კერძოდ, დაირღვა ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტი.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ზემოთ მითითებული დადგენილების შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან დამქირავებელთან ერთად მცხოვრები დამქირავებლის მეუღლე, მათი შვილები და მშობლები, აგრეთვე სხვა ნათესავები და შრომისუუნარო, კმაყოფაზე მყოფი პირები, თუ ისინი მუდმივად ცხოვრობენ დამქირავებელთან და მასთან ერთად ეწევიან საერთო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში კი ნ. თ-ე ძირითადი დამქირავებლის ნათესავი არ იყო, იგი მის ბინაში უკანონოდ ჩაეწერა და ძირითადი დამქირავებლის სარგებლობაში არსებული ქონება მიისაკუთრა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ გაუშვა სკ-ს 129-ე მუხლით დადგენილი ექვსწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ბათუმის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ექვსწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან უნდა მომხდარიყო, ვინაიდან სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
აპელანტის მითითებით, მან 2000 წელს შეიტყო, რომ მ. ვ-ის ბინაზე პრივატიზაცია უკანონოდ განხორციელდა. ამდენად, ქ.ბათუმის მერიის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება არ მომხდარა.
სააპელაციო სასამართლოს 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ქ. ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობა ჩაება, რომელმაც ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქ. ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორასა და ნ. თ-ეს შორის 1996წ. 23 მაისს დადებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა გაშვებული არ იყო, ვინაიდან, სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების დადება ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორასა და ნ. თ-ეს შორის 1996წ. 23 მაისს მოხდა, აღნიშნული ხელშეკრულება ნოტარიულად გაფორმდა და ამის შესახებ მონაცემები ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორაში, ანუ დაინტერესებულ მხარესთან ინახებოდა, ხოლო ქ.ბათუმის მერიისათვის აღნიშნული გარემოება 2000წ. ივნისის თვემდე უცნობი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ვ-მა, მ. კ-ემ და ნ. თ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. ვ-ის, მ. კ-ისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივებით:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...... მდებარე 30,51 კვ.მ. ფართის ბინაში 1952 წლიდან დამქირავებლის უფლებით რეგისტრირებულნი იყვნენ მ. ვ-ი და მისი მეუღლე, ნ. ვ-ა, რომელიც 1985 წელს გარდაიცვალა. 1993 წელს ამ მისამართზე დამქირავებლის უფლებით რეგისტრირებულ იქნა მ. კ-ე, ხოლო 1994 წელს ნ. თ-ე. 1996წ. 23 მაისს ნ. თ-ემ ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორასთან პრივატიზაციის ხელშეკრულება გააფორმა და სადავო ბინის თავის სახელზე პრივატიზაცია განახორციელა. დღემდე მ. კ-ისა და ნ. თ-ის სადავო ბინაში რეგისტრაცია უკანონოდ არავის უცვნია.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. ბათუმის მერიის მიერ გაშვებულ იქნა სკ-ს 129-ე მუხლით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება 1996წ. 23 მაისს ქ. ბათუმის ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორასა და ნ. თ-ეს შორის დაიდო და ამის შესახებ მონაცემები ქ.ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორაში ინახებოდა, ეს გარემოება ქ. ბათუმის მერიისათვის უცნობი იყო. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 130-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹2 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორა ქ. ბათუმის მერიის ერთ-ერთი სამსახურია და აქედან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერიას თავისი სამსახურისაგან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. ბათუმის მერიის მოთხოვნა, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ხანდაზმულია.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით, მ. ვ-ს, როგორც სადავო ბინის ძირითად დამქირავებელს, მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში მიღების უფლება უსასყიდლოდ მიენიჭა. მოგვიანებით სადავო ბინის პრივატიზაცია ნ. თ-ემ განახორციელა. საყურადღებოა ისიც, რომ მ. კ-ე და ნ. თ-ე სადავო ბინაში მ. ვ-ის ნებით იყვნენ რეგისტრირებულნი. საქმეში არსებული მ. ვ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დასტურდება, რომ ნ. თ-ემ აღნიშნული ბინის პრივატიზაცია მ. ვ-ის ნებით განახორციელა. აქედან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერიის ერთ-ერთ სამსახურსა და ნ. თ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ბინის ძირითადი დამქირავებლის _ მ. ვ-ის (რომელსაც სახელმწიფომ ბინა უსასყიდლოდ გადასცა) უფლებები არ დარღვეულა. მისი ნება გამოხატულ იქნა. საგულისხმოა ისიც, რომ საკასაციო საჩივარს თვით მ. ვ-იც აწერს ხელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ბათუმის მერიის სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ. ვ-ის, მ. კ-ისა და ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.