ბს-442-383-კ-04 17 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 5 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა პოლიტიკური გაერთიანება “დ...-მ” მოპასუხე ცსკოს მიმართ და მოითხოვა ცსკოს 2004წ. 2 აპრილის ¹.../2004 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელე ¹ .../2004 განკარგულებას მიიჩნევდა უსაფუძვლოდ და უკანონოდ შემდეგ გარემოებათა გამო: საარჩევნო კოდექსის 511 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაჯამებელი ოქმი წარმოადგენს კენჭისყრისა და არჩევნების დამადასტურებელ სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება არის საარჩევნო ადმინისტრაციის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ძალაშია მისი მიღების მომენტიდან. 34-ე მუხლით განსაზღვრულია საოლქო-საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებანი და მას მიკუთვნებული აქვს საარჩევნო ოლქის მასშტაბით არჩევნების შედეგების დადგენა, შემაჯამებელი ოქმის შედგენა და განკარგულებით მისი დამტკიცება, საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, საარჩევნო კომისიისა და მისი თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების გადასინჯვა, შეცვლა, გაბათილება, ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმა. საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების დანიშვნა რეგულირდება საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-12 ნაწილით, რომლის მიხედვით ოლქში არჩევნების გაბათილებისთვის და იქ ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელი პირობაა, რომ საარჩევნო კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნეს ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტში, ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ცესკოს უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის “ნ” პუნქტის თანახმად, მას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან განცხადება-საჩივრის საფუძველზე შეამოწმოს საარჩევნო კომისიების და მათი თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების კანონიერება და დარღვევის შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს ისინი, მაგრამ კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა. საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 27-ე ნაწილის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება მისი დამტკიცების შესახებ საჩივრდება ოლქში. ჟ-აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საარჩევნო ოლქში არჩევნების ბათილობის საფუძველია არჩევნების ბათილობა საარჩევნო უბნებში, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციაა და ასეთი კომპეტენცია ცესკოს არ გააჩნია. ¹... ქობულეთის და ¹... ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიების საარჩევნო უბნებში არჩევნების შედეგები არ გაუბათილებიათ და ცესკოს წინაშე ამ ოლქებში ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი არ დაუყენებიათ, ამ არჩევნების შედეგების ამსახველი სამართლებრივი აქტები და განკარგულებები არ გაუქმებულა და კანონიერ ძალაშია.
პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ის” სარჩელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის განჩინებით განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას. 2004წ. 5 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს ... ასოციაციამ იმავე მოთხოვნით მოპასუხე ცსკოს.
მოსარჩელე გასაჩივრებულ განკაგულებას ასევე უკანონოდ მიიჩნევდა და მიუთითებდა, რომ განმეორებითი კენჭისყრის და არა ხელახალი არჩევნების ჩატარება იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, თუ ცესკოს მიერ სხვადასხვა რაიონის იმდენ საარჩევნო უბანში გაბათილდებოდა არჩევნების შედეგები, რომ ამ უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გამო საქართველოს საერთო რაოდენობის 10%-ს გადააჭარბებდა. საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-16 პუქტის თანახმად კი ასეთ გაბათილებულ უბნებში 2 კვირის ვადაში დაინიშნებოდა განმეორებითი კენჭისყრა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ცესკომ ქობულეთსა და ხულოში არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებისას შეცდომა დაუშვა, კერძოდ, პროპორციულ არჩევნებთან მიმართებაში ხელახალი არჩევნების ჩატარება ნიშნავს მხოლოდ მთელ საარჩევნო ოლქში (მთელ საქართველოში) არჩევნების ხელახლა ჩატარებას, რომლის პირობასაც საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, არჩევნების არჩატარებულად გამოცხადება წარმოადგენს, ამავე დროს პროპორციული არჩევნების დროს შესაძლებელია დადგეს საარჩევნო უბნების ბათილობის საკითხი. ამ შემთხვევაში ინიშნება განმეორებითი კენჭისყრა და ან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბათილობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტს შეეხო. პროპორციული არჩევნების დროს შედეგი დგება არა საარჩევნო ოლქში, არამედ საარჩევნო უბნებსა და ცესკოში შედეგების შეჯამების დროს. Aამასთანავე, შეუძლებელია შედეგების ბათილად გამოცხადება დაუდგენელი უბნების საფუძველზე, ვინაიდან კანონი პირდაპირ მოითხოვს, რომ არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმში მითითებულ იქნეს გაბათილებული უბნების ზუსტი ჩამონათვალი და მიზეზები.
