Facebook Twitter

ბს-443-556-კ-03 4 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინის ორდერის ბათილად ცნობა, ბინის პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1988წ. 3 თებერვლის ¹3.20.271 გადაწყვეტილებით ცვლილება იქნა შეტანილი აღმასკომის 1986წ. ¹14.96.1020 გადაწყვეტილებაში და მოქალაქე შ. კ.-ს 3 სულზე (თვითონ, მეუღლეს და შვილს) ნაცვლად გლდანის მასივში გამოყოფილი ოროთახიანი ბინისა, გამოეყო 31,1 კვ.მ ოროთახიანი ბინა, მდებარე ... ბინა ¹17-ში. აღმასკომის გადაწყვეტილების შესაბამისად, შ. კ.-ის სახელზე გაიცა ორდერი ¹.... შ. კ.-ი ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნულ ბინაში არ ჩაწერილა, რადგან მას გააჩნდა სხვა ბინა, მდებარე სანზონის დასახლებაში. სადავო ბინაში შესახლდა მოპასუხე ნ. ნ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად.

1993წ. 28 დეკემბერს გლდანის რაიონის გამგეობამ სარჩელი აღძრა გლდანის რაიონის სასამართლოში და შ. კ.-ის სახელზე 1988 წელს გაცემული ორდერის ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ კ.-ების ოჯახის წევრები აღნიშნულ ბინაში არც ჩაწერილან და არც უცხოვრიათ. მოსარჩელე გამგეობამ ასევე მოითხოვა სადავო ბინიდან ნ. ნ.-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება. 1994წ. 12 იანვარს ნ. ნ.-მ სარჩელი აღძრა გლდანის რაიონულ სასამართლოში გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ... მდებარე ¹17 ბინაზე უფლებამოპოვებულად ცნობა.

გლდანის რაიონის სასამართლოს 1994წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით გლდანის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შ. კ.-ის ოჯახზე გაცემული ორდერი ¹... ცნობილ იქნა ბათილად, ხოლო ნ. ნ.-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა. დაკმაყოფილდა ნ. ნ.-ის სარჩელი და მისი ოჯახი მუხიანის დასახლებაში მდებარე სადავო ბინაზე ცნობილ იქნა უფლებამოპოვებულად.

გლდანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გლდანის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ 1994წ. 12 ივლისს ნ. ნ.-ის ოჯახზე (4 სული), ... ¹17 ბინაზე გაიცა ორდერი ¹015251. 1995წ. 21 დეკემბერს ნ. ნ.-ემ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება, ხოლო იმავე წლის 25 დეკემბერს ნ. ნ.-მ ბინა გაასხვისა ნ. მ.-ზე. თავის მხრივ, ნ. მ.-მ აღნიშნული ბინა 1998წ. 8 აპრილს მიჰყიდა გ. ხ.-ას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 30 იანვრის ¹34 დადგენილებით გაუქმდა გლდანის რაიონის სასამართლოს 1994წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს. 1997წ. 24 ივლისს კ.-ბმა შეგებებული სარჩელი აღძრეს ნ. ნ.-ისა და ნ. მ.-ის მიმართ და მოითხოვეს ნ. ნ.-ის მიერ 1995 წელს განხორციელებული ბინის პრივატიზაციისა და ნ. ნ.-სა და ნ. მ.-ს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმება. საქმის ხელახალი არსებითი განხილვის დროს, მოსარჩელე გლდანის რაიონის გამგეობამ უარი განაცხადა სარჩელზე და დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998წ. 26 თებერვლის დადგენილებით გამგეობის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო კ.-ების სარჩელი ნ. ნ.-ის, ნ. მ.-ისა და გ. ხ.-ს მიმართ ბინის პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე დარჩა განუხილველად გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

2001წ. 24 იანვარს კ.-ებმა კვლავ აღძრეს სარჩელი გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში გლდანის რაიონის გამგეობის, ნ. ნ.-ის, ნ. მ.-ისა და გ. ხ.-ს მიმართ და მოითხოვეს ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული სადავო ბინის ორდერის, ნ. ნ.-ის მიერ ბინის პრივატიზებისა და შემდეგ ამ ბინის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელეთა მითითებით, სადავო ბინა მათ ოჯახს გამოეყო ლენინის რაიონის აღმასკომის 1988წ. გადაწყვეტილებით. აღნიშნულ ბინაში ისინი ჩაწერის გარეშე ცხოვრობდნენ 1993წ. მარტამდე და მათი ბინაში არყოფნის დროს ისარგებლა ნ. ნ.-მ, რომელიც შეიჭრა სადავო ბინაში. მოსარჩელეები არ არიან ფართზე უფლებადაკარგულად ცნობილნი, არც მათ სახელზე გაცემული ბინის ორდერი გაბათილებულა. ამიტომ, მოსარჩელეთა აზრით, მათი სარჩელი კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით კ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი: ნ. ნ.-ის სახელზე 1994 წელს გაცემული ორდერი ¹015251 და ნ. ნ.-ის მიერ 1995 წელს განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზება, 1995წ. 25 დეკემბერს ნ. ნ.-ესა და ნ. მ.-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და 1998წ. 8 აპრილს ნ. მ.-სა და გ. ხ.-ს შორის გაფორმებული ბინის ნასყიდობა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, გ. ხ.-სა და ნ. მ.-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სააპელაციო პალატამ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების, ასევე 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საბინაო პირობებგაუმჯობესებულ მოქალაქეთა აღრიცხვისა და ბინით დაკმაყოფილების წესების” 63-ე პუნქტი;

