Facebook Twitter

ბს-44-35-კ-04 22 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის მიკუთვნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ქ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის მიმართ და მოითხოვა 1996წ. 20 აგვისტოს ი. ყ.-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება და ი. ყ.-ისათვის მიკუთვნებული 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მასზე გადაცემა საკუთრების უფლებით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1995 წლიდან ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ირიცხებოდა სოფ. ...-ში ე. ბ.-ის კომლის წევრად. 2000წ. სექტემბერში გარდაიცვალა მისი მეუღლე ვ. ყ.-ი, რომელიც ასევე იყო ამ კომლის წევრი. 2001წ. აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც კომლი ფლობდა, მიღება-ჩაბარების აქტით მიეზომა მის მაზლს _ ი. ყ.-ს, რაც არასწორად მიაჩნდა, რადგან ეს უკანასკნელი 1992წ. იანვრისთვის არ ირიცხებოდა სოფ. ...-ში კომლად. მიწის პრივატიზაციის საფუძველზე 1992 წელს ე. ბ.-ის კომლს, როგორც მოსამსახურის კატეგორიას, მიწა უნდა შევსებოდა 0,75 ჰა-მდე, მაგრამ კომლის მიმართ დაირღვა კანონი, რაც გამოიხატა შემდეგში: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹128 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა მომხდარიყო 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. მიწა ჯერ უნდა გამოყოფოდა სოფლად მუდმივად მცხოვრებ კომლს, ხოლო შემდეგ უფრო გვიან მფლობელ კომლებს. კომისიას მიწა უნდა მიეკუთვნებინა იმ კომლისათვის, რომელიც ფლობდა მას, ხოლო დარჩენილი ოდენობა შევსებოდა სხვა ტერიტორიიდან. ამის ნაცვლად კომისიამ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი მიუზომა ი. ყ.-ს, რომელიც კომლად მიღებული იყო 1992წ. შემდეგ. 1992წ. უკანონო გადაწყვეტილებამ ასახვა ჰპოვა 1996წ. მიღება-ჩაბარების აქტში, რომლითაც ადგილზე მიეზომა 3500 კვ.მ მიწა, 1500 კვ.მ კი სხვა ადგილზე. აქტის უკანონობა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ დაირღვა 1996წ. 22 მარტის პარლამენტის დადგენილება და ნაცვლად 1 ჰა-სი, მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 0,75 ჰა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის 1996წ. 20 აგვისტოს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ი. ყ.-ისათვის 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ და იგი საკუთრების უფლებით გადაეცა მოსარჩელეს. ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობას, მიწის მართვის სამმართველოსთან ერთად დაევალა ი. ყ.-ისათვის სანაცვლო 0,15 ჰა ოდენობით საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა არსებული სარეზერვო ფონდიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მ. ქ.-ის სარჩელი მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების შესახებ დამყარებული უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებზე და, შესაბამისად, პროცესი წარმართულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე ითხოვდა საქმის განხილვაში სათანადო მოპასუხედ ი. ყ.-ის ჩაბმას.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ოზურგეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო და ი. ყ.-ი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მ. ქ.-ისათვის მიკუთვნების ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 1 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. ყ.-ის წარმომადგენლის, გ. ყ.-ის, საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ყ.-ზე 1996წ. 20 აგვისტოს გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება, მ. ქ.-ის სარჩელი ი. ყ.-ზე 1996წ. 20 აგვისტოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების შესახებ 0,15 ჰა-ზე და მისი მ. ქ.-ისათვის მიკუთვნების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომლის უფროსი იყო ო. ბ.-ე, რომელიც გარდაიცვალა 1983წ. 29 აგვისტოს. 1984 წლიდან კომლის უფროსი გახდა ე. ბ.-ე. 1987 წლიდან აღნიშნული კომლის წევრი იყო მ. ქ.-ს მეუღლე ვ. ყ.-ი, რომელიც გარდაიცვალა 2000წ. 11 სექტემბერს. ე. ბ.-ის კომლში ქორწინების საფუძველზე რეგისტრირებულია მ. ქ.-ა ორ შვილთან ერთად. საკომლო ჩანაწერების მიხედვით ი. ყ.-ი კომლად აღრიცხულია 1989 წლიდან და მიწის რეფორმის დაწყების დროისათვის წარმოადგენდა სოფლად მცხოვრებ კომლს. ე. ბ.-ის კომლს დაკავებული 0,5 ჰა-დან 1984 წელს ჩამოაჭრეს 3500 კვ.მ, რომელიც 1992წ. 1 იანვრისათვის სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული 3500 კვ.მ-დან სარეფორმო კომისიამ ე. ბ.-ეს მიუზომა 2000 კვ.მ, ხოლო 1500 კვ.მ _ ი. ყ.-ს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ის გარემოება, რომ სადავო 0,15 ჰა-ს ამუშავებდა ე. ბ.-ის კომლი და იხდიდა ნატურალურ გადასახადს, არ წარმოადგენდა ნაკვეთის (0,15 ჰა) ე. ბ.