Facebook Twitter

ბს-449-560-კ-03 12 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 12 ივლისს ფიზიკურმა პირებმა: ნ. დ.-მ, ხ. დ.-მ და სხვებმა (სულ ოცი ფიზიკური პირი) სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს მათ მიერ კომერციული ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხების დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა: ფინანსთა სამინისტროს ფიზიკურ პირთა სასარგებლოდ დაეკისრა საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის გადახდილი თანხების ანაზღაურება.

ფინანსთა სამინისტრო არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორი ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.

2000წ. 8 ივლისს ფინანსთა სამინისტრომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი გადაუგზავნა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2002წ. 1 აგვისტოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებად ცნო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. კოლეგიის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით სამინისტროს განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შესაძლო იყო კერძო საჩივრის წარდგენა. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს და ითხოვა სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, განცხადების დაკმაყოფილება და 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამის რეალიზაციის საერთო კოორდინაცია ევალება ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ურბანიზაციისა და მშენებლობის საქმეში იგი აუცილებლად ჩართული უნდა ყოფილიყო მე-3 პირის სტატუსით.

მითითებული წარმოადგენდა ძირითად საფუძველს, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 21 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 26 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარებოდა გასაჩივრებას საკასაციო წესით და არა კერძო საჩივრის შემოტანის გზით, რის შემდეგაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი იმავე საფუძვლებზე მითითებით, რაც აღნიშნული იყო კერძო საჩივარში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს განცხადების განხილვისას ადგილი არა აქვს კანონის მცდარ განმარტებასა თუ მის არასწორ გამოყენებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებები.

სსკ-ის 422-ე მუხლის I ნაწილის “დ” პუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირად, გარდა მხარეებისა, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ყველა ის პირი, რომელიც საქმეში ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩართულია მე-3 პირად, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილით განსაზღვრული მე-3 პირები სარგებლობენ მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და ეკისრებათ მოსარჩელის ყველა მოვალეობა, ხოლო მე-2 ნაწილში განსაზღვრულ მე-3 პირებს კი განეკუთვნებიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ იმ სამართალურთიერთობის მონაწილეებს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს უშუალო და პირდაპირ ინტერესებს მიღებული გადაწყვეტილებისადმი და სავალდებულობას იმისას, რომ ეს უკანასკნელი საქმეში ჩართულიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის II ნაწილის შესაბამისად, ხოლო, რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹592 ბრძანებულებაზე, რომელზე დაყრდნობითაც კასატორი სავალდებულოდ მიიჩნევს საქმეში მის უშუალო მონაწილეობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმეში წარმოდგენილია ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება, რომელიც მიღებულია ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესრულების მიზნით და რის საფუძველზეც დადგენილ იქნა ქ. თბილისში კოოპერატიული სახლების მშენებლობის 1 მ2 გაურემონტებელი ბინის საერთო ფართის ღირებულების მაჩვენებლები რაიონების მიხედვით, რომელზე დაყრდნობითაც საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხოლო მარტოოდენ ის გარემოება, რომ სასამართლომ იხელმძღვანელა ამა თუ იმ უწყების მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტით, არ ქმნის ამ უკანასკნელის საქმეში მე-3 პირად მონაწილეობის აუცილებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ის 408-ე მუხლის II ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.