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ კ.-ების მიერ მუხიანის დასახლებაში მდებარე სადავო საცხოვრებელი ბინის დაკავება არ მომხდარა “აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესების” 57-ე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და არც მათი ჩაწერა მომხდარა “მოქალაქეთა ჩაწერის ზოგიერთი წესის შესახებ” მინისტრთა საბჭოს 1974წ. ¹678 დადგენილების შესაბამისად. სადავო ბინაში მოსარჩელეთა ფაქტობრივი ცხოვრება სასამართლომ არ მიიჩნია სადავო ბინაზე მოსარჩელეთა დამქირავებლად ცნობის საკმარის საფუძვლად. ასეთ პირობებში, სასამართლოს აზრით, საბინაო ორდერის მოქმედება ავტომატურად წყდება და აღმასკომს უფლება ჰქონდა, თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა სადავო ფართი. ამდენად, 1994წ. 12 ივლისისათვის საცხოვრებელ ბინაზე ნ. ნ.-ისათვის ბინის ორდერის გაცემისას სადავო ფართი ფაქტობრივად და უფლებრივად დატვირთული არ იყო, არ იყო საჭირო კ.-ების სახელზე გაცემული ორდერის გაუქმებაც და, შესაბამისად, ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილობის საფუძველიც არ არსებობს. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული ორდერის ბათილად ცნობაზე სარჩელი ხანდაზმულია და წარდგენილია საბინაო კოდექსის 58-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით;

3. ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ნ. ნ.-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზებისა და ნასყიდობის ბათილად ცნობაზე, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინის პრივატიზების ბათილობაზე სარჩელი აღძრულია 3-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის დარღვევით, ხოლო ბინის პრივატიზების შემდგომ ბინაზე დადებული გარიგებები სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა კ.-ების მიერ, რომლებიც შემდეგი მოტივით ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას:

1. კასატორთა მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, “მოქალაქეთა ჩაწერის ზოგიერთი წესის შესახებ” სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1974წ. @¹678 დადგენილება. კასატორთა აზრით, სასამართლოს შეფასება, რომ ბინაში მოსარჩელეთა ფაქტობრივი ცხოვრება ბინის დამქირავებლად ცნობის საფუძველი ვერ გახდება, მცდარია, რადგან არც იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსი და არც “აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესები” არ მიუთითებს ბინაში ჩაწერის აუცილებლობასა და ვადაზე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს ფაქტობრივად დაკავებული ჰქონდათ ბინა, მათ ბინაში ჩაწერის მოთხოვნითაც მიმართეს, მაგრამ რადგან ოსები იყვნენ, უარი უთხრეს ჩაწერაზე, ამჟამად კი არ არსებობს ჩაწერის ინსტიტუტი;

2. გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან სასამართლოს არ გამოუკვლევია, რის საფუძველზე მოხდა ნ. ნ.-ის სახელზე ორდერის გაცემა. სასამართლომ ზერელედ გამოიკვლია მასალები. სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითებაც უსაფუძვლოა, რადგან სარჩელის ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ. კასატორისათვის ცნობილი იყო, რომ ნ. ნ.-მ ბინა გაიფორმა გლდანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ბინის ორდერის შესახებ მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადა მათ მიერ დაცულია.

