ბს-446-559-კ-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა 29.10.01წ. ჩატარებული იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა ბინაზე, მდებარე ... ქ. თბილისში. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად რაიონული რგოლების ბაზაზე შეიქმნა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო, რომელიც მოპასუხეთა უფლებამონაცვლის სახით საქმეში ჩაება მოპასუხედ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 06.03.01წ. ¹2/344 სააღსრულებო ფურცელი არ ითვალისწინებდა ბინის იძულებითი აუქციონის მეშვეობით გაყიდვას, მოსარჩელის არასრულწლოვან შვილს არ მიეცა უფლება წარედგინა პრეტენზია იძულებით სარეალიზაციო ბინაზე, აღმასრულებელმა აუქციონი ჩაატარა სასამართლო დავალების გარეშე, რითაც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.07.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 06.03.01წ. განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის თანახმად, რ. და დ. მ.-ები კისრულობდნენ 2002 წ. 30 ივნისისათვის 2050 აშშ დოლარის ოდენობით ი. ლ.-ის ვალის გადახდას. მითითებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო იძულებითი აღსრულება. 29.10.02წ. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა განმეორებითი აუქციონი ქ. თბილისში, ... მდებარე დ. მ.-ს კუთვნილ ბინაზე, რა დროსაც ბინა შეიძინა ბ. ლ.-მ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული განჩინება ითვალისწინებდა კრედიტორის სასარგებლოდ მოვალეების მიერ, მათ შორის დ. მ.-ს ფინანსურ ვალდებულებას, ხოლო სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 63-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს აქვს უფლება, მოითხოვოს უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია აუქციონზე გაყიდვის სახით. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 63-ე მუხლზე და ამავე კანონის XIII თავზე მითითებით, გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულებისათვის იძულებითი აუქციონის დანიშვნა კრედიტორის განცხადების საფუძველზე წარმოადგენს სასამართლო აღმასრულებლის კომპეტენციას, აუქციონის ჩატარება არ საჭიროებს სასამართლოს დადგენილებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის არასრულწლოვან შვილს არ მიეცა პრეტენზიის განცხადების უფლება იძულებით აუქციონზე გასატან ბინაზე, რადგან განცხადებაში დ. მ.-ს საკუთრებაში არსებულ ბინაზე აუქციონის ჩატარების შესახებ, კანონის 71-ე მუხლის 1 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ასახულია მესამე პირების პრეტენზიის უფლება, ხოლო არასრულწლოვნის უფლებებისა და ინტერესების დაცვა ეკისრებათ მშობლებს. სკ-ის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლების მიერ მათი უფლებებისა და ინტერესების არაჯეროვნად განხორციელება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დასაბუთებულ პრეტენზიად სხვა პირების მიმართ.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.07.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. მ.-ს მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.08.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 10.07.02წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იძულებითი აუქციონის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩატარების შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ იძულებითი აუქციონი სააღსრულებო ფურცლით დაფიქსირებული მოვალეობის რეალიზაციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და ამ აქტში მასზე მითითება საჭირო არ არის. უძრავი ქონების აუქციონით რეალიზაციისათვის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საჭიროა კრედიტორის განცხადება. ამის შესაბამისად, საქმეში დაცულია კრედიტორის _ ი. ლ.-ის განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ. პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ რომან და დარეჯან მ.-ებსა და იამზე ლ.-ეს შორის სასამართლო განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტში, რომლის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, აღნიშნულია, რომ მათი შვილი არ განაცხადებდა რაიმე პრეტენზიას ბინაზე, განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, დ. მ.-ს შვილი არ განეკუთვნებოდა იმ პირებს, რომლებსაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, შეეძლოთ პრეტენზია წარედგინათ გასაყიდ ქონებაზე. აუქციონის ჩატარება არ საჭიროებდა სასამართლოს რაიმე სპეციალურ მითითებას, რის გამო სასამართლო აღმასრულებლის მხრიდან არ ჰქონდა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას. პალატამ მიიჩნია, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილულ იქნა სასკ-ის 261 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს 01.08.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. მ.-ს მიერ. კასატორი სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება იმ გარემოებას, რომ 10.07.02წ. გადაწყვეტილების გამომტანმა რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე. მართალია, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო სხდომის დღის შესახებ, მაგრამ სხდომის დაწყებისათვის მოსამართლეს ეცნობა მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ. ვინაიდან დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით იხილებოდა, სასკ-ის 261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა საქმე მხარის მეორედ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში. უდავოა, რომ სასამართლოსათვის წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის საფუძველზე მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვალა, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს სასკ-ის 261 მუხლის მიხედვით არ ჰქონდა უფლება, მისი 10.07.02წ. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვალა განმეორებითი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად. პალატამ ყურადღება არ მიაქცია აგრეთვე, რაიონული სასამართლოს მიერ სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლების დარღვევას, ინკვიზიციურობის საწყისების დარღვევით სასამართლომ არ მიიღო ზომები აუქციონის ჩატარების კანონიერების, მისი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 67-77-ე მუხლებისადმი შესაბამისობის დასადგენად.
