ბს-45-36-კ-04 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 მაისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ... პროფკავშირის სამტრედიის რაიონულმა კომიტეტმა მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის და ერთიანი საპენსიო ფონდის სამტრედიის რაიონული განყოფილების მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა პროფკავშირის წევრ პენსიონერთა განცხადებების მიღებაზე, რეგისტრაციაში გატარებასა და პენსიონერთა კუთვნილი პენსიიდან პროფკავშირების ანგარიშზე საწევროების გადარიცხვაზე მოპასუხის დავალდებულება, ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის – 12000 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და ... პროფესიულ კავშირს შორის 2001წ. 6 დეკემბერს დაიდო შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლითაც ფონდის საქალაქო და რაიონული განყოფილებები უზრუნველყოფდნენ პროფკავშირის კომიტეტისა და პროფკავშირის წევრის მიერ წარდგენილი პირადი განცხადების საფუძველზე მათ მიღებასა და რეგისტრაციაში გატარებას, კუთვნილი პენსიიდან, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, პროფკავშირის საწევროს გადარიცხვას შესაბამისი პროფესიული კავშირის ანგარიშზე.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული განყოფილება არ ცნობს და არ ასრულებს აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხემ 2002წ. 28 იანვარს მოსარჩელის მიერ შედგენილი სია 3500 პენსიონერის განცხადებით უკან დააბრუნა. იგივე გაიმეორა 2002წ. 05 თებერვალს. მოპასუხის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელემ მიიღო, როგორც ფაქტობრივი, ისე მორალური ზიანი, რადგან ვერ განხორციელდა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ფაქტობრივი და მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა 6000 ლარს, ასევე 6000 ლარად შეაფასა მან მორალური ზიანი.
აღნიშნულ მოთხოვნას მოსარჩელემ საფუძვლად დაუდო სკ-ის 361-ე და საქართველოს პროფკავშირის შესახებ კანონის 27-ე მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე, ზემოაღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 2001წ. 6 დეკემბერს დადებული ¹62 შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტები.
მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ განყოფილება ხელშეკრულების დადების წინააღმდეგი არ წასულა, მხოლოდ საჭიროა ერთობლივად გადამოწმდეს წარმოდგენილი სიები, რისთვისაც უნდა შეიქმნას კომისია იმავე მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კომისიის დასკვნა წარედგინება მხარეებს, რის შემდეგაც დაიდება ხელშეკრულება.
მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას თანხის დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს არ წარმოუდგენია მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ დაადგინა:
1. შეიქმნას შემთანხმებელი კომისია მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით;
2. კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ მხარეთა შორის დაიდოს შეთანხმება (ხელშეკრულება) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და ... პროფესიულ კავშირს შორის 2001წ. 6 დეკემბრის ¹62 შეთანხმების შესაბამისად;
3. მხარეთა შორის შეთანხმების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები ძალაში შევიდეს შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აპელანტი მიუთითებდა, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა არა კომისიის შექმნა, არამედ ¹62 შეთანხმების საფუძველზე პროფკომიტეტის მიერ შეტანილი განცხადებების რეგისტრაცია და პენსიიდან საწევროების გადარიცხვა მათ ანგარიშზე. საქმეში დევს წერილობითი დოკუმენტები, რომლითაც მოპასუხეს დევალა ხელშეკრულების დადება და შეასრულოს მოსარჩელის მოთხოვნა – რეგისტრაციაში გაატაროს განცხადებები და პენსიიდან განსაზღვრული საწევრო გადარიცხოს მის ანგარიშზე.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების საკითხში მტკიცებულებების არარსებობის მოტივით. აპელანტს მიაჩნდა, რომ სასამართლო ვალდებული იყო, გაეზიარებინა მისი ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ ¹62 შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით პარალიზებული გახადა ორგანიზაციის მუშაობა, რადგანაც ხელი შეუშალა ორგანიზაციის ანგარიშზე კუთვნილი თანხის გადარიცხვას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება (საუბარი უნდა იყოს 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე) და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონულ განყოფილებას დაევალა მიეღო და რეგისტრაციაში გაეტარებინა პროფკავშირის კომიტეტისა და წევრ პენსიონერთა განცადებები. აქვე მიუთითა, შესაბამისი მოთხოვნა გადაგზავნოდა ზემდომ ფონდს მიმდინარე წლის მეორე ნაწილის პერიოდისათვის თანხის გადმორიცხვის უზრუნველყოფის მიზნით.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შეთანხმების 3.4 პუნქტის მიხედვით განცხადების წარდგენის უფლება ჰქონდა როგორც პროფკავშირის კომიტეტის, ისე უშუალოდ პენსიონერს. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სოცუზრუნველყოფის ფონდის სამტრედიის განყოფილებას რეგისტრაციაში გაეტარებინა კომიტეტის მიერ წარდგენილი განცხადებები და გადაეგზავნა ზემდგომ ორგანოში, რათა მომხდარიყო თანხის დაკავება და დროულად ჩარიცხვა, სასამართლომ მიიჩნია სამართლიანად.
სკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ყველა არსებით პირობებზე და ხელშეკრულება დადებულად ითვლება. ხელშეკრულება კი მხარეებს ავალდებულებს ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას.