მოპასუხე ცსკოს შუამდგომლობის საფუძველზე ზემოაღნიშნული ორი ადმინისტრაციული საქმე სასამართლო კოლეგიის სხდომის 2004წ. 8 აპრილის საოქმო განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა ცსკოს 2004წ. 2 აპრილის ¹.../2004 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით არ იყო დადგენილი საარჩევნო ოლქში არჩევნების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ცსკოს განკარგულების გასაჩივრების უფლების მქონე მოსარჩელეთა წრე და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 22-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საარჩევნო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ცსკოს განკარგულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ გასაჩივრებული განკარგულება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ან უკანონოდ ზღუდავს მათ კანონიერ უფლებას. კოლეგიამ არ გაიზიარა ... ასოციაციის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებზე დაკვირვების ვალდებულება გამომდინარეობს ასოციაციის გამგეობის დადგენილებიდან და ასოციაცია ვალდებულია, დააკვირდეს ხელახალ არჩევნებს, რის გამოც მან გასწია დამატებითი ფინანსური სახსრები დამკვირვებელთა სწავლებისათვის და ამით განიცადა მატერიალური ზიანი.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ასოციაციის გამგეობის მიერ დადგენილი ვალდებულება კანონიერი ვალდებულება არ იყო. ... ასოციაციამ ვერ დაასახელა მისი კანონიერი უფლება, რომელსაც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა ან რომელიც შეიზღუდა გასაჩივრებული განკარგულებით.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ, მართალია, გასაჩივრებული განკარგულება უშუალოდ ეხებოდა მეორე მოსარჩელეს _ პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ს”, როგორც საარჩევნო სუბიექტს, მაგრამ განკარგულებით პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი პოლიტიკური გაერთიანება ,,დ...-ის’’ კანონიერ უფლებას არ მისდგომია და ეს უფლება არ შეზღუდულა.
სასამართლო კოლეგიამ არც პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ის” განმარტება გაიზიარა იმის თაობაზე, რომ ხელახალი არჩევნების შედეგად მან შეიძლება ნაკლები ხმები მიიღოს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახამად, სარჩელის დასაშვებობისათვის აუცილებელია არა შესაძლო ზიანის, არამედ კანონიერი უფლებისათვის უკვე არსებული პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის ან უფლების უკანონო შეზღუდვის არსებობა.
აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლო კოლეგიამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ საქართველოს ... ასოციაციისა და პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ის” სარჩელები დაუშვებელი იყო, რაც მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ არსებითად არ იმსჯელა გასაჩივრებული განკარგულების კანონიერების საკითხზე.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პოლიტიკური გაერთიანება “დ...-მა” და საქართველოს ... ასოციაციამ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ის” წარმომადგენელი საკასაციო და დაზუსტებულ საკასაციო საჩივრებში უთითებს, რომ სასამართლო კოლეგიას უფლება არ ჰქონდა, არ ემსჯელა არსებითად მათ სასარჩელო მოთხოვნაზე. გასაჩივრებული განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ¹... ქობულეთისა და ¹... ხულოს საარჩევნო ოლქებში გამართული არჩევნების შედეგები, რაც უშუალო ზიანს აყენებს მათ, ვინაიდან 7% ბარიერის გადასალახავად 0,8% დააკლდათ. ამავე დროს სავსებით დასაშვებია, რომ ხელახალი არჩევნები, რომელიც ცესკომ დანიშნა, არ ჩატარდეს, თავად ხელახალი არჩევნები დამატებით მატერიალურ ხარჯს გამოიწვევს მათი მხრიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ თუ საქმის არსებითად განხილვისას დადგინდება ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების უკანონოდ გაუქმების ფაქტი, სახეზე იქნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირობა, კერძოდ, უკანონო განკარგულებით შეიზღუდება მათი კანონიერი უფლებები.
მეორე კასატორმა, საქართველოს ... ასოციაციამ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ იგი ცესკოს 2004წ. 5 მარტის ¹.../2004 განკარგულების საფუძველზე წარმოადგენდა არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციას და ეს სტატუსი არ გულისხმობს მხოლოდ კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობაზე დაკვირვების უფლებას. მას მინიჭებული აქვს არჩევნების მთელი პერიოდის განმავლობაში მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება, მათ შორის, საარჩევნო უბნებში კენჭისყრის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების.
კასატორი მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა დამკვირვებელ ორგანიზაციას მიანიჭა ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც. გასაჩივრების უფლების ნორმის არარსებობა საარჩევნო კოდექსში გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ამ კოდექსის არც ერთი მუხლი ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ უშვებს.
კასატორის აზრით, მას აქვს ერთგვარი საზოგადოებრივი შეკვეთა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს არჩევნების სამართლებრივად და კანონის შესაბამისად ჩატარება და სწორედ ეს საზოგადოებრივი შეკვეთა არის ის მიზეზი, რატომაც მონაწილეობს ასოციაცია მოცემულ დავაში.