კასატორი უთითებს, აგრეთვე, რომ ბინის შემძენმა გადაიხადა 2050 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 77-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აუქციონის მეორედ ჩატარების დროს ყველაზე დაბალი ფასი სულ ცოტა აუქციონის ხარჯებს, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას და კრედიტორის მოთხოვნებს მაინც უნდა ფარავდეს. კრედიტორმა მიიღო 4273 ლარი, ამავე კანონის 1131 მუხლის თანახმად, სააღსრულებო მოსაკრებელი ამოღებული თანხის 7% შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ კასატორს დადასტურებულად უნდა ეცნო აუქციონის ჩატარების წესების დარღვევა და გაეუქმებინა მისი შედეგი. პალატამ არ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ მან არაერთხელ შესთავაზა კრედიტორს 1500 აშშ დოლარის და დანარჩენ თანხაზე პროცენტის გადახდა.
სასამართლო აღმასრულებელმა კანონის 71.3 მუხლის დარღვევით არ აცნობა კასატორს აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. აღმასრულებლის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, 10.10.01წ. კასატორი გამოცხადდა სააღსრულებო ბიუროში და ეცნობა განმეორებითი აუქციონის შესახებ, არ არის კასატორის მიერ ხელმოწერილი. ოქმი ვერ იქნება მიჩნეული სსკ-ის 70-78-ე მუხლების მიხედვით ჩაბარებულ უწყებად, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხ.), არასწორად განმარტა კანონი (სასკ-ის 261 მუხ), რაც სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას საქმის სასკ-ის 261 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით განხილვის შესახებ. 26.06.02წ. სასამართლო სხდომაზე დ. მ.-ა არ გამოცხადდა ავადმყოფობის გამო, რის დასადასტურებლად წარმოდგენილ იქნა ავადმყოფობის ცნობა. მიუხედავად ამისა, 10.07.02წ. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო არასაპატიო მიზეზით პირველი გამოუცხადებლობის შემთხვევა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. მ.-ა არ გამოცხადდა 04.06.02წ., 14.06.02წ. სასამართლო სხდომებზე, რომელთა შესახებ მას ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამდენად, 10.07.02წ. სხდომაზე გამოუცხადებლობა არ წარმოადგენდა არასაპატიო მიზეზით პირველ გამოუცხადებლობას, შესაბამისად, სასკ-ის 261 მუხლის მიხედვით სასამართლო უფლებამოსილი იყო არსებითად განეხილა საქმე და გამოეტანა გადაწყვეტილება დ. მ.-ს დაუსწრებლად. 10.07.02წ. გადაწყვეტილება გამოტანილია დ. მ.-ს დაუსწრებლად, საქმის არსებითი განხილვის შედეგად, რის გამო საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ სასკ-ის 261 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატას სასკ-ის 261 მუხლის დაუცველობის გამო უნდა გაეუქმებინა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. კასატორი ვერ უთითებს აგრეთვე თუ რაში გამოიხატა სამართალწარმოების ინკვიზიციურობის საწყისების, კერძოდ, სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დარღვევა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განხილულია პროცესუალურ მოთხოვნათა დაცვით. კასატორი ვერ ასახელებს აგრეთვე, თუ რის გამო უნდა დაბრუნდეს საქმე ხელახალი განხილვისათვის, სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული რა საფუძველი არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებისათვის.
პალატა აღნიშნავს, აგრეთვე, რომ დ. მ.-ს სარჩელის საფუძველს არ წარმოადგენდა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71.3 და 77.3 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით აუქციონის ჩატარება. დ. მ.-ს სასარჩელო განცხადების საფუძვლებს წარმოადგენდა ის, რომ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 06.03.01წ. ¹2/344 სააღსრულებო ფურცელი არ ითვალისწინებდა ბინის იძულებითი აუქციონის მეშვეობით გაყიდვას, მოსარჩელის არასრულწლოვან შვილს არ მიეცა უფლება, წარედგინა პრეტენზია იძულებით სარეალიზაციო ბინაზე, აღმასრულებელმა აუქციონი ჩაატარა სასამართლო დავალების გარეშე. სააპელაციო საჩივარში დ. მ.-ა მითითებულ გარემოებებთან ერთად დამატებით აღნიშნავდა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის სასკ-ის 261 მუხლით დადგენილი წესებით დარღვევას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ საკასაციო საჩივარში აღნიშნულ დამატებით საფუძვლებზე, სსკ-ის 83.3, 219.2, 407-ე მუხლების თანახმად სარჩელის საფუძვლის შეცვლა არ დაიშვება.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ. მ.-ს გაცდენილი აქვს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლით დადგენილი სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. სააღსრულებო საქმის თანახმად, დ. მ.-მ 14.02.02წ. განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს უფროსს, რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო წარმოებაში არსებული ქსეროასლები. შესაბამისად, კასატორისათვის 14.02.02წ. ყველა შემთხვევაში ცნობილი უნდა ყოფილიყო 29.10.01წ. ჩატარებული განმეორებითი იძულებითი აუქციონის შესახებ. მიუხედავად ამისა, დ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მიმართა 19.03.02წ. ანუ კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
სსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა ათავისუფლებს კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.08.03წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;