აქვე სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ნაცვლად იმისა, რომ ემსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე, გასცდა თავის უფლებამოსილებას და შექმნა შემთანხმებული კომისია მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია კანონის დარღვევად.
საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალმა.
კასატორს მიაჩნდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და არ იყო გათვალისწინებული კასატორის კანონიერი მოთხოვნა, რაც მდომარეობს იმაში, რომ პენსიონერთა პროფსაწევროს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადების შემოტანა უნდა მოხდეს უშუალოდ პენსიონერის მიერ და შემდგომ ამისა მოხდება მისი რეგისტრაციაში გატარება, როგორც ამას ითვალისწინებს ფონდის სათაო დირექციასა და ... პროფკავშირის კომიტეტს შორის დადებული 2001წ. 6 დეკემბრის შეთანხმება.
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის არაერთი თხოვნისა და მითითების მიუხედავად, პროფკავშირის რაიონული კომიტეტი კვლავინდებურად აგრძელებს პენსიონერთა განცხადებების წარმოდგენას, რომელთა უმეტესი ნაწილი შეიცავს უზუსტობებს (მითითებული არ არის მამის სახელი, მისამართი, საპენსიო მოწმობის ნომერი, ზოგიერთ მათგანზე არ იყო განმცხადებლის ხელმოწერაც კი), რამაც წარმოშვა ეჭვი იმისა, რომ განცხადებები შედგენილია პენსიონერთა პირადი მონაწილეობის გარეშე. ამასთანავე, ფონდის რაიონულ ფილიალში დღემდე არ შემოსულა არც ერთი პირადი განცხადება პროფსაწევროს დაკავებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლომ ... კავშირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო სოციალური უზრუნველყოფის ერთინ სახელმწიფო ფონდსა და ... პროფესიულ კავშირს შორის 2001წ. 6 დეკემბერს გაფორმებული ¹62 ხელშეკრულება, რომლის 3.4 პუნქტის შესაბამისადაც ფონდის საქალაქო და რაიონული განყოფილებები უზრუნველყოფდნენ პროფკავშირის კომიტეტის და პროფკავშირის წევრის მიერ წარდგენილი პირადი განცხადებების მიღებას, რეგისტრაციაში გატარებას და საწევროს გადარიცხვას შესაბამისი კავშირის ანგარიშზე.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, პენსიიდან “საწევრო” თანხის დაკავება მომხდარიყო პროფკავშირის კომიტეტის განცხადების საფუძველზე და მოპასუხეს, გადაწყვეტილების საფუძველზე, დაავალა ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად საწევრო თანხის დაკავება. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 327-ე მუხლზე, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და არ გაითვალისწინა მითითებული მუხლის შინაარსი და ხელშეკრულებითი ურთიერთობის საფუძვლები.
კერძოდ, სკ-ის 372-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ყველა შემთხვევაში ხელშეკრულება გულისხმობს მხარეთა ნების შეთანხმებას. ასეთი შეთანხმება კი შეიძლება მიღწეულ იქნეს ერთი პირის მიერ მეორისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების მიცემით და მეორე მხარის მიერ ამ წინადადების მიღებით. ამრიგად, ხელშეკრულების დადების პროცესმა სავალდებულო წესით უნდა მოიცვას ორი მომენტი – წინადადების შეთავაზება და წინადადების მიღება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება, რომელზეც მხარე ამყარებს მოთხოვნას, დადებულია ორ სუბიექტს შორის, რაც შეეხება პენსიონერებს, ისინი ხელშეკრულების მონაწილე მხარეს არ წარმოადგენენ, მათ არც ხელშეკრულების პირობები არ მიუღიათ და არც ნება არ გამოუხატავთ ხელშეკრულების პირობების მიღებაზე.
საგულისხმოა, რომ განსახილველი ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება ასევე მე-3 პირის სასარგებლოდ დადებულ გარიგებად, ვინაიდან მე-3 პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში მოვალისაგან მოთხოვნის უფლებას იძენს როგორც ხელშეკრულების მხარე, ისე მესამე პირი.
ამასთან, მესამე პირი ვალდებული არ არის, ისარგებლოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით. ამდენად, მითითებული კატეგორიის ხელშეკრულებისათვის ამოსავალ მომენტს წარმოადგენს მესამე პირის უფლება ისარგებლოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებით და მას არ უნდა ეკისრებოდეს რაიმე ვალდებულება რაზეც, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ წინამდებარე ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო სახელშეკრულებო ურთიერთობის პრიციპებიდან გამომდინარე თვლის, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და ... პროფესიულ კავშირს შორის 2001წ. 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ¹62 არ წარმოადგენს ვეტერანთა პროფესიული კავშირის განცხადების საფუძველზე პენსიონერებისათვის თანხის დაკავების საფუძველს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული არამარტო ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის პრინციპებს, არამედ უხეშად ლახავს პენსიონერთა უფლებებს, მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში საფუძვლიან ეჭვს იწვევს პესიონერთა ნების არსებობის ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ ადგილი აქვს კანონის არასწორ განმარტებას და მის არასწორ გამოყენებას, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის III ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. ... პროფკავშირის სამტრედიის რაიონული კომიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.