წარმოდგენილ დასაბუთებულ საკასაციო საჩივარში საქართველოს ... ასოციაციამ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 15 აპრილის განჩინება კანონის შესაბამისად არ იყო მიღებული, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს სასამართლოს უფლებას, “დაავალოს” მხარეს დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენა. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესებზე მიყენებული პირდაპირი (უშუალო) ზიანი და უფლების უკანონოდ შეზღუდვა. კასატორის აზრით, ცსკოს სადავო განკარგულება ეწინააღმდეგება კანონს, ლახავს კანონის უზენაესობის და საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლების მიზანს, რისი დამკვიდრებაც კასატორის კანონიერი ინტერესი და ორგანიზაციული მისიაა.
კასატორი მიუთითებს, რომ ... ასოციაციის გამგეობამ თავისი ზოგადი ინტერესი დააკონკრეტა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებზე დაკვირვების შესახებ და ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მის კონკრეტულ ვალდებულებას მთელი საზოგადოების წინაშე. კასატორის მითითებით, აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს იმ კანონიერ ინტერესს, რომელზეც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლში.
სამოტივაციო ნაწილი:
ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორების _ პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ისა" და საქართველოს ... ასოციაციის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ იგი, მართალია, არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოტივაციას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არსებითად სწორად მიიჩნევს და, ამდენად, უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო კასატორთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საარჩევნო კოდექსი აწესებს სარჩელის განხილვის შეზღუდულ ვადებს და სწორედ ამ მიზეზით იქნა განსაზღვრული საკასაციო პალატის მიერ საკასაციო საჩივრების მიღების შესახებ განჩინებაში კასატორთა მხრიდან დასაბუთებული საკასაციო საჩივრების, ხოლო მოწინააღმდეგე მხრიდან – შესაგებლის წარმოდგენის ვადა, რადგან თავად კასატორები უთითებდნენ საკასაციო საჩივრებში, რომ არ ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და დამატებით მოსაზრებებს და დასაბუთებულ საკასაციო საჩივრებს მისი გაცნობის შემდეგ წარმოადგენდნენ. საკასაციო პალატას აღნიშნული განჩინებით არ დაუვალებია კასატორისათვის, აუცილებლად წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, არამედ განუსაზღვრა დრო მათი წარმოდგენისა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლიდნენ, რათა სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა, გასცნობოდა დასაბუთებულ საკასაციო საჩივრებს და გადაეგზავნა ისინი მოწინააღმდეგე მხარისათვის.
საკასაციო პალატა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კასატორები, ფაქტობრივად, სადავოდ არ ხდიან ცსკოს გასაჩივრებულ განკარგულებაში მითითებულ ¹... ქობულეთის და ¹... ხულოს საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებულ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს, რაც საფუძვლად დაედო ამ განკარგულების გამოცემას. ცსკოს 2004წ. 2 აპრილის ¹.../2004 განკარგულებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ მითითებულ საარჩევნო ოლქებში შემავალ საარჩევნო უბნებში საქართველოს პარლამენტის 2003წ. 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004წ. 28 მარტს ჩატარებული ხელახალი არჩევნები წარიმართა საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, რომელთა ხასიათი გამორიცხავდა საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად არჩევნების რეალური შედეგების დადგენას. სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სადავოდ ვერ გახდის იმ გარემოებებს, რომლებიც თავად მხარეების მიერ არ არის გასაჩივრებული.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, განცხადების, საჩივრის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შესდეგების ბათილად ცნობას ან გადამოწმებას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტლებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების (სპეციალური კონვერტების) ხელახალი დათვლის შესახებ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული მუხლი ცესკოს აძლევს უფლებას, გადაამოწმოს საარჩევნო ოლქებში მიღებული შედეგები და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105.12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც საოლქო საარჩევნო ოლქში საარჩევნო კანონმდებლობის უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნება ცნობილი კანჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანთა ნახევარზე მეტ ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, ბათილად ცნოს არჩევნების შედეგები და დანიშნოს ამ ოლქში ხელახალი არჩევნები. სწორედ აღნიშნულ გარემოებას ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, 105.12 მუხლით გათვალისწინებული შედეგი იქნა ცსკოს მიერ ¹... და ¹... საარჩევნო ოლქებთან მიმართებაში დადგენილად ცნობილი და მას უფლება ჰქონდა, ბათილად ეცნო არჩევნების შედეგები და დაენიშნა ხელახალი არჩევნები.
საარჩევნო კოდექსის 106.3 მუხლის თანახმად, არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები, ხოლო 106.4 მუხლის თანახმად _ ხელახალი არჩევნები არჩევნების ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. ცსკოს მიერ არჩევნები დაინიშნა კანონით დადგენილ 2-თვიან ვადაში, კერძოდ, 2004წ. 18 აპრილს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორების _ პოლიტიკური გაერთიანება “დ...-ისა" და საქართველოს ... ასოციაციის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და როგორც არსებითად სწორი, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორების _ პოლიტიკური გაერთიანება ,,დ...-ისა” და საქართველოს ... ასოციაციის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორებს თანაბარწილად გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.