მოწინააღმდეგე მხარეთა, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, გ. ხ.-ას წარმომადგენლებმა და ნ. მ.-მ საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, რის გამოც მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე ნ. ნ.-ე და მესამე პირები, მიუხედავად არაერთგზის მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ, რის გამოც საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ.-ების საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სარჩელის განუხილველად დატოვების შემდგომ, 2001წ. 24 იანვარს აღძრული სარჩელით კასატორებმა მოითხოვეს სადავო ბინაზე ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის, ნ. ნ.-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზებისა და შემდგომში სადავო ბინის გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. ნ. ნ.-ისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ბინის სადავო ორდერი ¹015251 გლდანის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ გაიცა 1994წ. 12 ივლისს, სარჩელი ბინის ორდერის ბათილად ცნობაზე აღძრულია 2001წ. 24 იანვარს, ე.ი. სადავო ორდერის გაცემიდან მე-6 წელს. საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად მიუთითებდა, რომ “მოთხოვნა ორდერის ბათილად ცნობის შესახებ შეიძლება განცხადებულ იქნეს ორდერის გაცემის დღიდან სამი წლის განმავლობაში”. ამდენად, საბინაო ორდერის ბათილად ცნობაზე 3-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა ორდერის გაცემის დღიდან იწყებოდა, განსხვავებით იმჟამად მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80 მუხლისა, რომლის მიხედვითაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ე.ი. როცა პირმა შეიტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში 1994 წელს ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე კასატორმა სარჩელი აღძრა 2001 წელს, სადავო ორდერის გაცემიდან მე-6 წელს. სარჩელის წარდგენამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმის საფუძველია. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის მოტივით ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილობაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ სასამართლომ კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის არამართებულად გამოყენების შესახებ და სრულად ეთანხმება საპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ხანდაზმულობასთან ერთად ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული საბინაო ორდერის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. საქმის მიხედვით დასტურდება, რომ სადავო ბინაზე შ. კ.-ის სახელზე ქ. თბილისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ 1988 წელს გაიცა ორდერი ¹.... კასატორები მუხიანის დასახლებაში მდებარე ბინის მიღებამდე ცხოვრობდნენ ნაძალადევის რაიონში, ... მდებარე ¹1 ბინაში, საიდანაც ამოეწერნენ სადავო ბინის მიღებიდან მე-4 წელს, 1992წ. 11 სექტემბერს.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსა და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1995წ. ¹577 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს სს რესპუბლიკაში საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვისა და საცხოვრებელი სადგომების მიცემის წესების” 57-ე მუხლის მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში შესახლება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მოკლე ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 20 დღისა ახალაშენებული სახლის შესახლების დაწყების დღიდან და არა უგვიანეს 30 დღისა წინანდელი დამქირავებლის მიერ ბინის გათავისუფლების დღიდან. “სსრ კავშირში საპასპორტო სისტემის შესახებ დებულება” და “მოქალაქეთა ჩაწერის ზოგიერთი წესის შესახებ” სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს 1974წ. 28 აგვისტოს ¹677 დადგენილება ითვალისწინებდა მოქალაქის მიერ საცხოვრებელი სადგომის დაკავებისთანავე ბინაზე სავალდებულო რეგისტრაციას (ჩაწერას), წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებდა საპასპორტო რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრებას. ვინაიდან მუხიანის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელ სახლში კასატორების ჩაწერა არ მომხდარა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ კასატორების მიერ მუხიანში მდებარე სადავო ბინის დაკავება არ მომხდარა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთა საბჭოს ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად არ მომხდარა ბინაზე კ.-ების სავალდებულო რეგისტრაცია (ჩაწერა), ბინაში ფაქტობრივი ცხოვრება არ არის საცხოვრებელ სადგომზე დამქირავებლად ცნობის საკმარისი საფუძველი და ამგვარ შემთხვევაში ორდერის მოქმედება ავტომატურად წყდება.

კ.-ები სარჩელით ასევე მოითხოვდნენ ნ. ნ.-ის მიერ განხორციელებული სადავო ბინის პრივატიზებისა და შემდგომში ამ ბინაზე დადებული ყოველგვარი გარიგების ბათილად ცნობას. ვინაიდან სარჩელის ხანდაზმულობის გამო, საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ნ. ნ.-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილობის შესახებ სარჩელი, კასატორებს ასევე უარი უნდა ეთქვათ ბინის სადავო პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზეც, რადგან “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ნ. ნ.-ეს, როგორც სადავო ბინის დამქირავებელს, ჰქონდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინის პრივატიზების უფლება და სადავო პრივატიზება განხორციელებულია ¹107 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად. რაც შეეხება სადავო ბინის შემდგომი გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე მოთხოვნას, ეს მოთხოვნაც არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან ბინის პრივატიზების შემდეგ ნ. ნ.-ს, როგორც ბინის მესაკუთრეს, ჰქონდა უფლება მის განკარგვაზე და მოპასუხედ ჩაბმული ნ. მ.-ე და ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე გ. ხ.-ა, რომელმაც 1998 წელს შეიძინა ნ. მ.-ისაგან სადავო ბინა, წარმოადგენენ კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს, რომელთა საკუთრების უფლებაც აღიარებული და დაცულია სკ-ის 185-ე და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლებით.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კ.-ების საკასაციო საჩივარს, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და მოქმედი კანონმდებლობის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ის 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ., მ. და თ. კ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.