-ის კომლისათვის მიკუთვნების საფუძველს. სახელმწიფომ, როგორც მესაკუთრემ, თავისი შეხედულებისამებრ განკარგა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მ. ქ.-ა – ყ.-ისათვის მიკუთვნების ნაწილში და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესული იყო კანონიერ ძალაში, ამიტომ მოსარჩელის სარჩელი 1996წ. 20 აგვისტოს ი. ყ.-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების შესახებ უსაფუძვლო იყო, რადგან ე. ბ.-ის კომლს 1984 წელს 0,5 ჰა-დან ჩამოეჭრა 3500 კვ.მ და დარჩა 0,15 ჰა. აღნიშნული ნაკვეთი 3500 კვ.მ ამ დროიდან წამოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის განკარგვის უფლება მესაკუთრეს გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ გააჩნდა, რადგან მან დეპეშით შეატყობინა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი და არასწორია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ი. ყ.-ი საკომლო წიგნში ჩაწერილი იყო 1989 წლიდან, რადგან აღნიშნულის თაობაზე არ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს -– სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება. ი. ყ.-ის განცხადება კომლის წევრად მიღების შესახებ, რომელიც საქმეს ერთვის, დათარიღებულია 1992წ. 19 მარტით, რომელსაც რეზოლუცია დადებული აქვს 1992წ. მაისში. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ იგი ვერ იქნებოდა კომლის წევრი 1989 წლიდან.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილების მე-3 პუნქტი, რომლის საფუძველზეც ე. ბ.-ის კომლს მიწის ნაკვეთი უნდა შევსებოდა ჩამოჭრილი 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და 0,15 ჰა არ შეიძლებოდა გამოყოფოდა ი. ყ.-ს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სსკ-ის XXVI თავით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა აკრძალულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, მხარის ხელმეორედ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის შესაბამისად და არა სსკ-ის 229-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მხარეს აქვს იმავე სასამართლოში და გასაჩივრების ვადა შეადგენს 10 დღეს (236-ე, 237-ე მუხლები). ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად – სამოტივაციო ნაწილის გარეშე. კასატორის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს სამოტივაციო ნაწილს და საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის შესახებ მითითებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლით, მხარის ხელმეორედ, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. ის გარემოება, რომ მ. ქ.-ი ნამდვილად ორჯერ არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დადასტურებულია საქმის მასალებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და მ. ქ.-ს უარი ეთქვა მოთხოვნაზე 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნებაზე და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ ი. ყ.-ის წარმომადგენელმა გ. ყ.-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ი. ყ.-ზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების ნაწილში. ვინაიდან მ. ქ.-ს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნების ნაწილში, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში (იგულისხმება 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნებაზე უარის თქმა) შევიდა კანონიერ ძალაში სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კასატორის მოთხოვნაზე მისთვის 0,15 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნების შესახებ. რაც შეეხება კასატორის მეორე მოთხოვნას, ი. ყ.-ის სახელზე 1996წ. 20 აგვისტოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების შესახებ, იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ.-ის კომლს 1984 წელს 0,5 ჰა-დან ჩამოაჭრეს 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც მიწის რეფორმის დროს მიუზომეს 2000 კვ.მ, ხოლო დარჩენილი 0,15 ჰა მიეზომა ი. ყ.-ს. ასევე დადგენილია, რომ საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, მ. ქ.-ი არ წარმოადგენს ე. ბ.-ის კომლის წევრს, რის გამოც მას ი. ყ.-ის სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის აღნიშნული საფუძვლით გაუქმების მოთხოვნის უფლება არა აქვს, უფრო მეტიც, ე. ბ.-ე ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით კატეგორიულად უარყოფს რაიმე პრეტენზიის არსებობას თავისი დისშვილის, ი. ყ.-ის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიმართ და განმარტავს, რომ მას არავითარი უფლებამოსილება არ მიუნიჭებია მ. ქ.-ისათვის, რომ მისი კომლის სახელით მოითხოვოს მიწის ნაკვეთი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. მ. ქ.-ი გათავისუფლდეს სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.